დასაქმებულები გამრავლებული 64-ზე - როგორ დაითვლება საზმაუს ბიუჯეტი

“ქართული ოცნება” საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესს ცვლის. კანონპროექტით, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი უქმდება.

თითქმის 15 წელია მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდება. ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაუწყებლის ბიუჯეტიც იზრდებოდა. სწორედ მზარდი ბიუჯეტი გახდა დაფინანსების წესის ცვლილების მიზეზი.

კანონპროექტის ავტორები წერენ, რომ 2021-2024 წლებში ბიუჯეტის 69 მლნ ლარიდან 110 მლნ ლარამდე ზრდა არა მაუწყებლის საჭიროებამ, არამედ ეკონომიკის ზრდამ განაპირობა. ამიტომ ბიუჯეტი მშპ-ს შესაბამისად აღარ უნდა გაიზარდოს.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • როგორია დაფინანსების ახალი მოდელი;
  • ახალი წესი შეამცირებს თუ იმავე ბიუჯეტს დაუტოვებს მაუწყებელს;
  • რა პოზიცია აქვს მაუწყებლის მენეჯმენტს მმართველი პარტიის გეგმაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი წესით 2026 წლიდან დაფინანსდება. ბიუჯეტის განსაზღვრის ახალი ფორმულა ასეთია: საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა გამრავლებული 64-ზე.

მაგალითად, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყანაში თითქმის 1.3 მლნ ადამიანი იყო დასაქმებული და თუ ამას 64-ზე გავამრავლებთ, გამოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ახალი ფორმულით რომ დათვლილიყო, 2023 წელს 101 მილიონი ლარის ნაცვლად 83 მლნ ლარი იქნებოდა.

რადგან მაუწყებელი ახალი ფორმულით 2026 წლიდან დაფინანსდება, ამ შემთხვევაში აღებული იქნება 2025 წელს დასაქმებულთა მაჩვენებელი. ამიტომ მაუწყებლის ბიუჯეტის ზუსტი მოცულობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული დასაქმებულის წვლილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში წელიწადში 64 ლარი იქნება.

გასული წლების სტატისტიკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2026 წელს ბიუჯეტმა 101 მლნ ლარს გადააჭარბოს. კანონპროექტში ასევე წერია, რომ ბიუჯეტის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

„არსებული წესით მაუწყებლის ბიუჯეტი უსასრულობამდე იზრდებოდა, რაც ამ კანონპროექტით გაჩერდა. როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება საზმაუს მიმართ, იმას მაინც მივაღწიეთ, რომ 2024-2025 წლებში დაფინანსება აღარ გაიზრდება. ახალი ფორმულით, თუ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ბიუჯეტიც გაიზრდება, მაგრამ არ მგონია, დასაქმებულების რაოდენობა შემდეგ ორ წელში პრინციპულად შეიცვალოს. შედეგად, დიდი ალბათობით, იმასაც მივაღწევთ, რომ დაფინანსება შემცირდება. ამ პოლიტიკურ ვითარებაში ამასაც რომ მივაღწიეთ, ძალიან კარგია“, - ამბობს „გირჩის“ წევრი, პარლამენტარი ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ერთად ახალი კანონპროექტის თანაავტორია.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც უნაწილებს. ახლა ისინი მთლიანი დაფინანსების 16%-ს იღებენ, ზაფხულში შეცვლილი კანონით კი, 2026 წლიდან 17% უნდა მიეღოთ. თუმცა ახლა ესეც შეიცვლება. 2026 წლიდან, როდესაც ახალი ფორმულა შევა ძალაში, ისინი მთლიანი ბიუჯეტის 21%-ს მიიღებენ.

დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებამდე, გარდამავალ პერიოდში [2024-2025 წლებში] მაუწყებლის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც 2023 წელსაა გათვალისწინებული, 101 მლნ ლარი.

„2024-2025 წლებში დავუტოვეთ ეს 101 მლნ ლარი, რათა დასრულდეს ყველა ის სამუშაო, რაც ჩასატარებელი აქვთ, კორპუსის აშენება და მისი აღჭურვა. თუ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება, ბიუჯეტიც გაიზრდება, ხოლო თუ შემცირდა, დარჩება ის ძველი თანხა, რაც წინა წელს იყო“, - განაცხადა კანონპროექტის ავტორმა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე.

რატომ ცვლის მმართველი პარტია დაფინანსების წესს?

ავტორები ამბობენ, რომ დაფინანსების წესის შეცვლით ბიუჯეტის თანხა დაიზოგება და ამის საილუსტრაციოდ მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი დოკუმენტიდან მაუწყებლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები მოჰყავთ.

„2024-2027 წლების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები - საბაზო სცენარი“ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს თან და იქ წერია, რომ 2027 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 139 მლნ ლარს გადააჭარბებს.

ამას გარდა, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ახალი ფორმულით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაც შენარჩუნებული იქნება, რადგან მედიის დაფინანსების მოცულობაზე მთავრობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. „გვინდა მადლობა გადავუხადოთ როგორც სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ასევე დირექტორს, რადგან მათ მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ კონსულტაციებში და ამ კონსულტაციების შედეგად კონკრეტულ გადაწყვეტამდე მივედით. დაზღვევის სახით [კანონპროექტში] იწერება ისიც, რომ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, - ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თეორიული რისკებიც უნდა დავაზღვიოთ, - მაუწყებლის ბიუჯეტი არ შემცირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

რა პოზიცია აქვს მაუწყებლის მენეჯმენტს

„[ბიუჯეტი] მიბმულია ცვლად მონაცემზე. ამ შემთხვევაში ეს დასაქმებულთა რაოდენობაა და არ არის ისე, როგორც პირველ ვარიანტში იყო, მთავრობის გადაწყვეტილებაზე იყო ბიუჯეტის მოცულობა ყოველწლიურად დამოკიდებული. ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ამას ძალიან დადებითად ვაფასებთ“, - ამბობს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე.

„ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების ეს უკვე მეორე მცდელობაა. ოქტომბერში პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის განხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მაუწყებლის მენეჯმენტი მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა. „დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო მოდელზე შევჯერდებით“, - აცხადებდა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დაფინანსების წინა მოდელი არ მოსწონდა მაუწყებლის მენეჯმენტს და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის რისკს ხედავდა, რადგან იმ წესით მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების მსგავსად დგინდებოდა.

„ძალიან გვინდოდა, რადგან პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი გვქონდა, ტელევიზიასთანაც მომხდარიყო ეს კონსენსუსი და ერთიანი გადაწყვეტილებით მიგვეღო. მათ თქვეს, რომ ჩვენ არ გვინდა მთავრობასთან გვქონდეს კონტაქტი [წინა კანონპროექტის განხილვისას] და იქნებ სხვა რამე მოვიფიქროთ, რაც ჩვენს დამოუკიდებლობას შეგვინარჩუნებსო. მეორე იყო მშენებლობასთან დაკავშირებული წუხილი. კონსულტაციების შემდეგ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ სტატისტიკა აქვეყნებს დასაქმებულ ფიზიკურ პირთა მონაცემებს [ყოველ კვარტალში], ანუ რაღაცაზე უნდა მიგვება ეს [დაფინანსება]“, - ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი პაატა კვიჟინაძე.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან დაფინანსების ახალი წესი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.