„ახლა რა, ომია?“ - როგორ დავიარეთ ქუჩები ხაშურსა და ქარელში კარდაკარ

ხაშურში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 70-მდე სახლია. ეს არც ცენტრალური ქუჩაა და არც - ორღობე, დგას საავადმყოფო და ორიოდე მაღაზიაც. სახლები ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული. ზოგი უკვე მიტოვებული და გავერანებულია.

დედაქალაქიდან 120 კილომეტრში მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 585 კვადრატული კილომეტრია, 65 ათასამდე მცხოვრებლით. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საიტის თანახმად, ქალაქში რამდენიმე სამრეწველო საწარმოა, მუნიციპალიტეტში კი სამშენებლო, სამრეწველო და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციები.

საიტის მიხედვით, დოვლათიან ხაშურს სიმდიდრის კვალი არ ეტყობა, ხალხსაც უცხოებთან ლაპარაკი დიდად არ სიამოვნებს, უმრავლესობამ არც ვინაობა გაგვიმხილა და მით უმეტეს არც ფოტოს გადაღების ნება დაგვრთო - რა ვიცით, მერე „სადმე არ დაგვხვდესო“.

„თუ არაფერი შეიცვალა, წავალ“

ხათუნა დოლიძე ახალგაზრდა ქალია. სალონში მუშაობს, ფარნავაზის ქუჩის დასაწყისში. ლამაზი, ვარდისფრად შეღებილი თმები აქვს, მაგრამ ფოტოს გადაღება არც მას უნდა, ისე გეტყვითო. „ისე“ გვეუბნება, რომ ოჯახში ხუთნი არიან, სამი უფროსი და ორი - ბავშვი. კიდევ სამი კაცი ემიგრაციაშია, ისევე როგორც მთელი მისი სამეზობლო.

„ჩამოსვლას ჯერ არ აპირებენ. ჩვენს თავს კი ვუძღვებით, მაგრამ მსხვილი გადასახადი რაც არის, მაგალითად, ბანკის სესხი, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ვიხდით“, - ამბობს ხათუნა.

ნინო ბერძენიშვილს 10 წელია, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მის ორ შვილსაც ჰქონდა, მაგრამ გაიზარდნენ და მოუხსნეს. ამ ათი წლის განმავლობაში დასაქმება ვერ შეძლო, უფრო სწორად, მაღაზიაში გამყიდველი იყო, მაგრამ დილის 9-დან ღამის 11-მდე მუშაობაში 15 ლარს აძლევდნენ და შეეშვა (გამყიდველის 15-ლარიანი ხელფასი ხაშურელებს სიღარიბისა და უსამართლობის საზომად აქვთ აღებული, ხშირად ახსენებენ). სახლი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ნინომ ნათესავისგან იქირავა, 30 ლარად. ამ ფულსაც სიმბოლურად იხდის, სახლის პატრონების არყოფნაში კარმიდამოს პატრონობს.

უბნის აფთიაქში შევდივართ. ერთი პატარა ოთახია, დახლზეც წამლები და მალამოები შორიშორ აწყვია. გამყიდველი გვეუბნება, ძირითადად მოხუცები შემოდიან, ფულს კაპიკ-კაპიკ ითვლიანო: „ხანდახან თანხა რომ არ ჰყოფნით, მინდა ვიტირო“.

კიდევ ერთ სახლში, მეპატრონე არა, მისი ნათესავი, შუახნის ქალი დაგვხვდა, ამ სახლიდან ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი - გარდაიცვალა და ახლა მე ვცხოვრობო. ისიც თქვა, რომ მალე თვითონაც უცხოეთში აპირებს წასვლას: „აქ თუ არაფერი შეიცვალა, წავალ, მაგრამ რა უნდა შეიცვალოს? იმედი არ მაქვს. ხომ უყურებთ, როგორი სიტუაციაა“.

ხაშური, ფარნავაზ მეფის ქუჩა

მეზობელ სახლში არავინ გვპასუხობს, ან შინ არ არიან, ან დაძახილი არ ესმით. შეიძლება ესმით კიდეც და ჩვენთან საუბარი არ უნდათ. ამიტომ სადაც ღიაა, იქ შევდივართ, მაგალითად, ნინო შიოლაშვილის საცხობში, მის სახლთან ახლოს. შვილები პატარები არიან, ახლოს რომ მყვანან, უფრო ადვილად ვუვლიო. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. „ორი კაპიკი მრჩება. ქმარიც მუშაობს. ღვთის აუგი არ უნდა თქვა, რაც გვაქვს, იმის მადლობელი ვართ“, - გვითხრა, სანამ ხაჭაპურს აცხობდა.

თეა სალიაც მაღაზიაშია, სახლისთვის საჭირო საქონელს ყიდის: ფლოსტებს, იაფიან ჩანთებს, თეთრეულს...

თეა ხაშურელი არაა, სოხუმელია. ხაშურში სხვის სახლში ცხოვრობს, ქმართან და შვილებთან ერთად. ერთი კვირის წინ მთავრობის სახელზე განცხადება დაწერა და საკუთარი სახლის ყიდვაში სთხოვა დახმარება:

„თუ დააკმაყოფილეს ჩემი განცხადება, 28 ათას ლარს მომცემენ. ამ ფულით სადმე სოფელში თუ ვიყიდი რამეს. თან ითხოვენ, კარ-მიდამო ჰქონდეს, რომ მოსავლის მოყვანა შევძლო. დევნილობის დახმარება მაქვს, სამ სულზე 135 ლარი. ეს სამი დღის საჭმელია. მიწები ჩვენ არ გაგვაჩნია, არც ქათამი და საქონელი, ამასაც ფართი უნდა, - ამბობს თეა, - მაღაზიაში ყოველდღიურ ფულს ვშოულობ. რომ კითხო ხალხს, ფული არა აქვთ, მაგრამ რესტორნებში ადგილს ვერ იპოვი. ამას წინათ ბავშვების წაყვანა გვინდოდა ხინკლის საჭმელად და ვერსად ვერ დავსხედით“.

ხაშური, მაღაზია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

შუადღეა და ხათუნა შაყელაშვილს ბავშვები სკოლიდან მოჰყავს. გზად ჩვენ ვაჩერებთ. მეც და ქმარიც ვმუშაობთ, ვწვალობთ, მაგრამ უწვალებლად როგორ იქნება, ნორმალურად ვცხოვრობთო. ანდაზასაც გვეუბნება: „ღმერთმა როგორც გაგაჩინა, ისე დაგარჩინა“.

კიდევ ერთმა ხაშურელმა, სახელი და გვარი არც მან გვითხრა, კანალიზაციის პრობლემა გვაწუხებს, არხებს თავად ვწმენდთ, მაგრამ მაინც იჭედება და წვიმის დროს წყალი ეზოებში გვივარდებაო.

არხები ფოთლებითაა სავსე

სახლების წინ არხებში მართლაც ნაგავი და ხმელი ფოთლები ყრია, განსაკუთრებით მიტოვებული სახლების წინ. არხები ღიაა, შეიძლება ვერც დაინახო და კისერი მოიტეხო.

აი, სასმელი წყალი კი არ აქვთ, ე.წ. ბურღის წყალს ხმარობენ.

„არჩევნებზე წავალ, მაგრამ ამათ თავი რომ მოსწონთ ორივეს [„ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ - რ.თ.], ხმას არ მივცემ“, - გვითხრა შუახნის ქალმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაამხილა. - „აქ ყოველი მეორე ემიგრაციაშია წასული. აგერ ის სახლი დაკეტილია, იმის იქით სახლი დაკეტილია, კიდევ იმის იქით მარტო ზაფხულობით ჩამოდიან“...

ქარელში, ფანასკერტელის ქუჩაზე

ქარელი ხაშურის „სამეზობლოა“. მუნიციპალიტეტის ფართობი – 687 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა - 55 ათას კაცამდე. აქ არის აგარის შაქრის ქარხანა და კვების მრეწველობის საწარმოები. მისდევენ მეხილეობას, მეჭარხლეობას, მებოსტნეობას, მეცხოველეობას… - ასე წერია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საიტზე.

ქარელში, ფანასკერტელის ქუჩას ვირჩევთ, 20-მდე სახლით. ჩვენ ჩაყოლებაზე სოციალურად დაუცველი არავინააო, გვეუბნება ადგილობრივი. ახალგაზრდებიც გვყავსო. ჩივიან, რომ საწარმოები თვალით არ უნახავთ და სად იმუშაონ, არ იციან.

თამაზ ცხოვრებაშვილი ორმოცდაათს გადაცილებული, გულღია და ენერგიული კაცია. რუსეთიდან დროგამოშვებით ჩამოდის. იქ ბიზნესი ეგულება, აქ - ოჯახი. რთულია, მაგრამ რა ვქნაო, ამბობს. საქართველოში სამსახური არ არის, ეს ქვეყანა საპონსაც კი ვერ აწარმოებს. ერთ მშვენიერ დღეს საპონი და შამპუნი რომ ვერ შემოვიტანოთ, ხალხი დაუბანელი დარჩებაო.

თამაზ ცხოვრებაშვილი

„აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, სადაც არ უნდა ვიცხოვრო, აქ დაიმარხება ჩემი ძვლები, ქარელის სასაფლაოზე.

ბიძინა იქნება, ოპოზიცია, ჯანდაბა თუ ოხრობა, მშრომელი კაცი მაინც იწვალებს. შრომით ნაშოვნი ოჯახს არ ჰყოფნის. მე შეიძლება მეყოს, ბიზნესმენი კაცი ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო არ ჰყოფნით. ნაკვეთი და მიწა ოჯახს ვერ შეინახავს, ვერც სოფლის მეურნეობა, რადგან გლეხის შრომას ფასი არა აქვს. ქარელში წყალიც არის, გზაც, მაგრამ იმ გაზსაც და წყალსაც გადახდა უნდა. საქართველოში სიტყვა წარმოება თუ არ დაბრუნდა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, - ამბობს თამაზი.

ქარელი, ფანასკერტელის ქუჩა.

ვალოდია ეკალაძე ხელოსანია, ახლაც ხარაჩოებზე ზის და იქიდან გველაპარაკება. შუახნის კაცია, ძველიც ახსოვს და ახალიც იცის: „გორის კომბინატში 5 ათასი კაცი მუშაობდა. დღეს იქ ერთი პატარა ოთახია დარჩენილი - ათი ათზე. ასეთი კომბინატი ათი მაინც რომ გვქონდეს საქართველოში, ახალგაზრდები ასე აღარ გაიქცეოდნენ. ქარელში ორი საკონსერვო ქარხანა იყო, აღარცერთი აღარაა. მანქანების ქარხანა იყო, მთელი სქართველოს მასშტაბით აქ რემონტდებოდა მანქანები. სულ დაიშალა“.

ვალოდია ეკალაძე

ვაჟა საზანდრიშვილი ეზოში, კიბეებზე იჯდა, ამიტომ ჩვენი დაძახილიც გაიგო, მოდითო. მის ჭიშკარს ძველი აბრა აკრავს: „დამკრძალავი ბიურო“. ადრე ჰქონია ეს სერვისი. მაშინდელ კურიოზებსაც გვიყვება, ოღონდ, არ დაწეროთო, გვთხოვს. არ ვწერთ!

ვაჟა საზანდრიშვილი

ახლა მეუღლესთან ერთად სასწრაფოში მუშაობს. თავად მძღოლია, ცოლი - ექთანი. ბედს არ უჩივის: „ამირეჯიბს აქვს კარგად ნათქვამი, ხელფასს უნდა ეყოს ადამიანიო. ერთი ის მინდა, ძამას ხეობაში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. იქ არც გაზია, არც - წყალი, შუქიც ყველას არ აქვს“.

სოსო კაკაშვილი

ფანასკერტელზე აფხაზეთის ომის ვეტერანი სოსო კაკაშვილიც გვხვდება. ცემენტს ურევს და თან თავის ამბავს გვიზიარებს: „ომის ვეტერანის დახმარება მაქვს 100 ლარი. ისიც წელს, მანამდე 22 ლარი მქონდა. არც სახლი მაქვს, არც კარი, ქირაში 250 ლარს ვიხდი. პირველი ცოლი სამი შვილით 11 წელია ემიგრაციაშია“, - ამბობს სოსო, ბოლოს ამატებს, - „მთავარი მაინც ისაა, მშვიდობა იყოს“.

- ახლა რა, ომია? - ბრაზდება იქვე მდგარი მეზობელი.

- ომია, აბა, რა არის, მშვიდობაა ესა?

- ომი იქ იყო, შენ რომ იყავი!

Your browser doesn’t support HTML5

ციური მიქელაძე