აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა არც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს და არც მონაწილეობს მასში, თუმცა, ამის მიუხედავად, სოხუმში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის დიდი სამზადისია გაჩაღებული. ამის შესახებ წერს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი სოხუმში ელენა ზავოდსკაია. საქმე ისაა, რომ, ჩემპიონატის განრიგის მიხედვით, რამდენიმე შეხვედრა სოჭის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, რის გამოც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა ტურისტების ნაკადის გაზრდას ვარაუდობს.
მონიშნული გვაქვს ყველა მარშრუტი, სადაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ ჩვენი თანამშრომლები - ჯამში, დაახლოებით, ათასამდე ავტო და ქვეითი პატრული. მარტო გაგრასა და სოხუმში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 15 ჯგუფი იმუშავებს...ლევან კვარაცხელია
ასტამირ ახბა, დე ფაქტო მთავრობის ტურიზმისა და კურორტების მინისტრი, ამბობს, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას რუსეთი არ აპირებს საზღვრის ჩაკეტვას, თუმცა, რუსეთის მთავრობის მოთხოვნით, საზღვრის გადასაკვეთად ყველა სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი გლობალური სანავიგაციო სისტემით.
გარდა ამისა, ასტამირ ახბას თქმით, მიმდინარეობს ექსკურსიამძღოლებისა და გიდების ინტენსიური გადამზადება. შექმნილია სახელმწიფო საატესტაციო კომისია, რომელიც გასცემს სერტიფიკატებს სპეციალური კურსების გავლის შემდეგ. მზადდება ასევე სასტუმროები, სანატორიუმები და ტურბაზები (ჯამში, 350 ობიექტი და 23 ათასი საწოლი) საკურორტო სეზონისათვის.
სამზადისი აქვთ თვითაღიარებული რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებსაც. დე ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, პოლკოვნიკ ლევან კვარაცხელიას თქმით, 2017 წლის განმავლობაში ტურისტების მიმართ ჩადენილი იქნა 90 დანაშაული, რომელთაგანაც გაიხსნა 43.
„გვაქვს კურორტები, სადაც ძირითადად თავს იყრიან ტურისტები. ესენია: გაგრა, ბიჭვინთა, რიწის ხეობა, ახალი ათონი. მონიშნული გვაქვს ყველა მარშრუტი, სადაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ ჩვენი თანამშრომლები - ჯამში, დაახლოებით, ათასამდე ავტო და ქვეითი პატრული. მარტო გაგრასა და სოხუმში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად 15 ჯგუფი იმუშავებს“, განაცხადა ლევან კვარაცხელიამ.
თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ ასევე ყურადღება მიაქციოს იმ მიკროავტობუსებს, რომლებიც საზღვართან ელოდებიან ტურისტებს.
„ავტომობილების სავალალო მდგომარეობა, მძღოლების მომსახურების დაბალი კულტურა, ქურდული სიმღერები, რომელთა მოსმენა უწევთ მგზავრებს დანიშნულების ადგილზე მისვლამდე - ყოველივე ეს სტუმრების სამართლიან აღშფოთებას იწვევს,“ - შენიშნავს გული კიჩბა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრი.
„აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ ხელმძღვანელი ანა კალიაგინა კი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა. ამ კუთხით სავალალო მდგომარეობაშია გზები, ბილიკები, მინდვრები. ტყეები სავსეა სამშენებლო ნარჩენებით, გადაყრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივრებით, სარეცხი მანქანებით და ა.შ.
თუ სანიტარული ნორმებით ვიხელმძღვანელებთ, აფხაზეთის სანაპირო ზოლის 240-კილომეტრიან ზოლზე, დაახლოებით, 100 ტუალეტი უნდა იყოს. ამასთან, საჭიროა ტურისტების ინფორმირება, რომ ამ ტუალეტებს მიაგნონ...ლუდმილა სკორიკი
ანა კალიაგინას თქმით, მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებრივი ტუალეტების კუთხითაც. ძირითად ტურისტულ მარშრუტებზეც კი ტურისტებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბუნებაში უწევთ გასვლა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი აფხაზეთის აღმოსავლეთშია შექმნილი.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის, აზრით, „ტუალეტების პრობლემის“ დასაძლევად - მათი რემონტისა და მშენებლობისათვის - საჭიროა სამთავრობო პროგრამა. ამჟამად რესპუბლიკური ტრასის მთელ სიგრძეზე მხოლოდ ორი ტუალეტი დგას. ამდენივეა სოხუმის სანაპიროზე.
„თუ სანიტარული ნორმებით ვიხელმძღვანელებთ, აფხაზეთის სანაპირო ზოლის 240-კილომეტრიან ზოლზე, დაახლოებით, 100 ტუალეტი უნდა იყოს. ამასთან, საჭიროა ტურისტების ინფორმირება, რომ ამ ტუალეტებს მიაგნონ. დღეს მათი ადგილმდებარეობა ძირითადად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იციან, ტურისტები კი, როგორც წესი, ზღვით სარგებლობენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციური დაავადების გავრცელების რისკს“, შენიშნავს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი.