როგორ გაყინა პუტინმა საქართველო 2006 წლის იანვარში

რუსეთის მიერ უკრაინის „სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე“ სარაკეტო იერიშების მიტანის მიზანი უკრაინის ეკონომიკის განადგურება და უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხვაა, რასაც არც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მალავს და არც მისი პროპაგანდა, რომლის გათვლებითაც, გათბობის, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილმა უკრაინელმა ხალხმა უნდა აიძულოს თავისივე ხელისუფლება შეწყვიტოს წინააღმდეგობა. რუსეთს, უკრაინის „სასიცოცხლო ინფრასტრუქტურასთან“ ბრძოლაში, ზურგს უმაგრებს წლების წინ, საქართველოსთან დაპირისპირებისას მიღებული გამოცდილება.

2006 წლის 22 იანვარს, გამთენიისას, 02:55 სთ-ზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მახლობლად „უცნობმა პირებმა“ ააფეთქეს როგორც 1200-მმ-იანი ძირითადი გაზსადენი, რომლითაც საქართველოს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა რუსეთიდან, ასევე სარეზერვო, 700-მმ-იანი მილსადენი, რომელშიც გაზი არ გადიოდა. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკოლაი შეპელმა აფეთქებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქებები 20 წუთის ინტერვალით მოხდა.

„აფეთქდა თვითნაკეთი, 700 და 800 გრამი ტროტილის ეკვივალენტის შემცველი სიძლიერის ასაფეთქებელი მოწყობილობები“, - განაცხადა ნიკოლაი შეპელმა.

„უცნაური დამთხვევით“ გაზსადენის აფეთქებამდე ერთი საათით ადრე „მწყობრიდან გამოვიდა“ 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „კავკასიონი“, რის შემდეგაც რუსეთიდან დენის იმპორტი შეწყდა.

რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებული გაზსადენი აფეთქების შემდეგ. 2006 წლის 22 იანვარი

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის РАО ЕЭС-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარგარიტა ნაგოგმა განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ ერთ-ერთი საყრდენი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ქალაქ ყარაჩაევსკთან ახლოს აფეთქდა.

„აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება. საყრდენი მთლიანად გამოსაცვლელია. სამუშაოების წარმოებას უამინდობის გარდა ის გარემოება აფერხებს, რომ ხაზი მდინარე ყუბანზეა გასაყვანი“, - განაცხადა РАО ЕЭС-ის წარმომადგენელმა.

საქართველოს ელექტროენერგია რუსეთიდან მხოლოდ სარეზერვო ხაზით, აფხაზეთის გავლით მიეწოდებოდა, თუმცა აფხაზეთის ხაზის გამტარუნარიანობა „კავკასიონის“ ძირითად ხაზთან შედარებით ორჯერ ნაკლები იყო.

სარემონტო სამუშაოები რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გაზსადენზე. 2006 წლის 23 იანვარი

რუსეთის გენერალური პროკურატურის ვარაუდით, მოქმედებდნენ „ექსტრემისტულ-დივერსიული ჯგუფები“, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე არა ტერორიზმის, არამედ „წინასწარგანზრახვით ქონების განადგურების ან დაზიანების“ მუხლით აღძრა.

22 იანვარს დილიდანვე დაეცა გაზის წნევა თბილისში. „თბილგაზის“ წარმომადგენელები ამბობდნენ, რომ წნევა ყოველ 10-15 წუთში 0.1 ნიშნულით ეცემოდა. შედეგად, ვერ მოხერხდა გაზის თუნდაც მხოლოდ პურის საცხობებისთვის მიწოდება. საღამოსათვის ყველაფერი გაითიშა, გამოირთო თბილსრესის მე-3 და მე-9 ენერგობლოკებიც. თბილისის მოსამარაგებლად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 22 იანვარსვე დაიწყო თურქეთიდან 40 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა დღის მეორე ნახევარში თბილისის მარცხენა სანაპიროს, გაზმომარაგებასთან ერთად, დენის მიწოდებაც შეუწყდა.

2006 წლის იანვრის ბოლო დღეები უჩვეულოდ ცივი გამოდგა საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა ბარში -5 გრადუსზე დაბლა, მთაში კი -20 გრადუსამდე დაეცა. უგაზოდ დარჩენილ სტეფანწმინდაში თხვევადი საწვავი და შეშა აიტანეს, საგანგებო შტაბები შეიქმნა თბილისსა და რეგიონებში. მოსახლეობა საათობით იდგა პურის, ნავთისა და შეშის რიგებში.

ნავთის რიგი თბილისში. 2006 წლის 27 იაგვარი

„ქუთაისში მოსახლეობისთვის შეშის დარიგება გრძელდება, - წერდა სააგენტო ინტერპრესნიუსი, - 80 კუბური მეტრი ხე-ტყე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციამ ქუთაისში 25 იანვარს დილით გააგზავნა. შეშა ამბროლაურის ტყეებში შეგროვდა. იგივე მოხდა ქუთაისში 23 იანვარსაც. ქუთაისს 60 კუბური მეტრი შეშა სამეგრელოდანაც მიაწოდეს. შეშა მოსახლეობაში უფასოდ რიგდება“.

მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება ნავთზე, რომელიც, ბენზინგასამართი სადგურების გარდა, იყიდებოდა მოძრავი ცისტერნებიდანაც. განსაკუთრებით გრძელი რიგები იდგა თბილისში, „ლუკოილის“ სადგურებში, სადაც ნავთი 60 თეთრად იყიდებოდა, მაშინ, როცა ნავთის რეალური, საბაზრო ფასი 1,50 თეთრი იყო.

რუსეთის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის სიმძიმე, ნავთობიმპორტიორების შემდეგ, ყველაზე მეტად პურ-პროდუქტების მწარმოებლებმა იგრძნეს. პურის ქარხნების უმეტესობა ბუნებრივი აირიდან დიზელის საწვავზე გადავიდა, დიზელის საწვავის ფასი კი ბუნებრივი აირისას 5-ჯერ აღემატებოდა: 2006 წლის იანვარში 1 კუბ. მეტრი ბუნებრივი აირი 36 თეთრი ღირდა, ხოლო 1 ლიტრი დიზელი - 1,35-1,50 ლარი. ენერგოკრიზისის პირობებში 1 კგ პურის თვითღირებულება 1 ლარს გაუტოლდა მაშინ, როცა კრიზისამდე სავაჭირო ქსელში გატანილი პურის ფასი 40-50 თეთრი იყო.

ენერგოკრიზისი თბილისში

„პანიკა არის ის, რაც ჩვენს მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს სურთ დათესონ საქართველოში. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 23 იანვარს - როცა 200-300 კილომეტრის რადიუსზე ერთდროულად აფეთქდება ძირითადი და ალტერნატიული გაზსადენი, აფეთქდება ელექტროგადამცემი ხაზი, ეს არის საგანგებოდ გამიზნული პროვოკაცია. ამ აფეთქებების შედეგად არანაირად არ ზარალდება რუსეთის მოსახლეობა, ზარალდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსკენ მიმავალი მიმართულება. ეს არის გაკეთებული იმისათვის, რომ საქართველო ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებში მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, მაგრამ ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, ვეძებოთ ენერგომომარაგების ალტერნატიული გზები, ვიყოთ რუსეთისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი, არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და სწორი გადაწყვეტილება“.

ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძემ ისიც თქვა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება საგანგებო ღონისძიებებით „დღეს-ხვალ“ აღმოეფხვრა შექმნილი მძიმე ვითარება, მაშინ ის გარკვეულწილად გამოასწორებდა თავის იმიჯს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა შედეგების აღმოფხვრისა და იმიჯის გამოსწორების ნაცვლად, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე („მოულოდნელად“) მწყობრიდან გამოვიდა გაზის კომპრესორი, რის გამოც „გაზპრომი“ ამცირებდა რუსეთიდან აზერბაიჯანში გაზის გადადინებას 4 მილიონი კუბ. მეტრით, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებდა ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობაზე. შედეგად, საქართველომ აზერბაიჯანიდან 4 მლნ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირის ნაცვლად, 2,5 მლნ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო, რაც მხოლოდ თბილსრესის მე-9 ენერგობლოკის ჩართვას და თბილისის ნაწილის მომარაგებას ეყოფოდა.

30 იანვარს, როცა უკვე ნაწილობრივ აღდგენილი იყო თბილისის გაზმომარაგება, თბილისის მერის, გიგი უგულავას განკარგულებით, საქართველოში რუსეთის საელჩოსა და კომპანია „გაზექსპორტის“ წარმომადგენლობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი

„უმჯობესია, თუნდაც ორი საცხოვრებელი კორპუსი გათბეს, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში შექმნილ ენერგობლოკადასთან უშუალო კავშირში არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა, რომლის თქმითაც, დაწესებულებებს ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ მაშინ აღუდგებოდათ, როცა ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი მთელ თბილისში განახლდებოდა.

საქართველოს ენერგობლოკადაში მოქცევა და ამით საქართველოსათვის ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების შექმნა, გარდა იმისა, რომ ერთგვარი პასუხი იყო საქართველოს დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ არჩევანზე, ასევე ჰარმონიულად ეწერებოდა რუსეთის ლიბერალური იმპერიის კონცეფციაში (ენერგომატარებლების კონტროლის მეშვეობით პოლიტიკური მიზნების მიღწევა), რომლის პრაქტიკაში განსახორციელებლად რუსეთს სჭირდებოდა ყველა მეზობელი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული ენერგეტიკული აქტივები, განსაკუთრებით კი, გაზის ტრანსპორტირების სისტემა, რაც საქართველომ, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელისა და სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის ორჭოფობის მიუხედავად, არ დათმო.

მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე

რუსეთი საქართველოს მთავრობისგან იმ შეზღუდვის მოხსნას მოითხოვდა, რომელიც მაშინ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებობდა. ანატოლი პოდმიშალსკი, გაზპრომის დსთ-ს ქვეყნებთან მუშაობის სამმართველოს უფროსი, ჯერ კიდევ 2004 წლის 8 ივლისს ამბობდა, რომ „ურთიერთთანამშრომლობის პროცესი არ ვითარდება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული პრობლემების გამო, რადგანაც საქართველოს გაზსატრანსპორტო და მაგისტრალური სისტემები იმ საწარმოთა სიაშია, რომლებიც პრივატიზებას არ ექვემდებარება. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ობიექტი პრივატიზებას უნდა დაუქვემდებაროს, რადგანაც „გაზპრომი“ ფულს ვერ ჩადებს მასში, თუ არ ექნება საკუთრების გარანტია”.

გარდა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე უარის თქმისა, 2006 წლის იანვარში საქართველოს რუსული გაზისა და დენის გარეშე დატოვებას წინ უძღოდა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გორში მომხდარი ტერაქტის გახსნა და მის ორგანიზებაში რუსეთის მხილება, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოლაპარაკების დასრულება და აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობების გაყვანის მოთხოვნა.

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 იანვარსვე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მძიმე საბოტაჟს აწყობდა.

„ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველო ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან ზეწოლის მუდმივ მცდელობას განიცდის. ჩვენ რუსეთის ხელისუფლების პირებისგან არაერთი მუქარა გვსმენია იმის შესახებ, რომ გაგვითიშავენ გაზს, რომ შესაძლოა ელექტროგადამცემი ხაზი მწყობრიდან გამოვიდეს და ცივ ზამთარში გავიყინოთ. რუსეთმა ყველანაირი საბაზრო ლოგიკის დარღვევით, გაზის ფასი გაგვიორმაგა. რუსეთი ახორციელებდა მცდელობას - საქართველო იძულებული გაეხადა მისთვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა გადაეცა. ამ ვანდალური აქტის განმახორციელებლებს ტყუილად ჰგონიათ, რომ შუა ზამთარში ენერგოსისტემისა და გაზის გათიშვის გამო, საქართველო დაინგრევა და მუხლებზე დაჩოქილი მივა რუსეთთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი: „რაც დღეს დილით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, ეს არის ორგანიზებული აქტი, მიმართული საქართველოს წინააღდმეგ“.

შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი: ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში, როცა ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის წინააღმდეგ ფარულ დივერსიულ აქტებს ახორციელებს. გასული წელი იყო დივერსიული აქტების წელი. ყველა ამგვარი დანაშაული გახსნილია და ბრალდებულები დღეს სასჯელს იხდიან. იმედი მაქვს, რუსი კოლეგები უახლოეს ხანში დაადგენენ დივერსიულ აქტებში მონაწილე პირებს და მათ შესაბამისად დასჯიან. დივერსიის მომწყობთა მიზანი იყო საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა, რათა ყველამ იფიქროს, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ვერ შედგა“.

ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

რუსეთის სურვილი, სოციალური ფონის დამძიმებით გამოეწვია დესტაბილიზაცია საქართველოში, სურვილად დარჩა. ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებულმა ოპოზიციამაც კი მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და პოლიტიკურ ძალებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ ვაპირებთ, მომხდარი სოციალური უკმაყოფილების ტალღის აგორებისათვის გამოვიყენოთ და თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა ამას შეეცდება, ვეცდებით, მათ დავუპირისპირდეთ, - განაცხადა კობა დავითაშვილმა, - რუსეთს არ უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ ასეთი ტიპის ზეწოლით საქართველოს გახლეჩვას შეძლებს. პოლიტიკური ძალების ერთიანობამ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი ქმედების განხორციელების სურვილი უნდა დაუკარგოს“.

კობა დავითაშვილი

საპარლამენტო ფრაქციის „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა კი ხელისუფლებას მოუწოდა, შეეწყვიტა ყველანაირი საუბარი მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისათვის“ მიყიდვის თაობაზე და ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეყალიბებინა ენერგეტიკული სტრატეგია.

„საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოსაძიებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ანალოგიური პრობლემის წინაშე არაერთხელ დავდგებით“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, ნიკა გილაურმა ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროები რეკორდულად მოკლე დროში მოიძია. მალევე გადაწყდა:

  • I - საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან მიიღებდა. თუ საქართველო რუსეთიდან დღე-ღამეში 7 მლნ კუბ. მეტრს იღებდა, აზერბაიჯანი 4-5 მლნ კუბ. მეტრის გარანტიას იძლეოდა. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას აზერბაიჯანთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება (2005 წ.), რომ საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანი საქართველოს მინიმუმ 2 მლნ კუბ. მეტრ აირს მიაწვდიდა.
  • II - 27 იანვარს ხელმოწერილი მემორანდუმით, საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ დაიწყო ირანიდან 2 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება თითქმის იმავე ფასში, რასაც რუსეთს უხდიდა (120 დოლარი 1000 კუბ. მ). „ქვეყანას საშუალება აქვს, გაზი სამი წყაროდან მიიღოს. ამით მას დივერსიფიკაციის საშუალება ექნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაზის გარეშე აღარასოდეს დარჩება“, - განაცხადა ნიკა გილაურმა ირანული გაზის იმპორტის დაწყების შემდეგ.

აზერბაიჯანული და ირანული გაზის მიღებამ აზრი დაუკარგა რუსეთის ენერგოსაბოტაჟს, რის გამოც მალევე აღდგა რუსული გაზის იმპორტიც, რომელიც მანამდე ყველანაირად ჭიანურდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ქართველი სპეციალისტები არ დაუშვეს აფეთქებული გაზსადენის აღდგენით სამუშაოებზე დასაკვირვებლად.

ნიკა გილაური, საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი

29 იანვარს, დილის 11 საათისთვის, აფეთქებებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, სტეფანწმინდის რაიონმა კვლავ მიიღო ბუნებრივი აირი. ამ დროს „თბილგაზი“ ჯერ ისევ ბუნებრივი აირის მოლოდინში იყო და მისი ხელმძღვანელები სისტემის დატვირთვის ვადებზე მსჯელობდნენ:

„ბუნებრივი აირით თბილისის სრულ დატვირთვას ჩვეულებრივ პირობებში ერთი თვე სჭირდება, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო, "თბილგაზში" რამდენიმე მობილური ჯგუფი მუშაობს, რომლებიც შეეცდებიან, გაზით დედაქალაქის სრული დატვირთვა 5-6 დღეში უზრუნველყონ“.

2006 წლის 3 თებერვლისთვის გაზი თბილისის მოსახლეობის 80%-ს მიეწოდებოდა.

საქართველოს გაყინვისა და უგაზოდ გაგუდვის გეგმა, შეიძლება ითქვას, ჩავარდა. 31 იანვარს, როცა საქართველო უკვე იღებდა ირანულ და აზერბაიჯანულ გაზს, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე უსაფუძვლო უწოდა საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას რუსეთის მიერ „ენერგეტიკული იარაღის” პოლიტიკური მიზნებით გამოყენების თაობაზე:

„უბედურება მოხდა. ჩვენი სპეციალისტები დღე და ღამე მუშაობდნენ მთაში, ოცდაათგრადუსიან ყინვაში. და რა მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან? მხოლოდ შეფურთხება. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ასეთი პოლიტიკა რუსეთის მიმართ რიგითი ქართველის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. პასუხისმგებლობა ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”.

ვლადიმირ პუტინმა ასევე საქართველოს ხელისუფლების გასაგონად ილაპარაკა, როცა ჟურნალისტებმა კოსოვოს შესახებ დაუსვეს კითხვა.

ვლადიმირ პუტინი, 2006 წ.

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კოსოვოსთვის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მინიჭება შესაძლებელია, რატომ უნდა ვუთხრათ ამაზე უარი აფხაზებს ან ოსებს სამხრეთ ოსეთიდან? - იკითხა ვლადიმირ პუტინმა, - მე არ მინდა, ახლა ვილაპარაკო, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა აღიარა. მე არ მინდა ვთქვა, რომ რუსეთი უმალვე ცნობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მაგრამ ასეთი პრეცედენტები საერთაშორისო ცხოვრებაში არსებობს. მათ ახლა შეფასებას არ ვაძლევ, მაგრამ იმისთვის, რომ სამართლიანად, ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ინტერესებში ვიმოქმედოთ, ყველას გვჭირდება ამ პრობლემების გადაწყვეტის საყოველთაოდ აღიარებული, უნივერსალური პრინციპები”.

"მისტერ გაზპუტინი" - საპროტესტო აქცია თბილისში, 2006 წლის 23 იანვარი

2006 წლის იანვრის ენერგობლოკადის შემდეგაც საქართველომ გააგრძელა სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ, რასაც რუსეთმა მთელი რიგი ქმედებებით უპასუხა. რუსეთის ფედერაციამ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის გატარება:

  • სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით შეიზღუდა სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტი
  • 2006 წლის მარტში რუსეთის ფედერაციამ ემბარგოს მასშტაბი გაზარდა და საქართველოდან ღვინისა და შემდეგ მინერალური წყლების ექსპორტიც აკრძალა
  • 2006 წლის ოქტომბერში დაიწყო რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შევიწროება-დეპორტაცია
  • 2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საავტომობილო, საავიაციო, საფოსტო, საზღვაო და სარკინიგზო კავშირი
  • 2006 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა
  • 2008 წლის აგვისტოში რუსეთის 58-ე არმია თავს დაესხა საქართველოს