25 წლის წინ, 13-თვიანი ბრძოლის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა. ცხადია, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 300 ათასი დევნილად აქცია, იმ დღეებში - და არამხოლოდ იმ დღეებში - ბეჭდური მედიის ძირითადი თემა იყო.
„ფაქტობრივად, საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ გარეშე ძალთა ინტერესები ვერაფერს დაგვაკლებდა, რომ არა შინააშლილობა და თანამოქალაქეთა ღალატი. მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად შეძრწუნებული ვარ მომხდარით. იცის ღმერთმა, ყვეალფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად. ვერ შევძელი. დაე, მაპატიონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამაც“, - 1993 წელი, 28 სექტემბერი, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, სიტყვების ავტორი -საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
ედუარდ შევარდნაძის ეს მიმართვა 25 წლის წინ, 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეორე დღეს, საქართველოში გამოსული თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. ქართული პრესა სოხუმის დაცემის ამბებს იტყობინება. რეპორტაჟები, ინტერვიუები, ახალი ამბები, მოსაზრებები, მწირი რაოდენობით ფოტოებიც - ბეჭდური მედია ცდილობს აღწეროს აფხაზეთში სოხუმის დაცემის დღესა და მომდევნო დღეებში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. ამბები არასახარბიელოა. გაზეთები დაღუპულების, მოკლულების, ხალხისგან დაცარიელებული სოხუმის შესახებ იტყობინება.
29 სექტემბრის „დრონი“ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ წერს, რომელიც მან 28 სექტემბერს, აფხაზეთიდან რამდენიმე საათის დაბრუნებულმა, საქართველოს პარლამენტის შენობაში ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართა. გაზეთი იტყობინება, ჟურნალისტების ამგვარი რაოდენობა საქართველოს კარგა ხანია არ ახსოვსო. ჟურნალისტების კითხვებს შორისაა:
- „თქვენ ადრე გითქვამთ, რომ დადგება დრო, როცა შესაძლებელი იქნება ყველაფრის თქმა, თუ ვინ წამოიწყო აფხაზეთის ომი, ვინ ჩააბარა გაგრა, ვინ შეუწყო ხელი სოხუმის დაცემას. არ დადგა ეს დრო?’
- „არ დამდგარა. ეგ მეორე ტიპის ამოცანაა. ჩვენ ჯერ სოხუმი უნდა დავიბრუნოთ“.
- „რა მოელის სოხუმის მოსახლეობას და სად არის თბილისის ბატალიონი?“
- „სოხუმი ცარიელი და მკვდარი ქალაქია. მოსახლეობა დაფანტულია მის ირგვლივ სოფლებში. ჩვენს სამხედროებს ჯერ კიდევ უკავიათ ზოგიერთო პოზიცია მის შემოგარენში“.
- „ადასტურებთ თუ არა ინფორმაციას ჟიული შარტავას დახვრეტის შესახებ?“
- „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, გუშინ ჩვენ ტელეფონით ვილაპარაკეთ“...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველოს შემადგენლობაში) მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას სიკვდილის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 29 სექტემბრის „საქართველოს რესპუბლიკა“: „საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დამსწრეთ აუწყა ზოგიერი დეტალი, რომლებიც შუქს ჰფენს ჟიული შარტავას დაღუპვის გარემოებას. კერძოდ, მან თქვა, რომ ამ სამსახურს აქვს სოხუმსა და გუდაუთას შორის 27 სექტემბრის რადიოსაუბრის ჩანაწერი. სოხუმიდან კითხვას, თუ როგორ მოექცნენ ტყვედ აყვანილებს, მათ შორის შარტავასაც, გუდაუთიდან უპასუხეს: ჩამოვიყვანეთ ისინი გუდაუთაში, მათ უნდოდათ აფხაზური მიწა, ჰოდა, ჭამონ იგი“...
1993 წლის 30 სექტემბრის გაზეთი „თბილისი“ აქვეყნებს საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ირინა სარიშვილის პრესკონფერენციის შინაარსს, რომელიც შიშობს, რომ ოჩამჩირესა და გულრიფშში შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა სოხუმში: „აფხაზეთიდან 120 ათასი ლტოლვილია. აქედან 60-80 ათასი კაცი დღეს მთაშია და ბილიკ-ბილიკ მიიკვლევს გზას. იქ არიან პატარა, თოთო ბავშვებიც. მოდის ცნობები ადამიანთა გზაში დაღუპვისა და გაყინვის შესახებ. ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ლტოლვილთა დასახმარებლად... სახეზეა დანგრეული და გაპარტახებული ქალაქები, სოფლები, ათასობით დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული. სოხუმის დაცემის შემდეგ შეგნებულად იჩქმალება რუსეთის მხარის მიერ გუდაუთის ბარბაროსობის ფაქტები. დაუყოვნებლივ გასატარებელია ღონისძიებები ოჩამჩირიდან და გულრიფშიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისთვის, რადგან მოსალოდნელია, იქაურებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც სოხუმელებს“...
.
ერთ საინტერესო ნუსხას აქვეყნებს 1993 წლის 2 ოქტომბრის გაზეთი „ლელო“. ომის დღეებში სპორტსმენები მეომრებისთვის შემოწირულობას აგროვებდნენ. ეს შემოწირულობა კი მხოლოდ ფულად დახმარებას არ გულისხმობდა. ცნობილი სპორტსმენები მეომრების დასახმარებელ ფონდში სხვადასხვა სამკაულსა თუ ძვირფასი ლითონის ნაკეთობებს აბარებდნენ: „ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსანი) - ოქროს ბეჭედი; ზურაბ მაჭარაშვილი - 7 გრ. ბაჯაღლო ოქრო; ბორის სიჭინავა (ფეხბურთელი) – 375 ათასი კუპონის შესახვევი მასალა; ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთელი) – 300 აშშ დოლარი; და-ძმა თეიმურაზ და ეკატერინე ღირდალაძეები - ვერცხლის სამი ჭიქა და 20 000 კუპონი; დავით გობეჯიშვილი - 100 ათასი რუსული მანეთი“...
სოხუმის დაცემის შემდეგ გამოსული თითქმის ყველა გაზეთი აქვეყნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სათაურით „გენერლები მოღალატეები არ არიან“. ამ პატარა განცხადებაში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს განმარტოს სოხუმის დაცემის მთავარი მიზეზი და წერს, რომ სოხუმის დაცემის მიზეზად იქცა კოდორის რაიონში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების მოქმედება, რომლებმაც არ განახორციელეს ქალაქის ბლოკადის მოსახსნელი სრულმასშტაბიანი საომარი ოპერაცია და ამით არ უზრუნველყვეს სოხუმის დამცველების დახმარება: „მომავალი გვიჩვენებს, რამ განაპირობა ოჩამჩირეში განლაგებული ნაწილის ამგვარი მოქმედება. დღეს კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა ღალატი, სიმხდალე, უპასუხისმგებლობა. მაგრამ არ შეიძლება ყველას ერთი საზომით გაზომვა. საზოგადოება, სამართლიანად უარყოფითად განწყობილი ოჩამჩირეში განლაგებული საჯარისო ნაწილების მთელი რიგი ხელმძღვანელების მიმართ, მათ გვერდით აყენებს გენერლებს ჭუმბურიძესა და ყურაშვილს, რაც უსამართლო და დაუსაბუთებელია. ორივე გენერალმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლოთ, ხოლო ის, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. სამხედრო ნაწილებმა მათი მეთაურობით კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიანთი ვალი სამშობლოს წინაშე. მათი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი დაიჭრა მდინარე კოდორთან წარმოებულ ბრძოლებში...“
28 სექტემბრის „სვობოდნაია გრუზია“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ედუარდ შევარდნაძის 28 სექტემბრის ოფიციალურ განცხადებას, რომელმაც ყველა იმდღევანდელი გაზეთი მოიარა. მის ქვევით კი ქვეყნდება ორი წერილი. ერთი წერილი, რომელიც 22 სექტემბრითაა დათარიღებული, კვლავ ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის და მისი ადრესატია გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს გალი. მეორე წერილი ბუტროს გალის პასუხია ედუარდ შევარდნაძის გზავნილზე:
„...ვიმყოფები რა ამ პატარა, ერთ დროს ულამაზესი ქალაქის ნანგრევებსა და მკვდარ მიწაზე, მოგმართავთ თხოვნით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანსა და როგორც ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ - გამოიყენეთ მთელი თქვენი ავტორიტეტი, თქვენი შესაძლებლობა იმისათვის, რომ შეჩერდეს ეს ომი და აღდგეს მშვიდობა“, - ედუარდ შევარდნაძე, სოხუმი, 1993 წლის 22 სექტემბერი.
„რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, როგორც პირადად მე, ისე ჩემი საგანგებო წარმომადგენლის ელჩ ბრუნერის დახმარებით, რათა მობილიზებულიყო მთელი საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის დასაწყისისკენ. ელჩმა ბრუნერმა მოახერხა, რომ დაერწმუნებინა აფხაზური მხარე და რუსეთის ფედერაცია, რათა მიეღოთ მონაწილეობა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში, რომელიც გაეროს ეგიდით გაიმართება ამ კვირის ბოლოს. უსაფრთხოების საბჭოს წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ მოლაპარაკებებს... მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველომ გააგზავნოს დელეგაცია ამ მოლაპარაკებებზე და დაჟინებით გთხოვთ ამას... ამ მოლაპარაკებების დღის წესრიგი და ფორმა, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. მე ვთხოვე ელჩ ბრუნერს, რომ თქვენს საჭიროებებს მოერგოს“, - ბუტროს გალი.
და ბოლოსთვის. დავაბრუნოთ კადრები და მოვლენები სოხუმის დაცემიდან 13 თვით ადრე. ომი აფხაზეთში ახლად დაწყებულია. სულ თვენახევრის. 1992 წლის 2 ოქტომბრის „ასავალ-დასავალი“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტო ილუსტრაციას „მიეცით მშვიდობას შანსი“, ჯონ ლენონი.