როგორ დააბრმავეს პარტიზანებმა რუსეთის ავიაცია

რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay

ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“), რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.

ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის, BYPOL-ის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი აფეთქდა დივერსიის შედეგად: დაზიანებულია ხომალდის ელექტრონული აღჭურვილობა - ავიონიკა, წინა და ცენტრალური ნაწილი, სანავიგაციო თეფში, რომელიც ახდენს ტერიტორიის სკანირებას.

ბელარუსი - რუსული A-50 მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქებამდე და აფეთქების . 19 თებ. 2023 და 28 თებ. 2023

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას გუნდის მრჩეველმა და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრანაკ ვიაჩორკამ ტვიტერზე დაწერა:

„ორი დღე გავიდა. არანაირი რეაქცია ლუკაშენკას მხრიდან. არანაირი რეაქცია რუსეთის მხრიდან. თუმცა დაპატიმრებების ტალღამ გადაუარა მთელ ქვეყანას. საზღვრებზე ხალხს საგულდაგულოდ ამოწმებენ. რუსეთმა დაკარგა, ალბათ, ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელების მიერ ჩაძირულ რუსულ კრეისერ „მოსკვას“ ნახევარი ღირს“.

ვიაჩორკას თქმით, ოპერაციაში ორი ბელარუსი პარტიზანი მონაწილეობდა, რომლებიც ახლა უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„ვამაყობ ყველა ბელარუსელით, რომელიც აგრძელებს წინააღმდეგობას ბელარუსის რუსული ჰიბრიდული ოკუპაციის და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის წინააღმდეგ”, - დაწერა ტვიტერზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

მონიტორინგის ჯგუფის „ბელარუსკი გაიუნის“ ინფორმაციით, დაზიანებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავი А-50У სარეგისტრაციო ნომრით RF-50608, რომელიც ბელარუსში 2023 წლის 3 იანვარს ჩავიდა. 54 დღის განმავლობაში ხომალდმა განახორციელა 12 გაფრენა. ბელარუსის ტერიტორიაზე წინა ჩამოფრენა „დაემთხვა“ ომის დაწყების თარიღს, 2022 წლის 24 თებერვალს.
რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს 9 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს, რომელთაგან მხოლოდ 6-ია გაუმჯობესებული. თვითმფრინავის ღირებულება - 330 მლნ დოლარი.
ონლაინგამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით („კინჟალ“), როგორც წესი, „მაჩულიშჩის“ აეროდრომიდან ფრინდებიან А-50-ის აფრენის კვალად, რის გამოც უკრაინაში ირთვება საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში. ამ ავიაბაზაზე ასევე ბაზირებულია Миг-31-ები, სამხედრო სატრანსპორტო Ил-76-ები, თუმცა სამიზნეში ამოღებულ იქნა A-50.
„ეს თვითმფრინავი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა, რადგან სწორედ ის მიიჩნევა რუსული სამხედრო ავიაციის როგორც „თვალებად და ყურებად“, ასევე „ნერვულ ცენტრად“, - წერენ სამხედრო მიმომხილველები.

რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა იური კოტენოკმა და სემიონ პეგოვმაც დაწერეს, რომ აეროდრომს სავარაუდოდ დრონები დაესხნენ თავს.

BYPOL-ის ხელმძღვანელმა ალიაქსანდრ აზაროვმა გამოცემა „ნაშა ნივას“ უთხრა, რომ „მაჩულიშჩის“ სამხედრო აეროდრომზე დივერსია ბელარუსი პარტიზანების მიერ არის მოწყობილი უპილოტო თვითმფრინავების დახმარებით და, რომ ოპერაციის ყველა მონაწილე უკვე ბელარუსის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

„როგორც ჩანს, მოდუნდნენ ბელარუსი ძალოვნები, მოადუნეს ყურადღება. ადრე აეროდრომს საგულდაგულოდ იცავდნენ, გარშემო გათხრილი ჰქონდათ სანგრები, რომლებშიც სამხედროები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. 4 თვე მზადდებოდა ეს ოპერაცია. ძალიან რთულია საზღვარგარეთიდან პარტიზანებთან კავშირის დამყარება, დაზვერვის ჩატარება, მომარაგების უზრუნველყოფა, ყველა საჭირო ნივთის შოვნა და ადგილზე მიტანა, უკან გამოსასვლელი უსაფრთხო გზების ორგანიზება - ეს ყველაფერი ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს, - განაცხადა ალიაქსანდრ აზაროვმა, რომლის თქმითაც, ბელარუს პარტიზანებს მაჩულიშჩის“ აეროდრომი და А-50 შემთხვევით არ შეურჩევიათ, - „ეს თვითმფრინავი ძალიან მნიშვნელოვანია რუსული არმიისათვის. საჰაერო ფლოტისთვის ეს თვითმფრინავი ისეთივეა, როგორც ზღვაში ფლაგმანი. ეს თვითმფრინავი ზვერავს უკრაინის ტერიტორიას და კოორდინაციას უწევს სარაკეტო თავდასხმებს. როგორც წესი, მასთან ერთად აფრინდებიან ხოლმე „კინჟალების“ მზიდავი ავიაგამანადგურებლები, რომლებიც მითითებებს А-50-დან იღებენ - ანადგურებენ იმ კოორდინატებს, რომლებსაც ხომალდი აწვდის. სულ რუსეთის შეიარაღებაში 9 ასეთი თვითმფრინავია, ბელარუსის ტერიტორიაზე კი - მხოლოდ ერთი“.

ალიაქსანდრ აზაროვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი დარწმუნებულია, რომ მინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე აფეთქება განახორციელა არა დრონმა, არამედ დივერსიულმა ჯგუფმა, რადგან უკრაინიდან გაშვებულ დრონს ან რაკეტას გაუჭირდებოდათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გარღვევა.

„უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე აეროპორტებთან განლაგებულია ძალიან მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებსაც ვერ გაარღვევს ვერც თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატი და ვერც - ძველი СТРИЖ-ი (მრავალჯერადი გამოყენების საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი). სავარაუდოდ, ეს აფეთქება სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გაკეთებული უნდა იყოს. ასე უფრო მოხერხებულია: აეროდრომთან მიახლოება თუნდაც 5 კმ-ზე და სათანადო შეაიარაღებით ობიექტის განადგურება. ასეთი საშუალებები არსებობს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე ბელარუსი პარტიზანების შეიარაღებაში“, - ამბობს რომან სვიტანი და ამგვარი შეიარაღების ნიმუშად ასახელებს „ჯაველინს“, რომლის დამიზნება შესაძლებელია თვითმფრინავის საწვავით გამართვის პროცესში:

A-50 - რუსეთის სამხედრო ავიაცღიის "თვალები და ყურაბეი" მოსკოვის ცაზე. 24 ივნისი, 2020 წ.

„ამ დროს სამიზნე „ანათებს“ ინფრაწითელ დიაპაზონში, რადგან მუშაობს ძრავა. შესაძლებელია გამოიყენეს რაკეტა, რომელიც ლითონს, ე.ი. არეკლილ სიგნალს უმიზნებს. ასეთი მოწყობილობისთვის კარგი სამიზნეა როგორც თვითონ თვითმფრინავი, ასევე ბენზინმზიდი, რომლიდანაც საწვავს ავსებენ. ცხადია, იმ ჯგუფმა, რომელმაც ეს დივერსიული აქტი განახორციელა, კარგად იცის თავისი საქმის სპეციფიკა. ძნელია მათი გამოვლენა, დაჭერა, რადგან მიმალვისას ფაქტობრივად არაფრის წაღება არ უწევთ“.

რომან სვიტანი იხსენებს რუსეთის ტერიტორიაზე, სარატოვის ოლქში ენგელსის საავიაციო ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს გასული წლის დეკემბერში, როცა დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე და დაზიანდა შორეული ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160. სამხედრო ექსპერტის თქმით, ენგელსის ბაზას, რომელიც რუსეთის სიღრმეში მდებარეობს, არ იცავს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა.

რომან სვიტანი

„რუსები არ ელოდნენ, რომ უპილოტო თვითმფრინავი მიაღწევდა ენგელსამდე, - ამბობს რომან სვიტანი, - ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით რუსები იცავენ უკრაინის საზღვართან მდებარე 40-მდე აეროპორტს, რომელთა მახლობლად განლაგებულია С-400, С-300 სისტემები. ეს აეროპორტები მდებარეობს რუსეთის 5 ოლქსა (ბელგოროდი, კურსკი, ბრიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი) და ანექსირებულ ყირიმში - ყველა ეს აეროპორტი დაცულია საზენიტო კომპლექსებით, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ დრონებს. ენგელსში „სტრიჟებმა“ შეაღწიეს იმიტომ, რომ მას არ იცავდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. რუსეთს მთელი ქვეყნის დამცავი ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა არ გააჩნია, შესაბამისად, უკრაინელებმა ნახეს ხვრელი. ძველი საბჭოთა ტრადიციით, რუსეთის სიღრმეში მდებარე აეროდრომები არ არიან დაცული ჰაერიდან“.

მინსკის რეაქცია

BYPOL-ის ხელმძღვანელის, ალიაქსანდრ აზაროვის თქმით, ბელარუსის ხელისუფლება დაფრთხა, რაზეც მეტყველებს ინფორმაციის სრული დაბლოკვა. ბელარუსის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში ამ აფეთქებებზე არაფერს ამბობენ, თუმცა ყველგან პატრულირებს პოლიცია და სახელმწიფო ავტოინსპექცია, გამკაცრდა კონტროლი საზღვრებზე, ჩხრეკენ ავტომობილებს და აეროდრომის მახლობლად მდებარე დასახლებებს.

BYPOL - ბელარუსის უსაფრთხოების ძალების ასოციაცია, რომლის მიზანია:
ბელარუსში დემოკრატიის აღდგენა სახალხო ლიდერის სვიატლანა ციხანოუსკაიას ხელმძღვანელობით და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
ლუკაშენკას რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიების ჩატარება;
დანაშაულის აღრიცხვის ერთიანი წიგნის წარმოება, რომლის მიზანია რეჟიმის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამნაშავეთა იდენტიფიცირება მათი შემდგომი გამოყენების მიზნით როგორც საერთაშორისო გამოძიებაში, ასევე სანქციების სიების შედგენაში;
ბელარუსის სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებთან მუშაობა ხალხის მხარეს გადაბირებისა და სამართალდამცავი სისტემის მორყევის მიზნით.

ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის უფროსის ყოფილი მოადგილის, პაველ ლატუშკასთვისაც ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკამ შეკრიბა ძალოვანი უწყებები და კატეგორიულად მოითხოვა დივერსანტების დაკავება:

პაველ ლატუშკა

„ლუკაშენკასთვის ეს აფეთქება იმას მანიშნებელია, რომ მისი უსაფრთხოების სისტემა სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, ბოლომდე ვერ აკონტროლებს ვითარებას და, რომ ბელარუსული პარტიზანული მოძრაობა, რომელიც გასული წლის მარტში რკინიგზას აფეთქებდა, კვლავ ცოცხალია. „რელსების ომის“ დროს ბელარუსი პარტიზანები პრობლემებს უქმნიდნენ რუსეთის არმიის როგორც ცოცხალ ძალას, ასევე შეიარაღებით დატვირთულ ეშელონებს. აფეთქებდნენ რელსებს, წვავდნენ გამანაწილებელ კარადებს, რაც მიმოსვლის ბლოკირებას ახდენდა. 2022 წელს რკინიგზაზე მომხდარი დივერსიებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ А-50-ის აფეთქება იმას ნიშნავს, რომ პარტიზანული მოძრაობა ცოცხალია და მოქმედებს ეფექტიანად. ეს პუტინისთვისაც სიგნალია, რომ ლუკაშენკა ვერ აკონტროლებს ტერიტორიას სრულად“.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა

2022 წელს ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რეჟიმისთვის მიუღებელ 2400 პირზე, 6500 კი ადმინისტრაციული წესით დაისაჯა. ბელარუსის ოპოზიციის მტკიცებით, 130 ადამიანი ზის ციხეში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. პაველ ლატუშკას თქმით, ბელარუსში ადამიანებს იჭერენ ანტისაომარი წარწერებისთვის:

„69 წლის პენსიონერი ქალი დაიჭირეს იმისთვის, რომ ავტობუსის გაჩერებაზე კალმით დაწერა ფრაზა „არა ომს!“ ლუკაშენკას რეჟიმი ერთნაირად მკაცრად რეაგირებს როგორც ომის საწინააღმდეგო, ასევე უკრაინის მხარდამჭერ გამოსვლებზე“.