სახელმწიფო გვეუბნება, რომ ხუთსულიან ოჯახს, თვეში, არსებობისათვის, მხოლოდ საკვებზე 361 ლარი უნდა ეყოს. ასეთია საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემი, რომელიც საქსტატმა დათვალა.
***
პირველი, რასაც ქეთინო კონსტანტინიდი თავისი კუთვნილი ხელფასის, 300 ლარის აღების შემდეგ აკეთებს, ბაზარში ან საბითუმო მაღაზიაში მიდის და ყველაზე აუცილებელი საკვების მარაგს ავსებს. მაკარონი, ზეთი, შაქარი, ჩაი, წიწიბურა, ბრინჯი. ცდილობს ყველაფერი იაფი კიდევ უფრო იაფად იყიდოს.
„ვიცი, რომ პროდუქტების მარაგზე მაქსიმუმ, 40 ლარი უნდა დავხარჯო, მეტი არა. დანარჩენი კი გამოვიზოგო. დღეში - ათი ლარი. ხან არც ამდენი. ძალიან, ძალიან მომჭირნედ ვცხოვრობ. სულ ხურდებს ვითვლი და ვანგარიშობ. ყველაფერს ვზოგავ და ასე, ძლივს გაგვაქვს თვე“.
ქეთინო თავის ვაჟთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ამ ეტაპზე არ მუშაობს. ასე რომ, ყველაფერი მისი საზრუნავია.
ტელევიზორში მანაც მოისმინა 15 აპრილს გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარია. მისმა ოჯახმა, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით, 256 ლარი უნდა იმყოფინოს.
დიდი ხანია ხორცი არ უყიდია. იშვიათად მხოლოდ გაყინული ქათმის ფილეს ყიდვას ახერხებს. იაფიან კვერცხს. ხანდახან იაფიან ძეხვსაც.
„თუ ხელფასი მთლიანად გამომელია, ვცდილობ, რის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია ყოფნა, ის ვიყიდო. ხან საცხობში ლობიანს ვყიდულობთ ჩაისთვის და ამასობაში ხელფასის დღეც მოაღწევს ხოლმე“.
საქსტატის მიერ დათვლილი საარსებო მინიმუმის თანახმად, 5 კაცს თვეში საკვებზე (თუ ის მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ 2300 კალორიას მიიღებს), უნდა ეყოს 361 ლარი. ეს - დღეში, 5 სულზე, ჯამში, დაახლოებით, 12 ლარის ხარჯია. ერთმა ადამიანმა კი დღეში საკვებისთვის 2 ლარი და 40 თეთრი უნდა იკმაროს.
რას ვერ შეძლებს ვერასოდეს ამ შემოსავლის პირობებში ოჯახი? ეს შეკითხვაც ქეთინო კონსტანტინიდს დავუსვით. მან ცოტა ხანს იფიქრა და შემდეგ აი, რა გვიპასუხა:
„მაგალითად, ვერ დალევს ყავას სახლის გარეთ და ვერ დააყოლებს ნამცხვარს. ვერ უყიდის შვილს, ვთქვათ, მაკდოლანდსის ჰამბურგერს - არადა, ის ხომ ყველა ბავშვს უყვარს და ხანდახან შეიძლებოდა... ვერც პიცას გაასინჯებს. კიდევ.. არ ვიცი, ბევრი რამეა, რასაც ვერასოდეს იზამს. თევზს ვერ იყიდის. ფუფუნებაა“.
საქსტატის უახლესი მონაცემებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 256 ლარი და 80 თეთრია, სამსულიანის - 288 ლარი და 90 თეთრი, ოთხსულიანის კი - 321 ლარი. ექვს და მეტსულიანმა ოჯახმა თვეში 427 ლარად უნდა გაიტანოს თავი.
ოღონდ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საარსებო მინიმუმში არ შედის:
- კომუნალური გადასახადები,
- ტრანსპორტის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები.
ამისთვის ადამიანს დამატებითი თანხა სჭირდება.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ წლევანდელი საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 2,5%-ით არის გაზრდილი. ეს რიცხვი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ყოველ წელს ითვლის, ინფლაციის მაჩვენებელს ებმის.
თუმცა ამ გათვლების მიღმა მოსახლეობა მხოლოდ მთავარ რიცხვს ხედავს და გამოცდილებით იცის, რომ 361 ლარი არაფერში ეყოფა.
რა არის გამოსავალი, საერთოდ, რა უნდა იყოს ამ კალათაში, რატომ არ შედის მასში, მაგალითად, სწავლის ქირა, ან ბინის ქირა? რატომ არის ჩამონათვალში მხოლოდ 40 პროდუქტი? ამ კითხვების პასუხად, საქსტატის დირექტორის მოადგილე, თენგიზ ცეკვავა გვეუბნება, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა სცილდება მათი სამსახურის კომპეტენციას - ეს პოლიტიკურ დონეზე გადასაწყვეტი საკითხია.
„ამაზე დასაწყებია ლაპარაკი, ფაქტია, რომ დისკუსია და ცვლილება საჭიროა. ეს შეიძლება იყოს მთავრობის ახალი დადგენილება თუ მინისტრის ბრძანება, რომელიც ახლებურად დაიანგარიშებს საარსებო მინიმუმს. და ეს საკითხი განსახილველია ყველა იმ უწყებასთან ერთად, ვისაც კი ამ თემასთან აქვს კავშირი. ამ ეტაპზე ამაზე მუშაობა არ მიდის, საქსტატი, წესით, არც არის ამის ინიციატორი“.
თენგიზ ცეკვავა გვეუბნება, რომ ცვლილების გარეშე ვერც საარსებო მინიმუმის დათვლის წესი შეიცვლება.
ბოლო 15 წელია საქსტატი საარსებო მინიმუმს ადგენს სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 2003 წლის 8 მაისს და აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალიც ამ სიაშია.
აი, ისიც:
- პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
- ლობიო - თვეში 600 გრამი;
- ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
- მაკარონი - თვეში 450 გრამი;
- ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
- ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
- ძეხვი - თვეში 300 გრამი;
- კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
- კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
- მაწონი - თვეში 750 გრამი
თუ სრული რაციონი გაინტერესებთ, მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებულ შემადგენლობას ამ მისამართზე იხილავთ.
საარსებო მინიმუმის ახალი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა მეთოდოლოგიის შეცვლის აუცილებლობაზე გააკეთეს კომენტარები. საარსებო მინიმუმის ახალ მონაცემებს ჯანდაცვის ინისტრი, დავით სერგეენკოც გამოეხმაურა და თქვა:
„სულ იყო მსჯელობა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია გადახედილიყო, რამე სხვა დამტკიცებული მეთოდოლოგია მიგვეღო, რასაც მეც ვეთანხმები“.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მეთოდოლოგიაზე მსჯელობა, შესაძლოა, არსებითი იყოს რეალობის უკეთ დასანახად, სიღარიბის განსასაზღვრად და ა.შ. მაგრამ როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ეს ვერ შეცვლის იმ მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, რომელთაც ეს საარსებო მინიმუმიც კი არ გააჩნიათ და სიღატაკეში ცხოვრობენ.
„გამოსავალი აქედან არის ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდა იყოს, რის დროსაც იზრდება კეთილდღეობა და მოსახლეობის ფართო ფენებში ნაწილდება. მეთოდოლოგიის ცვლილებაზე ყურადღების გადატანა კი „ქართული ოცნებისთვის“ არის საშუალება, ტექნიკურ პრობლემად წარმოაჩინოს ეს ყველაფერი“.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებას რომ ამ მეთოდოლოგიის შეცვლის სურვილი ჰქონოდა, აქამდეც შეცვლიდა. მაგრამ ხელისუფლებამ იცის,ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომ ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში სიღარიბე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
„მაგალითად, თუ საარსებო მინიმუმი იქნებოდა 500 ლარი, დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოექცეოდა ამ ხუთას ლარს ქვემოთ იმ მარტივი მიზეზით, რომ კიდევ უფრო მეტი ოჯახია ისეთი, საქართველოში, ვისაც ამხელა შემოსავალი, უბრალოდ არ გააჩნია“, - ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში არ მიმდინარეობს კონკრეტული მსჯელობა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიაზე.