მალი ყანდარელს აპრილში 90 წელი უსრულდება. „ახალგაზრდობაში ვინმეს რომ ეთქვა, 90 წელს იცოცხლებო, სიცილით მოვკვდებოდი. მაშინ ვფიქრობდი, 40 წლის მერე სიცოცხლე დიდი არაფერი იყო. 23 წლის გათხოვილს თავი შინაბერა მეგონა“, - ამბობს და გოგონასავით აკისკისებული, პირზე ხელს იფარებს. ყანდარელი ქმრის გვარია. ქალიშვილობის გვარი არის ლიუ (ან ლაუ). ქართული ჩაის წარმოების ისტორია სწორედ ამ გვარს უკავშირდება.
ჩაი, ომი და წვიმაში ცეკვა
დასავლეთ საქართველოში ჩაის გახარების იდეა ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. ვაჭარმა კონსტანტინე პოპოვმა ივარაუდა, რომ ბათუმის მიდამოები ჩაისთვის კარგი იქნებოდა და ჩინეთში გაემგზავრა. ისეთი ადამიანი უნდა მოენახა, რომელიც საქართველოში ჩაის გაშენებას დათანხმდებოდა. 1893 წელს ლიუ ცზიუნჩჟოუ (ლაუ ჯონჯაო) - მალის ბაბუა - ბათუმში ჩავიდა.
საქართველოში არა მხოლოდ ჩაიმ, თავად ლიუმაც გაიხარა. აქ მან და მისმა მეუღლემ ბავშვები გააჩინეს და 30 წელი იცხოვრეს. ერთი ვაჟი ვლადიმირ ივანოვიჩ ლაუ, სახლში კი უბრალოდ ვეიჩიკი, ნონა თუშმალიშვილზე დაქორწინდა. ორი ბიჭი შეეძინათ. როდესაც ოჯახმა გადაწყვიტა ჩინეთში დაბრუნებულიყო, მალიც გაუჩნდათ.

ამ ფოტოზე ლიუ ცზიუნჩჟოუს ოჯახის ბოლო წელია საქართველოში. შუაში მალის ბებია და ბაბუა არიან. ბაბუის გვერდით - დედ-მამა.
ამ ოჯახის ისტორია სხვადასხვა ეროვნების, ბედისა და სამყაროების ადამიანების ნაზავია. ისინი ერთმანეთს ისტორიული მოვლენებით მდიდარ მეოცე საუკუნეში გადაეყარნენ. მათი ფოტოებით რამდენიმე ჩემოდანია სავსე, ასევე სასტუმრო ოთახის კედლებიც. ისინი მალის ყველა ხსოვნას ინახავს.

პირველი, რაც ახსოვს, არის წვიმის კედელი და აუზივით დატბორილი სწორკუთხა ეზო ჩინეთში. დედა ეზოში ფეხშიშველა სირბილს არ უკრძალავდა. 90 წლის მალი ჰყვება, რომ ამ ენით აუწერელ ბედნიერებას მხოლოდ უფროსი ძმების დაცინვა აუფერულებდა, რომლებიც მარგოს - ასე ეძახდნენ შინ - გაწუწვითა და გაბრაზებით ერთობოდნენ.
„ჩინეთში მეორე მსოფლიო ომი ოთხი წელი კი არ გრძელდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ - რვა. იაპონელებმა ჩინეთის ნახევარზე მეტი დაიპყრეს. ამის გამო, ექვსი თვის როცა ვიყავი, ჩვენი ოჯახი ხარბინიდან პეკინში გაიქცა. იაპონელებთან მუშაობა არავის უნდოდა. მაშინ ჩინეთში განხეთქილება მოხდა. ეს დიდი ქვეყნისთვის ძალიან ძნელი რამ არის. ყველა თანხმდება, რომ ამან ჩინეთი 150 წლით დასწია უკან. ძალიან ბევრი დრო დაიკარგა“.
მალი ყანდარელის მშობლები
ნატურალური ტყავისგან შეკერილი ჩემოდანი, რომელიც საგანგებოდ შეუკვეთეს და გერმანიიდან ჩამოიტანეს, მალის კიდევ ერთ მოგონებასთან არის დაკავშირებული. მორიგი გადაბარგებისას ჩემოდანი იაპონელ სამხედროს ჩაუვარდა ხელში, გაჩხრიკა და მიწაზე უდიერად დაახეთქა. 6 წლის გაბრაზებული მალი საყვარელ ნივთს მივარდა. გახსნა და დაინახა, რომ მასში ჩაკერებული სარკე გამტყდარიყო.
„მამიდას ძალიან შეეშინდა. ომი ჩვენგან 20 კილომეტრში იყო, მაგრამ მაინც გავიქეცი ჩემოდნისკენ. ავიღე და როგორც შემდეგ მამიდა ჰყვებოდა, გაავებულმა გავხედე იმ ჯარისკაცს“.
13 წლის მალი ყვითელ პეკინესთან ერთად
ძალიან მძიმე წლები იყო, იხსენებს მალი. ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელს, შიმშილობდნენ. ხანდახან ლაფშაში ოჯახი ძვირფასეულობას აძლევდა. ფული ისედაც ცოტა ჰქონდათ და იზოგავდნენ, რომ იმის გადახდა შესძლებოდათ, რასაც ოქროთი ვერ შეიძენდნენ, მაგალითად, მატარებლის ბილეთებს.
„ძალიან პატარამ გავიგე, რა არის შიმშილი, ომი, საზოგადოების გახლეჩა. როდესაც სხვა ეროვნების სამხედროები შემოდიან, შენ აღარაფერი ხარ. შენი სიცოცხლე მატლის სიცოცხლეზე მეტი არ ღირს“.
მალის ბაბუა არ ახსოვს. ის 1941 წელს ხარბინში გარდაიცვალა. სამაგიეროდ, ძალიან კარგად ახსოვს ბებია, რომელსაც ქსოვა უყვარდა. ამბობს, რომ შესაძლოა მისი მომავალი პროფესია ამანაც განსაზღვრა - მხატვარი გახდა გობელენების მიმართულებით.
მარცხნივ მალის ბებია, მარჯვნივ - ბაბუა (ფოტო გადაღებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაქვში. ლიუ ცზიუნჩჟოუ ჩაის პლანტაციებთან)
უცხოელი საბჭოთა თბილისში
50-იანი წლების ბოლოს, მალიმ გადაწყვიტა, საქართველოში ნათესავებთან გადასულიყო. იქ სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელება სურდა. დღემდე ფიქრობს, რომ ეს მისი ყველაზე რთული პერიოდი იყო. ერთი მხრივ, მალი მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა - ყველამ იცოდა, რომ აკადემიაში უცხოელი გოგო სწავლობდა. მეორე მხრივ, ახალ ცხოვრებასთან და თამაშის ახალ წესებთან შეგუება ადვილი არ იყო.
„პირველი წლები ძალიან რთული იყო. შოკში ვიყავი, რომ საქართველო ჩინეთზე ფეოდალური ქვეყანა აღმოჩნდა. ბებიამ და დეიდამ რომ გაიგეს, კინოში წავედი, დამტუქსეს, ბიჭებთან ერთად კინოში რა გინდოდაო. მთაწმინდაზე გასეირნების შემდეგ კი: „ბიჭებთან ერთად ფუნიკულიორზე იყავი? ვის გაუგია?! ფუნიკულიორზე? ბიჭებთან?“
მაშინაც დატუქსეს, როდესაც მალი უკვე დედა იყო და ბავშვებთან ერთად კაფეში შევიდა.
„მანდ კაცები ლუდს სვამენ და შენ ბავშვებით შეხვედი? სადგურის ქალი ხარ?“
მალი გივი ყანდარელზე გათხოვდა, სამხატვრო აკადემიის მაშინდელ ასპირანტზე. სწორედ ის ითვლება თანამედროვე ქართული გობელენის მამამთავრად. მალიმ და გივიმ ერთად 47 წელი იცხოვრეს.
ქორწილი ვიწრო წრეში გივი ყანდარელის საგარეჯოს სახლში
გივი სოფელში გაიზარდა. ძალიან კარგად იცოდა ლიტერატურა. პუშკინი თითქმის ზეპირად ჰქონდა ნასწავლი. უყვარდა და კარგად ესმოდა ოპერა. მეუღლე დღემდე ინახავს „აიდას“ აფიშას, რომელიც გივიმ სკოლის წლებში ხელით დახატა.
მალი ამბობს, რომ ქმრის სიკვდილს რამდენიმე წელი ვერ ეგუებოდა. ქმარი ეჭვიანი ჰყავდა, მასზე დღემდე ისე ბრაზობს, თითქოს ცოცხალი იყოს. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ეჭვიანობა ქალს ამცირებს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მისი ქმარი ძალიან დელიკატური ადამიანი იყო. მისი აზრით, ეს იშვიათი და ძვირფასი თვისებაა.
თბილისური 90-იანები ერთად გადაიტანეს. მალი მათი აივნიდან გადაღებულ მაშინდელ ფოტოს გვაჩვენებს:
ფოტო გადაღებულია მალის აივნიდან
„ეს რუსული ტანკები რომ შემოვიდნენ, მაშინ გადავიღეთ. დღეს ბავშვები ალბათ ვერც წარმოიდგენენ, რომ ქუჩაში შეიძლება ასეთი უზარმაზარი ტანკები იდგნენ. მაშინ ბევრი სარეცხის თოკებზე შავ, თეთრ და შინდისფერ ტანსაცმელს ფენდა, ასე ქართული დროშა გამოდიოდა. მოპირდაპირე სახლში მცხოვრები მოხუცი მეუბნებოდა, არ გინდა, სახიფათოაო. მაინც არ ვეშვებოდი“.
მალი ამბობს, რომ დღეს იგივე შეგრძნება აქვს, რაც იმ წლებში ჰქონდა - მოსალოდნელი ცვლილებების.
„ისევ ცვლილებებს ველით, მაგრამ ახლა საით წავალთ? მარჯვნივ თუ მარცხნივ? მარცხნივ წარსულის ხალხია, მარჯვნივ - ახლები. ვინ გაიმარჯვებს? თან ეს გამარჯვებაც სახიფათოა, აქ ხომ ერთ ერზეა ლაპარაკი. უკან მოხედვა არ შეიძლება. დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია... მართალია, არავინ მეკითხება, მაგრამ თუ მკითხავენ, ვამბობ: წინ იყურეთ, უკან არ გინდათ. იქ შეიძლება იყოს ჭუჭყი, სიძულვილი, შეიძლება რამე კარგიც, მაგრამ ეს მაინც წარსულია. წინ იყურეთ, მომავლისთვის გააკეთეთ რამე. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ახალ ადამიანად იქცეთ და არა იმად, რამაც უკვე დრო მოჭამა“.
Your browser doesn’t support HTML5
რას ანიშნებდნენ თბილისელები რუსულ ტანკებს აივნებიდან
„სიცოცხლე - მხოლოდ ესეც კარგი რამაა“
მალი იხსენებს, რომ როდესაც ქმარი გარდაეცვალა, ბევრმა ურჩია, ფინანსური შემწეობისთვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიემართა. მისი ბევრი ნაცნობი კულტურის სფეროდან ასე მოიქცა.
„ანა კალანდაძესთან ვჩხუბობდი კიდეც. ვმეგობრობდით და შეგვეძლო ერთმანეთისთვის ბევრი რამ გვეთქვა. როდესაც მისგან ფულის მიღებას დათანხმდა, ვერ გავუგე. გივისთვისაც უნდოდა მიეცა. ყველა მეუბნებოდა: „რატომ არ მისწერ, რომ გარდაიცვალა და ვერ მოასწრო?“ ვერ მოასწრო კი არა, რომ დათანხმებულიყო, ვიფიქრებდი გაგიჟდა-მეთქი. როგორ უნდა ილოცო იმ ადამიანზე, რომელმაც სხვა ქვეყანაში მოიპარა და მერე აქ რაღაც ააშენა?! ეს ხომ აბსურდია. შეიძლება ძალიან კარგი ადამიანიცაა, მაგრამ როგორ ვეტყვი: „ბიძია, მომე ცოტა ფული...“ რა, მუშაობა არ შემიძლია? მათხოვარი ვარ? ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია და არც ახლა ვთხოვ, საკუთარ შვილსაც კი“.
მალი დღესაც მუშაობს, ჩინურს ასწავლის. ამბობს, რომ ასაკს თითქმის ვერ გრძნობს, მხოლოდ მაშინ, როცა ავადაა. მიაჩნია, რომ მაინც ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული. შეუძლებელია, მუდმივად ავად იყო და სიკვდილის გეშინოდეს.
„შეიძლება კონფუციანელობაც მეხმარება. ჩვენ ღმერთების არ გვწამს, არც მოგონილი, კომუნიზმის მსგავსი ბედნიერი ადგილების. მგონია, რომ რელიგიები ხალხს მხოლოდ აშინებს. სრულყოფილი ადამიანი სიკვდილზე საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს. როცა ამ ქვეყნად მოხვედი, ვინმე შეგეკითხა? არავინ! არც ახლა გკითხავს ვინმე რამეს. მოდის დრო და მიდის ადამიანი. ამისგან რამე საშინელების შექმნა არ ღირს. ხანდახან ცხოვრება გაცილებით საზარელია, ვიდრე სიკვდილი. ადამიანებიც ხანდახან ეშმაკებზე საშინელები არიან“.
Your browser doesn’t support HTML5
მალი ყანდარელი ცვლილებების მოლოდინზე
შეხვედრის ბოლოს მალის ვეკითხები, სად უნდა იპოვოს ადამიანმა ნუგეში რთულ დროს? მალის ასეთი შავი დღე არაერთი უნახავს.
„სიცოცხლე - მხოლოდ ესეც კარგი რამაა. მადლობელი ვარ, რომ ვცოცხლობ. ბუნების მადლობელი ვარ, ღვთის თუ ბედის... სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვეცადო, რომ ვიცხოვრო და არა უბრალოდ ვიარსებო და ვიკანკალო ან ვინმეს ხარჯზე ვიყო. ახლაც ვმუშაობ. ბაღშიც ვმუშაობ, ქუჩაშიც“.
მეზობლები დიდხანს ვერ იგებდნენ პენსიონერი მოპირდაპირე სახლიდან რატომ გვიდა ქუჩას, რომელზეც ცხოვრობენ. იკითხეს კიდეც, ვინმე ხომ არ უხდის, თუ უხდის - რამდენსო. ერთხელაც მალიმ ვერ მოითმინა და მიახალა: „ჩემი ჯამაგირი ის არის, რომ თქვენ სუფთა ქუჩაზე დადიხართ“.