ესენია: ჩრდილოეთი ოსეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და დაღესტანი. კრემლის ამ გეგმიდან განზე აღმოჩნდა მხოლოდ ჩეჩნეთი, რაც იმით არის განპირობებული, რომ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ ბაზად აქცია და, შესაბამისად, კრემლის გულის მოსაგებად, ისედაც ასრულებს სახელმწიფოებრივ ამოცანებს.
ასევე ნახეთ კადიროვმა ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ ბაზად აქცია„კავკაზ.რეალიის“ რედაქცია შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ სჭირდება რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეკონსტრუქციაში ცენტრალური ბიუჯეტის მიერ მძლავრად სუბსიდირებული ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების მონაწილეობა და რა სარგებელს აძლევს ეს თავად ამ რესპუბლიკებს.
პუტინის ინიციატივა და „შეფობის“ მსურველი ღარიბი რესპუბლიკები
რუსეთის რეგიონებისათვის ახალი ამოცანის - ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების რეკონსტრუქციაში მონაწილეობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ, 2022 წლის მაისში პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა. პუტინის ამ ინიციატივიდან ერთ კვირაში მშენებლობის ფედერალურ სამინისტროში შეიქმნა პროფილური დეპარტამენტი, ხოლო რუსეთის რეგიონებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს განაცხადების შეტანა, რომ მზად არიან დაეხმარონ რუსეთის ინტერვენციის შედეგად დაზიანებულ დონბასსა და აზოვისპირეთს.
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ერთ-ერთმა პირველმა რუსეთის პრეზიდენტის დავალება 2022 წელს ყაბარდო-ბალყარეთმა შეასრულა. ერთი წლის განმავლობაში რესპუბლიკამ თავის ხარჯზე ხარკოვის ოლქის 2 რაიონში აღადგინა 8 ობიექტი, მათ შორის კაპიტალურად გაარემონტა 24-ბინიანი სახლი და დაბა კალანჩაკში მდებარე სკოლა. 2023 წელს კი წელს ყაბარდო-ბალყარეთმა უნდა დააფინანსოს მიხაილოვკის ამბულატორიის, სკადოვსკიში მდებარე საცხოვრებელი სახლის, წყალგაყვანილობის და ასევე სკოლის სამედიცინო კაბინეტის რემონტი. ხოლო 2024 წელს ასეთი ობიექტების რაოდენობა 17-მდე გაიზრდება.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანგრევის შემდეგ რესპუბლიკას შეფობის აღება კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე მოუწევს, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ აფეთქებიდან ორ კვირაში იქ გაიგზავნა 120 ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ხოლო ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა კაზბეკ კოკოვმა, 16 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის რემონტისა და დასასვენებლად კურორტებზე ბავშვების გაყვანის გარდა, რესპუბლიკა წყალდიდობისგან დაზარალებულებსაც დაეხმარება.
2023 წლის იანვრის ბოლოს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სტარობელსკის რაიონზე შეფობა იკისრა ჩრდილოკავკასიურმა რესპუბლიკამ, ყარაჩაი-ჩერქეზეთმა. ლუგანსკელ სეპარატისტთა მეთაურმა, ალექსანდრ გონჩაროვმა განაცხადა, რომ პირველ ყოვლისა რესპუბლიკა დაასრულებს საბავშვო სახლის რემონტს და ააგებს წყალსადენის ახალ მონაკვეთს 1500-იანი სოფლის მცხოვრებლებისთვის.
მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში გაზაფხულის ბოლომდე სხვა არცერთ ფედერალურ სუბიექტს არ გამოუთქვამს სურვილი უკრაინის ოკუპირებული რაიონების აღდგენაში მონაწილეობის შესახებ. 11 მაისს ინგუშეთმა, რომელიც 2022 წლის კვლევების მიხედვით, რუსეთის ყველაზე ღარიბ რეგიონად ჩაითვალა, განაცხადა, რომ კისრულობს შეფობას ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის რაიონზე.
რესპუბლიკის მეთაური, მაჰმუდ-ალი კალიმატოვი, სხვა ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელთა მსგავსად, გამოვიდა დაპირებით, რომ გადაწყვეტდა „ბავშვების დასვენების საკითხს“, დაეხმარებოდა ზაპოროჟიეს ოლქს სასმელი წყლით უზრუნველყოფასა და დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, და დასახმარებლად გაგზავნიდა ექიმთა ჯგუფს.
უკვე ივნისის დასაწყისში ზაპოროჟიეზე შეფობის სურვილი გამოთქვა ასევე ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ. რესპუბლიკის თავკაცმა პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ჩერნიგოვის რაიონში გაგზავნიდა მშენებლებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების გასარემონტებლად, ასევე ექიმთა ჯგუფს, რომელიც როტაციის წესით ხანგრძლივი ვადით იმუშავებდა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული მარიუპოლის აღდგენა - "რუსული ვაშლი დამპალი აღმოჩნდა"„ისინი „უტილიზებული“ იქნებიან, როგორც პატიმრები ან „ვაგნერელები“
ჩრდილოეთ ოსეთს არც დაღესტანი ჩამორჩა და სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმამდე ორი კვირით ადრე ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრატორმა, ევგენი ბალეცკიმ დაადასტურა, რომ დაღესტანმა შეფობა იკისრა მიხაილოვკის რაიონზე. აღნიშნული რაიონი სულ რაღაც 10 კილომეტრის დაშორებით იმყოფება ფრონტის ხაზიდან და მაისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დასაწყისში საოკუპაციო ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე კი დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა, განაცხადა, რომ დაღესტნიდან ექიმებსა და მასწავლებლებს გაგზავნის მიხაილოვკაში. ხოლო „მოძმე რეგიონისთვის“ უფრო კონკრეტული დახმარების წინადადებების შემუშავება მან 1 ივლისისთვის ითავა.
პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი სწორედ ფედერალური სუბიექტის ფინანსური ანგარიშვალდებულების დაბალ დონეს ასახელებს იმის მიზეზად, რის გამოც დაღესტანი ფედერალური ბიუჯეტიდან დროულად ვერ დაფინანსდა და, შესაბამისად, ყველა სხვა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკისგან განსხვავებით, გვიან შეუერთდა „შეფობის“ მსურველთა რიგს.
„ვთვლი, რომ დაღესტანს, პრინციპში, არ ჰქონდა დახმარების რესურსი. როდესაც რეგიონებზე შეფობის აღების ეს კამპანია იწყებოდა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, რომელიც ფაქტობრივად დაღესტნის საგარეო საფინანსო მართვას ახორციელებს, ასეთი სქემა აბსოლუტურად უაზროდ მიიჩნია: ფედერალურ ფულს, რომელიც დაღესტნის ბიუჯეტში გადაირიცხებოდა, რესპუბლიკა კიდევ უფრო ნაკლებეფექტიანად დახარჯავდა, ხოლო ნაწილს უბრალოდ დაიტაცებდნენ“, - აცხადებს პრეობრაჟენსკი.
საბოლოო ჯამში გამოიძებნა მისაღები ფორმულა, რომლითაც დაღესტნელი „მუშახელის“ გამოყენებით ორი პრობლემის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე კადრების უკმარისობისა და რესპუბლიკაში მცხოვრებ ახალგაზრდებში გავრცელებული უმუშევრობის პრობლემა უნდა მოგვარდეს.
2023 წლის თებერვალში დაღესტანმა რუსეთის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა უმუშევრობის მხრივ, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 11,6 %-ს შეადგენს. ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა ინგუშეთი (28,4%), მეორეზე კი - ჩრდილოთი ოსეთი (11,9%), სხვა დანარჩენ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში ბევრად უკეთესი სიტუაციაა.
ამგვარად, მუშახელის გაგზავნით ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის ფორმატი მომგებიანი აღმოჩნდა როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებისთვის: ამ გზით რეგიონული ხელისუფლებები სამუშაოს აძლევენ დაუსაქმებელ მოქალაქეებს, რომლებიც სხვაგვარად მათ პრობლემებს შეუქმნიდნენ.
„პირველ ყოვლისა, ჩემი აზრით, დაღესტნიდან და სხვა რესპუბლიკებიდან შეეცდებიან გაგზავნონ არა ექიმები და კვალიფიციური მუშაკები, არამედ ახალგაზრდობა, რომელსაც შეუძლია მიწის თხრა, წყლის მიწოდება და მძიმე ფიზიკური შრომის შესრულება. მოდი ალალად ვთქვათ: თუ რაიმე მოხდა, ისინი „უტილიზებული“ იქნებიან, როგორც პატიმრები ან „ვაგნერელები“, ანუ როგორც სახელმწიფოსთვის უსარგებლო ადამიანები“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.
იქ მოზარდებს უკრაინის ომში რუსი სამხედროების გმირობების შესახებ უყვებიან
ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელები მზად არიან, რომ საზაფხულო არდადეგებზე მიიღონ მათ მიერ შეფობააღებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები.
დაღესტანში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვებს დაღესტნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული ბავშვთა ჯანმრთელობისა და განათლების რესპუბლიკური ცენტრი „მზიანი სანაპირო“ იღებს.
„ჩემი ვარაუდით, დაღესტანი იდეალური ადგილია რუსიფიკაციისთვის: ეს არის რეგიონი ძალიან ახალი იდენტურობით, სადაც მცხოვრები თემები 200 ენაზე საუბრობენ, და ასეთ პირობებში ეროვნებათაშორისი კომუნიკაციის ენას რუსული წარმოადგენს. და რუსიფიკაცია თავად დაღესტანში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, იგივე ისტორია შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინელ ბავშვებთან მუშაობისას, რადგან მათ [დაღესტანში] შეიმუშავეს მეთოდიკა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან“, - განმარტავს პრეობრაჟენსკი.
ერთ-ერთი ასეთი მეთოდია პანსიონატები, სადაც ბავშვებს აბარებენ, როგორც საბჭოთა დროს, და სადაც მათ რუსული ენის გარდა ასწავლიან საბაზისო სოციალურ საგნებს. ამასთან, დაღესტნის რესპუბლიკის სკოლებში ძლიერდება სამხედრო-პატრიოტული პროპაგანდა. მომავალი სასწავლო წლის დაწყებისთვის 14 სასწავლო დაწესებულებაში ამოქმედდება „როსგვარდიის“ (რუსეთის გვარდიის) მიერ მოწყობილი სასკოლო კაბინეტები.
ასევე ნახეთ "პატრიოტიზმის გაკვეთილები" - რას უყვებიან რუსეთში მოსწავლეებს პუტინის ომზე?საუბარია მახაჩყალის შვიდი სკოლისა და რესპუბლიკის რაიცენტრების 8 სკოლაზე, სადაც დაახლოებით 435 მოწაფე სწავლობს. არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, თუ რით იქნება „როსგვარდიის“კლასები განსხვავებული ჩვეულებრივი კლასებისგან, მაგრამ ცნობილია, რომ თითოეულ ამ სკოლაზე პასუხისმგებელი იქნება „როსგვარდიის“ ჯარების შესაბამისი ქვედანაყოფი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოყვანილი ბავშვების „ხელახლა აღზრდაში“ აქტიურად არის ჩაბმული ჩეჩნეთი. ამა წლის ნოემბერში იქ „პატრიოტული აღზრდისათვის“ მიიღეს 150 ბავშვი, რომელთა მესამედი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან - თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებიდან გაიყვანეს.
ისინი გადაიყვანეს სოფელ ავთურში მდებარე ყოფილ პიონერთა ბანაკ „გორნი კლიუჩში“, რომელიც რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას ერთობლივი პროექტის განხორციელების საბაზო ცენტრად იქცა. იქ მოზარდებს უყვებიან უკრაინის ომში რუსი სამხედროების გმირობების შესახებ და ასწავლიან იარაღის ფლობას. ამავე დროს, ჩეჩნეთს არ აქვს შეფობა აღებული რომელიმე კონკრეტულ ტერიტორიაზე არც დონბასსა და არც აზოვისპირეთის რეგიონში.
ეს ჩეჩნეთს არც მოეთხოვება, რადგან ჩეჩნეთის ხელისუფლება ისედაც სხვა რეგიონებზე უფრო მეტს იღებს საკუთარ თავზე, - აღნიშნავს პოლიტოლოგი და კავკასიოლოგი, რუსლან კუტაევი.
„ფაქტობრივად, ჩეჩნეთი ერთადერთი რეგიონია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ფედერალური მასშტაბის ამოცანების გადაჭრაში. [ნაწილობრივ] მობილიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ამ განსაკუთრებულობით აიხსნება ის გარემოება, რომ კრემლმა რომელიღაც რეგიონს დააკისრა შეფობა ოკუპირებულ რაიონზე, ხოლო ჩეჩნეთის რესპუბლიკამ მთელი ბელგოროდის ოლქის უსაფრთხოებაზე აიღო პასუხისმგებლობა“, - ამბობს კუტაევი.
ივნისის შუა რიცხვებში რამზან კადიროვმა განაცხადა ბატალიონ „დასავლეთ-ახმატის“ გაგზავნის შესახებ ბელგოროდში, სადაც უკრაინიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფების რეგულარული რეიდები და იერიშები ხდება. ჩეჩენმა მებრძოლებმა პოზიციები დაიკავეს უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ მოშორებით - წვევამდელი სამხედროების ზურგში.
საზღვრების დაცვის აუცილებლობაზე საკითხი წამოიჭრა ვლადიმირ პუტინის „სამხედრო კორესპონდენტებთან“ ფართოდ აფიშირებულ შეხვედრაზეც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კადიროვმა კრემლი ამ მიზნით სწორედ ჩეჩნური დანაყოფების გამოყენების აუცილებლობაში დაარწმუნა.
- ჩეჩნეთის ოფიციოზის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ინტერვენციის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკიდან უკრაინაში 8172-ზე მეტი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის სპეცდანიშნულებისა და რუსეთის გვარდიის მებრძოლი და მოხალისე გაიგზავნა.
- კადიროვისადმი ოპოზიციურად განწყობილი წყაროების თანახმად, ჩეჩნეთი კვლავ რჩება უკრაინაში გასაგზავნი მრავალეროვნული დანაყოფის მომზადების ერთ-ერთ ცენტრად.
- რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები სპეციალურ მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
- გასული წლის 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან „კადიროველთა“ დიდი ჯგუფის განადგურების შესახებ. როგორც უკრაინული, ისე რუსული სამხედრო ტელეგრამარხების თანახმად, სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, 50-დან 100-მდე.
- მოგვიანებით რამზან კადიროვმა დაადასტურა 23 ჩეჩენი მებრძოლის დაღუპვა. კადიროვი ასევე ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“, რასაც უკრაინის სარდლობამ მორიგი „ფეიკი“ უწოდა.