„გოჭები და ქათმები აბრეშუმის კაბებში“ - როგორ დაიწერა 21-ე საუკუნის ხუთი ზღაპარი

როგორ შეიძლება ზღაპრის ენით აღწერო ამბავი, რომელიც თან შენს ქვეყანაში აწუხებთ და თან ის ბავშვებს წააკითხო?

ვთქვათ, როგორ ცხოვრობენ ქალები, როგორ ჩაგრავენ რაიმე ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს, როგორ ნაწილდება როლები და ადგილები ქალებსა და კაცებს შორის, როგორია მშობლების და შვილების ურთიერთობა... მოკლედ, როგორ მოვუყვეთ ბავშვებს (და მათ მშობლებსაც) გენდერულ თანასწორობაზე მარტივად.

„თუკი ოდესმე მეფის ასული ყოფილხართ, კარგად გეცოდინებათ, თუ რა რთულია სასახლეში ცხოვრება“, - ასე იწყება ქართველი ავტორის, მინდია არაბულის ზღაპარი „გოჭები და ქათმები აბრეშუმის კაბებში“.

ილუსტრაცია მინდია არაბულის ზღაპრისათვის. ავტორი - მარი კახურიშვილი

ეს ზღაპარი მეფის ასულ ანიკოსა და მისი მეფე მამის ურთიერთობაზეა, ანუ „პოზიტიურ მშობლობაზე“. აი როგორ ყვება ამ რთული, თანამედროვე ტერმინების გარეშე მიდნდია არაბული მეფის ასულ ანიკოზე, რომელთანაც მამა მეფე სათამაშოდ კი არა, სალაპარაკოდაც ვერ იცლის. ის სულ დაკავებულია - ხან ელჩებს ხვდება, ხან ყველაზე მაღალ კოშკში ადის და იქ ქვეყნის ბედზე ფიქრობს.

„აჩვენებდა ანიკო აბრეშუმის კაბას, მურაბაგადასხმულს, -

მამილო, ნახე, რა ლამაზი ლაქა გამოვიდა!

არიქა! - იტყოდა მეფე მამა, - ახალი კაბა უნდა ბავშვსო!

დაისვამდა ანიკო თმაზე ხოჭოს, - მამილო, ნახე, რა თმის სამაგრია!

არიქა! - იტყოდა მამა მეფე, - მიართვით ბავშვს ზურმუხტისა და მარგალიტების სამკაულიო!

ანიკო კი ყველა ამ კაბითა და სამკაულით ეზოს გოჭებსა და ქათმებს მორთავდა ხოლმე - იმათ უფრო უხაროდათ“.

ერთ დღეს ანიკო იმ კოშკში აიპარება, სადაც მამა მეფე დიდ დროს ატარებდა. იქ ძველ დამტვრეულ საათს ნახავს, მის ისარს დაატრიალებს და უცებ წარსულში აღმოჩნდება, სადაც პატარა უფლისწულს შეხვდება: თავიდან ვერ ცნობს, მაგრამ მერე, როცა გამოელაპარაკება, მიხვდება, რომ ეს მისი მამაა, როცა ის პატარა ბიჭი იყო. ანიკო გადაწყვეტს მას აჩვენოს, როგორი მეფე იქნება მომავალში.

- ტელესკოპი აიღე და არ გაუშვა, - თქვა ანიკომ, ჩაჰკიდა ბიჭს ხელი და საათის ისარი წინ დაატრიალა.

თვალის დახამხამებაში შეიცვალა ყველაფერი. კედლებიდან ლამაზი ფარდები ჩამოჭკნა და ჩამოცვივდა, ცის რუკები დაიმტვერა და კარადაში შეიმალა, წერტილები სულ გაქრა ერთიმეორის მიყოლებით. ერთადერთი, ტელესკოპი იყო ისევ ახალივით, რაკი ბიჭს ხელში ეკავა.

- რა უქენი ჩემს ოთახს! - ტირილის პირას იყო ბიჭი მისული.

- მე არაფერი მიქნია, შენ უქენი, - გააქნია თავი ანიკომ. - ხომ გაინტერესებდა, როგორი მეფე იქნები. ჰოდა აი, - მომავალში ვართ. ესაა შენი სამეფო. აგე, ის კაცი, ეზოში რომ მოდის, შენა ხარ, ჩაფიქრებული, მკაცრი და თანაც - მონადირე!

ბიჭს ეს არ მოეწონება.

ამასობაში, კოშკში უკვე გაზრდილი მეფე მამა მოვა და იქ ანიკოს იპოვის. ანიკო მას ტელესკოპში გაახედებს და გაახსენებს წლების წინანდელ ამბავს, როცა დაბადების დღეზე მას ერთი უცნაური გოგონა ესტუმრა, მომავალში ამოგზაურა, თავისი თავი დაანახა და დაჰპირდა, რომ აუცილებლად გამოასწორებდა ყველაფერს, რაც გამოსასწორებელი იყო...

ამ ამბის მერე ანიკოს და მეფე მამის მამაშვილობაც შეიცვალა. ისინი ხშირად ატარებდნენ ერთად დროს, ადიოდნენ კოშკურაში და რაც მთავარია:

„ამ კოშკურაში სტუმრად არასოდეს ჰყოლიათ არცერთი ელჩი, არცერთი გენერალი და არცერთი ოფიცერი - არამედ, მხოლოდ აბრეშუმის კაბებში ჩაცმული გოჭები და ქათმები“.

მინდია არაბული

„ჩემი ზღაპარი დროში მოგზაურობაზეა. ზოგადად, მგონია რომ ყველა ასეთი წარმოსახვის ნაყოფი, მფრინავი ხალიჩებიდან დაწყებული და ვარსკვლავური მეგასტრუქტურებით დამთავრებული, რაღაც უფრო მარტივ და ადამიანურ გულისთქმებს ეხმიანება. დროში მოგზაურობა კი შეცდომების გამოსწორების, მეორე შანსის სურვილს ეთამაშება. ბავშვობაში არ გვქონდა ყველა იარაღი საიმისოდ, რომ ჩვენი ცხოვრება სწორად წაგვემართა, ზრდასრულობაში კი ინერციისგან თავის დაღწევის ძალა აღარ გვაქვს. მშობლების და შვილების ურთიერთობაში ხშირად ილექება ეგ - შენი შვილის ცხოვრებაში განახორციელო ის, რაც თავად მიატოვე ბავშვობაში. ჩემი ზღაპარიც მაგაზეა და ალბათ, იმაზეც, მშობელი რომ შვილთან ერთად ზრდას განაგრძობს, გინდაც მთელი სახელმწიფოს მეფე იყოს“, - მითხრა მინდია არაბულმა.

„ჯადოსნური ტორტი“ - სომეხი მწერლის, არმენ ოჰანიანის ზღაპარია, რომელიც ასე იწყება:

„ერთ მშვენიერ დღეს სოსი მამიკოს მხრებზე შეაჯდა და აღარ ჩამოვიდა“, - ეს არის ზღაპრი სოსიზე, რომელიც თავისი დაბადების დღის ტორტზე სანთლების ჩაქრობისას ჩაიფიქრებს, რომ სულ მამიკოს მხრებზე დარჩეს და ასეც მოხდება! მალე მთელ ქვეყანას მოედება მამიკოს მხრებზე მცხოვრები ბიჭის ამბავი და „მათ ვიდეოებს ინტერნეტში მილიონობით ნახვა ექნება“.

ილუსტრაცია არმენ ოჰანიანის ზღაპრისთვის. ავტორი - ჰარუთინიონ თუმაღიანი

როცა დედა დაღლილი მოდიოდა სამსახურიდან, მამიკო და სოსი მის გასახარებლად უგემრიელეს სადილებს ამზადებდნენ, სუფრას შლიდნენ, სახლს აწკრიალებდნენ. მამიკო აუთოებდა, სოსი კი ტანსაცმელს კეცავდა...

შემდეგ დაბადების დღეზე სოსი ჩაიფიქრებს, რომ მამის მხრებიდან ჩამოვიდეს, მაგრამ არაფერი შეიცვლება. არც იმ წელს, არც მომდევნო წელს. ასე გადის დრო. ერთ ღამით, როცა სოსის პირველი სარძევე კბილი მოსძვრა, კბილების ფერია გამოეცხადა და უთხრა, რომ მამის მხრებს მოსწყდებოდა, თუ მამა სოსის დაბადების დღის ტორტს სხვა რეცეპტით გააკეთებდა. მამამ, ბევრი წვალების შემდეგ, ეს შეძლო და:

„ჩვენი სოსი ჩამოვიდა მამიკოს მხრებიდან, ფეხზე დადგა და დედიკოს ჩაეხუტა!“.

„ჩემი ზღაპარი "პირველი ნაბიჯების" მნიშვნელობაზეა - პატარა სოსის შემთხვევაში - პირდაპირი მნიშვნელობით, ხოლო მამის შემთხვევაში - მეტაფორულად. რა არის კარგი აღზრდა? მამობა მხოლოდ მშობლობა და დაცვაა? ჩვენს შვილებზე ისე უნდა ვიზრუნოთ, როგორც სასიხარულო ტვირთზე თუ ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა? ეს არის ჩემი ზღაპრის მთავარი კითხვებიც. იმედი მაქვს, რომ ეს ამბავი თავის წვლილს შეიტანს იმ სტერეოტიპების დაძლევაში, რაც დღემდე არსებობს“, - გვითხრა არმენ ოჰანიანმა.

არმენ ოჰანიანი

აზერბაიჯანელი ავტორის, აფსანა იუსიფოვას ზღაპარში „დედა მელია“, დედა მელიას პატარა გოგონა მელია ჰყავს, სახელად ბაბი. ბაბი სხვებს არ ჰგავს, რადგან სხვა ლეკვებისგან განსხვავებით ლაპარაკი არ შეუძლია და ამიტომ მას ხევის ერთადერთ სკოლაში არ მიიღებენ. მთელი ეს ზღაპარი კი დედის მცდელობასა და ბრძოლაზეა, რომ მის შვილსაც შეეძლოს სხვებთან ერთად სკოლაში სიარული და საბოლოოდ, ამას მაინც მიაღწევს.

აფსანა იუსიფოვა

აფსანა გვიყვება, რომ მან თავისი ქალიშვილის ნამდვილი ამბავი აქცია ზღაპრად. მათ მართლაც შეხვდათ სკოლაში მასწავლებელი, რომელმაც უთხრა, რომ სკოლა მისი გოგონასთვის არ იყო.

„მაშინაც ნაკლებად მჯეროდა, რომ ჩემი ქალიშვილი რაიმეს სწავლას შეძლებდა, მაგრამ როცა ის საბოლოოდ სკოლაში მიიღეს და სხვა მასწავლებელმა ასწავლა ის, რაც, მცდელობის მიუხედავად, მე არ შემეძლო, დავრწმუნდი, როგორ შეიძლება სასწაულები მოახდინოს ბავშვების შესაძლებლობების სიყვარულმა და რწმენამ. მე მინდოდა გამეზიარებინა ეს გამოცდილება და ამიტომ დავწერე „დედა მელა“.

ილუსტრაცია აფსანა იუსიფოვას ზღაპრისთვის. ავტორი - სევინჯი ყულიევა

უკრაინელი მწერლის, ნატალია ტროხიმის ზღაპარში ომი იწყება.

ის პატარა გოგო მაგდაზე ჰყვება, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ძალიან ლამაზ ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ უცებ ამ ქალაქამდეც მიდის ომი, ირთვება სირენები და მათ სახლში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის და რჩება. მაგდას და მის დას ეს ამბავი ძალიან უკვირთ, მაგრამ უხსნიან, რომ მათთან ნაკლებად ისვრიან და სხვები ამიტომ აფარებენ თავს.

ერთ დღეს გოგონებთან დედა მივა და ეტყვის, რომ ის ომში უნდა წავიდეს, რადგან მამას, რომელიც ავადაა, გაწვევაზე უარი უთხრეს...

- ჰოდა, გავიზრდები და მეც წავალ ომში, შესაძლოა, მფრინავადაც.

- ო, არა, - გაუღიმა დედამ. - არ გვინდა, რომ ომი შენს გაზრდამდე გაგრძელდეს! - ასე ემშვიდოდება მაგდა ომში მიმავალ დედას და ნახატს დაუხატავს.

ყდის ილუსტრაციის ავტორი - ხატია ჩიტორელიძე

პაულა ერიზანუს „ვიქტორინას ამბავში“ ყველაფერი ნამდვილად მოხდა. ეს არის ისტორია პატარა ქვეყნის პატარა სოფელში დაბადებულ ერთ პატარა გოგო ვიქტორინაზე. ის მარტოხელა დედის შვილია და ამის გამო მისი დედა ბევრ დამცირებას იტანს. თავისი სახლიდან ჯერ სხვა სოფელში გადავა და იქ საბავშვო ბაღში დაიწყებს მუშაობას, მაგრამ იქაც სხვა მშობლები გააპროტესტებენ - არ სურთ, რომ მათმა შვილებმა ბოშა ვიქტორინასთან ერთად ითამაშონ.

დედამისი იფიქრებს, იქნებ პატარ სოფელში ფიქრობენ ასეო და უფრო დიდ ქალაქში გადადის საცხოვრებლად თავის გოგონასთან ერთად, მაგრამ იქაც იგივე განმეორდება. მერე იტყვის, იქნებ უფრო დიდი ქვეყნის დიდ ქალაქში უნდა წავიდეო? და წავა.

„ვიქტორინას დედა ამაოდ ცდილობდა სამსახურის პოვნას, იატაკების მოპრიალებას, საპარიკმახეროში მუშაობას... როგორც კი მის მუქ კანს და გრძელ, დიდყვავილებიან ქვედაბოლოს დაინახავდნენ და მის უცხო აქცენტს გაიგონებდნენ, აღარავის უნდოდა მისი დასაქმება. ასე რომ, რაღა დარჩენოდა ქალს? ადგა და ქუჩაში მათხოვრობა დაიწყო; თან მკლავებში ვიქტორინა ეწვინა“...

ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ, ვიქტორინა გაიზრდება, წერა-კითხვას ისწავლის, უნივერსიტეტშიც ჩააბარებს და მერე სხვა ბოშა ბავშვებსაც დაეხმარება სწავლაში.

ამ ზღაპრებში, რომელშიც არის ინტერნეტიც და 21-ე საუკუნის სხვა ამბებიც, ალაგ-ალაგ გაკრთება ხოლმე ის პრობლემებიც, რაც ზღაპრების ავტორების ქვეყნებში არსებობს.

არაზღაპრული ენით, ბოლო გამოკვლევებზე დაყრდნობით რომ ვთქვათ, მაგალითად:

  • მოლდოვაში გამოკითხულთა 80%-ს სჯერა, რომ ოჯახში მთავარი შემომტანი კაცი უნდა იყოს და 75% მიიჩნევს, რომ ქალის მთავარი როლი ოჯახზე ზრუნვაა.
  • სომხეთში 25 წლამდე ასაკის ქალების უმუშევრობის დონე 46% აღწევს, ხოლო ამავე ასაკის კაცებში - 30%-ს.
  • უკრაინაში ხელფასის სხვაობა კაცებსა და ქალებს შორის სულ მცირე 25%-ია, ზოგიერთ შემთხვევაში კი 40%-ც.
  • საქართველოში ქალების 14% 18 წლამდე ქორწინდება, რაც ხელს უშლით იყვნენ ჯანმრთელები და განათლებულები.
  • ბელარუსში ქალების 17% ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი...

ასე მიანდო კამპანიამ „კაცები ზრუნავენ“ 21-ე საუკუნის ხუთი ზღაპრის შეთხზვა ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, მოლდოველ და უკრაინელ მწერლებს და გაჩნდა ახალი ზღაპრების წიგნიც, რომელიც მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში.

წიგნი ინგლისურად, ქართულად და სხვა ავტორების მშობლიურ ენებზე გამოვა. ხოლო პრეზენტაცია 6 მაისს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიგეგმა.

საინტერესოა, რას იტყვიან ბავშვები?