კახეთი, სადაც ადრე ვირებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდით, ამ შინაური ცხოველის გარეშე რჩება. ვირები, რომლებიც მთებშიღა შემორჩა, ბარში ტექნიკამ ჩაანაცვლა.
„ადრე ასკაციან სოფელში ხუთი-ექვსი ვირი მაინც იყო, ახლა გზაზე რომ გამორეკავენ ხოლმე ცხოველებს, ერთ ვირსაც ვეღარ ვხედავ“, - ამბობს ლაგოდეხელი მერაბ მაჩაბლიშვილი, რომელიც სოფელი დავითიანში ცხოვრობს.
მისი აზრით, ვირებს ტრაქტორებმა „აჯობეს“. ტექნიკა იაფდება და გლეხებს აღარ უღირთ შეინახონ ცხოველი, რომელსაც მოვლა სჭირდება:
„დილით საბალახოდ უნდა გაიყვანო, მერე ჩრდილში გადმოაბა. სახლს დიდი ხნით ვერ დატოვებ, თუ შინაური პირუტყვი გყავს. ამ დროს ტრაქტორი თავისთვის არის“.
რამდენიმე წლის წინ ორი უპატრონო ვირი პატრულმა თბილისის ქუჩაში იპოვა და ზოოპარკში მიიყვანა. კიდევ სამი ვირი თავად მიადგა ზოოპარკს. „ფაქტობრივად, თავშესაფარი ითხოვეს“, - ჰყვება ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. ცხოველები ახლა სხვადასხვა ვოლიერებში ჰყავთ გადანაწილებული: ყარამანა და ლურჯა - თხებთან, ბერტა, თებრონია და მერფი კი - მარტორქასთან.
„ძალიან საინტერესო და ჭკვიანი ცხოველია. ბევრგან ვირებით ტურისტები გადაჰყავთ - მით უფრო, რომ ვირზე ნებისმიერ ადამიანს დასვამ, ცხენი ამ მხრივ უფრო პრობლემატურია. ალბათ, ასეთი ფუნქცია უნდა მიანიჭო, რომ გადარჩნენ - მით უფრო ჩვენთან, სადაც ძაღლიც კი, თუ დაბერდა, ხშირად ქუჩაში აღმოჩნდება ხოლმე“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე.
Your browser doesn’t support HTML5
თემურ ლომიძემ ოთხი წლის წინ ვირები მთელ საქართველოში შეაგროვა და გარდაბნის რაიონში ფერმა „ვირლანდია“ გახსნა. ყველაზე მეტი ვირი აზერბაიჯანულ დასახლებებში იპოვა. ახლა სამოცდაათი ცხოველი ჰყავს და მათ რძეს „წამლად“ ყიდის.
„კახეთის ყველა რაიონში ჩემგან მიაქვთ რძე. არ არის იქ ვირი“, - ამბობს თემურ ლომიძე და მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ ვირის ფასი არ იცის.
ვირთან ერთად იშვიათობა გახდა ჯორიც, რადგან ეს ცხოველი თავისით არ მრავლდება და ვირისა და ცხენის ნაჯვარია.
„ჯორს მართლა სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა ომიანობის დროს, რადგან ამტანობა ცხენის აქვს, საკვები კი ცოტა უნდა. ჯორს საერთოდ ვეღარ ნახავ საქართველოში. ახლა მე ვაპირებ გამოყვანას, 11 ცხენი მყავს და ჩემს ვირებთან შევაჯვარებ“, - ამბობს თემურ ლომიძე.
ფერმის მეპატრონე ახლა მხოლოდ ვირის რძეს ყიდის. ამბობს, რომ მსოფლიოში ვირის რძის ყველი და ვირის ხორცი დელიკატესად ითვლება. ვირის რძეს იყენებენ როგორც მედიცინაში, ასევე კოსმეტიკის დასამზადებლად.
„ერთი ლიტრი რძე 60 დოლარი ღირს, ჩვენ 60 ლარად ვყიდით. 100 გრამი საპნის ფასი 20 ლარია“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ ამ ცხოველის შეძენით განსაკუთრებით ჩინეთია დაინტერესებული.
ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ საქართველოში სამი ჯიშის ვირია: ქართული, კახური და აფხაზური, მაგრამ ეს თემა თითქმის არ არის შესწავლილი, რადგან მეცნიერებსაც ვირის მიმართ, ცოტა არ იყოს, არასერიოზული დამოკიდებულება ჰქონდათ. ზურაბ გურიელიძე მიიჩნევს, რომ ამ ჯიშების შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, მაგალითად, ქართული ნაგაზისა ან რომელიმე სხვა ენდემური სახეობის.