საქართველოს შესაძლო ბელარუსიზაციაზე დისკუსია უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ეს გზა ევროკავშირთან დისტანცირებას და რუსეთის ორბიტაზე დამკვიდრებას ნიშნავს.
2020 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ გაყალბებულად და შესაბამისად - არალეგიტიმურად გამოაცხადა. ევროკავშირმა მინსკს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა კი მძლავრი რეპრესიები წამოიწყო.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ თუკი რეალობა არ შეიცვლება და „მიმდინარე ტრაექტორია" შენარჩუნდება, „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“, რომ წინ წაიწევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.
რა მოხდა ბელარუსში?
4 წლის წინ, საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოაცხადა, რომ ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. არჩევნების შედეგები არ აღიარეს და დღემდე ალიაქსანდრ ლუკაშენკას არა პრეზიდენტად, არამედ ბელარუსის ლიდერად მოიხსენიებენ.
სანქციების პირველი ტალღა ევროკავშირის ლიდერებმა 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაამტკიცეს, როდესაც 1-2 ოქტომბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ. მანამდე მინსკმა არ შეისმინა მათი მოწოდებები - ძალადობის შეწყვეტის, ახალი არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნების შესახებ.
ევროკავშირის ევროპული საბჭოს 2020 წლის დოკუმენტებში ხაზგასმულია ბელარუსი ხალხის უფლება - „აირჩიონ თავიანთი პრეზიდენტი ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, გარე ჩარევების გარეშე“.
პირველ ეტაპზე, სანქციები დაუწესდა 44 ადამიანს - „რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე“.
- სავიზო შეზღუდვა - კონკრეტულ ადამიანებს აეკრძალათ როგორც ევროკავშირის ქვეყნებში [შენგენის ზონა] შესვლა, ასევე სატრანზიტო გადაადგილება ამ ქვეყნების გავლით.
- აქტივების გაყინვა - შეეხო როგორც ფინანსურ სახსრებს, ასევე ეკონომიკურ რესურსს - ქონებას.
- ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალათ - სანქცირებულთა ნებისმიერი დაფინანსება.
გასაჯაროვდა სანქცირებულთა ვინაობა და მათ შორის იყვნენ, მაგალითად: შინაგან საქმეთა მინისტრი იური კარაევი და მისი მოადგილეები, შსს-ს სწრაფი რეაგირების შენაერთის მეთაური - ალექსანდრ ბიკოვი, წარსულში უშიშროების კომიტეტის შეფი, უშიშროების საბჭოს მდივანი - ვალერი ვაკულჩიკი და მისი მოადგილეები, ყოფილი გენერალური პროკურორი - ალექსანდრ კონიუკი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ლიდია ერმოშინა, მისი მოადგილე, ცესკოს წევრები, ცესკოს მდივანი, პოლიციის რაიონული დეპარტამენტებისა და ე.წ. ომონის ხელმძღვანელები.
ასევე, ევროკავშირმა შეამცირა ორმხრივი ურთიერთობები ბელარუსის ხელისუფლებასთან, ცენტრალურ დონეზე და გადახედა ფინანსურ დახმარებას; გაზარდა დახმარება ბელარუსი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მყისიერად გამოიყო ფინანსური რესურსები ძალადობის მსხვერპლებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის.
სანქციების მეორე პაკეტი, 2020 წლის 6 ნოემბერს, შეეხებოდათ: თავად ლუკაშენკას და მისი ხელისუფლების წევრებს - ჯამში, 15 სახელმწიფო მოხელეს.
2020 წლის დეკემბერში კი, ევროპულმა საბჭომ, მესამე პაკეტით - ასეთივე აკრძალვები დაამტკიცა კიდევ 29 ფიზიკური და 7 იურიდიული პირისთვის: ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც ეხმარებოდნენ ლუკაშენკას რეჟიმს და თავადაც სარგებლობდნენ.
2020 წლის დეკემბერში სანქციები უკვე მოქმედებდა 88 ფიზიკური და 7 იურიდიული პირისთვის. ზომები დაუყოვნებლივ შედიოდა ძალაში.
ამ დროისთვის სანქცირებულთა სიაში ირიცხებოდნენ ასევე: მოსამართლეები და სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელი.
„ეს გადაწყვეტილება ძლიერი მესიჯია პასუხისმგებელი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშეებისთვის, რომ რეჟიმის დახმარებისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ“, - წერია 2020 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სანქცირება გაგრძელდა და დამძიმდა 2021 წელსაც და შემდეგ უკვე, ახალ რანგში ავიდა, 2022 წელს, როდესაც ბელარუსმა დაიწყო კრემლის აქტიური ხელშეწყობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ბელარუსისთვის სანქციები დაწესებული აქვს აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს.
რას ითვალისწინებდა სავიზო აკრძალვა?
ბელარუსი არ სარგებლობდა უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წლის ივლისში ქვეყანამ მხოლოდ გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მიიღო.
გამარტივებულმა რეჟიმმა შეამცირა სავიზო გადასახადი; გარკვეული ჯგუფებისთვის [ჟურნალისტები, ბიზნესმენები, მკურნალობის მსურველები] კი - სრულად გააუქმა. შემცირდა ვიზის აღების ვადებიც.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და თანმდევი ძალადობის შემდეგ, როცა მინსკი ბრიუსელმა უკანონო მიგრაციის პოლიტიკური მიზნებით ხელშეწყობაშიც ამხილა, გამარტივებული წესები შეიზღუდა, უპირატესად - ჩინოვნიკებისთვის და მათ შორის - სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც.
სანქციების ფონზე, ბელარუსმა შეაჩერა რეადმისიის შეთანხმება და გაემიჯნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას.
რეპრესიები
ბელარუსის შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის წუხდა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თუმცა 2020 წლის არჩევნებისა და თანმდევი პროცესების შემდეგ, მინსკმა ძლიერი, ღია რეპრესიები დაიწყო.
რამდენიმეთვიანი პროტესტის გამო საზოგადოების ყველა ფენა დაისაჯა. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გარდა, გაასამართლეს სამხედროებიც. ქვეყნის დატოვება მოუწიათ მწერლებს, მეცნიერებს, სხვადასხვა პროფესიის აქტიურ ადამიანებს.
ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა ტელეგრამარხი „NEXTA ლაივი“, რომელიც პირდაპირ ეთერში აქვეყნებდა ცნობებს მინსკში და სხვაგან მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან და მღელვარების დროს 2-მილიონიანი აუდიტორია შეკრიბა. ბელარუსის მთავრობამ ტერორისტად გამოაცხადა ამ ტელეგრამარხის შემქმნელი, 22 წლის ჟურნალისტი და ბლოგერი სტეპან პუტილო. სასამართლომ მას დაუსწრებლად [სავარაუდოდ, ის ბოლო პერიოდში პოლონეთში ცხოვრობდა] 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ სამხედრო, ჟურნალისტი, პროგრამისტი - ბელარუსში იზრდება "სახელმწიფო ღალატისთვის" გასამართლებულთა რიცხვი- 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული რეპრესიები 2024 წელსაც გრძელდება. ოპონენტებს „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით ასამართლებენ და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას უსჯიან. სასამართლო პროცესები გასაიდუმლოებულია, ხოლო პატიმრები სრულ იზოლაციაში არიან და ოჯახებთან ურთიერთობის უფლებაც არა აქვთ.
- 2022 წელს - „სახელმწიფო ღალატისთვის“ - 8 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა ჟურნალისტს - ეკატერინა ბახვალოვას. ის მანამდე, 2020 წლიდან, 2-წლიან სასჯელს იხდიდა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აშუქებდა, როგორ შლიდა სპეცრაზმი აქციას.
„სახელმწიფო ღალატისთვის“ გაასამართლეს და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბელარუსის გენერალური შტაბის კაპიტანს დენის ურადს. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება აქციის დასაშლელად სამხედრო ძალის გამოყენებას გეგმავდა.
ასევე სახელმწიფო ღალატისთვის გაასამართლეს და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ ჯარისკაცს, კაპიტან პაველ კუჩინსკის. მისი საქმე გასაიდუმლოებულია.
კიდევ რა მოხდა ბელარუსში არალეგიტიმური არჩევნების შემდეგ?
2020 წელს ჩატარებული პრობლემური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მინსკმა იზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო - ბელარუსში შესვლა შეეზღუდათ დასავლელ პოლიტიკოსებს. მინსკი ამ დროს ბლოკავდა მედიასაც - მანამდე მეგობრად მიჩნეული ქვეყნებიდან.
ქვეყანაში შესვლის პრობლემები შეექმნათ ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც - მათ, ვისაც სახელმწიფო „უცხოელი ინსტრუქტორების მართულებად“ მიიჩნევდა. ერთ დღეში, 2020 წლის 28 ოქტომბერს, ბელარუსის საზღვრიდან უკან 1000-მდე ადამიანი გააბრუნეს.
ადამიანებს „სხვადასხვა მიზეზით“ ეუბნებოდნენ უარს. განსაკუთრებით უფრთხოდნენ „მაღალ, სპორტული აღნაგობის“ ახალგაზრდებს. მინსკი აცხადებდა, რომ ასეთები ქვეყანაში უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის მხრიდან აპირებდნენ შეღწევას - პროტესტის მონაწილეთა დასახმარებლად.
პუტინის მთავარი მოკავშირე - ლუკაშენკა მაშინ ხშირად აცხადებდა, რომ ბელარუსის არევას „გარე ძალები“ ცდილობდნენ. ის მუდმივად ლაპარაკობდა „მაიდნის“ ბელარუსულ ვერსიაზე.
მინსკს ექოს აძლევდნენ მოსკოვიდან - რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი, სერგეი ნარიშკინიც ამტკიცებდა - რომ ბელარუსის საქმეებში დასავლეთის ქვეყნები ერეოდნენ.
ამ დროს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომიტინგეებს „დამწყებ ტერორისტებს“ უწოდებდნენ.
მას შემდეგ ბელარუსის საქმე უკან და უკან წავიდა და 2022 წელს ის უკვე რუსეთის მთავარი მოკავშირე გახდა - უკრაინასთან უმიზეზოდ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომში. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ბელარუსის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტებმა შეიწირა.
და რა ეტაპზეა საქართველო?
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, სამწუხაროდ, ბელარუსში ნაცადი ზომების გამოყენება მოუწევთ.
„ჩვენ მოგვიწევს იმ ზომების ამოქმედება, რაც გვაქვს ჩვენს ინსტრუმენტთა ყუთში და ეს არის ის, რაც წარსულში გამოგვიყენებია სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბელარუსთან მიმართებით, სადაც არ ვაღიარეთ არჩევნები. ბელარუსის არჩევნები მოიპარეს და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ სხვადასხვა ზომის ფართო სპექტრი. სამწუხაროდ, ჩვენსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა არის იქ, სადაც ის არის. ჩვენ შემოვიღეთ, მათ შორის, სანქციები. ასე რომ, ეს ყველაზე უარესი სცენარია. და იმედია, რომ აქამდე არ მივალთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩის თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნებავითარების გაუარესების შემთხვევაში, ელჩი ჰერჩინსკი არც უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას გამორიცხავს.
- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების შესაძლო შეზღუდვა გათვალისწინებულია ზომებში, რომლებიც ივნისის მიწურულს, მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა გამოაცხადა.
- ივნისის დასაწყისში, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც - ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, ევროკომისია განიხილავს, რომ საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა. ვითარების გამწვავებად განიხილება - „მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა“ ან „მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო პროცესში“.
უფრო სწრაფად დასაწესებელი [პირველი ეტაპის] ზომების ნუსხაში იყო: მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება და ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გადახედვა [30 მილიონი ევრო], რაც უკვე შესრულებულია.
24 სექტემბერს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ბელარუსიზაციის საფრთხეზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის წევრებთან შეხვედრის დროსაც ილაპარაკეს.
„ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასებები იყო ძალიან მძიმე. ეს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია, რომელმაც ძალიან კარგად იცის საქართველოში არსებული პრობლემები.
ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ზეწოლას და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო გახდება ბელარუსი“, - უთხრა ჟურნალისტებს დეკანოიძემ.
„აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებმა ღიად დაიწყეს ლაპარაკი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
ასევე ნახეთ “არის საფრთხე, საქართველო ბელარუსის მსგავს ქვეყნად იქცეს - ეს დევს სასწორზე” - პაველ სლუნკინი
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო „ღირსებით გაწევრიანდება“ ევროკავშირში და, რომ ეს 2030 წლისთვის მოხდება. რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, ბოლო პერიოდში, თბილისი საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაში უკვე ღიად სდებს ბრალს.
მაისში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბელარუსმა დიპლომატმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა - პაველ სლუნკინმა ჩამოთვალა ნიშნები, რითაც მას საქართველოში შექმნილი ვითარება ბელარუსს ახსენებს:
- „როგორც ბელარუსში, ისევე საქართველოში, ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას - ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენ წინააღმდეგ, აი, ასეთია მათი მიდგომა“.
- „კიდევ ერთი მსგავსებაა ხალხის ომით დაშინება და ხელისუფლების გამოყვანა მშვიდობის ერთადერთ გარანტორად... რა თქმა უნდა, ოპოზიციას და ყველას, ვინც არ ეთანხმება, ბრალს სდებს, რომ მათ ომის გაჩაღება სურთ, სურთ ბელარუსი ომში ჩაითრიონ“.
- „მტკივნეულად ნაცნობია რეპრესიებისა და დაშინების ტაქტიკაც: რასაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ის ყველაფერი - და კიდევ ბევრი, უარესი რამ - თავის დროზე მინსკში ვნახეთ“.
- „დაშინებები, ცემა, დაპატიმრებები, "ტიტუშკები" ... ჩვენც გვაშინებდნენ ტელეფონზე ზარებით, დარეკავდნენ და გემუქრებოდნენ ათასი უბედურებით. ირონიულია, მაგრამ აშინებდნენ საკუთარ ხალხსაც“.
თუმცა პაველ სლუნკინმა ილაპარაკა განსხვავებაზეც - ბელარუსში არასოდეს ყოფილა დემოკრატია და ასევე, ბელარუსები, ქართველებისგან განსხვავებით, არასოდეს იყვნენ მტკიცედ პროდასავლელები.
„ოპოზიცია გყავთ, პარლამენტი გაქვთ, სადაც საპირისპირო აზრის გამოთქმა ჯერ კიდევ შეიძლება“, - ამბობს სლუნკინი ამ ინტერვიუში.
ასევე ნახეთ “არის საფრთხე, საქართველო ბელარუსის მსგავს ქვეყნად იქცეს - ეს დევს სასწორზე” - პაველ სლუნკინი