როგორ გეგმავენ კახეთში პანდემიის პირობებში  ბიუჯეტს - ვის უმცირდება დაფინანსება 2021 წელს

თელავი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაჩერებულმა ზოგიერთმა ბიზნესმა გადასახადები ვერ გადაიხადა. შესაბამისად, შემცირდა ადგილობრივი შემოსავლები და მუნიციპალიტეტების მომავალი წლის  ბიუჯეტი.

როგორ იგეგმება რეგიონებში ადგილობრივი ბიუჯეტი და ითვალისწინებენ თუ არა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს?

კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მომზადებულია. დოკუმენტები ზოგ მუნიციპალიტეტს მერიის ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული. ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ადგილობრივ შემოსავლებზე იმოქმედა და, მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს კახეთის ქალაქებს უფრო ნაკლები ფინანსები ექნებათ. მაგალითად, პროექტის მიხედვით, თელავის 2021 წლის ბიუჯეტი 23 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ადგილობრივი შემოსავლები თითქმის 2 მილიონით არის შემცირებული.

თელავი

თელავის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნათია ვაყელიშვილის თქმით, შემოსავლების შემცირება ძირითადად სათამაშო ბიზნესის გაჩერებამ და დღგ-ს შემოსავლების კლებამ გამოიწვია. ვაყელიშვილის თანახმად, მომავალ წელს დაფინანსება ძირითადად შეუმცირდებათ მერიას დაქვემდებარებულ აიპიებს, მაგრამ არაფერი დააკლდება სახელფასო ფონდს.

„ამ დროის მონაცემებით, თელავის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრა 23 მილიონ 14 600 ლარით. ხარჯების შემცირება მეტ-ნაკლებად ყველა მიმართულებას შეეხო. მათ შორის მომავალ წელს დაფინანსება მცირდება ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით. მომავალ წელს დაფინანსება ეზრდებათ სკოლამდელ დაწესებულებებს და მერიის სოციალურ სამსახურს“.

სიღნაღი

აღსანიშნავია, რომ, მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, მომავალ წელს მნიშვნელოვნად იზრდება სიღნაღის მერიას დაქვემდებარებული სოციალური სამსახურის დაფინანსება. ამ უწყებიდან ერთჯერად დახმარებებს ძირითადად იღებენ ადამიანები, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ. დახმარებები მოიცავს როგორც პირდაპირ თანხის გაცემას, ასევე მედიკამენტების შეძენას, სხვა სამედიცინო ხარჯებს და სუბსიდიას კომუნალურ გადასახადებზე. სიღნაღის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მალხაზ სიფრაშვილის თქმით, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მერიას სხვადასხვა სახით დახმარების თხოვნით მიმართავს.

„წელს სოციალურ პაკეტზე გათვალისწინებული იყო 600 ათას ლარამდე, მომდევნო წლის ბიუჯეტში 740 ათასამდე გაიზარდა. ბოლო დროს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს დახმარებას. მოსახლეობა უფრო მეტად ითხოვს დახმარებას სამედიცინო მიზნებისთვის“.

გურჯაანი

პროექტის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2021 წელს 17 მილიონ 300 ათასი ლარი იქნება. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური პაკეტი, განათლება და კულტურაა. გურჯაანში 4 მილიონ 340 ათასი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაა განსაზღვრული, სოციალური პაკეტი მილიონ 875 ათასი ლარით განისაზღვრა, განათლებაზე 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, ხოლო კულტურაზე - 2 მილიონი.

თვითმმართველობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრეს, თუმცა საპირისპიროს ამბობენ თავად ადგილობრივი მცხოვრებნი. მაგალითად, სოფელ კარდენახის მოსახლეობას, უკვე წლებია, აწუხებს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა. სასაფლაომდე და იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით.

კახეთის რეგიონში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. პროცედურა ასეთია: მერიის მიერ მომზადებულ პროექტს ჯერ საკრებულო განიხილავს საჯაროდ და მას, წესით, საჯარო მოხელეების გარდა, მოსახლეობა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები დაესწრებიან. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო ბიუჯეტის პროექტში ხარვეზებს აღმოაჩენს, ის მერიას უკან დაუბრუნდება გასასწორებლად. ბიუჯეტს საბოლოოდ მიმდინარე წელს, დეკემბრის ბოლო რიცხვებში დაამტკიცებენ. რამდენად სწორად დაიხარჯება ხალხის მიერ გადასახადების სახით გადახდილი ფულით შედგენილი ბიუჯეტი, ამას მონიტორინგს მომავალ წელს უკვე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები გაუწევენ.