როგორ გადაწვა მხედრიონმა დარჩელი და რას ჰყვებიან სოფელში დღეს

1993 წლის 16 ნოემბერს სამეგრელოში 27 სახლი ერთმანეთის მიყოლებით გადაწვეს. ამ დანაშაულისთვის მოგვიანებითმხედრიონსბრალი წაუყენეს, თუმცა სახელმწიფოს მოსახლეობისთვის ზარალი სრულად არ აუნაზღაურებია.

ორიოდე თვეა, რაც ახალკახათის მკვიდრი ვალერი კუკავა ფანერის სამზადიდან ახალ, ბლოკით ნაგებ სახლში გადავიდა, იქაც ჯერ მხოლოდ ორი ოთახი აქვს მოწყობილი. ძველი სახლი 29 წლის წინ დაუწვეს. 17 ათასი ლარი, რომელიც ამ სახლის სანაცვლოდ სახელმწიფომ მისცა, ბევრს ვერაფერს ეყო.

16 ნოემბერი და ველოსიპედიანი ბიჭი მოსახვევიდან

სოფლები დარჩელი და ახალკახათი აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვართანაა. 2014 წლის აღწერით, ორივე სოფელში ერთად 4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 1993 წლის ნოემბერში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქ უამრავი დევნილი იყო. შეიარაღებული დაჯგუფებები იმდროინდელი განუკითხაობით სარგებლობდნენ.

არეული იყო ქვეყანა, „მხედრიონიძარცვავდა ყველაფერს. კარადაში გამოსაჩენ ადგილზე ოქროს ბეჭდები დავდეთ, თუ შემოვლენ, უცებ ნახავენ და აღარ გვაწვალებენ-მეთქი. ბავშვები მყავდა, მეშინოდა“, - იხსენებს ვალერი კუკავა.

ვალერი კუკავა ახალ სახლს 29 წელი აშენებდა.

დარჩელსა და ახალკახათში ჰყვებიან, რომ „მხედრიონი“ სახლიდან სახლში დადიოდა, რაც მოეწონებოდათ, ყველაფერი მიჰქონდათ. წინააღმდეგობის გამწევი არავინ იყო, სანამ მათ 16 ნოემბერს ახალკახათში არ „დახვდნენ“. ადგილობრივები გადაჭრით დღემდე ვერ ამბობენ, ვინ დაესხა თავს „მხედრიონელებს“, ე.წ. ზვიადისტები თუ კიდევ ვინმე სხვა.

დადიოდნენ, რაღაც-რაღაცეები გაჰქონდათ, წინააღმდეგობას ვინ გაუწევდა?! წინა სახლიდან შარვალ-კოსტიუმი წაიღეს, ჩვენგან მამაჩემის ძველი თოფი, რელიკვიად მქონდა შენახული, ათჯერ რომ გამოგეკრა სასხლეტი, ერთხელ არ გავარდებოდა. მერე სხვა ოჯახებისკენ წავიდნენ და ამ დროს ამბავი მოვიდა, უნდა დახვდნენ ამათო. ამბად გავიგეთ, თორემ ვინ დახვდა, რა დახვდა, თვალით არ გვინახავს. პატარა ბიჭმა გამოიარა მოსახვევში ველოსიპედით, აი, ახლა ააფეთქებენო, დაიძახა. გაიარა ამ ბავშვმა და მართლაც დაიქცა ქვეყანა, ააფეთქეს ორი მანქანა“, - ჰყვება სვეტლანა ჯიქია, რომელიც ახლაც დარჩელში ცხოვრობს.

ორი „მხედრიონელი“ მანქანაშივე დაიწვა, ერთი დაჭრეს.

ერთი საათი მაინც ისროდნენ. რომ მორჩა სროლა და გამოვედით... ღმერთმა არ ქნას, კიდევ ვინმემ ნახოს, რაც აქ ვნახეთ - დამწვარი მხედრიონელები“. ერთი გადარჩა და ტყვედ აიყვანეს. ქართველმა ქართველი აიყვანა ტყვედ. მოკვლას უპირებდნენ და მართალი გითხრათ, მე გადავარჩინე, - იხსენებს ვალერი კუკავა, - სასამართლოზეც ვუთხარი მერე, მე გადაგარჩინე და სახლი გადამიწვი-მეთქი? გადამეხვია, ბოდიშები მიხადა“.

თავდასხმის ამბავი ზუგდიდამდე, „მხედრიონელების“ შტაბამდე ჩავიდა. ზუგიდიდან ახალკახათამდე თხუთმეტი წუთის სავალია.

მოცვივდნენ. ჟიგულიდან ქალი გადმოვიდა იარაღით. არ ვიცი, ვინ იყო. მანქანაში ჩამწვარი მხედრიონელი“ რომ დაინახეს, გაგიჟდნენ, დაიწყეს სროლა“, - ჰყვება ახალკახათის მკვიდრი ვენგერი აბსანძე. აქაურები იხსენებენ, რომ მაშინ ზუგდიდან ასამდე შეიარაღებული კაცი ამოვიდა. იმ ადგილიდან დაიწყეს და ახალკახათსა და დარჩელში 27 სახლი გადაწვეს. დაწვამდე სოფელი გაძარცვეს. ხელის შემშლელი ისევ არავინ დახვდათ. შეშინებულმა მოსახლეობამ თავს გაქცევით უშველა. ზოგი ჩაიში იმალებოდა, ზოგი ტყეში, ზოგი კი ათი კილომეტრის იქით თხრილში იყო ჩაწოლილი.

რა წაიღეს, ისიც არ ვიცი. რომ მოვედი, სახლი უკვე დამწვარი იყო. ჩემი შვილების ბავშვობის ფოტოებიც კი არა მაქვს. რვაოთახიანი ბეტონის სახლი მედგა, შიგნით ხით გაწყობილი. ღამითაც მესიზმრება ის სახლი. მეტირება, რომ ვიხსენებ. ხანდახან ინტერნეტში დებენ იმ დღის ვიდეოს და ვწერ ხოლმე, მეორედ არ დადოთ-მეთქი.

ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანა უნდოდათ, რომ ვერ გამოიყვანეს, ესროლეს. ნატყვიარი ახლაც ამჩნევია კედელს. მერე ჩემი შვილის ველოსიპედი წაიღეს. რად უნდოდათ ველოსიპედი, ბეტეერებით დადიოდნენ?!

ვალერი კუკავა ნატყვიარს ახლა ნივთების ჩამოსაკიდად იყენებს.

30 წელი 5 კაცი 2 ოთახში ვცხოვრობდით. ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ შვილი 45 წლისაა და ჯერ ცოლი ვერ მოუყვანია. აქ რძალი როგორ უნდა მომეყვანა“, - ჰყვება ვალერი კუკავა.

ვალერის სახლის წინ გია კილასონიას კარ-მიდამოა, 1993 წლის 16 ნოემბერს მის სახლსაც წაუკიდეს ცეცხლი. მას შემდეგ გია იქვე მდგარ სამზადში ცხოვრობს. ნასახლარის ადგილას მწვანე მდელოა. ახალი სახლის აშენება დღემდე ვერ მოახერხა.

გია კილასონიას ნასახლარი.

სანგარი ეზოში

ჩემი სახლი მესამე დაწვეს. ახალი აშენებული იყო, კარგი სახლი. გამვლელები ჩერდებოდნენ და მეკითხებოდნენ, ხელოსანი ვინ გყავდაო. მარტო რვა თვე მოვასწარით იმ სახლში ცხოვრება.

დიპლომატით ფული მედო სახლში, კიდევ ჩემი დის მზითევი, აქ ვაგროვებდით, ჯერ არ გვქონდა მიტანილი. მერე უბრალო რაღაცეები კი ვნახეთ დამტვრეული, მაგრამ კარგი სერვიზები, „მადონადა ასეთები არ იყო, წაიღეს ალბათ.

ძალიან ბევრი ვინერვიულე მაშინ, იმ ნერვიულობის გამოა, ცუდად რომ ვარ. მთელი ცხოვრება ქათამი არ დამიკლავს, არც გოჭი, არც მიყურებია არასდროს, მაგრამ რომ დამანახა ის კაცი, სახლი ვინც დამიწვა, ნამდვილად მოვკლავ“, - ამბობს ვენგერი აბსანძე.

ვენგერი აბსანძეს სახლის მოწყობა დღემდე არ დაუსრულებია.

„ეგზეკუცია“ ახალკახათიდან დაიწყო და დარჩელში გაგრძელდა. სახლების უმეტესობა სწორედ აქ დაწვეს. შენობებს ჭურვებს ესროდნენ. ცეცხლი ადვილად ჩნდებოდა, რადგან სახლები ხისგან აშენებული თუ არა, ხით გაწყობილი მაინც იყო.

ჭურვის კვალი სახლის კედელზე.

„ეზოში მამაჩემს სანგარი ჰქონდა გაკეთებული. არეულობა რომ იყო, მეზობლის ბავშვი შიშისგან ტიროდა ხოლმე. მამაჩემმა, მე გაგიკეთებ, ბაბუა, სანგარსო და მართლა გაუკეთა, ოცი კაცი ჩაეტეოდა შიგ. მაგრამ იმ დღეს ისე შეგვეშინდა, არც გაგვხსენებია ეს სანგარი. ჩაიში დავიმალეთ. სახლისგან მარტო ბუხრის ზედა ნაწილი დარჩა. ბიბლიოთეკა მენანება, კარგი წიგნები გვქონდა.

იმ დღეებმა ძალიან დიდი ტკივილი დამიტოვა, ქართველმა ქართველი არ დაინდო. თითქმის ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, თითქმის კი არა, ნულიდან დავიწყეთ“, - იხსენებს დარჩელის მკვიდრი სვეტლანა ჯიქია.

ჯიქიების სახლში დღეს საოჯახო სასტუმროა, მაგრამ 1993 წელს აქ მხოლოდ ბუხრის თავი გადარჩა.

1993 წლის ნოემბერში ლუიზა ზურაბიანი ქმართან ერთად ვოლგოგრადში იყო. თავიდან არ ეუბნებოდნენ, რაც მოხდა, მერე ნელ-ნელა შეაპარეს. მის სახლთან ერთად მაშინ მისი ნათესავების სახლებიც დაიწვა.

ხატი გამოიტანეს თურმე შუა ეზოში და მერე წაუკიდეს სახლს ცეცხლი. ჩვენ, ჩემი მული თავისი ოჯახით, ჩემი მაზლი... ყველანი ქუჩაში დავრჩით. ჩვენს სახლში დევნილებიც იყვნენ, 20 კაცი ოტობაიადან - ისინიც. ტყვიებისგან საქონელიც დაიხოცა, ძროხები, ქათმები... დედამთილი იხსენებდა, თხუთმეტი დღე გავიდა და დაჭრილი ინდაური მოვიდაო სახლშიო, ალბათ მანამდე სადმე იყო შეფარებული.

ჩემმა მშობლებმა აფხაზეთში სახლ-კარი რომ დაკარგეს, მაგის დარდით გარდაიცვალნენ. ჩემი დედამთილი და მამამთილიც ასე იყვნენ. რანაირია, სიბერეში ეს რომ დაგემართება“, - ამბობს ლუიზა ზურაბიანი.

სახლის მშენებლობის დასრულება ბევრმა დღემდე ვერ მოახერხა.

ნაწილ-ნაწილ და უბარაქოდ

დარჩელელი აკაკი ჭანტურია იხსენებს, რომ თავდაპირველად დაზარალებულებს სამ-სამი ათასი ლარი დაურიგეს. 90-იან წლებში სახელმწიფომ ეს სახლები საერთოო ჯამში 110 ათას ლარად შეაფასა. ადგილობრივები ამ შეფასებას არ დაეთანხმნენ და თავად მოიწვიეს აუდიტი. აუდიტის ანგარიშით, ზარალი მილიონ ორასი ათასი ლარი იყო - სახლების და დამწვარი ქონების საფასური ერთად. ამ ფულს სახელმწიფო ნაწილ-ნაწილ 15 წლის განმავლობაში იხდიდა, ძირითადად მაშინ, როდესაც აქაურები აქციას მოაწყობდნენ და გზას გადაკეტავდნენ.

„15 წელი იხდიდნენ და 600 ათასამდე ავიღეთ ყველამ. მეორე იმდენი ასაღები დარჩა. მამაჩემს, ცხონებულს, მორალური ზიანის ანაზღაურებაზეც უნდოდა შეეტანა, მაგრამ არ დასცალდა, - იხსენებს აკაკი ჭანტურია, - ჩემი სახლი, ჩემი ძმის, მამიდაშვილის, ბიძაშვილის ყველასი დაწვეს. ჩუსტებით და ძველი შარვლით დავრჩი. მეუღლე ორსულად იყო. საშუალება რომ არ გვქონდა, ვიფიქრე, წავიყვან ექიმთან, ბავშვის მოსაშორებლად-მეთქი. დაიჩოქა დედაჩემმა, თავს მოვიკლავო... 28 წლისაა ახლა ის ბავშვი“.

აკაკი ჭანტურიას ეზოში ძველი სახლის საძირკველი ახლაც მოჩანს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სახლების საფასური, წვალებით, მაგრამ მაინც აიღეს, ქონების კომპენსაცია მათთვის არავის გადაუხდია. ახალი სახლები, რომლებიც დღემდე ბოლომდე არა აქვთ მოწყობილი, საკუთარი სახსრებით ააშენეს.

მაგათ რომ შეაფასეს, იმ თანხის მარტო სახურავი ეხურა ჩემს სახლს - 400 კვ. ალუმინი. ისიც, ერთ ამბავს ავტეხდით, გზას გადავკეტავდით, მილიცია, პოლიცია მოვიდოდა და მერე თუ მოგვცემდნენ რამეს. ქონების არაფერი მოუციათ“, - ამბობს ვენგერი აბსანძე.

მე 17 ათასი ლარი მომცეს. 10-15 წელი იხდიდნენ კომპენსაციას ნაწილ-ნაწილ. ვერაფერი ვერ გააკეთა ხალხმა ამ ფულით. თეფში ჩვენ აღარ გვქონდა და კოვზი. ყველაფერი ხელახლა შევიძინეთ. ქონების ღირებულება არ მოუციათ, თითქოს ამათი ნაყიდი მქონდა ის ქონება, - იხსენებს ვალერი კუკავა, - კი, დაისაჯნენ ისინი [სახლები ვინც დაწვა], მაგრამ მე რა მათი დასჯით“.

1995 წელს შევარდნაძის მთავრობამ „მხედრიონელების“ დაპატიმრება დაიწყო. მაშინ სხვა ბევრ რამესთან ერთად მათ ბრალი დარჩელის საქმეზეც წაუყენეს, მათ შორის „მხედრიონის“ ერთ-ერთ ლიდერს დოდო გუგეშაშვილსაც, რომელიც ციხეში 5 წელი იჯდა. ერთი წლით ადრე, 1994 წელს, სახელმწიფომ 113 ოჯახი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებულად ცნო, მათ შორის ისინიც, ვისაც დარჩელსა და ახალკახათში სახლები გადაუწვეს.

„27 სახლი იყო დამწვარი. სამი ტონა თხილი მქონდა სახლში, ერთი კვირა ეკიდა ცეცხლი. სამი ბავშვით სამზადში შევსახლდი.

სახლის გადაწვის შემდეგ ჟუჟუნა სიჭინავას ოჯახთან ერთად, მასთან მყოფი 18 დევნილიც ღია ცის ქვეშ დარჩა.

ისე ისროდნენ, ვის რა მოხვდებოდა, ღმერთმა იცოდა. მამამთილი ნაომარი კაცი იყო, არ ეშინოდა არაფრის, მაგრამ რომ დაინახა, როგორ ცვიოდა ტყვიები, წავიდეთ, შვილო, დაგვხოცავენ ესენიო. დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე თხრილში ვიწექი, წყალში, მაგის მერე დამემართა სახსრების ანთება. თხრილიდან ვხედავდით, კვამლი როგორ ადიოდა ცაში“, - იხსენებს ჟუჟუნა სიჭინავა და იმასაც ჰყვება, რომ მეზობლის სახლი ბოლო იყო, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. სოფელში ამბობენ, რომ ამ სახლთან „მხედრიონელებს“ ვიღაც მაღალჩინოსანმა მიუსწრო და შეაჩერა, - დღესაც არ ვიცით, ვინ იყო, თქვენ ჭკუაზე არა ხართო, რას აკეთებთო, ამ ხალხმა რა დაგიშავესო, ასე ეუბნებოდა, თურმე. ამის შემდეგ შეწყვიტეს სახლების წვა.

ჩვენ მართლა რა შუაში ვიყავით? არაფერ შუაში არ ვიყავით საერთოდ!“

სტატია დაწერილია დარჩელისა და ახალკახათის მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით.