ინტერნეტში ნაპოვნი პირველივე ნომერი ავკრიფე და ვიკითხე: სამედიცინო საწოლებს თქვენ აქირავებთ? კი, მიპასუხა კაცის ხმამ, მექანიკური საწოლის ფასი თვეში 70 ლარია, ავტომატურის - 90, მოტანაც თუ გინდათ, 40 ლარი დაემატება... რამდენი ხნით გინდათ? პასუხი სწრაფად ვერ მოვიფიქრე და ცოტა ხნით გავჩერდი. რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ასე? კიდევ ერთ თვეს გავუძლებ? - გამიელვა თავში და ჩემივე ფიქრის შემრცხვა. საავადმყოფოდან დედაჩემის გამოყვანის და ჩემთან, სახლში მოყვანის დღიდან ჯერ სულ რამდენიმე უძილო ღამე იყო გასული. ერთი თვე მაინც - ვუპასუხე ბოლოს სამედიცინო საწოლების გამქირავებელს და მისამართი გამოვართვი, რომ საწოლები ადგილზე მენახა და იქვე ამერჩია.
ასე გადაიქცა იმ საღამოს ჩემი სახლის მისაღები ოთახი - პალატად, მე კი - ახლად დაბადებულ, აბსოლუტურად გამოუცდელ მომვლელად. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა თვეების განმავლობაში, ავადმყოფი, ასაკში მყოფი დედის მოვლა და რა სირთულეებს გადავაწყდებოდი მისი შინ მკურნალობის, ექიმების თუ დამხმარე ექთნის ძიების პროცესში.
ექვსი თვის თავზე, როცა დედა უკეთ გახდა და თავის სახლში დაბრუნება შეძლო, მივხვდი, რომ იმ თვეებში ჩემი ცხოვრება თითქოს გაჩერდა და მისი წასვლის შემდეგ თავიდან უნდა ჩამერთო. ახლა უკვე ისიც ვიცი, რას უნდა ველოდოთ შვილები მაშინ, თუ ჩვენი ასაკიანი მშობლები ავად გახდებიან და რამდენად რთულია ამ გზის გავლა საქართველოში, სადაც ოჯახების მხარდაჭერის სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს. ხოლო საავადმყოფოდან მშობლის გამოყვანის შემდეგ, მათი ზრუნვის პროცესში, დიდი ხნით რჩები მარტო. ეს სტატიაც ასეთ ამბებზეა.
როგორ გავხდი დედაჩემის დედა - ნინო ბაიდაურის ამბავი
ალბათ, ასეთი განცდა გაუჩნდებოდა ჩვენს ერთ-ერთ გმირს, ნინო ბაიდაურსაც, რომლის დედაც, დაახლოებით სამი თვის წინ, ინსულტის დიაგნოზით, ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციაში მოხვდა.
იქ მან ერთი თვე გაატარა. მას მერე, დღემდე, დედის შინ მოვლა ნინოს მთავარი საზრუნავია. შეცვლილი რეჟიმის გამო ნინო ვეღარ მუშაობს. მისი ცხოვრებიდან დროებით გაქრა საღამოობით მეგობრებთან შეხვედრებიც. სახლიდან გასვლას ახლა მხოლოდ რამდენიმე საათით ახერხებს, რომ სასწავლებელში ლექციებს დაესწროს და მერე ისევ სახლში გამოიქცეს. დილით დედისთვის საჭმელს ამზადებს და ტოვებს. მას მერე, რაც მუდმივი დამხმარე აღარ ჰყავს, დედა-შვილს მეზობელი ეხმარება. მომვლელის სრული დღით დაქირავება გაცილებით ძვირია.
- როგორც ყოველთვის, 11-ზე ავიდე, ხო? გასაღებს ართმევს ნინოს ქალი ქვედა სართულიდან - „ბლენდერის“ ხმა მესმოდა, დღესაც გველის გაპროტესტება?
- ყველაფერი გამზადებულია. კივი ცოტა მჟავეა, მაგრამ რა ვქნათ, უნდა ჭამოს. ვეცდები მალე დავბრუნდე.
ამ მოკლე დიალოგის მერე ნინო ავტობუსის გაჩერებისკენ მიდის.
Your browser doesn’t support HTML5
„დედაჩემის დედად ვიქეცი. ეს არ არის სასიამოვნო და სასურველი მდგომარეობა. ხან შენ ბრაზობ, ხან ის. ხშირად ღიზიანდები ასე როლშეცვლილი. მაგრამ მე ამ ამბავს იუმორით შევხედე, განსაკუთრებით მას მერე, რაც დედა მოკეთდა. როცა მეკითხებიან, როგორ ვარ, „ჩვენობითი“ ფორმით ვპასუხობ: არა გვიშავს, ვჭამეთ, ექიმი გვყავდა... ამ დროს კი, უბრალოდ, იმას მეკითხებიან, მე, მე როგორ ვარ“.
რაც დრო გადის, ნინოს სამეგობრო წრეში სულ უფრო მეტი მშობელი ხდება ავად - ასაკში შედიან. ნინოსაც უფიქრია, რომ ერთ დღეს მასაც მოუწევდა დედაზე ზრუნვა, მაგრამ არა ისე მოულოდნელად, როგორც ნოემბრის იმ დღეს, როცა აბაზანიდან ვარდნის ხმა მოესმა.
უსიტყვო შეთანხმება ჰქონდათ - დედა მხოლოდ მაშინ ბანაობდა ხოლმე, როცა ნინო სახლში იყო. დედას წნევა აწუხებდა და ფრთხილობდა. იმ დღეს, ნინო დაგეგმილ გადაღებაზე უნდა წასულიყო მარნეულში. გადაღება გადაიდო. ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, რაც ნინოს ცხოვრებაში მანამდე ხდებოდა. დედა სასწრაფომ წაიყვანა. მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.
ის დღეები უღრან ტყეში სიარულს ჰგავდა - ნინოსთვის ყველაფერი იყო ახალი. ეს სტრესი გაორმაგდა, როცა საავადმყოფოდან დედის გამოწერის დღე დადგა. მწოლიარე ადამიანზე ზრუნვის გამოცდილება არ ჰქონდა. როგორ უნდა მოევლო ინსულტიანი პაციენტისთვის? პირველი, რაც გააკეთა, რაღაც სააგენტოს ნომერზე დარეკა და მომვლელის მომსახურება ითხოვა. დამხმარე მათთან სამი კვირა დარჩა.
„დედა ჯერ ისევ ძალიან მძიმედ იყო. ეს დღეები უდიდესი შფოთვის და სტრესის ფონზე გადიოდა. რადგან მეტყველება დაერღვა, ხშირად ვერც მაგებინებდა რა უნდოდა. პანიკას და შიშს, საკუთარი თავის და ცხოვრების მიმართ ბრაზი ცვლიდა. ეს მე რატომ დამემართა? რა ვერ გავთვალე? როგორი შვილი ვიყავი და როგორი ვარ ახლა? ერთხელ, სახლში ახალი მოყვანილი მყავდა, ისიც ცუდად იყო, მეც - უძილო, ვერ ვიგებდი რა უნდოდა და გავუბრაზდი. მერე უკვე ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, რა უფლება მქონდა წყობიდან გამოვსულიყავი? მაგრამ ეს ახალი გამოცდილებაა. ჩვენ არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამას. ვის მივმართოთ დასახმარებლად“, - მიყვება ნინო და თან კვერცხს ხარშავს. დილის ცხრა საათია. თან დროს აკონტროლებს, რომ ლექციებზე არ დააგვიანოს. სწავლის დაწყება დედამისის რეანიმაციიდან სახლში გამოყვანას დაემთხვა.
ახლა მუშაობის დაწყება წარმოუდგენელია. დამატებით ამ პასუხისმგებლობას ჯერ ვერ აიღებს - რომ ვერ მოასწროს? მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
„უმუშევრობა და თან მშობლის მოვლა, ალბათ, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც რამე დანაზოგი აქვს, მაგრამ არ ვიცი, ვის აქვს დღეს ამ ქვეყანაში დანაზოგი? მაგრამ ფინანსებს რომც შევეშვათ, უფრო დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში მხარდაჭერის სისტემის არარსებობაა. როცა თავად გამიჭირდა, სოციალურ ქსელში ასაკიან მშობლებზე მზრუნველი შვილების მხარდამჭერი ერთი დახურული ჯგუფიც კი ვერ ვიპოვე. ავდექი და თავად შევქმენი, რომ ერთმანეთს მივხმარებოდით“.
ამ ჯგუფში დღეს სამასზე მეტი შვილია გაერთიანებული და მათი ყოველი მეორე პოსტი ასე იწყება: თქვენი დახმარება მჭირდება. სადმე ხომ არ გეგულებათ... ხომ ვერ მირჩევთ.
ყოველთვის ვერ, მაგრამ მშველელი მაინც გამოჩნდება ხოლმე.
+ წამლები, ჰიგიენური საშუალებები. სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები.
„თუ ეს თანხა არ გაქვს, ავადმყოფი განწირულია. არ ვიცი, რას აკეთებენ ასეთი ავადმყოფების პატრონები, როცა ისინი შინ მიჰყავთ... საკუთარი ძალებით ახერხებენ რამეს? მართლა ვერ ვხვდები. მე ამდენის გადახდა არ შემეძლო და სხვა გზების ძიება დავიწყე“, - მითხრა კატო მახარაშვილმა მას მერე, რაც მის მიერ მოძიებული, შინ მოვლისთვის საჭირო დანახარჯების ეს სია გამიზიარა.
ამ ინფორმაციის მოძებნა კატოს მამის ავადმყოფობის გამო დასჭირდა, რომელიც დღე-დღეზე უნდა გამოიყვანოს რეანიმაციიდან, სადაც ის ასევე ინსულტის დიაგნოზით მოხვდა.
“ახლა ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია” - კატო მახარაშვილის და მისი მამის ამბავი
კატო მახარაშვილმა ჯერ ზუსტად არ იცის, რა ელის, როცა მამას სახლში წამოიყვანს, რა სირთულეები შეხვდება, მაგრამ ბოლო ერთმა თვემ მასაც დაანახვა, რომ ახლა ყველაფერზე მან უნდა იზრუნოს.
ეს პირველად მაშინ გაიაზრა, როცა მას, როგორც ერთადერთ შვილს, ექიმმა, მამისთვის ოპერაციის გაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება სთხოვა. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა, გარანტია არ არსებობდა, მაგრამ კატომ იფიქრა, რომ ყველაზე ცუდი უკვე მოხდა და ყველა შანსი უნდა გამოეყენებინა. მამა გადარჩა. მაგრამ მერე დაიწყო საჭირო სერვისების, სარეაბილიტაციო ცენტრების თუ დამხმარეების გაუთავებელი ძებნის პროცესი.
Your browser doesn’t support HTML5
თითქოს გუგლის საძიებო სისტემაში ყველაფრის პოვნა შეიძლებოდა. იწყებდა რეკვას, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას ვერსად ვერ იღებდა. ზოგან დაზუსტებულ ფასებს ვერ ეუბნებოდნენ, რადგან ფორმა #100 - ჯანმრთელობის ცნობა სჭირდებოდათ, მამა კი ჯერ საავადმყოფოდან გამოწერილი არ იყო. ზოგ სარეაბილიტაცო ცენტრში სტაციონარი არ გააჩნდათ - პაციენტს იქ თავისი ფეხით უნდა ევლო, რაც გამორიცხული იყო. სადაც ეს შესაძლებლობა არსებობს, იქ მომსახურება იყო, კატოს თქმით, შეუძლებლად ძვირი. უნდა გაერკვია, რამდენად კვალიფიციური იყო მომვლელი, იქნებ ექთნის დაქირავება სჯობდა?
„თავში ახლაც ათასი კითხვა მიტრიალებს. გამოსავლად „სახლის პალატა“ მრჩება, სადაც უნდა მქონდეს სამედიცინო საწოლი, ჟანგბადის ბალონი, უნდა მყავდეს მომვლელი, დროდადრო დამჭირდება ექთანი, ფიზიოთერაპევტი. მაგრამ ეს ცოტა მერე - ახლა ვერც მე და ვერც დედაჩემი, სანამ რამეს არ ვისწავლით, მამას შინ ვერ მოვუვლით. ისიც მაღელვებს, ჩემს პატარა ბინაში ამ პალატის მოწყობას როგორ მოვახერხებ. რაიონში რომ წავიყვანო, სადაც მამა და დედა ცხოვრობენ, ვაითუ, ისევ რამე დასჭირდეს და აქ დროულად ჩამოყვანა ვერ მოვასწრო და ვერ უშველონ?“
კატო მიყვება, რომ ბოლოს ერთი ცენტრი იპოვა, სადაც სახლში წაყვანამდე მამას შედარებით შეღავათიან ფასად მოუვლიან და რეანიმაციიდან პირდაპირ სახლში არ აღმოჩნდება.
„ეს დღეები სულ მეფიქრება, რა იქნება, არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი სერვისი, რაც ჩვენი, შვილების საქმეს ოდნავ მაინც შეამსუბუქებს... ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამაც დააანონსა, თქვეს, რომ თავის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტების რეაბილიტაცია დაფინანსდებოდა. მაგრამ მერე გვიგე, რომ იქ მხოლოდ მათი დახმარება შეუძლიათ, ვინც ფეხზე დადის. ვინც წევს - მისთვის საშველი არ არის და ჩვენ, მათზე მზრუნველები, ისევ მარტოები ვრჩებით. რატომ არ შეიძლებოდა, ამ პროგრამაში, თუნდაც რეაბილიტოლოგის ანაზღაურების ნაწილი დაეფინანსებინათ ან სამედიცინო საწოლის მოძიების და შეღავათიან ფასად დაქირავების რაიმე ფონდი არსებობდეს?“ - მეუბნება კატო მახარაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ამ პროგრამის იმედი, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა, ნინო ბაიდაურსაც ჰქონდა - ითქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სრულად დააფინანსებდა ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაციას.
თუმცა, ნინომაც, კატომაც და სხვა მწოლიარე მშობლების შვილებმაც მალე გაიგეს, რომ ეს არის ამბულატორიული მომსახურება და პროგრამა ემსახურება პაციენტებს, რომლებიც თავის ფეხით, ეტლით ან როლეიტერით შეძლებენ კლინიკაში მისვლას, იქ ივარჯიშებენ და შინ დაბრუნდებიან. ეს პროგრამა არ არის გათვალისწინებული იმ პაციენტებზე, ვინც ჯერ კიდევ მწოლიარეა და სასიცოცხლოდ სჭირდება რეაბილიტაცია.
ნინო ბაიდაური წერდა კიდეც ამ კლინიკაში ერთ-ერთ ნევროპათოლოგთან შეხვედრის შემდეგ, როგორ მოუწია ექიმს მისთვის იმის თქმა, რომ ეს პროგრამა არ იყო მისი დედისთვის განკუთვნილი და უკეთესად რომ გახდებოდა, მერე მისულიყო.
„რას გვეუბნებით რთულ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს? რომ ჩვენთვის ჯერ არ გცალიათ? ჩვენთვის ბიუჯეტი არ გეყოთ? ნება? ლოგიკა? რომელი? იქნებ რამე სხვა?“ - წერდა ნინო თავის საჯარო პოსტში.
რადიო თავისუფლებიდან ჯანდაცვის სამინისტროში რომ დავრეკეთ და ამ კითხვაზე პასუხი მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ დადგენილებაში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ მძიმე პაციენტების მკურნალობაზე რაიმე შეზღუდვა არსებობს და რომ ეს პროგრამა ასე არ ყოფს პაციენტებს. თუმცა იქვე გვითხრეს ისიც, რომ „ინფრასტრუქტურა კლინიკაშია მოწყობილი და იქ მისვლაა საჭირო“.
რა ხდება მაშინ, თუ პაციენტი ჯერ თავად ვერ გადაადგილდება? ვიკითხეთ ჩვენ.
გვიპასუხეს, რომ მაშინ ის ვინმემ უნდა მიიყვანოს ადგილზე.
ხანდაზმულების ადგილი აქ არ არის - სოფია ნიაურის და მისი პაპის ამბავი
სოფია ნიაურს არასოდეს დაავიწყდება თავისი ერთ-ერთი მეგობრის სიტყვები, როდესაც ექიმმა ხელში მამაჩემის დიაგნოზი მომცა, მაშინ მივხვდი, როგორ შეიცვალა ჩვენი როლები და ჩემი მშობლის მშობელი გავხდიო.
ეს წუთები ყველას ცხოვრებაში შეიძლება დადგეს და მტკივნეულ გამოცდილებად იქცეს.
„განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება ვერც გაიგონ ბოლომდე ჩვენი ტკივილი. რას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება უნდა შეცვალო იმიტომ, რომ შენს მშობელს ასე სჭირდება და ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უწყობს ხელს ადამიანებს იმაში, რომ გარკვეული ასაკის მერე თავი ამ ქვეყნის და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნონ. შენ, შვილი ხარ იძულებული, ყველაფერი საკუთარ თავზე იტვირთო, რადგან ასაკში მყოფი მშობლებისათვის წარმოუდგენელია ამ ყველაფერთან გამკლავება ტექნიკური, ფინანსური და მორალური თვალსაზრისით. ეს ქვეყანა ჩვენს ხანდაზმულ მშობლებს მინიმალურ კომფორტს არ უქმნის, ღირსეულად იმკურნალონ“.
სოფია თავის გამზრდელ პაპას უვლიდა, რომელსაც ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი მკურნალობის და შემდეგ მოვლის პერიოდში სოფიას ოჯახიც არაერთ პრობლემას წააწყდა, მაგრამ დღეს ყველაზე უსიამოვნოდ მაინც გარკვეულ ასაკს მიღწეული ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება ახსენდება: ყველა, გარშემომყოფებიც და ექიმებიც, პირდაპირ და ირიბად მიანიშნებდა, რომ 77 წლის ადამიანმა „უკვე საკმარისად იცხოვრა და ბევრი არ უნდა ენერვიულა“.
სოფია იხსენებს, რომ მისი ოჯახისთვის პაპის მოვლისას საბრძოლველი იყო ყველაფერი - პაციენტის კლინიკამდე უსაფრთხოდ მიყვანიდან მისთვის ეტლის შოვნამდე. იხარჯება არა მხოლოდ შენი ნერვები, არამედ ყველანაირი დანაზოგი, რომ შენს ახლობელს მინიმალური მაინც გაუკეთო.
„მაქსიმუმი, რაც შეგიძლია საქართველოში ქნა, ფეისბუკში საქველმოქმედო კამპანიის წამოწყება და ამ გზით თანხის შეგროვებააა. ან ბინის გაყიდვა, ან სესხის აღება. სხვანაირად აქ კარგი მკურნალობა წარმოუდგენელია. როცა ყველაზე რთული დღეები გიდგას, გიწევს, ამ სახელმწიფო სისტემას ძალით გამოწიწკნო შენი საყვარელი ადამიანის სიცოცხლის ყოველი დღე. და ეს, ცხადია, არის ჩვენი, შვილების საზრუნავი“.
„გადაწვის მომენტი“
უჩა ვახანიამ, რომელიც არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა „შინმოვლა საქართველოში“ და წლებია მუშაობს ხანდაზმულთა უფლებების საკითხზე, რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ მდგომარეობაში მიდიან მათთან შვილები, რომლებსაც მძიმე ავადმყოფი მშობლების მოვლა უწევთ.
ეს არის სასოწარკვეთილი ხალხი, დაღლისგან „გადამწვარი“, განსაკუთრებით დემენციის დიაგნოზის მქონე ხანდაზმულების შვილები და ისინი საშველს ეძებენ, რადგან, როგორც უჩა ვახანია გვეუბნება, საქართველოში დღემდე არ არსებობს არც ხანდაზმულთა დღის ცენტრის სახელმწიფო პროგრამა, არც შინ მოვლის სახელმწიფო პროგრამა.
„მოდიან, აი, აქ სხდებიან და რაღაც მომენტში ტირილი უტყდებათ. ეს არის ე.წ. გადაწვის მომენტი“.
უჩა ვახანია გვიყვება, რომ, როგორც წესი, მშობლების „არაფორმალური მომვლელები“ მაინც მათი შვილები ხდებიან, მეტწილად, ქალიშვილები და ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ხანგრძლივი მოვლა, როგორც წესი, 5-7 წელი გრძელდება და ემთხვევა ამ ქალების ფერტილურად თუ კარიერულად ყველაზე აქტიურ პერიოდს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან მშობლებს და ეს, ქვეყნისთვის, თუ მომავალშიც გავიხედავთ, გაცილებით დიდი დანაკარგია, ვიდრე მოვლის სისტემაში ჩადებული ფული.
„მოვლის სისტემის არარსებობა რომ ცალკე მძიმე ტვირთად აწვება საყოველთაო ჯანდაცვას, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა“, - გვითხრა უჩა ვახანიამ, რომელსაც ხანდაზმულთა სახლ „თაობაში“ შევხვდით.
„თაობა“ ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელი სახლებიდან, სადაც ავადმყოფი მშობლები მიყავთ. ამ სახლს 15 ხანდაზმულზე ზრუნვა შეუძლია. თუმცა, უჩა ვახანიამ ისიც გვითხრა, რომ უმრავლესობას ძალიან უჭირს მოვლის საფასურის, დღეში 70 და თვეში 2100 ლარის გადახდა.
პირადი სივრცე - თეა ნიკობაძის და მისი მშობლების ამბავი
„საქართველოში რატომღაც ოჯახის ხანდაზმული წევრის ავადმყოფობაზე ლაპარაკს ერიდებიან ხოლმე, მით უფრო, თუ საქმე დემენციას ან სხვა რომელიმე ნეიროდეგენერაციულ დაავადებას ეხება (ბევრში ასეთი დიაგნოზი ხშირად ფსევდოსიბრალულნარევ რეაქციას იწვევს - „უი, ურევს, არანორმალურია საწყალი“)“, - ასე დაიწყო ჩემთან საუბარი ჩემმა ბოლო რესპონდენტმა თეა ნიკობაძემ და თავისი ვარაუდიც გამიზიარა, რომ სტერეოტიპები და ამ საკითხზე დადებული ტაბუ, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში ხანდაზმული პაციენტებისთვის სათანადო სამედიცინო სტრუქტურები ფაქტობრივად არ არსებობს. სახელმწიფოსთვის ასეთი პაციენტები „ჩამოწერილი“ ადამიანები არიან.
„შენ კი, ასეთი პრობლემების პირისპირ შენიანების ამარა და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად რჩები... მაგრამ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან შვილები სამნი ვართ, დები“, - გვიყვება თეა.
კიდევ უფრო გიმართლებს, თუ უფროსი და ექიმი-რეანიმატოლოგია და ოჯახის წევრების ავადმყოფობის მართვა და სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება მას აბარია - ასე იყო თეას ოჯახის შემთხვევაშიც.
ავადმყოფ მშობელზე ზრუნვის გამოცდილება მათ პირველად 2018-ში მიიღეს, როცა 86 წლის მამას ინსულტი დაემართა, 2,5 თვე საავადმყოფოში გაატარა და მერე - 3 თვე სახლში.
მამის სახლში დაბრუნება თეას და მისი დების გააზრებული არჩევანი იყო:
„ჯერ ერთი, თავიდან თითქოს „უპერსპექტივო და უიმედო პაციენტად“ არ ითვლებოდა, მეორეც - კი, მართალია, სახლში მოვლა ძალიან ძნელია, ხანდახან შეუძლებელიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ საავადმყოფოში, თუნდაც საუკეთესო სამედიცინო პირობებში ყოფნას, სახლში დაბრუნება ჯობია. მე პირადად, ავადმყოფობაც და სიკვდილიც ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი, მაგრამ სრულიად უცხო ექთან-ექიმების ხელში კი არა, ჩემიანების გვერდით, საკუთარ ოთახში მერჩივნებოდა. ჰო, მამას ამბავი ასე დამთავრდა“, - ჰყვება თეა.
მაგრამ იმ თვეებში სახლი რეანიმაციულ განყოფილებად იყო ქცეული. ზონდი და კათეტერი, ჟანგბადის აპარატი და ფილტვებიდან სითხის საქაჩი იქირავეს. გამოყენებაც აითვისეს. სამედიცინო საწოლი იყიდეს... ეს საწოლი მერე მათ რამდენიმე მეგობარსაც გამოადგა, თუმცა ბოლოს ისევ მათ სახლში დაბრუნდა, როცა უკვე დედა გაუხდათ ავად, შარშან, ზაფხულში.
„დედას შემთხვევაში იღბლიანები აღმოვჩნდით - ხუთი თვე გავიდა და ახლა დედა ნელ-ნელა თავიდან ეჩვევა სიარულს. გონებითაც ძველებურ დედაჩვენს ემსგავსება. მთავარია, რომ შვილებს გვცნობს და სახლში ყოფნა უხარია. სულ იმას გვიმეორებს, რომ მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ყველაზე მეტად ის აწუხებს და ერიდება, რომ თვითკმარი აღარაა და საკუთარი თავის მოვლა არ გამოსდის. და კიდევ, ძალიან ღელავს ჩვენზე და განიცდის, რომ შვილებს ცხოვრება ასე შეგვეცვალა“.
როცა დედა ავად გახდა, თეასაც, სხვა შვილების მსგავსად, ჰქონდა განცდა, რომ ცხოვრება თავდაყირა დადგა და ამ ამბავს ჰქონდა რამდენიმე ასპექტი:
ემოციური: მანამდე აქტიური მშობლის წვალების და უმწეობის დანახვა ძალიან გტკივა და თან იაზრებ, რომ ძველებურად აღარაფერი აღარ იქნება. იმასაც ხვდები, რომ თუ გინდა, მშობელი დიდხანს გყავდეს - ამ ყველაფრის გადატანა ამ ბუნებრივი სურვილის ბუნებრივი საფასურია.
მორალური: ხვდები, რომ ყველაფერი სცადე, შესაძლებელი და ხანდახან შეუძლებელიც, მაგრამ მაინც არ გამოვიდა. და რა დროც არ უნდა გავიდეს, შენ მაინც სულ საკუთარ სინდისში იქექები, ფიქრობ, რომ რაღაცა დააკელი, გამოგეპარა, ვერ შეძელი, სადღაც შეცდი, გამოსავალი უნდა გეპოვა და ვერ იპოვე. და ბრაზობ, ბრაზობ საკუთარ უუნარობაზე.
„ტექნიკური“ პრობლემები: რომელთა მოგვარებაზე ოჯახის ყველა რესურსი მიდის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური, ფინანსური, ყველანაირი.
და ეს პრობლემები, როგორც თეა ნიკობაძე ამობს, ზუსტად იგივეა, რაც ხუთი წლის წინ იყო.
„2018 წელს თბილისში ორად-ორი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობდა ინსულტგადატანილი პაციენტებისთვის, ოღონდ ორივე ამბულატორიული პრინციპით მუშაობდა: „მოიყვანეთ რამდენიმე საათით და საჭირო პროცედურებს აქ ჩავუტარებთ“ (რაც, ცხადია, გამორიცხული იყო - გასაგებია, ინსულტიანი პაციენტის წაყვან-წამოყვანა რა რისკებთანაა დაკავშირებული, ტრანსპორტირების სირთულეზე რომ არაფერი ვთქვათ). ამ მხრივ ახლაც ბევრი არაფერი შეცვლილა - ამასობაში თბილისს რამდენიმე კლინიკა კი შეემატა, მაგრამ მუშაობის პრინციპი იგივეა და, შესაბამისად, ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფებისთვის სრულიად გამოუსადეგარი. მაშინდელსა და ახლანდელს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა მეტი ინტერნეტრესურსი არსებობს, რომ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტა იპოვო - აპარატურის ქირაობით დაწყებული, ექთან-მომვლელის მოძიებით დამთავრებული“.
სახლში დამხმარე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი კიდევ ცალკე დიდი თემაა, თუმცა თეა მაინც გვიზიარებს ერთ, მისი თქმით, არაუმნიშვნელო დეტალს - ვისაც უცხო ადამიანთან ერთ სივრცეში ცხოვრება არ გამოუცდია, ალბათ ბოლომდე ვერ გაიგებს, რამდენად ძირფესვიანად იცვლება ყველაფერი მაშინ, როცა პირად სივრცეს ემშვიდობები.
ასევე ნახეთ წაიყვანდი მშობელს ხანდაზმულთა სახლში? - თუ საქართველოში მოხუცდი...