28 წლის ნარგიზა გველესიანი, ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, 3 თებერვლის ღამეს, ბაღდათში, ხის ძველ სახლში დაიწვა. მათთან ერთად დაიწვა ოჯახის ახლობელი ქალიც. როგორც მეზობლები ამბობენ, ხის სახლს ცეცხლი ისეთი სისწრაფით მოედო, რომ მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან მათი გამოყვანა ვეღარ მოასწრეს.
გარდაცვლილი ნარგიზა გველესიანის დედა, ქეთევან გველესიანი ამბობს, რომ ის, მისი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი, ბაღდათის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ სახლში, სადაც ოჯახის ახლობელი, ასევე სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ქალი ცხოვრობდა, დროებით გადავიდნენ:
„ერთი კვირის წინ ჩემი ბიჭი დავკრძალეთ. ტყეში გაიყინა. იმ სახლში [ყოფილი სტამბის შენობა] გვყავდა დასვენებული, სადაც აქამდე ვცხოვრობდით და ბავშვებს არ სიამოვნებდათ იქ ყოფნა, ეშინოდათ და დროებით წამოვედით. 40-ის მერე ვაპირებდით დაბრუნებას. მე მაღაზიაში გამოვედი და უკან რომ მოვბრუნდი, სახლს ცეცხლი ეკიდა, აბრიალებული იყო“, - ყვება ქეთევან გველესიანი, რომელიც ახლა სოფელ წითელხევში, სიძის ოჯახში ელოდება დაღუპული შვილისა და შვილიშვილების მისვენებას.
წითელხევშია დაღუპულების ქმარი და მამა, ვანო გორგოძეც. ის თავს შეუძლოდ გრძნობს და ჟურნალისტებთან კომენტარს ვერ აკეთებს. მისი ბიძა, გურამ გორგოძე ამბობს, რომ ნარგიზა გველესიანი ორსულად იყო და მეხუთე შვილს ელოდებოდა.
2011 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველ ოჯახს ბაღდათში, ყოფილი სტამბის შენობაში, 33 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო. 2012 წლიდან ნარგიზა გველესიანი ქმართან, დედასთან, ძმასთან და ოთხ შვილთან ერთად, სწორედ ამ ფართში ცხოვრობდა.
მისი მეზობლები რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას ამბობენ, რომ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა:
„მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები არის, მათ არც შუქი ჰქონდათ, არც წყალი და არც გაზი. უარი თქვეს შემოყვანაზე, გაგვიჭირდება გადახდაო“, - ამბობს მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, აცხადებს, რომ ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ყველა საჭირო დახმარებას იღებდა.
ამასვე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტო და განმარტავს, რომ ოჯახის ჯამური შემოსავალი თვეში შეადგენდა 1330 ლარს. სააგენტოს განცხადებით, ოჯახის შემოსავალი მოიცავდა როგორც სოციალურად დაუცველთათვის განკუთვილ თანხას, ისე პენსიას, შშმ პირებისათვისა და ბავშვებისათვის დარიცხულ შემწეობას.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური განმარტავს:
„2019 წლის ოქტომბერში, ოჯახი გადამოწმდა, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. დეკემბერში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც 2040 ლარს შეადგენდა. ამას გარდა, 2020 წლის იანვრიდან სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფა შეუფერხებლად მიმდინარეობდა“.
ზვიად შალამბერიძის თქმით, ნარგიზა გველესიანი შვილებთან და დედასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, დროებით გადავიდა იმ სახლში, რომელიც წუხელ დაიწვა:
„24 იანვარს გარდაიცვალა ნარგიზა გველესიანის ძმა, გრიგოლ გველესიანი. ის სწორედ ყოფილი სტამბის შენობაში იყო დასვენებული და დაკრძალვის შემდეგ, სანამ ოჯახი სახლს დაალაგებდა, მათ ახლობელ ქალთან, ხის სახლში შეაფარეს თავი. ის ქალიც სოციალურად დაუცველი იყო. რატომ ცხოვრობდა ქალი მიტოვებულ სახლში, ეს ჩვენთვის უცნობია, რადგან ორი წლის წინ, მერიამ მას სოფელში მისცა სახლი“.
დედა-შვილებთან ერთად გარდაცვლილი ქალი, 77 წლის მაგული კბილაშვილია. მისი შვილი გიორგი ლილუაშვილი ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა ბაღდათში და სოფელში ოჯახთან იშვიათად ჩადიოდა: „ადრე დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. ჩვენთან არ ჩერდებოდა. ბაღდათში ცხოვრებას იყო მიჩვეული. პერიოდულად საცხოვრებელ სახლს იცვლიდა. ბოლოს სწორედ წერეთლის ქუჩაზე ცხოვროდა, იმ სახლში, რომელიც დაიწვა“.
იყო თუ არა საქმის კურსში სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი გორგოძეების ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვნების მდგომარეობის შესახებ? ხომ არ შეიცავდა საფრთხეს ბავშვების ჯანმრთელობისთვის ის პირობები, რომელშიც ბავშვები ცხოვრობდნენ? ამ კითხვებზე რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე პასუხობს. ის ამბობს, რომ სოციალური მუშაკი, რომელიც ბაღდათს ემსახურება, სისტემატურად ადევნებდა თვალს ოჯახში არსებულ მდგომარეობას და არცერთ ეტაპზე არ დამდგარა ბავშვების ოჯახიდან გამოყვანის საჭიროება:
„ბავშვების განცალკევების საჭიროება არ ყოფილა. მუდმივად აკონტროლებდა ოჯახს სოციალური მუშაკი. ბავშვები ასაკის შესაბამისად იღებდნენ განათლებასაც. ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ხოლმე ბავშვების განცალკევების საკითხს. ბავშვების ოჯახისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა. როგორც სოციალური მუშაკისგან მაქვს ინფორმაცია, ოჯახი ბავშვებზე ზრუნავდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბავშვების ასაკი, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ 1-დან 8 წლამდე იყო: 8 წლის გენადი, 6 წლის ტარიელი, 5 წლის თიკო და ერთი წლის როსტომი.