რუსეთს უკიდურესად გაუფუჭდა ურთიერთობა მრავალი წლის ახლო პარტნიორ და ერთმორწმუნე ბულგარეთთან მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) სამი წარმომადგენელი, მათ შორის ამ ეკლესიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ვასიანი (ერისკაცობაში ნიკოლაი ზმეევი).
სასულიერო პირების საქმიანობა, ბულგარეთის ხელისუფლების თანახმად, უკავშირდებოდა „რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული სტრატეგიის სხვადასხვა ელემენტის რეალიზებას და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ბულგარეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართულ ზეგავლენას“.
კონკრეტულ დეტალებზე სოფიის ოფიციალურ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.
მოსკოვი გააბრაზა ბულგარეთის გადაწყვეტილებამ, რომელსაც "მკრეხელური" და "არამეგობრული" ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ პასუხად ხურავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბულგარეთის დედაქალაქში.
მანტიაში გამოწყობილი რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელი
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ არქიმანდრიტ ვასიანის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტივო პენდაროვსკიმ, განაცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურებმა პარტნიორებისგან მოიპოვეს ინფორმაცია, რომ მოსკოვის წმინდა სინოდის წევრები რუსეთის სპეცსამსახურზე მუშაობენ. პენდაროვსკის კონკრეტულად არავინ დაუსახელებია.
მაგრამ ეს მოგვიანებით გააკეთა ბულგარეთის პარლამენტის წევრმა, „დემოკრატიული ბულგარეთის პარტიის“ წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ათანას ათანასოვმა, რომელმაც აშკარად მიანიშნა, რომ საუბარი სწორედ არქიმანდრიტ ვასიანს შეეხება.
„დემოკრატიული ბულგარეთის პარტიაში“ ყველამ იცის, რომ ეს სასულიერო პირი არის მანტიაში გამოწყობილი რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელი. მე ვეკითხები ბულგარეთის კონტრდაზვერვას, არ რცხვენია მას იმის გამო, რომ ის, ვინც მაკედონიიდან გააძევეს, ბულგარეთში კომფორტულად ცხოვრობს და აგრძელებს სადაზვერვო საქმიანობას“, - განაცხადა ათანას ათანასოვმა, რომელიც წარსულში ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად მუშაობდა.
არქიმანდრიტი ვასიანი არის რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიათაშორისი ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი. ეს დეპარტამენტი, რომელსაც არაოფიციალურ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწოდებენ, რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გარდა ამისა, ბულგარეთში არქიმანდრიტ ვასიანს იცნობდნენ, როგორც პატრიარქ კირილეს წარმომადგენელს.
ჯერ კიდევ 2014 წელს პატრიარქმა კირილემ არქიმანდრიტი ვასიანი (ნიკოლა ზმეევი) ბელარუსში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად დანიშნა.
„ის (ვასიანი) იყო ბელარუსში კირილეს „თვალი და ყური“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მაინც რაში გამოიხატებოდა არქიმანდრიტ ზმეევის მხრიდან „ბულგარეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართული ზეგავლენა“?
ერთი ვერსიით, საქმე შეიძლება ეხებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა და მრევლის წევრების რუსეთის სპეცსამსახურებში გადაბირებას.
„ეფესბეს“ მიერ ეკლესიის მოსამსახურეთა საფარად გამოყენების პრაქტიკას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო ამჟამად იძიებს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების ამავე განყოფილების თანამშრომლის, დიმიტრი პეტროვსკის საქმეს.
როგორც „მედუზა“ წერს, FBI მიიჩნევს, რომ პეტროვსკი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საფარქვეშ, სასულიერო პირებისა და მრევლის წარმომადგენელთა რიგებიდან, რუსეთის სპეცსამსახურებისათვის აგენტებს იბირებდა.
მეორე ვერსია კი ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ეკლესიებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მცდელობას შეეხება.
ათანას ათანასოვის თქმით, რუსი არქიმანდრიტი ვასიანი არაერთხელ ეწვია ჩრდილოეთ მაკედონიას "რუსული დაზვერვის ფუნქციების შესასრულებლად მაკედონიის ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით".
2022 წლის დეკემბერში სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას საპროტესტო აქციები გაუმართეს, იქ არქიმანდრიტ ვასიანის მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების ვიზიტის წინააღმდეგ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბულგარეთმა ქვეყნიდან 70 რუსი დიპლომატი გააძევა. იმ დროს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტროვის თქმით, გაძევებული დიპლომატების უმეტესობა სპეცსამსახურებში მუშაობდა და დიპლომატიური საქმიანობა მათთვის მხოლოდ შირმის როლს ასრულებდა.
ბულგარეთში რუსეთის პატრიარქ კირილეს ვიზიტის არაპირდაპირი შედეგი
როგორც ბულგარელი ფილოსოფოსი და რელიგიათმცოდნე, კალინ იანაკიევი აცხადებს, არქიმანდრიტი ვასიანი (ზმეევი) ბულგარეთში თავისი მოღვაწეობის პირველი დღეებიდან აშკარად ცდილობდა, რომ „ხელი შეეშალა მაკედონიის ეკლესიის აღიარებისთვის. რაც ორი ქვეყნის ეკლესიათაშორის ურთიერთობაზე ახდენდა გავლენას“.
2017 წელს, ბულგარეთსა და მაშინ მაკედონიას შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ურთიერთობა ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საგრძნობლად დათბა.
2017 წლის ნოემბერში მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ოფიციალური წერილით მიმართა ბულგარეთის პატრიარქს და მზადყოფნა გამოხატა დედა ეკლესიად ეცნო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ბმე), თუ ის მხარს დაუჭერდა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიას.
სიტუაცია უკვე 2018 წელს შეიძლებოდა შეცვლილიყო, როდესაც ბულგარეთის პატრიარქმა გამოამჟღავნა კეთილგანწყობა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნისადმი და დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა განხეთქილების დაძლევაში და კანონიკური წესით დააყენებდა მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წინაშე.
მაგრამ ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს პოზიცია 2018 წლის 3 მარტს, რუსეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქის, კირილეს ვიზიტის შემდეგ შეიცვალა, - მიიჩნევს ბულგარელი ისტორიკოსი და ჟურნალისტი გორან ბლაგოევი.
ბულგარეთში რუსეთის პატრიარქ კირილეს ვიზიტიდან ერთ კვირაში სოფიაში ჩადის არქიმანდრიტი ვასიანი, რომელიც მანამდე ბელარუსში იყო რუსეთის წმინდა სინოდის მიერ მივლენილი.
სხვა წყაროების ცნობით, სწორედ ბელარუსში გაიცნეს ერთმანეთი ვასიანმა და დეკანოზმა ევგენი პაველჩუკმა, რომელიც ასევე გამოაცხადა ბულგარეთმა წინა კვირაში პერსონა ნონ გრატად.
ევგენი პაველჩუკი გროდნოს ეპარქიაში პასუხს აგებდა შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაზე და ასევე მონაწილეობდა მსვლელობებში, რომლებიც რუსეთის საიმპერატორო დროშების ქვეშ ეწყობოდა.
"ბელარუსებს რუსი ხალხის ნაწილად მიიჩნევს. სწორედ პაველჩუკმა შესჩივლა არქიმანდრიტ ვასიანს (ზმეევს) იმის თაობაზე, თითქოს არქიეპისკოპოს არტემის ავტოკეფალია სურდა და ეკლესიის ბელარუსიზაციაზე ფიქრობდა. აი, ზმეევის ასეთი ინფორმატორი იყო პაველჩუკი გროდნოში“, - ამბობს ანონიმი მღვდელი, რომელიც პაველჩუკს გროდნოში მისი მოღვაწეობიდან იცნობს.
2018 წლის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაობას როცა აფასებს, გორან ბლაგოევს მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ იმავე წელს ორივე ქვეყნის ეკლესიები ახლოს იყვნენ იმასთან, რომ ეზეიმათ ოჰრიდის არქისაეპისკოპოსოს 1000 წლის იუბილე. მაგრამ ეს არ მოხდა და ამაში ბლაგოევი რუსეთის პატრიარქის ვიზიტის არაპირდაპირ გავლენას ხედავს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიას მისი უძველესი სახელით, "ოჰრიდის არქისაეპისკოპოსოდაც" მოიხსენიებენ.
როგორც ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებასთან, ისე ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული პრობლემები მაკედონიისთვის მრავალი ათეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მაკედონიის ეკლესიამ 1967 წელს გამოაცხადა ავტოკეფალია და გამოეყო სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ მაკედონიის ეკლესიას უწოდებდნენ განხეთქილების ჩამომგდებ, კომუნისტურ წარმონაქმნს და მას მსოფლიოს არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობდა.
მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებაზე სასიკეთო გავლენა მოახდინა ქვეყნის სახელწოდების „ჩრდილოეთ მაკედონიად“ შეცვლამ, რასაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი საბერძნეთი მოითხოვდა.
კერძოდ, საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოსა და ევროკავშირში მაკედონიის გაწევრიანებას. 2018 წლის სექტემბრის ბოლოს მაკედონიაში ჩატარდა რეფერენდუმი სახელწოდების შეცვლისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ. კენჭისყრაში მონაწილეთა დიდმა უმრავლესობამ, 91%-ზე მეტმა, მხარი დაუჭირა ახალ სახელსა და საერთაშორისო ბლოკების წევრობას.
- ამ მოვლენიდან 4 წლის შემდეგ, 2022 წლის 9 მაისს, მაკედონიის ეკლესიის დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა აღიარა. ბართლომეს ოფიციალურ წერილში მაკედონიის ეკლესია მისი უძველესი სახელით, ოჰრიდის არქისაეპისკოპოსოდ არის მოხსენიებული.
- მსოფლიო პატრიარქის ამ ნაბიჯის შემდეგ, ძალიან მალე, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნახევარსაუკუნოვანი განხეთქილების შემდეგ აღიარა. ამის შესახებ სერბი და მაკედონიელი ეპისკოპოსების ერთობლივ ლიტურგიაზე სკოპიეში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ განაცხადა.
- 2023 წლის თებერვალში გამართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ასევე ნახეთ
ევქარისტიული კავშირი ჩრდ. მაკედონიის ეკლესიასთან, მაგრამ არა უკრაინულთან - რატომ?- 2022 წლის 13 დეკემბერს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რომელსაც მისი უწმინდესობა პატრიარქი ნეოფიტე თავმჯდომარეობდა, აღიარა ტომოსი, რომლითაც სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიანიჭა მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიას.