როგორ გადაწყდება „ჭიათურლობისთვის“ ჩამოყვანილი რვა თვის მაკაკების ბედი?

მაკაკები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ვოლიერში

ოთხი პრიმატი, მაკაკის გვარის ოთხი მაიმუნი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოში, სავარაუდოდ, „ჭიათურლობისთვის“, 2022 წლის შემოდგომისთვის ჩამოიყვანა. ამჟამად მაკაკები რვა თვისანი არიან და ჭიათურის ცენტრში, ე.წ. „გედების ტბასთან“ აგებულ 20 კვადრატულ მეტრ ვოლიერში ცხოვრობენ.

ცნობა, ჭიათურაში მაკაკების ვოლიერში შესახლების შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 16 იანვარს დაიწყო საკითხის მოკვლევა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვეს, თუმცა, როგორც უწყების პრეს-სამსახურში, 18 იანვარს უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ დრომდე მათ ამ საკითხთან დაკავშირებით „სიახლე არ აქვთ“.

მაკაკები 2022 წლის მაისში დაიბადნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის ცხოველების მომვლელი თეა შეყილაძე.

სწორედ მასთან გადაგვამისამართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პიარ-სამსახურის თანამშრომელმა, მარიკა ხვედელიძემ, რომელმაც გვითხრა, რომ მაკაკების კვებისა თუ მოვლა-პატრონობის შესახებ კონსულტაციას მერია სწორედ თეა შეყილაძისგან იღებდა.

როგორც თეა შეყილაძე გვიხსნის, ის არ არის ვეტერინარი, არის ცხოველების მომვლელი, „შეხება აქვს ცხოველებთან ძალიან დიდი ხანია, თუმცა, ამ შემთხვევაში, არ დაკონკრეტდება, საიდან“. ამბობს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ოფიციალურად არ თანამშრომლობს და მხოლოდ „ადამიანური“ თვალსაზრისით უწევს მათ კონსულტაციას.

მაკაკები ვოლიერში, ჭიათურა

თეა შეყილაძე გვიყვება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდნენ, სანამ პრიმატებს საქართველოში ჩამოიყვანდნენ და კონსულტაციის გაწევა სთხოვეს:

„როგორც მახსოვს, მაიმუნები ჭიათურლობისთვის ჩამოიყვანეს. მე გავუწიე რეკომენდაცია რაღაც საკითხებთან, რაც საჭირო იყო, რომ ამეხსნა. მე მხოლოდ ვუწევ რეკომენდაციას კვების მხრივ, მუნიციპალიტეტთან ოფიციალურად არ ვმუშაობ, ადამიანური მომენტია, რაკი მაქვს შეხება ცხოველებთან, მათაც ვუწევ რეკომენდაციას ამ მხრივ. ყველაფერს სწორად აკეთებენ და იცავენ. აი, მაგალითად, როდესაც ჩამოიყვანეს, 10 დღის განმავლობაში არ გამოუყვანიათ გარეთ. მხოლოდ მომვლელი შედიოდა, ჰყავდათ დათბილულ ოთახში, სადაც აჭმევდნენ. 10 დღის შემდეგ დაიწყეს გარეთ გამოყვანა, რომ აღექვათ გარემო და არ ჰქონოდათ ადამიანების შიში. მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად იზრუნა ამ საკითხზე. რეკომენდაცია ჯერ კიდევ მაშინ მთხოვეს, სანამ შემოიყვანდნენ. წინასწარ გაეცნენ საკითხებს, როგორ უნდა გამოეკვებათ ცხოველები და ასე შემდეგ. ახლაც პერიოდულად მიკავშირდებიან, ვიძიებთ ინტერნეტიდან ინფორმაციას და ისედაც, პრაქტიკიდან გამომდინარე, და ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს სტანდარტების სრული დაცვით“.

როგორც თეა შეყილაძე გვეუბნება, ვოლიერი, სადაც დღეს რვა თვის ოთხი მაკაკა ცხოვრობს, შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც მათი მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის არის საჭირო:

მაკაკებისთვის განკუთვნილი ვოლიერი ჭიათურაში

„ვოლიერთან დაკავშირებით მე კონსულტაცია არ მიმიცია. მე არ მეხებოდა, მაგრამ ვიცი, რომ შეესაბამება ნორმებს, ჰერმეტული შუშებია, გამათბობელია დამონტაჟებული და მომავალში, როდესაც მაიმუნები გაიზრდებიან, ეს ვოლიერი უნდა გაფართოვდეს. თუმცა, ჯერჯერობით მაიმუნები არიან გარემოს შეჩვევის პროცესში და ის კონსტრუქცია, სადაც ცხოვრობენ, სტანდარტებს შეესაბამება. ვოლიერის გაზრდა იგეგმება. ახლა, რაც არის ამ ეტაპზე, ყველაფერი კარგად არის. ყველა საჭირო ინვენტარი, რომ მაიმუნმა ენერგია დახარჯოს, ხტუნვისთვის, მოძრაობისთვის და ა.შ, იქ არის“.

ვოლიერის გამათბობელი

რაც შეეხება პრიმატების ჭიათურაში ჩაყვანის მიზანს, თეა შეყილაძე ამბობს, რომ ეს მიზანი „ბავშვებს უკავშირდება“:

„როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ თბილისის ზოოპარკში წაიყვანოს ბავშვი და აჩვენოს, ნახავს ადგილზე. ცხოველების ჩამოყვანის მიზანი იყო ის, რომ ბავშვებმა ელემენტარულად ნახონ ცხოველები“.

გარდა პრიმატებისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შეძენილი ჰყავს ორი ენოტიც. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უდასტურებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მარიკა ხვედელიძე:

„ეს არის მინი ზოოპარკი. ყველა პირობა აქვთ შექმნილი ცხოველებს. სხვა ცხოველებსაც შემოიყვანენ თუ არა, არ ვიცი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. დამატებითი კითხვებისთვის წერილი უნდა მოიწეროთ“.

კითხვები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას

  • რომელი ქვეყნიდან ჩამოიყვანა ჭიათურის მუნიციპალიტეტმა პრიმატები (მაკაკები)?
  • რა ფასად შეიძინეს?
  • რა მიზნით და როდის?
  • რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა შეძენილი ცხოველები?
  • მათი შეძენის, ვოლიერის მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში?
  • თუკი ეს თანხა არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, საიდან დაფინანსდა მათი შეძენა, მოვლა-პატრონობა?
  • იგეგმება თუ არა სხვა ცხოველების შეძენა?
  • რა ფუნქციას ატარებს ტერიტორია, სადაც ვოლიერებია მოწყობილი და გეგმავს თუ არა ჭიათურის მუნიციპალიტეტი ზოოპარკის მოწყობას?

რადიო თავისუფლების ამ კითხვებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ე.წ. ზეპირი ფორმით არ პასუხობს. მერიამ ამ კითხვებზე საპასუხოდ ოფიციალური წერილის მიწერა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესის დაცვა მოითხოვა. ამ კითხვებზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში, ათ სამუშაო დღეში უნდა მივიღოთ.

სავარაუდოდ, ამდაგვარ კითხვებზე უნდა გასცეს ჭიათურის მერიამ პასუხი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც. უწყებამ შესაბამისი დოკუმენტაცია მერიისგან 16 იანვარს გამოითხოვა, თუმცა, ეს დოკუმენტაცია მათგან ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„შორიდან და ფრაგმენტულად ძნელია მაკაკების მდგომარეობის შეფასება“

თბილისის ზოოპარკის დირექტორისთვის, ზურაბ გურიელიძისთვის, უცნობია, როგორ და საიდან აღმოჩნდნენ მაკაკები ჭიათურაში. ცნობა მაიმუნების შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო. ფოტოებიცა და ინფორმაციაც მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ სოციალურ ქსელში ნახა.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, დისტანციურ რეჟიმში იმის შეფასება, თუ როგორ პირობებში არიან მაკაკები, რთულია. ამის საშუალებას არ იძლევა ის ფრაგმენტული ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით, მხოლოდ ის ვოლიერი, რომელშიც მაკაკები დღეს იმყოფებიან, მათთვის საკმარისი არ არის, რადგან მაკაკის სახეობის მაიმუნები, რომლებიც მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მოვლა-პატრონობის განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარებიან:

ზურაბ გურიელიძე

„რეალურად, მე არ ვიცი, რა პირობებში არიან ისინი, მე მხოლოდ ვნახე რამდენიმე ფოტოს ფრაგმენტი. მაკაკებს უნდა ჰქონდეთ ორი, ე.წ. გარეთა, ღია ვოლიერი და მეორე შიდა ვოლიერი, რომელიც უნდა იყოს შემოსაზღვრული და თბილი. გარეთა ვოლიერს გათბობა არ სჭირდება. ის ფართობი, 20 კვადრატული მეტრი, რაზეც საუბრობენ ჭიათურის მერიაში, დახურული ვოლიერისათვის საკმარისია, თუმცა მარტო ეს ერთი ვოლიერი ნამდვილად არ არის საკმარისი. ზოოპარკების საერთაშორისო ასოციაციის სტრატეგიაა, რომ არ შეიძლება ცხოველი გყავდეს მხოლოდ გართობის მიზნით. მას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. მით უმეტეს, ისეთ ინტელექტუალურ ცხოველს, როგორებიც არიან მაკაკები. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და მათთვის შეუსაბამო პირობებში ყოფნა გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა ცხოველისთვის. მათ სჭირდებათ მოვლისა და საკვების მიცემის განსაკუთრებული რეჟიმი. როგორ უვლიან და რა რეკომენდაციები იყო მათ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ვიცი“.

ზურაბ გურიელიძის თქმითვე, პრიმატების მკურნალობისა და მოვლა-პატრონობის პროცესში, ხშირად მხოლოდ ვეტერინარის კომპეტენცია არ არის საკმარისი:

„მაიმუნების შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მეტად კომპეტენტური იყოს ექიმი, ვიდრე მაგალითად, რიგითი ვეტ-ექიმი, რომელსაც მაიმუნებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. ვეტ-ექიმს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მაიმუნებთან მუშაობის. მე არ მაქვს ინფორმაცია, ვინ იყო ის ხალხი, რომლებმაც კონსულტაცია გასწიეს“.

როგორც ზოოპარკის დირექტორი გვიხსნის, ასევე განსაკუთრებული მოთხოვნები და რეგულაციები არსებობს მაკაკების ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისითაც, რადგან მაკაკები ხშირად სამედიცინო ცდების მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, მათი ტრანსპორტირების რეგულაციები, გაცილებით მკაცრ მოთხოვნებს აწესებს:

„მაკაკებს ხშირად გამოიყენებენ სამედიცინო მიზნებისთვის, იგულისხმება პრეპარატების გამოცდა, სხვადასხვა დაავადების შესწავლა, ხშირად, სწორედ მათზე ხდება გამოცდა და ამიტომ მაკაკების გადაყვანა კიდევ უფრო მეტ რეგულაციას ექვემდებარება. ძალიან ბევრი ავიაკომპანია საერთოდ უარს ამბობს მათ ტრანსპორტირებაზე“.

რას გვეუბნება კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“?

საქართველოში ცხოველების შემოყვანისა თუ გაყვანის, მოვლა-პატრონობისა და მათი დაცვის წესებს არეგულირებს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“.

ამ კანონის 21-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაშვებულია ეგზოტიკური ცხოველების ყოლა, თუ:

  • ამ პირებს აქვთ გარეული ცხოველების შენახვის სათანადო პირობები;
  • ეს გარეული ცხოველები საფრთხეს არ უქმნიან გარშემო მყოფთ;
  • ეს გარეული ცხოველები შემოყვანილია ამ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

ანუ, ეგზოტიკური ცხოველის ყოლა დასაშვებია, თუკი ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას; ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით; ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი; სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები; სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება, რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე.