არტიომ უსს, რუს ბიზნესმენსა და კრასნოიარსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრ უსის ვაჟს, ექსტრადიცია ემუქრებოდა აშშ-ში - მას ბრალი ედებოდა სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიისა და ვენესუელის ნავთობის კონტრაბანდაში. უსი დააკავეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს იტალიაში, მაგრამ მან მოახერხა გაქცევა და მოსკოვში დაბრუნება. რადიო თავისუფლება გვიამბობს, თუ როგორ მოხდა ეს.
ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეს, ვლადიმირ იოვანჩიჩს არ არ რცხვენოდა იმის, რომ დანაშაულებრივ კრიმინალურ სამყაროს მიეკუთვნებოდა: ტიკტოკში, სადაც ის აქვეყნებდა ვიდეოებს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, კატერებსა და ძვირფას ქურქებზე, მომხმარებლის სახელად vorzakon ჰქონდა, რაც მიუთითებდა „კანონიერი ქურდის“ სტატუსზე.
2023 წლის 17 თებერვალს, 9:30-ზე, იოვანჩიჩი გაემგზავრა იტალიის ქალაქიდან, დეზენცანო-დელ-გარდადან, რომელიც გარდას ტბის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. მისი ორი მობილური ტელეფონი ამ რაიონის ფიჭური ქსელის ანძებზე იყო შეერთებული, როცა ის მიემართებოდა მილანისკენ, ქალაქის გარეუბან ბაზილიოში, რომელიც იქიდან 4 საათის სავალ მანძილზეა.
ვიდეო ვლადიმირ იოვანჩიჩის TikTok-იდან, რომელზეც ჩანს ნავი დაუდგენელ ადგილას:
Your browser doesn’t support HTML5
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო შეთქმულებაში, რომლის კულმინაციაც რუსეთის მოქალაქის, სახელად არტიომ უსის, გაბედული გაქცევა იყო შინაპატიმრობიდან. ის აშშ-ის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის და ნავთობის რუსეთში კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში.
უსის მამა, ალექსანდრი, იყო გავლენიანი რუსი გუბერნატორი, დაკავშირებული სახელმწიფო ნავთობის გიგანტ კომპანიასთან, „როსნეფტთან“ და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ახლა ის კრასნოიარსკის მხარის ფედერაციის საბჭოს წევრია.
არტიომ უსის გაქცევა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც იტალიის სასამართლომ დაამტკიცა აშშ-ში მისი ექსტრადიცია, დიდი უსიამოვნების მიზეზი გახდა იტალიის ხელისუფლებისთვის.
ამით იტალიამ, პარლამენტის წევრის, დევის დორის თქმით, „უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი საერთაშორისო დონეზე“.
აშშ-ის მთავრობამ ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარებოდა რუსეთის მოქალაქის დაჭერაში, გამოაცხადა 7 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო.
მისი გაქცევის რთულმა სქემამ შესაძლებელი გახადა გასვლა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც სერბეთშია დაფუძნებული და, სავარაუდოდ, ამ გაქცევაში სპეცსამსახურებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
იტალიის პროკურატურამ 6 ადამიანს წაუყენა ბრალი შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო არტიომ უსის იტალიიდან გაყვანა. სამი მათგანი პატიმრობაში იმყოფება: ერთი - ხორვატიაში, ერთი - სლოვენიაში (ორივეს აშშ-ში ექსტრადიცია ელის), კიდევ ერთი - იტალიაში. დანარჩენები თავისუფალი რჩებიან.
იტალიის ხელისუფლების მიერ მიწოდებული გამოძიების მასალებისა და ვიდეოთვალთვალის კადრების, ისევე როგორც აშშ-ისა და ორი სხვა ქვეყნის პროკურორების მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გამოყენებით, რადიო თავისუფლებამ აღადგინა მილანის გარეუბანში მდებარე დახურული საცხოვრებელი კომპლექსიდან უსის გაქცევის დეტალები, რომლის დროსაც მან გადაკვეთა სამი საზღვარი და საბოლოოდ, ბელგრადიდან გაფრინდა სახლში, რუსეთში.
2023 წლის იანვარი
2022 წლის სექტემბერში, აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ 41 წლის უსს ბრალი წაუყენა - რუს ბიზნესპარტნიორთან და კიდევ სხვა ოთხ პირთან ერთად, მას ბრალი ედებოდა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის რუსეთში კონტრაბანდისთვის გერმანული ფირმის გამოყენებაში, დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2022 წლის 17 ოქტომბერს, უსი მილანის აეროპორტში დააკავეს, აშშ-ის დაპატიმრების ორდერით.
ამის შემდეგ ხუთ კვირაში, მილანის სასამართლომ, იმის ნაცვლად, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა, უსი შინაპატიმრობაში გაუშვა, რამაც ამერიკელი ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია, ხოლო მის გაქცევას ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების მრისხანე კრიტიკა მოჰყვა.
უსი იტალიაში ახალბედა არ ყოფილა. მისი ოჯახი იქ უძრავ ქონებას ფლობდა, მათ შორის, სასტუმროებს, ხოლო თვითონ, როგორც იტყობინებიან, ღვინის საწარმოს ფლობდა სარდინიაში. უსის ბიზნესპარტნიორი, ორეხოვი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული იმავე საქმის ფარგლებში, გერმანიაში დააკავეს და პატიმრობაში რჩება, ექსტრადიციის მოლოდინში.
2023 წლის იანვარში, უსმა გადაიბირა იოვანჩიჩი „და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სერბულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რათა დახმარებოდნენ მას რუსეთში გაქცევაში, იმ შემთხვევაში, თუ მის ექსტრადიციას გადაწყვეტდნენ“, - იტყობინება აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და აღწერს ბოსნიელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.
იმავე თვეში, 53 წლის იოვანჩიჩი მილანში, სასტუმროში შეხვდა უსის ცოლს, მარია იაგოდინას, რომელიც მოდელია. მათ მოილაპარაკეს სქემაზე, რომლის თანახმადაც იოვანჩიჩს ვითომ პროდუქტები მიჰქონდა უსის სახლში, რათა ეჭვები არ გაეჩინა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, იაგოდინამ იოვანჩიჩს მისცა მობილური ტელეფონი და ავანსი 10 000 ევროს ოდენობით, მოგვიანებით კი - ბარათი-გასაღები, სახლში შესასვლელად.
უსი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა პრესტიჟულ დახურულ დასახლებაში, სახელწოდებით ბორგო დი ვიონე, ბაზილიოში - მილანის სამხრეთ გარეუბანში.
ტერაკოტისსახურავიანი ვილებისა და პატარა სახლების რიგებიანი კომპლექსი მოვლილი გაზონებით, საოჯახო დასასვენებელი ადგილია. ტერიტორიაზე არის რესტორანი, აუზი, სპაცენტრი და სხვა დასასვენებელი ობიექტები.
იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი უსს დღეში რამდენჯერმე ამოწმებდნენ, თუმცა იტალიის დეპუტატთა პალატის წევრმა, დევის დორიმ, მისი გაქცევის შემდეგ, ამ მტკიცებაში ეჭვი შეიტანა იტალიის პარლამენტის სხდომაზე.
2023 წლის 18 თებერვალი
მეორე დღეს მას მერე, რაც იოვანჩიჩის ტელეფონი დარეგისტრირდა ქსელში ბაზილიოში, დეზენცანო-დელ-გარდადან გამგზავრების შემდეგ, მისი სიგნალი დაფიქსირდა გერმანიაში, გიოტინგენში, მილანიდან ჩრდილოეთით, 670-ზე მეტ კილომეტრში.
დაუდგენელია, კონკრეტულად რას აკეთებდა იოვანჩიჩი ბაზილიოში, შემდეგ კი გერმანიაში. იტალიის პოლიციის მიერ მომზადებული სლაიდების ჩვენებისას, მილანში მისი გამგზავრება აღნიშნულია, როგორც „პირველი შემოწმება“, როცა იოვანჩიჩმა, სავარაუდოდ, ის-ის იყო დაიწყო უსის გაქცევის დაგეგმვა.
20 თებერვალი
ამის შემდეგ, იოვანჩიჩის ტელეფონები დაფიქსირდა იტალიური მობილური ქსელების მიერ დილის 11:06-ზე დეზენცანო-დელ-გარდაში. კონკრეტულად როგორ და ზუსტად როდის დაბრუნდა ის გერმანიიდან იტალიაში - უცნობია.
შემდეგ ის გაემგზავრა დასავლეთისკენ A4 ავტომაგისტრალით და ბაზილიოში ჩავიდა 15:16-ზე. მან მილანის გარეუბანში ერთ საათზე ნაკლები დაჰყო. ამის შემდეგ, მისი ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა 16:03-ზე, სან-ჯულიანო-მილანეზესთან, ბაზილიოს აღმოსავლეთით, დაახლოებით 17 კილომეტრში, და კვლავ დეზენცანო-დელ-გარდაში, 17:54-ზე.
მილანის პოლიციის მონაცემებით, ეს გამგზავრება „მეორე შემოწმება“ იყო.
22 თებერვალი
მობილური ოპერატორის მონაცემები აჩვენებს, რომ იოვანჩიჩის ტელეფონმა დეზენცანო-დელ-გარდა დატოვა, გაემართა აღმოსავლეთისკენ და სლოვენიისა და ხორვატიის გავლით, 19:23-ზე სერბეთში ჩავიდა.
5 მარტი
იოვანჩიჩი სერბეთიდან იტალიაში მანქანით დაბრუნდა და 20:30-ზე ჩავიდა დეზენცანო-დელ-გარდაში, როგორც მისი მობილური ტელეფონის ქსელში ჩართვის მონაცემებიდან ჩანს.
სერბეთიდან წასვლამდე ორი დღით ადრე, მან ტიკტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო მართლმადიდებელ ეკლესიაზე რუმინეთში. ტიკტოკის ანგარიში რეგისტრირებული "Vor v Zakon", ანუ „კანონიერი ქურდის“ სახელზე.
6 მარტი
იოვანჩიჩის მობილური ტელეფონის სიგნალებმა აჩვენა, რომ ის დეზენცანო-დელ-გარდადან დილის 8:30-ზე გავიდა, „მესამე შემოწმებისთვის“, როგორც ამას მოგვიანებით დაარქმევს იტალიური პოლიცია.
იოვანჩიჩი კვლავ მიდის უსის სახლში, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ამჯერად ის მილანში პირდაპირი გზით არ წასულა, არამედ სამხრეთ-დასავლეთის გავლით. მობილურ ქსელში შეერთების მონაცემებმა აჩვენა, რომ ის მილანში იყო 12:54-ზე, ხოლო ბაზილიოში - 16:25-ზე.
ერთი საათის შემდეგ, მისი ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა ტრეცანო-სულ-ნავილიოში, შემდეგ კი სლოვენიის სასაზღვრო გადასასვლელზე, გორიციაზე, სადაც ის, როგორც ჩანს, 22:06-ზე ჩავიდა.
7-11 მარტი
იოვანჩიჩის მობილურმა ტელეფონებმა აჩვენა, რომ ის ჩავიდა სერბეთში, უცნობ ადგილას, 15:22-ზე.
პოლიციის მონაცემებით, ოთხი დღის შემდეგ, ის იტალიაში დაბრუნდა; მისი მობილური ტელეფონები დარეგისტრირებული იყო გერმანიაში 11 მარტს, დილით და დეზენცანო-დელ-გარდაში, მალევე 15:00-ის მერე.
იტალიის პოლიცია ასევე იტყობინებოდა, რომ მობილური ქსელების მიერ დაფიქსირდა ასევე სერბეთის მოქალაქის, 51 წლის სრდან ლოლიჩის მობილური ტელეფონიც. იტალიაში, ტრიესტეში შესვლის შემდეგ, ის მილანისკენ გაემართა და იქ 11 მარტს, საღამოს 8 საათისთვის ჩავიდა.
ლოლიჩის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 2018 წლის შუა პერიოდიდან 2020 წლის დასაწყისამდე მას ბელგრადის სასტუმროს, Putnik Inn-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობა ეჭირა.
2023 წლის 9 თებერვალს, სერბეთის კორპორაციული რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან დატოვა იმ კომპანიის დირექტორთა საბჭო, რომელსაც იგივე მისამართი აქვს და იგივე ხელმძღვანელები ჰყავს, რაც Putnik Inn-ს.
თვითონ სასტუმრო კი ეკუთვნის ბიზნესკონგლომერატს, რომლის აქციონერთა შემადგენლობაში არიან კვიპროსელები და სერბები. ერთობლივი კორპორაციის დირექტორად აღნიშნული იყო რუსი ბიზნესმენი.
როგორც სერბული გაზეთი Telegraf-ი წერდა, 2023 წლის აპრილში, დაახლოებით ერთ თვეში მას მერე, რაც უსი იტალიაში შინაპატიმრობიდან გაიქცა, ლოლიჩი ჩრდილოეთ პოლუსზე ჩაფრინდა და განაცხადა, რომ ის პირველი სერბი იყო, ვინც იქ ჩავიდა. მან გამომცემლობას უამბო, რომ ამისთვის მოსკოვი და კრასნოიარსკი გამოიარა, სადაც სამხედრო თვითმფრინავში ჩაჯდა და ჩრდილოეთისკენ გაეშურა.
კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი იმ დროს იყო უსის მამა, ალექსანდრი. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსი „პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია“.
ლოლიჩმა ბელგრადის გაზეთს უამბო, რომ ჩრდილოეთ პოლუსიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრ უსთან ერთად ივახშმა კრასნოიარსკში.
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ხუთ დღეში, ალექსანდრ უსმა კრასნოიარსკის გუბერნატორის პოსტიდან თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.
მან თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვდა პუტინს, რომელმაც სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა. მისი გადადგომის მიზეზებზე ოფიციალური ცნობები არ ყოფილა.
12 მარტი
მობილურ ქსელებში ჩართვის მონაცემებმა აჩვენა, რომ იოვანჩიჩის მისი ვაჟის, ბორისის, მობილური ტელეფონები დეზენცანო-დელ-გარდაში დილის 9:11-ზე იმყოფებოდა, ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ ორივე მილანში ჩავიდა.
ამის შემდეგ მამა-შვილმა დაათვალიერა კოტეჯების დასახლების ტერიტორია ბაზილიოში, სადაც უსი გაჩერდა. იტალიის პოლიციის ოქმებში ნათქვამია, რომ მათ ეს ლოლიჩთან ერთად გააკეთეს. მათ მილანის გარეუბანი 12:59-ზე დატოვეს.
შემდეგ, როგორც ჩანს, ლოლიჩმა იტალია დატოვა: ქსელში შეერთების მონაცემები აჩვენებს, რომ 20:13-ზე მან ვენეცია გაიარა.
ვლადიმირ იოვანჩიჩმა თავის ვაჟთან ერთად დატოვა დეზენცანო-დელ-გარდა დილის 9:11-ზე და 10:40-ზე უკვე მილანში იყვნენ. 12:59-ზე, სრდან ლოლიჩთან ერთად, მათ დაათვალიერეს საცხოვრებელი, სადაც იმყოფებოდა არტიომ უსი. 15:12-ზე იოვანოვიჩი და მისი ვაჟი ქალაქ მეცანინოს გავლით დაბრუნდნენ გარდას ტბაზე 13:59-ზე.
16 მარტი
9:27-სა და 10:30-ს შორის დროის მონაკვეთში, იოვანჩიჩმა და მისმა ვაჟმა იყიდეს ავტომანქანა Volvo V60 ავტომობილებით მოვაჭრესთან ქალაქ კასტანიატოში, რომელიც გარდას ტბასა და მილანს შორის მდებარეობს.
ავტომობილი დარეგისტრირებული იყო ბორის იოვანჩიჩის სახელზე. იმავე დღეს ვლადიმირ იოვანჩიჩი სერბეთში გაემგზავრა.
ხორვატიასა და სერბეთს შორის საზღვარი მან გადაკვეთა ბატროვცის სასაზღვრო პუნქტზე 18:36-ზე. იტალიაში დარეგისტრირებული Volvo-ს სანომრე ნიშანი - EP605VA - კამერების მიერ დაფიქსირდა გამშვებ პუნქტზე.
21 მარტი
მობილურ ქსელში ჩართვის მონაცემებმა აჩვენა, რომ ვლადიმირ იოვანჩიჩი სერბეთიდან გავიდა 17:02-ზე და დეზენცანო-დელ-გარდაში ჩავიდა 23:20-ზე.
20:22-ზე ლოლიჩის ტელეფონი დააფიქსირეს ბატროვცის სასაზღვრო გადასასვლელზე. ლოლიჩი მართავდა Audi A8-ს სერბული ნომრებით, რომელიც მან სწორედ სასტუმრო Putnik Inn-ში იქირავა, ბელგრადში. იტალიის პროკურატურის მონაცემებით, ლოლიჩთან ერთად გაემგზავრა ასევე 47 წლის სერბი, ნებოიშ ილიჩი.
იმავე დღეს, უფრო ადრე, იტალიურმა სასამართლომ დაამტკიცა არტიომ უსის ექსტრადიცია აშშ-ში - მილანის აეროპორტში მისი დაკავებიდან ხუთი თვის შემდეგ.
22 მარტი
სლოვენიის მოქალაქე, 40 წლის მატეი იანეზიჩი, შევიდა იტალიაში, ტრიესტეში, დილის 8:31-ზე. ის მართავდა Volvo S80-ს სლოვენიური ნომრებით - LJDP082. დაახლოებით დილის 10:30-ზე ის ჩავიდა ბედიცოლეში, დასახლებაში, რომელიც გარდას ტბის დასავლეთით მდებარეობს.
10:45-ზე, მობილური ქსელის მონაცემებით, ოთხი მანქანა გავიდა ბედიცოლედან და 12:16-ზე ჩავიდნენ სავაჭრო ცენტრში ლაკიარელეში, რომელიც 7 წუთის სავალზეა უსის საცხოვრებელი ადგილიდან. ორი „ვოლვოსა“ და „აუდის“ გარდა, კოლონაში იყო მეოთხე მანქანა, „ფიატ ბრავო“, რომელიც იოვანჩიჩს 36 წლის ალბანელმა ქალმა, ემირადა იბომ გადასცა.
ერთი კვირით ადრე, იბომ იოვანჩიჩს გადასცა „ფიატის“ სადაზღვევო დოკუმენტი.
იტალიის პროკურატურამ ის უსის გაქცევაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.
როცა რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ემირადა იბოს, whatsapp-ის შეტყობინების მეშვეობით, მან უარი თქვა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების განხილვაზე და მისთვის კითხვების წერილობითი სახით გაგზავნა მოითხოვა. შემდეგ აღარ უპასუხა რადიო თავისუფლების ზარებს და მისწერა შემდეგი შეტყობინება: „ამის შესახებ მე არაფერი ვიცი. ვწუხვარ“.
ლაკიარელის სავაჭრო ცენტრში, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს იოვანჩიჩისა და ლოლიჩის საუბარი 12:17-ზე. ერთი წუთის შემდეგ, მათ შეუერთდნენ იანეზიჩი, ბორის იოვანჩიჩი და კაცი, რომელიც ილიჩს ჰგავდა.
ვლადიმირ იოვანჩიჩი, სრდან ლოლიჩი და ნებოიშა ილიჩი ლაკიარელას სავაჭრო ცენტრში:
Your browser doesn’t support HTML5
იოვანჩიჩი და მისი ვაჟი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში საყიდლებზე იყვნენ. 13:06-ზე ოთხივე მანქანა გავიდა სავაჭრო ცენტრიდან. მათგან ორი - ერთის საჭესთან იჯდა უფროსი იოვანჩიჩი, მეორის საჭესთან - ლოლიჩი - მივიდა საცხოვრებელ კომპლექსთან ბორგე დი ვიონეში, სადაც უსი იმყოფებოდა, რის შემდეგადაც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შევიდა იოვანჩიჩი კომპლექსის ტერიტორიაზე.
ვლადიმირ იოვანჩიჩი არტიომ უსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე:
Your browser doesn’t support HTML5
13:40-ზე კაცი, რომელიც პოლიციამ ამოიცნო როგორც ვლადიმირ იოვანჩიჩი, შედიოდა, დიდი ალბათობით, უსის სახლში, საყიდლების ჩანთით ლაკიარელას სავაჭრო ცენტრიდან.
Your browser doesn’t support HTML5
მალევე ამის შემდეგ ნაჩვენები იყო, როგორ საუბრობს ორი კაცი ტროტუარზე; ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავზე კაპიუშონი ჰქონდა ჩამოცმული, იტალიურმა პოლიციამ ამოიცნო, როგორც არტიომ უსი.
Your browser doesn’t support HTML5
შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მიუყვებიან უსი და იოვანჩიჩი ტროტუარს, ტოვებენ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიას, სხდებიან „ფიატში“ და მიდიან.
იტალიის სასამართლოს დადგენილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა საპატიმროს ნაცვლად, უსი ვალდებული იყო ეტარებინა ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური ფეხზე, რომელიც პოლიციას მისი მეთვალყურეობის საშუალებას მისცემდა და რომლის საშუალებითაც პოლიცია მიიღებდა შეტყობინებას იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეული რადიუსის ფარგლებს გარეთ გავიდოდა.
იტალიელი პროკურორების თქმით, უსის გაქცევისას, სათვალთვალო სამაჯურიდან მონაცემების გადაცემა შეწყვეტილი იყო მოწყობილობის მიერ, რომელიც ახშობს ან ხელს უშლის სიგნალის გავრცელებას.
ამერიკელი პროკურორების მონაცემებით, რაღაც მომენტში იოვანჩიჩმა უსს მისცა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოწყობილობა კოჭიდან მოეხსნა. შემდეგ უსმა სამაჯური მანქანის ფანჯრიდან გადააგდო.
მოწყობილობის საგანგაშო სიგნალი 13:52-ზე გაისმა, რაზეც პოლიციამ რეაგირება მოახდინა, თუმცა უცნობია, ზუსტად რა დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ბაზილიოში მისულიყო - იმ დროისთვის, როცა პოლიცია მივიდა, უსი იქ აღარ იყო. პოლიციამ გამოიძახა სახანძრო ბრიგადა, რათა მისი ბინის კარი გაეტეხათ. შიგნით მთელ ხმაზე იყო ჩართული ტელევიზორი, თუმცა სახლში არავინ იყო.
იმავე დღეს, რაღაც მომენტში, უსი „ფიატიდან“ „აუდიში“ გადაჯდა. საჭესთან უფროსი იოვანჩიჩი იჯდა. ისინი აღმოსავლეთისკენ, ვენეციაში გაემართნენ, შემდეგ კი - სლოვენიის საზღვრისკენ. მათ უკან მიჰყვებოდა „ვოლვო“, რომელსაც იანეზიჩი მართავდა. ორივე მანქანამ გადაკვეთა გორიციის საზღვარი დაახლოებით 17:50-ზე, მათი სანომრე ნიშნები საგზაო კამერებმა დააფიქსირა.
23 მარტი
„აუდი“, რომელსაც ახლა ილიჩი მართავს, შედის ხორვატიიდან სერბეთში, დილის 6:40-ზე.
აშშ-ის პროკურატურის მონაცემების თანახმად, გაქცევის ოპერაციის დასრულების შემდეგ, არტიომ უსმა იოვანჩიჩს დამატებით 40 000 ევრო გადაუხადა. ამის შემდეგ, უსი, სავარაუდოდ, ბელგრადიდან მოსკოვში გაფრინდა, თუმცა უცნობია, როდის და როგორ - კომერციული რეისით თუ კერძო თვითმფრინავით.
4 აპრილი
რამდენიმე დღის შემდეგ, სანამ იტალიური მედია ცდილობდა არტიომ უსის ადგილმდებარეობის დადგენას, გაქცეულმა განცხადება გამოაქვეყნა რუსული მედიისთვის.
„მე რუსეთში ვარ! ამ რამდენიმე განსაკუთრებით დრამატული დღის განმავლობაში, ჩემ გვერდით იყვნენ ძლიერი და სანდო ადამიანები. მადლობა მათ. იტალიურმა სასამართლომ, რომლის მიუკერძოებლობის იმედიც მქონდა თავიდან, გამოავლინა თავისი აშკარა პოლიტიკური მიკერძოება. სამწუხაროდ, ისიც მზადაა დანებდეს აშშ-ის ხელისუფლების ზეწოლას“ - მოჰყავს უსის სიტყვები რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს РИА Новости-ს.
სააგენტო წერდა, რომ უსის თქმით, „დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში, როცა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ წესების გარეშე თამაშობენ“, „სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც ასეთი “არასტანდარტული გზით”, - გამარჯვებაა“.
იმავე დღეს, რუსეთის სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება არტიომ უსის დაუსწრებელი დაკავების შესახებ ფულის გათეთრების ბრალდებით, რომელიც მისი მილანში დაკავების შემდეგ იყო მიღებული - როგორც რუსული გამომცემლობა „მედიაზონა“ მიიჩნევს, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჰქონოდათ იტალიისთვის მისი რუსეთში ექსტრადაციის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
დაპატიმრების ნაცვლად, უსს ქვეყნის დატოვების აკრძალვის ხელწერილი დაადებინეს. ამ საქმის განვითარების შესახებ, მას შემდეგ არანაირი ცნობები აღარ ყოფილა.
არტიომ უსთან დაკავშირებული ელექტრონული წერილი, რუსეთის მისამართით გაგზავნილი, უკან დაბრუნდა. მარია იაგოდინას ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის არ უპასუხია ჩვენს წერილებსა და შეტყობინებებზე.
შედეგები
ვლადიმირ იოვანჩიჩი 4 დეკემბერს ხორვატიის ხელისუფლებამ დააკავა აშშ-ის დაკავების ორდერის საფუძველზე. აშშ-ის დიდი ჟიურის 27 ოქტომბრის საბრალდებო დასკვნაში, რომელიც დაკავებიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა, ის დასახელებული იყო, როგორც უსის გაქცევაში თანამონაწილე რამდენიმე ადამიანიდან ერთ-ერთი.
ხორვატიის ხელისუფლების მონაცემებით, ამ გამოძიების გამოქვეყნების მომენტისთვის, იოვანჩიჩი პატიმრობაში რჩება ზაგრებში, ექსტრადაციის პროცედურის მოლოდინში.
როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იტყობინებოდა, მისი ვაჟი, ბორისი, იმავე დღეს იქნა დაკავებული იტალიის ხელისუფლების მიერ. უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას ბრალდებები აშშ-ის მხრიდან.
იანეზიჩი 2024 წლის 19 იანვარს დააკავა სლოვენიის ხელისუფლებამ ლიუბლიანაში, მისი დაკავების შესახებ იტალიის ორდერის საფუძველზე. ის შინაპატიმრობაში მოათავსეს, იტალიაში ექსტრადიციის მოლოდინში - როგორც რადიო თავისუფლებას შეატყობინეს სლოვენიის პოლიციაში.
დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი - ნებოიშა ილიჩი, ემირადა იბო და სრდან ლოლიჩი - ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის დაკავებულები არ არიან. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ლოლიჩსა და ილიჩთან დაკავშირება, რომ მიგვეღო მათი კომენტარები.
სერბეთის იუსტიციის სამინისტრომ არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს უსის გაქცევასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, მიიღო თუ არა სერბეთის ხელისუფლებამ იტალიიდან ან სხვა ქვეყნებიდან გაქცევის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილთა დაკავების ორდერები.
„საერთაშორისო სირცხვილი“
რუსეთში დაბრუნების შემდეგ, უსი, ძირითადად, თავშეკავებულად იქცეოდა, პრაქტიკულად არაფერს აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში და თავს არიდებდა რუსულ მედიას.
თუმცა, მის გაქცევას შედეგები მოჰყვა.
დაახლოებით იმავე დროს, როცა უსი კვლავ გამოჩნდა რუსეთში, იტალიელმა ჟურნალისტებმა მის გაქცევასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის.
„ეს ერთობ სერიოზული საქმეა“, - თქვა მელონიმ, რომლის მთავრობაც ხელისუფლებაში დაახლოებით იმ დროიდან იმყოფება, როცა უსი თავდაპირველად დააკავეს. „რა თქმა უნდა, [ამ საქმეში] არის ანომალიები. ვფიქრობ, რომ მთავარი ანომალია - ეს არის [სასამართლოს გადაწყვეტილება] მისი შინაპატიმრობაში ყოფნის შესახებ, რომელიც საეჭვო მიზეზების გამო იქნა მიღებული და ძალაში რჩებოდა მას შემდეგაც, როცა მიღებული იქნა გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ“, - განაცხადა მელონიმ.
იტალიის იუსტიციის მინისტრმა, კარლო ნორდიომ ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შეცდომა იყო.
„ასეთი ოჯახური მდგომარეობის მქონე კაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი და აქვს სახლი, დაბრუნდა საპატიმროდან სამაჯურით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ორგანოებს ბევრი მინიშნება ჰქონდათ იმისა, რომ არსებობდა მისი გაქცევის მაღალი რისკი“, - განუცხადა ნორდიომ იტალიელ კანონმდებლებს 2023 წლის 20 აპრილს.
ორი კვირის შემდეგ, იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის სხდომაზე, ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის, „მწვანეებისა“ და „მემარცხენეების“ წევრებმა გააკრიტიკეს მთავრობა ამ საქმისადმი მისი მიდგომის გამო.
„როგორ შეიძლება, რომ მას არ მეთვალყურეობდნენ, მუდმივად არ აკონტროლებდნენ, არამედ მხოლოდ ყოველ 72 საათში?“ - აღშფოთებული იყო დეპუტატი დევის დორი.
„იმით, როგორი რეაგირებაც ჰქონდა იტალიის მთავრობას არტიომ უსის საქმეზე, იტალიამ თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა ანჯელო ბონელიმ, პარტია „მწვანე ევროპის“ თავმჯდომარემ.
აშშ-ის საელჩომ რომში რადიო თავისუფლებას უარი უთხრა კომენტარის მიცემაზე და ჩვენი შეკითხვები გადაამისამართა იტალიის ხელისუფლებასა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსკენ. იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და მიზეზად პრესისთვის ადრე გამოქვეყნებული განცხადება მოიყვანა.
იტალიის იუსტიციის სამინისტრომ არ უპასუხა ელექტრონულ წერილებს თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა ამ ვითარებაზე.
უსის გაქცევას დამატებითი ინტრიგა იმანაც შეჰმატა, რომ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ამ გეგმის ორგანიზებაში ან თანამონაწილეობაში როლი ითამაშა რუსულმა სპეცსამსახურებმა.
„ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, იყო თუ არა გარედან ჩარევა მოსკოვის სპეცსამსახურების მხრიდან“, - განაცხადა დეპუტატმა დევის დორიმ მოსმენებზე იტალიის პარლამენტში, გასული წლის აპრილში.
არც დორიმ და არც ბონელიმ არ უპასუხეს ჩვენს შეტყობინებებს თხოვნით, გაეკეთებინათ დამატებითი კომენტარები.
უსის რუსეთში დაბრუნების დღეს, რუსეთის ტელეგრამარხი ВЧК-ОГПУ იტყობინებოდა, რომ მის გაქცევაში შესაძლოა, მონაწილეობას იღებდა იტალიური სპეცდანიშნულების სამსახურის ყოფილი ოფიცერი, რომელიც არანაკლებ ექვსი წელი ცხოვრობდა მოსკოვში და რუს ქალზე იყო დაქორწინებული. არხის მონაცემებით, უსმა ასევე გამოიყენა სხვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი.
უსის მამამ საჯაროდ გადაუხადა მადლობა პუტინს, თავისი ვაჟის სამშობლოში დაბრუნების გამო.
„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პრეზიდენტს“, - თქვა მან თავისი ვაჟის რუსეთში დაბრუნების შემდეგ. „ის არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელია, ის დიდი და ღია გულის მქონე ადამიანია“, - თქვა ალექსანდრ უსმა.
ამ მასალის მომზადებაში მონაწილეობდნენ რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის ბალკანური სამსახურის ჟურნალისტები მელიჰა კესმერი, დორუნტინა ბალიუ და ნატალია იოვანოვიჩი.