„კიდევ სიკვდილი...ცრემლთა ნაკადული...დაუსრულებელი ტანჯვა-მწუხარება შინ და გარეთ!.. ჯერ თვალებზე ცრემლი კიდევ არ შეგვშრობია. ულმობელმა სიკვდილმა მოგვტაცა ჩვენი ნიჭიერი მგოსანი. აღარ გვყავს ვაჟა!“...
103 წლის წინ, 1915 წლის 27 ივლისს, ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. მომდევნო დღეს, გაზეთების პირველი გვერდები მისი სიკვდილის შესახებ ცნობებით აჭრელდა - მოგონებები, სამძიმრები, ნეკროლოგები, ფოტოები...
1915 წლის 28 ივლისის გაზეთი „სამშობლო“ წერს: „ვაჟა-ფშაველა მოკვდა. მოკვდა საკვირველი და მუდმივი ჭაბუკი მთებისა, რომელსაც ბედმა ყველაფერი მისცა საუცხოვო ნიჭიც და ნაზი სულიც და უნარი იმ საკვირველ ლექსთა თქმისა, რომელთა კითხვა სამუდამო გასართობი იქნება ადამიანის სულისა და ფიქრისთვის“...
კიდევ ერთ პუბლიკაციას „სამშობლო“ ვაჟას უკანასკნელ დღეებს უძღვნის და წერს: „გაზეთებში ნაკლებ თავსდებოდა ვაჟას ავადმყოფობის ცნობა იმ მოსაზრებით, რომ თვით მგოსნის ყურამდე ამბავს არ მიეღწია და ავადმყოფზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა. თვით მგოსანი დაჟინებით მოითხოვდა, კაცო, ნუ მამკლავთ ამ ოთხკედელშუა, გამისტუმრეთ ჩემს მთებისკენ, იქაური ჰაერი მარგებსო, აქ სული მეხუთებაო! პაპანაქება მომიდნობს. ვინ იცის, იქნებ მგოსანს გული უთხრობდა, და, მართლა, სიკვდილს მთები გადაარჩენინებდნენ. ეს არავინ იცის! 26 მკათათვეს, დილით, კარგად ყოფილა, ნაშუადღევისას უკითხნია, რამდენი საათიაო. სამი ყოფილა. უჰ, კიდევ რამდენი მიცოცხლია. ისევ არავინ მოდის, რომ რამე ვუთხრა. გაბრაზებულა, ბალიშები გადმოუყრია... საღამოს ექვს საათზე, 27-ში, გონება დაკარგვია. ექიმების მისვლისას უკვე სიკვდილს ებრძოდა. გარდაცვლილა ისე, რომ გულხელი ვერავის დაუკრეფინებია და ვერც თვალები დაუხუჭვინებია. საღამოს რვა საათზე ელვის სისწრაფით მოედო თბილისში ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ამბავი. ყოველ ქართველის სახეზე ღრმა მწუხარება იხატებოდა“...
„ეროვნული უბედურება“, - ასე ეხმაურება 29 ივლისის „სახალხო ფურცელი“ ვაჟა-ფშაველას სიკვდილს: „მოულოდნელი იყო ეს გარდაცვალება, იმიტომ, რომ პოეტმა თავისი საამქვეყნო არწივისებური თვალები დახუჭა სწორედ მაშინ, როდესაც ძვირფას ავადმყოფს ხანგრძლივ ავადმყოფობის შემდეგ გამოკეთება დაეტყო...მოულოდნელი იყო ეს გარდაცვალება თვით ექიმთათვისაც, რომელნიც ფრთხილის მზრუნველობით მუდამ თავს დასტრიალებდნენ ავადმყოფს. მთელი ერი, როგორც ერთი ადამიანი, მოწიწებით თავყვანსა სცემს მის წმინდა ნეშთს“...