ხადის ხეობაში თითქმის მიწასთან არის გასწორებული მეათე საუკუნის ქოროღოს კოშკი - საზოგადოებამ მისი ნგრევის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა სრულად იყო დაშლილი. ქოროღოს ციხესთან მომუშავე ადამიანები, ვინც სავარაუდოდ კოშკი დაშალა, ამბობენ, რომ ეს რეაბილიტაციის პროცესის ერთი ეტაპია და მალე კოშკს ხელახლა ააშენებენ.
ხელოვნებათმცოდნეები, რესტავრატორები და ისტორიკოსები გაოგნებულები არიან ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებით. მათი შეფასებით, ზიანი გამოუწორებელია - თავიდან აშენებული კოშკი მე-10 საუკუნის ძეგლად ვეღარ ჩაითვლება.
საზოგადოებამ მნიშვნელოვანი ძეგლის ნგრევის ამბავი პოსტ ფაქტუმ და შემთხვევით გაიგო.
10 ოქტომბერს „მემკვიდრეობის პლატფორმამ” გამოაქვეყნა ბრიტანელი ფოტოგრაფის, ავტორისა და პუბლიცისტის, პიტერ ნეისმიტის გადაღებული ფოტო, სადაც უკვე დაშლილი ქოროღოს ციხე იყო გამოსახული.
პიტერ ნეისმიტი ბრიტანეთში „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელი და საქართველოში საფეხმავლო ტურიზმის მოყვარულია. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ორი კვირის წინ ხადის ხეობაში სალაშქროდ იყო ჯგუფთან ერთად, რომლის წევრებისთვისაც საქართველოს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები უნდა ეჩვენებინა და თვალებს ვერ უჯერებდა, როცა ქოროღოს ციხესთან ასულს შენობის ნაცვლად ნანგრევების გორა დახვდა.
„ეს თავზარდამცემი, საშინელი ამბავია! ხადის ხეობას ისედაც არ აკლდა პრობლემები, მაგრამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ასე დანგრევა დაუჯერებელი უბედურებაა!” - გვეუბნება პიტერი. ფოტო, რომელიც მან ქოროღოს ციხესთან გადაიღო, თბილისში დაბრუნებისას შეადარა ამ ციხის ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოს, რაც ინტერნეტში იძებნება. პიტერის გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ერთი წლის წინ კოშკი იდგა, ახლა უწესრიგოდ დაყრილი ქვების გროვაა. ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე კი ჩანს კოშკი, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს ჩამოშლილი.
ქოროღოს ციხე, რომელიც სოფელ მიდელაურთას თავზე, მაღალი მთის კალთაზე, კლდოვანი ქარაფის პირას მდებარეობს, ღვთისმშობლის ეკლესიასთან, მცირე სამლოცველოსა და აკლდამასთან ერთად ერთიან კომპლექსს ქმნის - როგორც მთლიანად კომპლექსს, ისე ცალკე კოშკს და ეკლესიას ეროვნული ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვთ.
საქართველოში სულ 8 ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აქედან მხოლოდ 1014-ს აქვს ეროვნული ძეგლის სტატუსი. ეროვნული ძეგლის სტატუსი მაშინ ენიჭება ნაგებობას, თუ მას აქვს განსაკუთრებული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება, ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან. ქოროღოს კომპლექსს ეს სტატუსი პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა.
ადამიანები, ვინც ამ ადგილს კარგად იცნობენ, გამორიცხავენ, რომ კოშკი ბულდოზერით, ტრაქტორით ან რაიმე სხვა მანქანით დაენგრიათ. ქოროღოს ციხეც და ეკლესიაც საკმაოდ მიუდგომელ მთაზეა აშენებული და ამ ადგილას მძიმე ტექნიკის მიყვანა თითქმის გამორიცხულია.
ფოტოების გამოქვენებიდან ერთი კვირის შემდეგ, არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და არც კულტურის სამინისტროს არ განუმარტავს, როგორ და ვინ დაანგრია ქოროღის კოშკი ან არის თუ არა მისი დაშლა რეაბილიტაციის პროცესის ნაწილი.
სააგენტოს რამდენიმე თანამშრომელმა მედიასა და სოციალურ ქსელებში თქვა, რომ კოშკის დაშლა გადაუდებელი ღონისძიება იყო, ვინაიდან საფრთხეს უქმნიდა მის გვერდით მდებარე ეკლესიას. პროექტი, რომლის მიხედვითაც კოშკი უნდა გამაგრდეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ დაამტკიცა და სადავო არ არის. ითქვა ისიც, რომ კოშკი, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ქვების გროვაა დარჩენილი, არა მეათე საუკუნის ნაგებობა, არამედ გასულ საუკუნეში აშენებული არაავთენტიკური ძეგლია.
ამ მოსაზრების პასუხად ხელოვნებათმცოდნე თამთა დოლიძემ გამოაქვეყნა 1952 და 1993 წლებში გადაღებული ფოტოები. ორივეზე ქოროღოს ძეგლია. პირველზე დიდი ბზარებით, მეორეზე ბზარების ნაკვალევით.
„პირველ ფოტოზე ჩანს დიდი ბზარები, მეორე ფოტოზე კი მოვხაზე ძალიან წვრილი ფიქლით ამოყვანილი ჩანართები, რომლებიც ზუსტად ემთხვევა რესტავრაციამდელ ბზარებს. თუ კოშკს დაშლიდნენ და თავიდან ააშენებდნენ, ბუნებრივია, არც ბზარების ადგილები შენარჩუნდებოდა და არც მათი წვრილი ფიქლით ამოვსება იქნებოდა საჭირო. ესე იგი, ძეგლზე ჩატარდა რესტავრაცია, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად ავთენტური იყო. ყველა რესტავრირებულ ძეგლს არაავთენტური და ამის გამო მარტივად გასამეტებელი თუ ვუწოდეთ, მაშინ გავასწოროთ მიწასთან სვეტიცხოველი, წრომი, არც ისინი არიან ავთენტურები”, - ხსნის ის.
თამთა ქოროღოს კომპლექსის სანახავად გასულ კვირას იყო ასული ხადის ხეობაში. ის ამბობს, რომ უკვე დანგრეული ციხის გარდა საყურადღებოა ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებიც, რომელიც საეჭვო მეთოდოლოგიით და ხარისხით ტარდება.
რაც შეეხება ციხეს, თამთას არ სჯერა, რომ არ არსებობდა ამ ძეგლის გადარჩენის შესაძლებლობა. მას არც ის ამშვიდებს, რომ მიწასთან გასწორებული კოშკის ხელახლა აშენება იგეგმება.
„მეათე საუკუნის ძეგლი ვეღარ იარსებებს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილება. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქცეს რეაბილიტაციის მიღებულ პრაქტიკად, ძეგლის დაშლა-აწყობა”.
კოშკი რომ ნამდვილად მეათე საუკუნისაა, ავთენტიკურია და 1954 წელს მასზე მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, იციან ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც კომპლექსის რეაბილიტაციის გეგმის შესასყიდად არის შედგენილი, ნათლად წერია, რომ ზურგიანი კოშკი მეათე საუკუნის ნაგებობაა, ამ კომპლექსში შემავალი შენობებიდან ყველაზე ძველია და ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს.
ამ დოკუმენტში „მძიმედ” მხოლოდ ეკლესიის მდგომარეობაა შეფასებული, კოშკზე კი ნათქვამია, რომ ეს ამ კომპლექსის ყველაზე ძველი შენობაა.
2019 წელს ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პაატა კურტანიძეა. სწორედ მას ეკუთვნის გეგმა, რომლის მიხედვითაც ახლა მეათე საუკუნის ძეგლი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში კურტანიძემ სახელმწიფოსგან 37 700 ლარი მიიღო. რადიო თავისუფლებამ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„წარმოუდგენელი ამბავია!” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა მეფარიშვილი, არქიტექტორი და ტრადიციული ქართული საცხოვრისის მკვლევარი.
„რასაკვირველია, [კოშკს] დაზიანება ჰქონდა, მაგრამ არაფერი არ სჭირდა საიმისო, რომ ასეთი სასწრაფო წესით და არაპროფესიონალური გზით ყოფილიყო დაშლილი. დაშლილს ვერც ვარქმევ, აშკარად დანგრეულია”. მას ეეჭვება, რომ კოშკს შესაძლოა გვერდით მდგომი ეკლესია დაეზიანებინა. ძეგლები ერთი მეტრის დაშორებით იდგა და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მომხდარიყო, ეკლესიის სახურავს კოშკიდან ჩამოვარდნილი ქვა მოხვედროდაო, - ამბობს მეცნიერი.
ნანას არაერთ მნიშვნელოვან სარესტავრაციო პროექტზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის მუცოს აღდგენაზე პირიქითა ხევსურეთში. ის გვიხსნის, რომ ქვით ნაშენი ნაგებობების დაშლისას, თუკი მისი გადარჩენის სხვა გზა არ არის, გარდა ხელახლა აწყობისა, ყველა დეტალის სათანადო აღრიცხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ქვების ავთენტური ადგილიდან გადმოტანისას, გარდა ფოტოფიქსაციისა, კეთდება ხელით ანაზომის გადმოღება და ჩახატვა, ინომრება და ინიშნება ყველა დეტალი, რომ მერე ისევ იმ ადგილას დაბრუნდეს. ახლა ისიც არ ჩანს, ეს ქვები მთელი ყრია თუ დატეხილი. ვერ ვხვდები, რა ედგა იმას წინ, რომ გამორჩეული ქვები მაინც ცალკე დაეწყოთ”, - კითხულობს ნანა.
ქოროღოს ციხის განსაკუთრებით გამორჩეული ქვა ქტიტორების რელიეფია, რომელზეც გამოსახული არიან ეკლესიის მაშენებლები ხელში ეკლესიის გეგმით, რაც საკმაოდ იშვიათი გამოსახულებაა. „გეგმით მაშენებლები” არა მხოლოდ ქართული არქიტექტურისა და იკონოგრაფიისთვის, მსოფლიო მასშტაბითაც საყურადღებო გამონაკლისია.
„თუ შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაზე რაიმე ილუსტრაცია იბეჭდება ხოლმე დასავლურ პუბლიკაციებში, ერთ-ერთი ქოროღოს რელიეფებია. ბედის ირონიაა, ათასი წლის უკან ქოროღოში გაკეთებული მანიფესტი: საქმის წარმოება გეგმით უნდა განხორციელდესო, სწორედ ქოროღოში დაირღვა…” - წერს ფეისბუკზე ირინე გივიაშვილი, ხელოვნების ისტორიკოსი და ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.
ქვა, რომელზეც ქტიტორები არიან გამოსახული, ახლა კოშკის ნანგრევებშია ჩაყოლილი და, დიდი ალბათობით, დაზიანებულია. იმავე მდგომარეობაშია კოშკის წარწერიანი ქვა, სიტყვებით: „ქრისტე შეიწყალე ქართე“.
„2013 წელს გადავიღე ქოროღოს კომპლექსი, მას შემდეგ მანდ არ ვყოფილვარ. ბზარების ამოვსება და გამაგრება თავისუფლად შეიძლებოდა. ის, რაც ამ კოშკს დამართეს, სისხლის სამართლის დანაშაულია და ყველა დასასჯელია, ვინც ეს გააკეთა”, - ამბობს არქეოლოგი გიორგი გოგოჭური.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების სასჯელი ჯარიმა ან თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთაა. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანების შემთხვევაში სასჯელი იმატებს და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა, ამგვარი ძეგლის განადგურება კი ისჯება თავისუფლების ვადის აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტების გამო დაწყებული გამოძიებები, როგორც წესი, არასოდეს მთავრდება დამნაშავის პოვნით და დასჯით. 2017-2022 წლებში ამ მუხლით გამოძიება 75 შემთხვევაზე დაიწყო და მათგან გახსნილია მხოლოდ 7 საქმე.
ასევე ნახეთ კულტურის სამინისტროს ოსტატთა რეესტრში 34 ოსტატი ჩაირიცხა„ამაზე რეაგირება რომ არ მოხდება ახლა, მერე წავა და სხვაც გააკეთებს. არაფერი არ მუშაობს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, არც დაჯარიმების, არც დანაშაულზე პასუხისგების, არც ცუდი ხარისხის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების - ყველაფერი მოშლილია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა მეფარიშვილი.
ხადის ხეობაში ქოროღოს გარდა ათობით ციხეა - ეს ადგილი ისტორიაში „60 ციხის ხეობის” სახელით არის ცნობილი, რომელთა ნაწილი თავდაცვითი ნაგებობების გარდა განძის სამალავადაც გამოიყენებოდა. მაგალითად, ქოროღოს კომპლექსის სამალავში აღმოჩენილი XI საუკუნის სპილოს ძვლის ღვთისმშობლოს ხატი, ჯვარი მაცხოვრის გამოსახულებით და ჭედური ფირფიტები დღეს ეროვნული მუზეუმის ფონდების ნაწილია.
ქოროღოს ციხის დანგრევის შემდეგ სახელმწიფოს არ განუმარტავს, რა ბედი ელით ხადის ხეობის სხვა ძეგლებს და იგეგმება თუ არა სხვა ისტორიული ნაგებობების რესტავრაციაც. არც ის არის ცნობილი, რატომ დადგა დღის წესრიგში თავად ქოროღოს ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის საჭიროება და თანაც ასეთი რადიკალური ზომების გამოყენებით.
ხადის ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საფრთხე, გარდა საეჭვო კვალიფიკაციის რესტავრაციებისა, კობი-ქვეშეთის ახალი მაგისტრალია, რომელმაც საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა უნდა დაამოკლოს. გარემოს დამცველები და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები თავიდანვე საშიშად მიიჩნევდნენ ამ გზის მშენებლობას ხადის ხეობის უნიკალური ლანდშაფტისა და მდიდარი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებისთვის.
არქიტექტურის გარდა ხეობა საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც. იმის საილუსტრაციოდ, რომ ახალი გზის გაყვანისას სრულიად უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, გიორგი გოგოჭური იხსენებს BP-ის მიერ ნავთობსადენის გაყვანის პროცესს საქართველოში, როცა ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც მილსადენი უნდა გასულიყო, ჯერ არქეოლოგები მუშაობდნენ, რომ გამოერიცხათ არქეოლოგიური ძეგლების განადგურების საფრთხე. ხადის ხეობაში არც კულტურული ძეგლების ნუსხა შემდგარა და არც არქეოლოგებს უმუშავიათ, მეტიც, გვირაბების გაყვანისას ტერიტორიას აფეთქებენ, რაც ამ დრომდე საღად მოღწეულ შენობებსაც აზიანებს.
ასევე ნახეთ შეუქცევადი ცვლილებების პირისპირ - რეპორტაჟი ხადის ხეობიდან