როგორ გიპოვიან, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი გქონდა?

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაადასტურა. 44 წლის კაცი, ქუთაისის აეროპორტში „ვიზეარის“ თვითმფრინავით, რომი - ქუთაისის რეისით, პირველ მარტს, 23:30 საათზე ჩამოფრინდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, კაცს აეროპორტში ვირუსის არანაირი ნიშანი არ დაუფიქსირდა, თუმცა, ის, რეკომენდაციის შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადავიდა.

ვირუსის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოს 4 მარტს, დილით მიაკითხა. იმავე დღეს, გვიან ღამით, ტესტის პასუხმა ახალი COVID-19 დაადასტურა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კაცს 20-მდე პირთან ჰქონდა ე.წ. ახლო კონტაქტი, მათ შორის 15 თვითმფრინავის მგზავრი იყო.

ვინ ითვლება კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირად?

ე.წ. ახლო კონტაქტად ითვლება პირი, რომელსაც ინფიცირებულთან ერთი მეტრის სიახლოვეზე, 15 წუთზე მეტხანს ჰქონდა კონტაქტი. ანუ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი არ ითვლება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირად.

ანა კასრაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, რადიო თავისუფლებას უხსნის იმ სქემას, რომლითაც, ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იწყებს პირის ახლო კონტაქტების მოძიებას. ანუ, იმ ადამიანების მოძიებას, რომლებიც შესაძლოა რისკჯგუფს წარმოადგენდნენ.

„ახლო კონტაქტების მოძიება და ეპიდკვლევის ჩატარება იწყება იმავე წუთიდან, როგორც კი დაფიქსირდება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. ეპიდკვლევა გულისხმობს ინფიცირებულთან ჩაღრმავებულ ინტერვიუს - სად იმყოფებოდა, როდის, ვისთან, რა ხნის განმავლობაში. თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად. როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი საქართველოში თვითმფრინავით ჩამოდის, კონტაქტების მოძიება იწყება თვითმფრინავიდან. გარდა თვითმფრინავისა, ვიკვლევთ ინფორმაციას, რომელ ქვეყანაში იმგზავრა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ შეტყობინება გავუგზავნოთ იმ ქვეყანასაც, საიდანაც ის საქართველოში გამოემგზავრა. ვარკვევთ, რითი იმგზავრა აეროპორტიდან - საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ პირადი ავტომობილით. შემდეგ ვისთან ჰქონდა კონტაქტი და ა.შ. ამ გამოკითხვის შედეგად დგინდება პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც ცენტრის თანამშრომლები დაუყოვნებლივ უკავშირდებიან და აცნობებენ, რომ ისინი განისაზღვრნენ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებად. მათ ეძლევათ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც, პირველ რიგში, ეხება თვითიზოლაციას და შემდეგ უკვე, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ცენტრის თანამშრომლებთან დაკავშირებას“.

შესაძლოა თუ არა, რომ ვირუსის გამავრცელებლები იყვნენ ე.წ. ახლო კონტაქტების კონტაქტები და მათი კონტაქტები?

ანა კასრაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ის გამავრცელებლად უმეტესად ის ადამიანები ითვლებიან, რომლებსაც უკვე გამოვლენილი აქვთ ვირუსის ნიშნები, ანუ ისინი ავრცელებენ წვეთებს (ახველებენ, აცემინებენ, აქვთ სურდო, ტემპერატურა).

„როგორც წესი, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, პირველ ეტაპზე, პირობითად არიან ჯანმრთელები და, შესაბამისად, ვერ გაავრცელებენ ვირუსს. ადამიანს, რომელსაც დღეს არ აქვს სიმპტომები და იმყოფება ინკუბაციის პერიოდში, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, აღმოაჩნდეს ვირუსი, მაგრამ ამ ეტაპზე, თუკი მას არ გამოუვლენია ვირუსის აქტიური სიმპტომები ანუ, ინტენსიურად არ ავრცელებს წვეთებს, ვირუსის გამავრცელებლად ნაკლებად ითვლება. ახლო კონტაქტის კონტაქტები და კიდევ მათი კონტაქტები, არ იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ და იმისათვის, რომ ეს რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და მაქსიმალურად შევამციროთ ქვეყანაში ადამიანიდან ადამიანზე გადადების რისკი, აუცილებელია, რომ მკაცრად იყოს დაცული თვითიზოლაციის პირობები და ინკუბაციის პერიოდის ამოწურვამდე (14 დღის განმავლობაში), იტალიიდან ჩამოსული მგზავრები დარჩნენ თვითიზოლაციაში. ხოლო, თუკი თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კარანტინში“.

ანა კასრაძე ამბობს, რომ საქართველოში დადასტურებულ ოთხივე შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ინფიცირებულებს მცირე რაოდენობით ახლო კონტაქტები ჰყავდათ და უწყებებს მათი მოძიება არ გასჭირვებიათ.

იმ რეისით, რომლითაც 44 წლის კაცი რომიდან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდა, იმგზავრა ოჯახმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. ოჯახის სამი წევრი ბებია, დედა და შვილიშვილი არიან. ისინი 2 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ახალგაზრდა ქალი დაუკავშირდა რადიო თავისუფლებას და უთხრა, რომ ადგილზე მისული იყო სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც შეატყობინა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირი საქართველოში მისი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოფრინდა:

„დღეს იყვნენ შემოწმებაზე მისულები. შეამოწმეს, ნამდვილად იმყოფებიან თუ არა თვითიზოლაციაში, რა პირობები აქვთ სახლში, ხომ არ გადის ოჯახის რომელიმე წევრი სახლიდან გარეთ და აქვთ თუ არა კონტაქტი თუნდაც საკვების მომარაგების დროს სხვა პირებთან. ყველა მგზავრს ვამოწმებთო. ჩემები ამბობენ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ისინი ჩამოფრინდნენ, ნახევრად ცარიელი იყო“.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 5 მარტის მონაცემებით, საქართველოში 4 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციისა და კარანტინის წესები.