როგორ დამიხატა ხელოვნურმა ინტელექტმა ზომბი აპოკალიფსი თბილისში

ბავშვობაში წაკითხული ფანტასტიკის გავლენით ყოველთვის მეგონა, რომ - მომავალში რობოტები მძიმე და მოსაწყენ საქმეში ჩაგვანაცვლებენ, ადამიანები კი ინტელექტუალურ შრომას, მეცნიერებასა და ხელოვნებას მივეცემით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები ჯერ კიდევ მაღაროებში იმუშავებდნენ, როცა ალგორითმი ვერმეერის სურათის ფარგლებს გასცდებოდა - როგორც ეს DALLE-2-მა ახალი ფუნქციით, “Outpainting” შეძლო.

“თითქოს ადამიანის ემოციები იცის, გააჩნია ესთეტიკის უნარი, როდესაც ხედავ, რომ ლამის ადამიანის დონეზეა მისული ხელოვნური ინტელექტი, ბუნებრივია, რომ შიში გიჩნდება”, - მითხრა ნინი ბექაურმა, ერთ-ერთმა ციფრულმა ხელოვანმა, რომელიც ალგორითმს აქტიურად იყენებს.

"Outpainting" ფუნქციით ტექსტური მინიშნებების და მთავარი გამოსახულების საფუძველზე ვერმეერის დახატული ოთახი "გაფართოვდა"

2022 წელი ციფრული ხელოვნებისთვის, ალბათ, ახალი ეპოქის დასაწყისი გახდება: ივლისში ორმა მსხვილმა კომპანიამ, OpenAI-მ და Midjourney-მ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ხელოვნური ინტელექტის მოდელები DALL-E 2 და Midjourney, აგვისტოში კი მათ კიდევ ერთი, Stable Diffusion “წამოეწია”. ეს ალგორითმები ნებისმიერი ტექსტური მინიშნების საფუძველზე წამებში “ხატავენ” - უნიკალურ, მანამდე არარსებულ ნამუშევრებს. გინდ ეს იყოს ცხენზე ამხედრებული ასტრონავტი, გინდ რობოტი ჟირაფი, ან თუნდაც არარსებული კონტინენტის დეტალური რუკა. ეს ნამუშევრები დახვეწილი, რეალისტური და ყოველთვის ორიგინალურია - ერთსა და იმავე მინიშნებაზე შექმნილი ნახატი არასდროს მეორდება.

DALLE-2-ის შექმნილი ცხენოსანი ასტრონავტი

ხელოვნური ინტელექტის ასეთმა გაწაფულობამ დიდი დისკუსია გააჩაღა ხელოვნების მომავალსა და ალგორითმის ეთიკურობაზე, მათ შორის, საქართველოშიც. სანამ დიზაინერების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, სხვები სიახლეს აღფრთოვანებით ითვისებენ და ახალ პროდუქტებს გასაყიდად ამზადებენ. ზოგიერთ მათგანს გავესაუბრე, თუმცა მანამდე ალგორითმებს ცოტა მე თვითონაც “გავეთამაშე”, რომ მენახა, მართლა ასეთი ყოვლისშემძლეები არიან თუ არა.

თავიდან ყველაზე ცნობილ ალგორითმს, DALL-E 2-ს მივაკითხე. ეს ხელოვნური ინტელექტი რობოტი WALL-E-ს და სალვადორ დალის პატივსაცემ სახელს ატარებს და მასზე წვდომა ჯერჯერობით მხოლოდ კომპანიიდან გამოგზავნილი მოსაწვევითაა შესაძლებელი. DALL-E 2-ს ეს თემა მივეცი: “ზომბი აპოკალიფსი თბილისში”.

შედეგი ასეთი იყო:

იმის გათვალისწინებით, რომ ალგორითმი თბილისის კონკრეტულ ადგილებს კი არ ხატავს, არამედ სრულიად უნიკალურ გამოსახულებებს ქმნის “თბილისის” საფუძველზე, ცუდი არ არის, მაგრამ აპოკალიფსიც დიდად არ იგრძნობა. მისი ნახატები, ვიტყოდი, ჩვეულებრივ, მოსაღამოებულ თბილისს ჰგავს. გაცილებით შთამბეჭდავი იყო MidJourney-ს შედეგი, სადაც უფასოდ დაახლოებით 25 სურათს დააგენერირებ:

და სრულიად საშინელი, აპოკალიპტური სურათი ღია პლატფორმა Stable Diffusion-ისგან:

მართალია, არცერთმა მოდელმა ზუსტად ის არ დახატა, რაც წარმომედგინა, მაგრამ შთამბეჭდავი იყო სამივეს სისწრაფე. ილუსტრატორი რომ ვყოფილიყავი და თბილისური ზომბი-აპოკალიფსის დახატვის დავალება მიმეღო, სცენისა და კონცეფციის მოფიქრებას, ალბათ, არაერთ საათს შევალევდი, დახატვაზე რომ არაფერი ვთქვათ. აბა, როგორ ახერხებს ხელოვნური ინტელექტი დაკვეთის წამებში შესრულებას, თანაც ისე, რომ არასდროს გამეორდეს - ნუთუ ის მართლა აზროვნებს?

როგორ ხატავს ნეიროქსელი არარსებულს

არა, ალგორითმი არ აზროვნებს - მაგრამ ძალიან კარგად სწავლობს. თავდაპირველად, ალგორითმს აქვს წვდომა ათასობით და ათიათასობით გამოსახულებაზე, რომლებსაც აღწერებიც ახლავთ. მათ საფუძველზე ალგორითმი კავშირს აბამს სურათსა და სიტყვას შორის და ინფორმაციას კატეგორიებში ანაწილებს - ის გამოსახულებას პიქსელებად შლის და “ლატენტურ სივრცეში” პიქსელებს კლასტერებად, ანუ წვრილ კატეგორიებად აჯგუფებს. ამ პროცესს პროგრამულ ენაზე “deep learning” ეწოდება, როცა კომპიუტერს პროგრამისტისგან დამატებითი ახსნა არ სჭირდება, და სამუშაოს დამოუკიდებლად ასრულებს.

რთულად ჟღერს, არა? სინამდვილეში, მარტივია. წარმოვიდგინოთ, რომ ათმა ადამიანმა დახატა ათი ვაშლი, ათი მსხალი, ათი ლიმონი. ყველა ნახატი ინდივიდუალურია, მაგრამ კომპიუტერი, პიქსელებად დაშლის დროს, ერთმანეთს ადარებს ათ სხვადასხვა ვაშლს და ხვდება - ამ გამოსახულებებს რაღაც საერთო აქვს, მათ საერთო კლასტერში თავად აჯგუფებს. თუ წარმოვიდგენთ, რომ ყველა დახატული ვაშლი მრგვალი და წითელია, ყველა დახატული მსხალი კი ყვითელი და გაწელილი, მაშინ “ლიმონის კლასტერი” ლატენტურ სივრცეში სადღაც ვაშლსა და მსხალს შორის მოხვდება, როგორც მომრგვალო-გაწელილი და ყვითელი საგანი. რა თქმა უნდა, ცნებები “მრგვალი”, “გრძელი”, “წითელი” და “ყვითელი” კომპიუტერისთვის მხოლოდ რიცხვებია, ხოლო “ლატენტური სივრცე” ფიზიკურად არსად არსებობს.

სწავლის პროცესში ნეიროქსელი მონაწილეობს. ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნისას, როგორიცაა, მაგალითად, DALL-E, გამოიყენება U-net ნეიროქსელი, რადგან ალგორითმი გამოსახულებას “U”-ს ფორმის დიაგრამაში “გაატარებს”: დიფუზიად წოდებული პროცესის დროს, ის გამოსახულებას ნელ-ნელა შლის და გზადაგზა ყოველ მახასიათებელს ლატენტურ სივრცეში ახარისხებს. U-ს ქვედა “ნაწილში” გამოსახულება მინიმალურ რეზოლუციამდეა დაყვანილი, შემდეგ კი ალგორითმი იმავე გამოსახულებას აღადგენს, ოღონდ უკვე “ნასწავლი” აქვს, რომელ კლასტერში მოხვდა სურათის თითოეული პიქსელი და რა “ჰქვია” ადამიანურ ენაზე. ლიმონის ათასობით გამოსახულების U-სებრ პროგრამულ მილში გატარებით ალგორითმი სწავლობს, რომ პიქსელთა კონკრეტული თანხვედრების სიმრავლე ლატენტურ სივრცეში - “ლიმონია”. ალგორითმს ვთხოვე, ჩემთვის U-net-იც დაეხატა, და ის რაც შექმნა, აბსტრაქტულ დონეზე პროცესს საკმაოდ კარგად ასახავს:

"ნეიროქსელი" ასე არ გამოიყურება. ეს Midjourney-ში შექმნილი ილუსტრაციაა, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გამოსახულებების კლასტერები და მათ შორის კავშირები ლატენტურ სივრცეში არსებობს.

სიტყვით “ხატვისას” ალგორითმს ამ ქმედებების პირიქით შესრულებას ვთხოვთ. ვუწერთ - “ლიმონი”, ის კი გზას უკუსვლით გაივლის, გამოსახულებამდე. საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის ალგორითმს იმდენი ლიმონი აქვს “ნანახი”, და ლიმონის მახასიათებელთა სიმრავლე იმდენად გაფართოებულია, რომ ამ ცვლადების კომბინაციით ყოველ ჯერზე სხვადასხვა, უნიკალურ ლიმონს მივიღებთ. სხვადასხვა ალგორითმი სხვადასხვა სურათის ბაზაზეა გამოწვრთნილი, თუმცა, როგორც წესი, შერჩეულია საშუალოსტატისტიკური ესთეტიკური კრიტერიუმები. ცნობილი მხატვრების შემოქმედების გაანალიზებით იქმნება ვან გოგის, კლიმტის, პიკასოს სტილის ცვლადების კლასტერები. მაგალითად, “მზის სისტემა ლიმონის გარშემო, სალვადორ დალის სტილში”, MidJourney-მ ასე დამიხატა:

ლამაზი სურათები, მახინჯი სტერეოტიპები

“MidJourney” სოციალურ პლატფორმა Discord-ზე, საერთო ჩატშია ხელმისაწვდომი, ამიტომ ყველა მომხმარებელი ყველა სხვის გენერირებულ სურათს ხედავს. სწორედ ამან მიიზიდა ციფრული ხელოვანი და პროგრამული ინჟინერი კრისტინა კაშტანოვა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი თვეა, რაც დაიწყო.

“თითქმის ეგრევე გავიაზრე, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო ძალიან დიდი თემი ჩამოყალიბდა, სადაც შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის იშვიათი მხარდაჭერა არსებობს. ჯერ ერთი, მხოლოდ ახლა იწყება მაგ სფეროს განვითარება და ადამიანები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან. მე ძალიან ღია ადამიანი ვარ, მომწონს იმის გაზიარება, რასაც ვსწავლობ და ახლა, როცა ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს დამალვას, მაინც ყველაფერი ხელმისაწვდომია”, - მითხრა კრისტინამ.

ეს სურათი კრისტინამ ბებიამისის ხსოვნას მიუძღვნა

კრისტინას ბებია პანდემიამ შეიწირა, ეულად დარჩენილი ბაბუა კი უკრაინაშია, სადაც ნიუ-იორკში მცხოვრები კრისტინა ომისა და ნახევრად რუსული წარმოშობის გამო ვერ ჩადის. კრისტინამ მათთან დაკავშირების თავისებური ხერხი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მონახა.

“იმის გამო, რომ ბებიაჩემს ვერ დავემშვიდობე, მასზე მუდმივად ვფიქრობდი. დავჯექი და ვიფიქრე, მოდი, ვეცდები მისი სურათები შევქმნა-მეთქი. შეუძლებელია, ზუსტად აღმედგინა როგორი იყო, და სიმართლე რომ ვთქვა, ეს არც მინდოდა, იმიტომ რომ ზედმეტად მტკივნეულიც იქნებოდა და ასი პროცენტით მაინც ვერ მივამსგავსებდი. მაგრამ როცა მის გამოსახულებას ვაგენერირებდი, ძალიან საინტერესო გრძნობები დამეუფლა. საკუთარ მწუხარებასთან დავამყარე კავშირი, ვტიროდი, კათარზისი მქონდა ეკრანის წინ. ძლიერი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამის შემდეგ ბევრი მწერს თხოვნით, იგივე გავაკეთო მათთვის, მაგრამ მე ვპასუხობ ხოლმე - თქვენ მაგივრად ამას მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია გასწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი”.

ნინი ბექაური და ლუკა სამხარაძე Midjourney-ში ტაროს კარტზე მუშაობენ: ნინი პროგამას მინიშნებებს უწერს, ლუკა კი მიღებულ შედეგს საკუთარ შტრიხებს ამატებს. გეგმავენ, ნამუშევრები როგორც NFT-ს, ასევე ბეჭდური სახით გაყიდონ.

ტაროს კარტი "მზე". ნინი ბექაური და ლუკა სამხარაძე ამ დასტის დაბეჭდვას აპირებენ

“თითქოს ადამიანის ემოციები იცის, გააჩნია ესთეტიკის უნარი, როდესაც ხედავ, რომ ლამის ადამიანის დონეზეა მისული ხელოვნური ინტელექტი, ბუნებრივია, რომ შიში გიჩნდება”, - ამბობს ნინი.

“ზედმეტად ლამაზი იყო ეს ყველაფერი და დავფიქრდი, რამდენი მხატვარი შეიძლება დათრგუნოს თავისი ესთეტიკის შეგრძნებით. თუმცა, მე რომ მიწევს დამუშავება, იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვნური ინტელექტი სრულყოფილი ჯერ არ არის. ის ქმნის ესთეტიურ შაბლონს, მაგრამ პრობლემურია სიუჟეტები. დიდი ძალისხმევა მიდის მინიშნებების ჩაწერაში. თუ გინდა, რომ სტილი შეინარჩუნო, ბევრი მუშაობა გიწევს”, - მიხსნის მისი მეგობარი.

Midjourney-სა და ლუკა პაპაშვილის კოლაბორაცია

პლატფორმაზე გატარებული მრავალი უძილო ღამის შემდეგ იგივე დაასკვნა ციფრულმა არტისტმა ლუკა პაპაშვილმაც:

“შოკისმომგვრელი იყო, როგორ შეიძლება პროგრამამ შექმნას ასეთი რაღაცები. პროფესიონალური პროტესტი გექნება, რომ ამდენი ხანი წვალობ, შრომობ, რთულია ეს გადახარშო პოზიტიურად. თუმცა მალევე დავინახე პოტენციალი და მივხვდი, რომ პროფესიონალი არტისტი კიდევ ბევრს დაამატებს ამ შედეგს”, - ამბობს ლუკა, რომელიც ფიქრობს შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებლები საკუთარ პოსტერებს დაბეჭდავენ.

ხელოვანები არ ცდებიან - რამდენიმე ექსპერიმენტია საკმარისი, რომ ალგორითმის შეზღუდულობა ნათელი გახდეს. სურათების საწყისი ბაზა მაინც ადამიანისგან მოდის - მთელი ზოგადსაკაცობრიო სტერეოტიპებით - მაგალითად, ექთანი აუცილებლად ქალია, ქალი აუცილებლად თეთრკანიანი და გამხდარი. Midjourney-ს “უსამსახუროდ დარჩენილი” გრაფიკული დიზაინერის პორტრეტი რომ ვთხოვე, დაბნეული ახალგაზრდა კაცის ოთხი ილუსტრაცია დამიხატა: როგორც ჩანს, ამ პროფესიაში მხოლოდ წვერებიანი თეთრკანიანი კაცები მუშაობენ.

ალგორითმს ჯერჯერობით, მიმიკის დახატვაც ცოტა უჭირს

ალგორთიმს თანდაყოლილი აქვს ჩვენი მცდარი აზრები და სტერეოტიპები სილამაზეზე. მას არარსებულის შექმნა შეუძლია, მაგრამ თან შაბლონების მონაა.

პროგრამული ინჟინერიის კუთხით ეს ჯერჯერობით გადაულახავი ბარიერია. ალგორითმი უბრალოდ ვერ გადაამუშავებს უსასრულო რაოდენობის მონაცემს, რადგან ამ შემთხვევებში იმდენად ბევრი ცვლადი შემოვა, რომ პასუხს უბრალოდ ვერ გაგვცემს.

ხელოვნურ ინტელექტს, ადამიანებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით შიდა ცენზურაც აქვს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად გამარტივდებოდა ფეიკებისა და პორნოგრაფიის წარმოება. კონკრეტული ადამიანების დახატვის მოთხოვნისას ალგორითმი ყოველთვის ნაკლებად დამაჯერებელ სახეს ხატავს, ვიდრე ზოგადი მოთხოვნის დროს. ასევე უჭირს ხელებისა და თვალების ხატვა - ორივეს ზედმეტად ბევრი დეტალი და ვარიაცია აქვს.

თუმცა ეს ტექნიკური პრობლემებია. ხელოვანებს კი ნეიროქსელის გამოყენების ეთიკური მხარე უფრო აღელვებთ.

ვის ეკუთვნის ნამუშევარი?

მხატვრები, ილუსტრატორები და ფოტოგრაფები, რომლებმაც ალგორითმის სასწავლო მასალა შექმნეს, ამისთვის საავტორო უფლებებით დაცულ ანაზღაურებას არ იღებენ - რამდენად სამართლიანია, ხელოვნურმა ინტელექტმა მათი ცხოვრების შრომა უბრალოდ მიითვისოს?

“არ მიმაჩნია, რომ ეთიკურია ცოცხალი არტისტის სტილის გამოყენება, თუ მას არ უხდიან”, - ამბობს კრისტინა კაშტანოვა. “ხელოვნური ინტელექტი ხშირად სტოკ-ფოტოებიდან სწავლობს და ვფიქრობ, ამ ფოტოების ავტორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პლატფორმაზე გაყიდვის დროს მიუთითონ, სურთ თუ არა, მათი ნამუშევარი ასეთ ბაზაში აღმოჩნდეს. იმდენად ახალია ეს სფერო, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ბევრი ეთიკური კრიტერიუმი. თანაც ახლა, როცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალია, უფრო მეტი შანსია, რომ შემქმნელებმა მართლა მოუსმინონ მომხმარებლებს“.

შესაძლოა, რეგულაციების არარსებობის გამო, დიდი გამოცემები ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის შექმნილი გამოსახულებების გამოყენებას ერიდებიან. მკითხველებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ამერიკული გამოცემა “Atlantic”-ის ავტორი ჩარლი ვარზელი, რომელმაც თავისი ნიუსლეთერისთვის Midjourney-ში გენერირებული ილუსტრაცია გამოიყენა. ავტორმა თავი ბლოგში იმართლა, სადაც თქვა, რომ “არასაკმარისი იფიქრა” და ხაზი გაუსვა, რომ სურათის გამოყენება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და არა რედაქციის. მაგრამ უკვე გვიანი იყო - ხელოვანები აღშფოთდნენ. “ყველამ ვიცოდით, რომ ოდესმე ხელოვნური ინტელექტის ხელოვნებას ადრე თუ გვიან ასე გამოიყენებდნენ, მაგრამ საზიზღრობაა ამის ნახვა”, - წერდა ერთ-ერთი ილუსტრატორი ტვიტერზე.

პროტესტი გამოიწვია კოლორადოს ხელოვნების ბაზრობის კონკურსში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ნამუშევრის გამარჯვებამაც, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ამ წლის თებერვალში აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი ხელოვნურ ინტელექტს საავტორო უფლებაზე, იმ მოტივით, რომ “საკმარისი ადამიანური კონტრიბუცია” არ გააჩნდა. ხელოვანი, რომლის გენერირებულ სურათზეც მიდიოდა მსჯელობა, გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

“ეს საკითხი არის ღია და მინიმუმ ორი ათწლეული ასე იქნება, სანამ ხელოვნური ინტელექტი არ გახდება კონკრეტული სუბიექტი”, - ამბობს იურისტი ალექსანდრე მახარაშვილი. “საავტორო უფლებები ვრცელდება არა ნამუშევარზე, არამედ იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც ამ ნამუშევარს გამოიმუშავებს”.

Théâtre D’opéra Spatial - კონკურსის გამარჯვებული ნამუშევარი, რომელიც ალგორითმმა დახატა

რაც შეეხება პერსონალური სტილის დაკოპირებას, მტკიცების ტვირთი მომჩივან მხარეზეა, თუმცა საკმაოდ რთულია დაამტკიცო, რომ კონკრეტული მხატვრის ნამუშევრიდანაა მოპარული, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტექსტში მისი სახელი წერია. ალგორითმი ხომ ზოგად სტილს იყენებს და არა გამოსახულების მთელ ნაწილებს.

ხელოვანებს, რომლებსაც ველაპარაკე, ჯერ თავადაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, ნამუშევრის რა პროცენტი ეკუთვნით მათ. ნინი და ლუკა ფიქრობენ, რომ დახარჯული ძალისხმევის გათვალისწინებით, ნამუშევარი მათია:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქოფირაითი მაინც ჩვენია, რადგან შეგრძნების დონეზე 70%-ს ჩვენ ვაკეთებთ. ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ დახვეწილი ხელსაწყოა, რომელიც შენს ფანტაზიებს აცოცხლებს. ეს დამხმარე ინსტრუმენტია”, - ამბობს ნინი.

ლუკა პაპაშვილი ხელოვნურ ინტელექტს უფრო მეტ წონას ანიჭებს: “მე არ ვარ ავტორი, მე ვარ კოლაბორატორი. ეს არის ჩემი და მიდჯორნის კოლაბორაცია და ამას ყოველთვის ვახსენებ”.

კრისტინა კი გენერირებულ სურათებს, რომლებსაც მომავალი გრაფიკული ნოველისთვის ქმნის, საერთოდ არ აღიქვამს ხელოვნებად: “ეს ჩემთვის ხელსაწყოა. შემეძლო, ჩემი გრაფიკული ნოველის ესკიზი ქაღალდზე გამეკეთებინა, და შემდეგ მიმეტანა პროფესიონალ მხატვართან, რომელიც ზემოდან გადაახატავდა, ამის მაგივრად კი ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ, და უკვე ვნახე მხატვარი, რომელიც ჩემს შექმნილს დაამუშავებს, მე კი მას თანხას გადავუხდი”.

ალგორითმთან მეგობრობა

“ვფიქრობ, შემდგარი არტისტები, საკუთარი სტილითა და აუდიტორიით, არ იზარალებენ, მაგრამ დამწყებებს გაუჭირდებათ, რადგან ის, რასაც ახლა ალგორითმი აკეთებს, საწყისი დონის არტისტების სამუშაო იყო. ამიტომ დამწყებებს მოუწევთ, ხელოვნური ინტელექტი თავიდანვე შეისწავლონ. ვინც ამას არ გააკეთებს, უბრალოდ ჩამორჩება”, - ამბობს კრისტინა კაშტანოვა.

გიორგი მაღრაძე Artman ციფრული სარეკლამო სააგენტო “Hans and Gruber”-ის არტდირექტორია და ცხრა წელია, ილუსტრატორად მუშაობს. გიორგი ამბობს, რომ დამწყებებს ალგორითმთან შედარებით უპირატესობა აქვთ - მათ ხელოვნური, კოდით შემოფარგლული ბარიერები არ აკავებთ და შეუძლიათ, ყოველი ახალი ნამუშევრისთვის ახალი სტილი გამოიგონონ:

“ალგორითმი დიზაინერს, მარკეტინგის სპეციალისტს ვერ ჩაანაცვლებს. მე ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი კამპანიისთვის თუ პროდუქტისთვის ახალ სტილს და მიმართულებას ვიგონებ, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ იზამს. ხელოვნება მარტო ტექნიკა არაა - რაფაელის, ბოტიჩელის, ან თუნდაც ჰიპერრეალისტი მხატვრის სტილში ხატვა. ხელოვნება არის გემოვნება და ხედვა, და ეს თუ არ გაქვს, გიჭირს, რადგან იმ ტექნიკაში ხარ ჩაკეტილი. ტექნოლოგიების არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, უნდა ვემეგობროთ და შთაგონებად გამოვიყენოთ”.

“მხატვრისა და ხელოვნური ინტელექტის მეგობრობა” ილუსტრაციის სტილში Midjourney-მ ასე დამიხატა

მომავალში ციფრულ სააგენტოებს შესაძლოა, ცალკე კადრი ჰყავდეთ, რომელიც ნეიროქსელთან ეფექტური კომუნიკაციის სპეციალისტი იქნება - ბაზარზე დამატებითი პროფესია გაჩნდება. დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო გაუზრდის ფასს ადამიანის შექმნილ ტრადიციულ ხელოვნებასაც.

“ადამიანი ყიდულობს ემოციებს და არა პროდუქტს. ამიტომ მისთვის უფრო ახლო იქნება ხელით დახატული ან ხელით შექმნილი პროდუქტი”, - ამბობს ნინი ბექაური. თითქმის ყველა მხატვარი და ილუსტრატორი, ვისაც ხელოვნურ ინტელექტთან შეხება ჰქონია, ამბობს, რომ ალგორითმში უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს, ვიდრე საფრთხეს. თუმცა შემოქმედებითი ინდუსტრია რომ შეიცვლება, ამაზე არავინ დავობს.