სასამართლო 20 წლის ნიკა სვანიძეს დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფას ედავება - ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს. აქციაზე დაკავებულების დიდ უმრავლესობას სწორედ ეს ორი მუხლი აქვს წაყენებული.
მოწმედ გამოძახებული პოლიციელი გურამ ბეგალიშვილი მოჰყვა, რომ ნიკა დააკავეს, რადგან მთავრობას დედას აგინებდა და თანაც, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა, ის მაინც დარჩა საპროტესტო აქციაზე.
ნიკა სვანიძემ სასამართლოზე თქვა, რომ ის, მისი ძმა და მეგობრები ოპერასთან იდგნენ, სპეცრაზმისგან მოშორებით და დაშლისკენ მოწოდება არც კი გაუგიათ.
„წინა რიგებში არასდროს ვართ ხოლმე. დროს ძირითადად ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე ვატარებთ. სიმშვიდე იყო, ჩვენს გარშემო ერთი პოლიციელიც კი არ ჩანდა. ისე, ვხვდებოდით, რომ ჩიტაძეზე იქნებოდნენ.
ყველა აქციაზე ვიყავით და ამან ენერგია წაგვართვა. გადავწყვიტეთ სახლში წავსულიყავით... მანქანა მაკდონალდსთან გვეყენა. გზაში გავიგეთ, რომ რესპუბლიკის მოედანთან სპეცრაზმი იდგა, მაგრამ რუსთაველის მეტროსთან გზა ცარიელი იყო. ვიფიქრეთ, ალბათ იმიტომ, რომ აქციის მონაწილეები სახლში წავიდნენო. რაღაც მომენტში ერთმა პიროვნებამ სპეცრაზმელებს შეაგინა. ამ დროს ყველანი დაიძრნენ, წინიდანაც მოდიოდნენ და უკნიდანაც. დაგვიჭირეს.
ნიღბიანებმა დამაკავეს, არც ვიცი, ვინ იყვნენ. ვცადე, მეთქვა, მე არ შემიგინებია-მეთქი. ამ დროს ფიზიკურად დამიპირისპირდნენ“, - ასეთი ჩვენება მისცა ნიკა სვანიძემ მოსამართლე კობა ჩაგუნავას.
თენგო სვანიძე 25 წლისაა. რაც თავი მახსოვს, ამ სისტემას ვებრძვიო, ამბობს. მისი სასამართლო ორიოდე დღის წინ გაიმართა და მასაც სიტყვიერი გაფრთხილება აკმარეს.
„ღამის ორის ნახევარი იქნებოდა, სახლში მივდიოდით, როცა რუსთაველზე, ფუნიკულიორის ასასვლელთან დაგვაკავეს. ვიღაცამ შეიგინა. ვეჭვობ, პროვოკატორი იყო. ეგ ადამიანი მანამდე არც მინახავს.
მაგინეს, მემუქრებოდნენ, „მარშუტკაში“ რომ აგიყვანთ, მერე ნახე, რა მოგივაო. ნეკნებშიც მირტყეს. მაგრამ სხვებს ისე უსწორდებოდნენ, ჩემი ცემა მაგასთან შედარებით არაფერია. ის კადრები რომ არის, ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - უთხრა თენგო სვანიძემ რადიო თავისუფლებას.
აჩი სვანიძის სასამართლო 20 დეკემბერს არის ჩანიშნული. შსს მასაც იმავე მუხლებით ედავება.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
ასევე ნახეთ:
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი