როგორ გააკეთა მილიონობით დოლარი პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებულმა საიდუმლო კომპანიამ უზბეკეთში

სამი წლის წინ უზბეკეთის მანამდე უცნობი კომპანია, რომელიც რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ ბინაში, საიდანღაც გამოჩნდა და ას მილიონზე მეტი დოლარის მოცულობის სახელმწიფო კონტრაქტები მოიპოვა. და შემდეგ ასევე უკვალოდ გაქრა.

რადიო თავისუფლების ახალმა გამოძიებამ გამოავლინა კომპანიის კავშირები უზბეკეთის პრეზიდენტთან.

რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებულ ბუნდოვან კომპანიასთან დაიდო 100 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის სახელმწიფო კონტრაქტები, მათ შორის, ქვეყნის ცემენტის უმსხვილესი მწარმოებლისთვის გადაჭარბებულ ფასად ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ.

მომგებიანი სამთავრობო კონტრაქტები ჩრდილოვან ფირმა Ultimo Group Limited-თან, აჩვენებს, თუ როგორ სარგებლობენ პოლიტიკური ინსაიდერები - მათ შორის, პრეზიდენტ შავქათ მირზიოევის ნათესავები და მათი თანამოაზრეები უზბეკეთის მთავრობაში - უმაღლეს დონეზე არსებული ენდემური „ნათლიმამობით“ ეკონომიკის სფეროში.

მირზიოევმა, რომელმაც გასულ წელს ხელისუფლებას უბრძანა კორუფციის აღმოფხვრა ენერგეტიკულ სექტორში გაზის დეფიციტის ფონზე, რომელსაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა, არაერთხელ დადო პირობა, რომ უფრო გამჭვირვალედ იმოქმედებდა გაზით მდიდარ, ცენტრალურ აზიაში მოსახლეობის მხრივ ყველაზე დიდ ქვეყანაში.

„არავის აქვს უფლება იმუშაოს ისე, როგორც წარსულში. მოგეხსენებათ, ღიაობა და გამჭვირვალობა დღეს საზოგადოების ყველა სფეროშია უზრუნველყოფილი. არაგამჭვირვალობა, კორუფცია და ნეპოტიზმი არ დაეხმარება [ჩვენს] მუშაობას“, - განაცხადა მირზიოევმა 2019 წელს, მიანიშნა რა თავისი ავტორიტარი წინამორბედის, 2016 წელს გარდაცვლილი ისლამ ქარიმოვის მმართველობაზე.

მაგრამ რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მირზიოევის სიძის ახლობლები დაკავშირებული არიან Ultimo Group-თან, პრაქტიკულად უცნობ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა სახელმწიფო კონტრაქტი უზბეკეთის ცემენტის უდიდეს მწარმოებელ კომპანიასთან, მინიმუმ 36 მილიონ დოლარად - გადაჭარბებულ ფასად ბუნებრივი აირის მიყიდვის შესახებ. საქმე ეხება „ყიზილყუმცემენტს“, რომელიც იმ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.

უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი (ცენტრში) ოჯახის წევრებთან ერთად პოზირებს ტაშკენტში 2023 წლის 9 ივლისს.

რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ Ultimo Group-მა მიიღო 66 მილიონ დოლარზე მეტი საბანკო გადარიცხვების გზით, გაზის ტრანზიტის სახელმწიფო მონოპოლიისგან, Uztransgaz-ისგან, საკომისიო შეთანხმების საფუძველზე და, რომ კომპანიამ მეზობელი თურქმენეთიდან შეიტანა დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ Ultimo Group-ი დაკავშირებულია კომპანიების საერთაშორისო, ჩახლართულ ქსელთან, რომელიც გადაჭიმულია ნიუ-იორკიდან დუბაიმდე და ჰონგ-კონგამდე და რომლებიც აწარმოებენ ფუფუნების საგნებს. მათ მართავენ მირზიოევის სიძის, ოთაბექ უმაროვის მეგობრები. ოთაბექი უზბეკეთის სპორტული უწყებაშია დასაქმებული და მირზიოევის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილეა.

ამ ქსელის ცენტრალური ფიგურაა აზიჟონ ქამილოვი, უმაროვის რწმუნებული, რომელიც უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.

რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის ადრინდელმა გამოძიებამ აჩვენა, თუ როგორ დააგროვეს უმაროვის ორბიტაზე მყოფებმა, მათ შორის მისმა ძმამ მნიშვნელოვანი სიმდიდრე მირზიოევის მთავრობის მფარველობის ქვეშ, მომგებიანი საკუთრების დასაფარად, ხშირად კორპორაციული სტრუქტურების გამოყენებით.

უმაროვს ასევე მიიჩნევენ კულისებიდან მოქმედ პირად, - გამრიგებლად პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის.

„უზბეკეთი რჩება ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რომელსაც ახასიათებს კორუფციის მაღალი დონე, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“, - წერს ანტიკორუფციული ორგანიზაცია Transparency International-ი უზბეკეთის შესახებ თავის ბოლო ანგარიშში, თუმცა აღნიშნავს, რომ მირზიოევის მმართველობის დროს ქვეყანამ მიაღწია „გარკვეულ პროგრესს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უმაროვი უზბეკეთში ცნობილი ფიგურად იქცა, თუმცა ქაღალდზე ის მხოლოდ საშუალო დონის საჯარო მოხელეა. უყვარს უცხოელ გამოჩენილ ადამიანებსა და სამეფო ოჯახების წევრებთან ურთიერთობა და, ამავე დროს, თავს დაჟინებით წარმოადგენს უზბეკეთის სპორტსმენების მთავარ მფარველად.

უმაროვის თვითრეკლამის მთავარი ელემენტი იყო მისი საკუთარი ბრენდი, სახელწოდებით 7Saber-ი, რომელიც ქვეყნის ოლიმპიურ ფორმებს ამშვენებს. ბრენდი გამოჩნდა 2021 წელს და უშუალოდ აკავშირებს უმაროვს Ultimo Group-ის კომპანიებისა და პარტნიორების ქსელთან. Ultimo Group-ი სამი წლის წინ გამოჩნდა, როგორც ბუნებრივი აირის სფეროში შუამავალი კომპანია უზბეკეთში.

მაგრამ Ultimo Group-ი რჩება „კორპორაციულ აჩრდილად”, რადგან არ აქვს მოქმედი ვებგვერდი ან საჯარო პროფილი და ამჟამად მისი თანამფლობელია პენსიონერი, რომელსაც ბიზნესის სფეროში გამოცდილება არ გააჩნია.

რადიო თავისუფლებამ სთხოვა კომენტარი Umarov-ს, Ultimo Group-სა და უზბეკეთის რამდენიმე სამთავრობო ორგანოსა და კომპანიას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო აირით ვაჭრობაში შუამავალმა ათობით მილიონი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტების მიღება დაარსებისთანავე. არცერთი არ გამოგვხმაურებია ამ სტატიის გამოქვეყნების დღისთვის. უპასუხოდ დარჩა მირზიოევის ოფისისთვის კომენტარის თხოვნით გაგზავნილი წერილიც.

Ultimo Group-ის ერთმა აქციონერმა, - მას 50-პროცენტიანი წილი აქვს კომპანიაში, - თუჰფათ ანვარხუჯაევმა, ქამილოვთან თავის ურთიერთობას უწოდა „მეგობრული“ და განაცხადა, რომ უმაროვსა და ქამილოვს „არაფერი აქვთ საერთო“ Ultimo Group-თან:

საიდუმლო გარიგება ბუნებრივ აირზე

Ultimo Group Limited-ი დაარსდა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, საცხოვრებელი ბინის მისამართზე, 2021 წლის მარტში, დამფუძნებელი კაპიტალი 9500 დოლარს უდრიდა.

კომპანიის დამფუძნებელი მოწილეები იყვნენ დილიორ ქაიუმოვი - პრეზიდენტის ემიგრანტ მხარდამჭერთა ჯგუფის წევრი და თუჰფათ ანვარხუჯაევი, რომლის მამა ადრე მსახურობდა უზბეკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ხოლო ბიძა ამჟამად უზბეკეთის ელჩია თურქეთში.

უზბეკეთის კომპანიების რეესტრის თანახმად, არცერთი მათგანი არ ყოფილა სხვა კომპანიების წილის მფლობელი. ქაიუმოვი მუშაობდა ნავთობისა და გაზის სექტორში კანადურ კომპანია RLG International-თან, რომელიც Ultimo Group-ის დაარსების დროს უზბეკეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო მონოპოლიის „უზბეკნეფტეგაზის“ კონსულტანტი იყო წარმოების ეფექტიანობის საკითხებში.

ახალბედების სწრაფად ჩართვა ბიზნესში

„ყიზილყუმცემენტი“ იმ დროისთვის ეკუთვნოდა მთავრობას, რომლის წილი 86 პროცენტს უდრიდა. თავდაპირველი პროექტით მას 2021 და 2022 წლებში ყოველწლიურად 375 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დასჭირდებოდა. კანონის თანახმად, როგორც სახელმწიფო კომპანიას, მომწოდებლის მოსაძებნად, ტენდერი უნდა ჩაეტარებინა.

ტენდერის პროცესის დეტალები გაურკვეველია. მაგრამ 2021 წლის 13 აპრილს „ყიზილყუმცემენტმა“ ხელი მოაწერა შესყიდვის ხელშეკრულებას Ultimo Group-თან, რომელმაც სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაარეგისტრირა თავისი ოფიციალური ვებგვერდი.

გრაფიკზე ნაჩვენებია, თუ როგორ ყიდის უზბეკეთის სახელმწიფო კომპანია UzTransGaz მომხმარებელზე ბუნებრივ აირს.

კონტრაქტისა და შემდგომი ცვლილებების თანახმად, „ყიზილყუმცემენტს“ Ultimo მიაწვდის 379 მილიონ კუბურ მეტრ გაზს. რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული შეთანხმებების ანალიზის მიხედვით, ოპერაციის მოცულობა, სულ მცირე, 36,6 მილიონ დოლარს უდრიდა, რაც ოდნავ აღემატება ცემენტის კომპანიის დაგეგმილ წლიურ საჭიროებას.

ცემენტის ქარხანა, რომელიც მას შემდეგ პრივატიზებულ იქნა, გაზს პირდაპირ სახელმწიფოსგან ყიდულობდა ფასდაკლებით „სტრატეგიული“ კომპანიებისთვის. მაგრამ რადიო თავისუფლების მიერ ნანახი დოკუმენტებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან შესაძლოა, გადაიხადა 50-პროცენტიანი პრემია - ამ განაკვეთზე მეტი, Ultimo Group-ის შუამავლობის გზით.

Ultimo Group-ი არ არის გაზის მწარმოებელი და არც იმ მილსადენებს აკონტროლებს, რომლებითაც „ყიზილყუმცემენტისთვის“ გაზი უნდა მიეწოდებინათ. მილსადენები „უზბტრანსგაზის“ - აირის ტრანზიტის სახელმწიფო მონოპოლიის ხელშია. მირზიოევის ბრძანებულებით მას დაევალა ადგილობრივი და უცხოური ბუნებრივი აირის შესყიდვა და ტრანსპორტირება, ასევე მისი მიწოდება შიდა მომხმარებლებისთვის, როგორიცაა უკვე მის ქსელში ჩართული „ყიზილყუმცემენტი“.

„ყიზილყუმცემენტი“ დამფუძნებელია სამშენებლო მასალების მწარმოებელთა ასოციაციისა, სახელწოდებით „ოზსანოათქურილიშმატერიალარი”, რომელიც მირზიოევის ბრძანებულებით შეიქმნა და რომლის მთავარ ოფისს იგივე მისამართი აქვს, რაც Ultimo Group-ს.

ლონდონის საფონდო ბირჟის პროსპექტის მიხედვით UzbekNefteGaz-ისთვის 2021 წლის ნოემბერში - იმავე წელს, როდესაც Ultimo Group-მა კონტრაქტი გააფორმა „ყიზილყუმცემენტთან“, „უზტრანსგაზი“ ბუნებრივ აირს აწვდიდა „ოზსანოათქურილიშმატერიალარის“ და სხვა „სტრატეგიულ პარტნიორებს სამრეწველო სექტორში“, 1000 კუბური მეტრისთვის 63 დოლარად.

ამ ფასად, 2021 წელს „ყიზილყუმცემენტი“ დაზოგავდა დაახლოებით 10 მილიონ დოლარს, აირი Uztransgaz-ისგან რომ შეესყიდა და არა Ultimo Group-ისგან, რომელიც 1000 კუბური მეტრისთვის 95-დან 145 დოლარამდე ითხოვდა.

რატომ უნდა გადაეხადა „ყიზილყუმცემენტს“ ზედმეტი შუამავლისგან გაზის შესაძენად, გაურკვეველია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის 2019 წლის დადგენილებით, Uztransgaz-ი გახდა ძირითადი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი პირდაპირი მიმწოდებელი.

პუბლიკაციის გამოქვეყნებისას ამ სამივე კომპანიის, „ყიზილყუმცემენტის“, Uztransgaz-ის და Ultimo Group-ის მიმართ კომენტარის მოთხოვნის წერილი უპასუხოდ დარჩა.

ანვარხუჯაევმა განაცხადა, რომ Ultimo Group-ის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია „კომერციული საიდუმლოებაა“.

მთავრობის 2021 წლის დადგენილება, რომელზე დაყრდნობითაც გაფორმდა შეთანხმება „ყიზილყუმცემენტსა“ და Ultimo Group-ს შორის, ამ გარიგებას ნათელს მოჰფენდა. მაგრამ კონტრაქტის ასლში, რომელსაც უზბეკეთის სახელმწიფო ტენდერების საიტზე მივაკვლიეთ, ამ დადგენილების სათაური შეცვლილია.

რა მოცულობის მოგება ნახა Ultimo Group-მა „ყიზილყუმცემენტთან“ ამ შეთანხმებით, არ არის ცხადი. მაგრამ რადიო თავისუფლების მიერ ნანახი საბანკო და საბაჟო დოკუმენტების თანახმად, Ultimo Group-ი მონაწილეობდა ბუნებრივი აირის შესახებ გარიგებებში, რომელთა საერთო მოცულობა 200 მილიონი დოლარია.

საბჟო დოკუმენტების თანახმად, 2021 წლის აპრილიდან Ultimo Group-მა შეიძინა 955 მილიონი კუბური მეტრი აირი თურქმენეთის სახელმწიფო კომპანია „თურქმენგაზისგან“.

სულ ამ გაზის ფასი 88,5 მილიონი დოლარია. „თურქმენგაზს“ Ultimo Group-ისთვის გაზის მიწოდების გარშემო კომენტარის თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

2021 წელს Ultimo Group-ს „თურქმენგაზის“ აირი ქვეყანაში შეჰქონდა 69-106 დოლარად ათას კუბურ მეტრზე, ხოლო 2022 წელს იმავე რაოდენობის გაზისთვის 110-116 დოლარს იხდიდა. ამ დროს, „ყიზილყუმცემენტი“ ამ ბუნებრივი აირისთვის იხდიდა 95-145 დოლარს, როგორც ეს შესყიდვის ხელშეკრულებაში ჩანს.

Uztransgaz-ი, რომლის მილსადენებითაც შედის უზბეკეთში თურქმენეთიდან აირი, იმავე პერიოდში Ultimo Group-ს ასევე უხდიდა ათეულმილიონობით დოლარს.

საბანკო ჩანაწერები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ნახა, აჩვენებს, რომ 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე Uztransgaz-მა, სულ მცირე, რვაჯერ გადაურიცხა Ultimo Group-ს ფული - სულ 66,6 მილიონი დოლარის ოდენობით. ამ ყველა გადარიცხვის დანიშნულებად ჩაწერილია „ბუნებრივი აირის თანხა” შეთანხმება 34/26-2021-ის შესაბამისად.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული საბანკო ჩანაწერები აჩვენებს, რომ Uztransgaz-მა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში Ultimo Group-ს სულ მცირე რვაჯერ გადაუხადა დაახლოებით 66,6 მილიონი დოლარი.

რადიო თავისუფლებამ ამ შეთანხმების პირობების გარკვევა ვერ მოახერხა, არც Ultimo Group-ი და არც Uztransgaz-ი ამ გადარიცხვების თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რადიო თავისუფლებამ ასევე ვერ შეძლო მიეკვლია Ultimo Group-ის კომერციული საქმიანობის ამსახველი ჩანაწერებისთვის, გარდა „ყიზილყუმცემენტთან“ ბუნებრივი არის კონტრაქტისა, თურქმენეთიდან თითქმის მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტისა და Uztransgaz-ისგან 66 მილიონი დოლარის ჩარიცხვის შესახებ.

არაბული სამეფო ოჯახები და მაღალი რანგის პირები

მას მერე, რაც 2018 წელს აზიჟონ ქამილოვი ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი გახდა, ის დაუახლოვდა უმაროვს, რომელიც 2007 წელს დაქორწინდა მირზიოევის ქალიშვილზე, შაჰნოზაზე.

ქამილოვი და უმაროვი თანამშრომლობენ უზბეკეთში საბრძოლო ხელოვნების განვითარების საქმეში, ხშირად არიან ერთად, იღებენ ფოტოებს.

სწორედ ეს ურთიერთობა ავლენს აირის საქმეში საიდუმლო გამრიგებლის Ultimo Group-ის მაღალი დონის პოლიტიკურ კავშირებს. ამ კომპანიამ 2021 წელს თავისი დაარსების შემდეგ ას მილიონზე მეტი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტები მოიპოვა.

Instagram-ზე ადრე გამოქვეყნებულ, ახლა წაშლილ, ფოტოზე, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ქამილოვი გადაღებულია Ultimo Group-ის წილის ნახევრის მფლობელ თუჰფათ ანვარხუჯაევთან ერთად. ორივე მიუთითებს ტორტზე, საზეიმო წარწერით „გილოცავთ დაბადების დღეს”.

Instagram-ის ფოტოზე, რომელიც შემდეგ წაშალეს, ნაჩვენებია უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი აზიჟონ ქამილოვი (მარჯვნივ) Ultimo Group-ის წილის ნახევრის მფლობელ თუჰფათ ანვარხუჯაევთან ერთად.

მაგრამ ეს Ultimo Group-თან ქამილოვის ერთადერთი კავშირი არ უნდა იყოს.

Ultimo Group-ის კორპორაციულ დოკუმენტებში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი ეკუთვნის ბეჰრუზ აბდუშუქუროვს, მონადირეების გამყოლს, რომელიც მენეჯერად მუშაობდა ქამილოვის მიერ 2018 წელს დაარსებულ და დღემდე მის მფლობელობაში მყოფ უზბეკურ ფირმაში Falcon Hunting Solutions.

აბდუშუქუროვის ერთ-ერთმა საქმიანმა პარტნიორმა გაატარა რეგისტრაციაში Ultimo Group-ი, ხოლო ამავე კომპანიის მენეჯერი, რავშან მუთალოვი ასევე მართავდა ორ ფირმას, რომლებშიც აბდუშუქუროვს წილი ჰქონდა.

მუთალოვმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ მონაწილეობდა თურქმენეთთან გაზის სფეროში ოპერაციებში, მაგრამ ბოლო ორი წელია ამ სფეროში აღარ არის. სხვა დეტალებზე საუბარი მან არ ისურვა და წერილობით მოთხოვნაზეც აღარ უპასუხია.

აბდუშუქუროვმა სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ არ იცის, რატომ არის მისი ელექტროფოსტის მისამართი მითითებული Ultimo Group-ის დოკუმენტებში და უარყო ამ კომპანიასთან კავშირი. ის უარყოფს ასევე, რომ იცნობს მუთალოვს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთსა და იმავე კომპანიებთან არის დაკავშირებული. მან გამოგვიცადა, რომ არ ახსოვს თავისი კომპანიების ყველა დირექტორი. ასევე თქვა, რომ Ultimo Group-ის შესახებ შეკითხვებზე გვიპასუხებდა, მაგრამ გამოქვეყნების მომენტისთვის არაფერი მოუწერია.

Falcon Hunting Solutions-ი საკუთარი თავის აღწერაში წერს, რომ მისი საქმიანობაა ეკოტურიზმი, ნადავლზე ორიენტირებული ნადირობა, ასევე „გარემოს დაცვა“ და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში, სხვათა შორის, წაიკითხავთ კომპანიის შესახებ, რომელიც „არაბული სამეფო ოჯახებისთვის“ აწყობს ნადირობას იშვიათ ფრინველზე, სავათის ერთ-ერთ სახეობაზე.

არაბეთის შეიხებს შორის, რომლებიც ამგვარი ექსკურსიების კლიენტები იყვნენ, არის შეიხი ჰამდან ბინ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი, რომლის ქორწილზე იყვნენ ჩასულები უმაროვი და ქამილოვი.

დუბაის კრონპრინცი უზბეკეთში ჩავიდა 2019 წლის ოქტომბერში ამგვარ ექსკურსიაში - იშვიათ ფრინველებზე ნადირობაში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით მას შეუერთდა მამამისი, დუბაის მმართველი, შეიხი მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი. უმაროვი და ქამილოვი მათ შორის იყვნენ, ვინც აეროპორტში სტუმრებს დახვდა.

დუბაის მმართველს, შეიხ მუჰამად ბინ რაშიდ ალ-მაკტუმს აეროპორტში ხვდებიან უმაროვი (მარცხნივ) და ქამილოვი (მარცხნიდან მეორე) 2019 წლის ოქტომბერში.

Falcon Hunting Solutions-ის მთავარი ოფისი ტაშკენტშია, ერთ-ერთ შენობაში, სადაც ქამილოვსა და უმაროვთან, ასევე მათ საქმიან პარტნიორებთან დაკავშირებული სხვა კომპანიებიც ბინადრობენ. მათ შორისაა რამდენიმე ფირმა, რომლებსაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Ultimo Group-ის ქსელთან მივყავართ.

Falcon Hunting Solutions-ი ჩართულია ძიუდოს ფედერაციის საქმიანობაშიც, მათ ერთად დააფუძნეს ძიუდოს სკოლები, რომელთაგან სულ მცირე ერთის საზეიმო გახსნაზე ჩანდა უმაროვის პირადი ბრენდის 7Saber-ის სიმბოლო.

პირმა, ვინც სატელეფონო ზარს უპასუხა ძიუდოს ფედერაციაში, გვითხრა, რომ ქამილოვი იშვიათად მიდის ოფისში და მასთან საუბარი შეუძლებელია. Ultimo Group-ის შესახებ მის პირად ელექტროფოსტაზე გაგზავნილ წერილებზე ქამილოვს არ უპასუხია.

ორეულები დუბაიდან

2021 წლის ივლისში, უზბეკეთში Ultimo Group-ის დაარსებიდან ოთხი თვის შემდეგ, კომპანია ამავე სახელწოდებით - Ultimo Group FZE - რეგისტრაციაში გატარდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შარჯაში.

ახალი კომპანიის საქმიანობის აღწერილობაში ცოტა რამ - ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის გარდა - მიუთითებს მის კავშირზე Ultimo Group-თან უზბეკეთში, რომელმაც სამი თვით ადრე მიიღო სამთავრობო კონტრაქტი „ყიზილყუმცემენტთან“ თანამშრომლობის შესახებ.

თუმცა, ღია მონაცემებისა და კორპორაციული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, რადიო თავისუფლების უზბეკურმა სამსახურმა გაარკვია კავშირები უმაროვის პარტნიორებსა და Ultimo Group FZE-ს შორის, რომელიც არის კომპანიების უცხოეთის ქსელის ნაწილი, რომელიც კლიენტებს სათავაზობს ძვირადღირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, სხვათა შორის, ძვირადღირებულ მანქანებს, - რომლებიც ცნობილია, რომ უმაროვს უყვარს.

Ultimo Group FZE-ის მენეჯერი და ლიცენზიის მფლობელი არის ბრიტანეთის მოქალაქე როს კონონი. ამას მოწმობს ჩანაწერები არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბიზნესლიცენზიების რეესტრში, რომლებიც შეისწავლა ვაშინგტონის არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაცია C4ADS-მა და გადმოსცა რადიო თავისუფლებას. კონონი საკუთარ თავს აღწერს, როგორც „კერძო კლიენტების მრჩეველს“ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეძლებულ კლიენტებთან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის უფლებისა და უძრავი ქონების საკითხებზე. მას უმაროვთან პირდაპირი საქმიანი ურთიერთობაც აქვს.

2021 წლის ივნისში ახალი 7Saber-ის ტანსაცმლის ხაზის საზეიმო ამოქმედებისას, კონონი წარადგინეს როგორც Berkeley Square Project Management-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს დუბაიში დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც, უმაროვის თქმით, შეიძინა ბრენდის უფლებები.

როს კონონი (ცენტრში) პოზირებს უმაროვის 7Saber-ის ბრენდის პრეზენტაციაზე ტაშკენტში, 2021 წლის 26 ივნისს.

ინსტაგრამზე უმაროვი ულოცავს კონონს და მის ადგილობრივ ბიზნესპარტნიორს ორაზ აბდურაზაკოვს და წარმატებას უსურვებს მათ: „ჩვენ ყველანი თვალყურს ვადევნებთ თქვენს წარმატებას და ვუქომაგებთ ახალ გუნდს“.

უზბეკეთის ოლიმპიური კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელის მოადგილეა აზიჟონ ქამილოვი, უმაროვთან დაახლოებული ადამიანი, მიესალმა „ახალი ეროვნული ბრენდის“ გაჩენას. ერთი თვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ 7Saber-ი უზრუნველყოფს უზბეკეთის ნაკრებს აღჭურვილობით 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის.

კონონი თავის სამუშაო ადგილად ასახელებს Berkeley Square Investments-ს, რომლის სახელი ეხმიანება დუბაის კომპანიას, რომელმაც 7Saber-ზე უფლებები იყიდა. ამავე დროს, ჟურნალისტებმა ვერ მიაგნეს ამ სახელწოდების კომპანიას ვერც ლონდონსა და ვერც დუბაიში.

რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის ჟურნალისტებმა მოინახულეს მისამართები ორივე ქალაქში, რომლებიც ჩამოთვლილი იყო Berkeley Square Investments-ის ვებსაიტზე (საიტი თავად დარეგისტრირდა 2020 წლის აგვისტოში), მაგრამ იქ კონონის ან მისი კომპანიის კვალი ვერ იპოვეს.

ჟურნალისტებთან წერილობით მიმოწერაში, კონონმა თქვა, რომ ის რადიო თავისუფლების კითხვებით Ultimo Group-ის შესახებ „სწორ პირს“ მიმართავდა, მაგრამ არ უპასუხია კითხვებზე კომპანიაში თავისი როლის შესახებ.

არის კიდევ ერთი პირი, რომელიც უკავშირდება Ultimo Group FZE-სა და უმაროვს, ასევე Ultimo Group-ის კომპანიების ქსელს.

ეკონომიკური ზონის ვებსაიტზე, სადაც Ultimo Group FZE არის რეგისტრირებული, მითითებულია კომპანიის ელექტრონული ფოსტის ორი ოფიციალური მისამართი. ერთი ეკუთვნის კონონს, მეორე კი დონიორ კადიროვს, რომელიც საკუთარ თავს „პრემიუმ კლასის საქონლისა და სამკაულების სფეროს სპეციალისტს“ უწოდებს.

2023 წლის მაისში, უზბეკეთის ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა დოჰაში ძიუდოისტებთან სპორტის ოფიციალური პირების, მათ შორის, უმაროვისა და ქამილოვის შეხვედრის ამსახველი ფოტოები. უმაროვის გვერდით VIP-ის სამკერდე ნიშნით მკერდზე დგას კადიროვი, დამსწრეთაგან ერთადერთი, რომელიც ფორმალურად არანაირად არ არის დაკავშირებული უზბეკეთის სპორტულ განყოფილებასთან.

უმაროვი (მესამე მარჯვნივ) და დონიორ კადიროვი (მეორე მარჯვნივ) ძიუდოს ღონისძიებაზე დოჰაში 2023 წლის მაისში. ქამილოვი (წინა პლანზე მარცხნივ), რომელსაც მრავალი კავშირი აქვს Ultimo Group-ის ქსელთან, ასევე ესწრებოდა ღონისძიებას.

კადიროვმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ქამილოვთან და ცნობილ საბრძოლო ხელოვნების დიდოსტატთან რუსეთიდან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად არის გადაღებული. კადიროვი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია Ultimo Group-ის ქსელის, სულ მცირე, ოთხ კომპანიასთან, რომლებიც რეგისტრირებულია უზბეკეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ-კონგსა და აშშ-ში. ამ კომპანიებიდან სამი - Rushmore-ი, Boutique Seven-ი და World Trade Solutions-ი - დაკავებულია ძვირფასი საათებითა და კონსიერჟის მომსახურებით, ხოლო მეოთხე პოზიციონირებულია, როგორც ძვირად ღირებული მანქანების დილერი.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ოფისში, სადაც მდებარეობს Ultimo Group-ის ქსელის რამდენიმე კომპანია, სატელეფონო ზარს უპასუხა ქალმა, რომელმაც კადიროვი თავის უფროსად მოიხსენია და კითხვების გაგზავნა ელექტრონული ფოსტით ითხოვა. თუმცა კადიროვისთვის პირად ელფოსტაზე და კომპანიის მისამართებზე გაგზავნილი მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა.

ტაშკენტში, Ultimo Group-ის რამდენიმე კომპანიას აქვს იურიდიული მისამართი იმავე ბიზნესცენტრში ალაის ბაზრის მახლობლად. მათ შორისაა Kamilov's Falcon Hunting Solutions-ი და კიდევ ერთი კომპანია, რომელთანაც ისაა დაკავშირებული.

გაუჩინარება

Ultimo Group Limited-ის საქმიანობა უზბეკეთის ბუნებრივი აირის ბაზარზე ისევე მოულოდნელად შეჩერდა, როგორც დაიწყო სამი წლის წინ. მიმწოდებლებისა და კორპორაციული დოკუმენტების სამთავრობო მონაცემთა ბაზებში ვერ ნახავთ საბუთს Ultimo Group-ის მონაწილეობის შესახებ რომელიმე სამთავრობო ტენდერში 2021 წლის შემდეგ. სწორედ მაშინ გააფორმა მან კონტრაქტი „ყიზილყუმცემენტთან“ 36 მილიონ დოლარად გაზის მიწოდების შესახებ.

საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ თურქმენეთიდან გაზის იმპორტი 2022 წლის მარტში შეწყვიტა, ხოლო UzTransGaz-ის მიერ მისთვის 20 მილიონი დოლარის ღირებულების ბოლო გადარიცხვა იმავე წლის სექტემბერში განხორციელდა.

2022 წლის ივლისიდან რაღაც მომენტში, Ultimo Group-ის დამფუძნებელმა და თანამფლობელმა დილერ ქაიუმოვმა, რომელმაც არ უპასუხა მის ინსტაგრამის ანგარიშზე გაგზავნილ წერილობით მოთხოვნას, კომპანიაში თავისი 50-პროცენტიანი წილი გადასცა თავის 67 წლის დედას, მათლუბა ქაიუმოვას.

სატელეფონო საუბარში ქაიუმოვას ქმარმა რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურს განუცხადა, რომ მას არ შეეძლო კომენტარის გაკეთება Ultimo Group-ის გარშემო და შესთავაზა ჟურნალისტებს, კითხვებით პირდაპირ კომპანიისთვის მიემართათ.

Ultimo Group-ის კიდევ ერთმა თანამფლობელმა, თუჰფათ ანვარხუჯაევმა, რომელიც ქამილოვის გვერდით იყო ფოტოზე, შეინარჩუნა კომპანიის 50 პროცენტი.

თავდაპირველად Ultimo Group-ი რეგისტრაციაში გატარდა მისამართზე, სადაც ქაიუმოვი და მისი დედა იყვნენ რეგისტრირებული. შემდგომში, კომპანიის იურიდიული მისამართი შეიცვალა ასევე ტაშკენტში, Ichan Qala Hotel-ის მისამართზე. ეს სასტუმრო უკავშირდება უზბეკურ კომპანია K7 Hotel Management-ს, რომლის ერთადერთი მფლობელი ოთაბექ უმაროვის ძმა ოიბექ უმაროვია.

დილერ ქაიუმოვი, Ultimo Group-ის დამფუძნებელი აქციონერი, თან ახლავს პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს (მეორე მარცხნივ) 5 მარტს ვიზიტის დროს Tashkent City Mall-ში, სადაც ქაიუმოვი ამჟამად უფროსი მენეჯერია.

ქაიუმოვი ახლა მაღალ თანამდებობას იკავებს Tashkent City Mall-ში, მთავარ დეველოპერულ პროექტში, რომელსაც მხარს უჭერს მირზიოევი. City Mall-ი ააშენა ცენტრალურ აზიაში ცნობილი მაგნატის ჰაბიბულა აბდუქედირის კომპანიების ქსელმა, რომელიც ჩართული იყო კონტრაბანდასა და ფულის გათეთრებაში, და რომელსაც საქმიანი კავშირები აქვს უზბეკეთის პრეზიდენტის ნათესავებთან.

კითხვაზე, თუ რატომ გადაეცა წილი ქაიუმოვის დედას, ანვარხუჯაევმა რადიო თავისუფლების უზბეკეთის სამსახურს ელფოსტაში უპასუხა, რომ მისი აზრით, ეს „დაკავშირებულია მის ოჯახურ სტატუსთან“, მაგრამ დეტალები არ დააკონკრეტა. მისი თქმით, მათლუბა ქაიუმოვა კომპანიის მენეჯმენტში არანაირ როლს არ თამაშობს.

მარტში ქაიუმოვმა მირზიოევს სავაჭრო ცენტრი დაათვალიერებინა. ექსკურსიის ამსახველი ვიდეო როგორც პრეზიდენტის, ისე სავაჭრო ცენტრის პრესსამსახურმა გაავრცელეს. პირველი მაღაზია, რომელსაც ქაიუმოვი აჩვენებს მირზიოევს Tashkent City Mall-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, არის უმაროვის სპორტული ბრენდი 7Saber-ი.

ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში ანვარხუჯაევი იტყობინება, რომ Ultimo Group-ი ამჟამად „ჩართულია საინვესტიციო პროექტებში ნავთობისა და გაზის სექტორში“, მაგრამ აღარ ახორციელებს გაზის იმპორტს.

Ultimo Group Limited-ის ვებგვერდი დაარსებიდან სამი წლის შემდეგ - ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.