როგორ აფერხებს ადგილობრივი ხელისუფლება ლაგოდეხში სპორტულ-გამაჯანსაღებელი „ფიტნეს კლუბის“ მუშაობას?

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის ევროკავშირმა და ლაგოდეხის მერიამ, ერთობლივად, „ფიტნეს კლუბის“ პროექტი დააფინანსეს, თუმცა ირკვევა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო „ფიტნეს კლუბმა“ მუშაობა შეაჩერა.

მუნიციპალიტეტმა დაქირავებული ინსტრუქტორი სამი თვე უხელფასოდ ამუშავა. ინსტრუქტორი იძულებული გახდა სამუშაო მიეტოვებინა. უფრო მეტიც, დამქირავებელი გვეუბნება, რომ არ იცის, გადაუხადა თუ არა დასაქმებულს ხელფასი. „ფიტნეს კლუბით“ მოსარგებლეები იმედგაცრულებულნი არიან.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ აფერხებს ადგილობრივი ხელისუფლება ლაგოდეხში „ფიტნეს კლუბის“ მუშაობას?

სპორტის რიგი სახეობებისთვის კახეთის უმეტეს ნაწილშიშესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.მაგალითად, რეგიონის თითქმის არც ერთ ქალაქში არ არის განვითარებული წყლის სპორტი, რადგან არ არსებობს საცურაო აუზები. ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ გურჯაანი.

რეგიონში რაც ყველაზე მეტად არის განვითარებული, ეს ფეხბურთია, თუმცა პრობლემები აქაც არის. საფეხბურთო მოედნების ნაწილი ავარიულია, ტრიბუნები კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის არ განახლებულა.

კონკრეტულ პროექტებს ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით აფინანსებს. მათი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ლაგოდეხის „ფიტნეს კლუბიც“, რომელზეც 23 ათას ლარამდე დაიხარჯა.

იშვიათად შევხვდებით სპორტულ გამაჯანსაღებელ „ფიტნეს კლუბებსაც“, სადაც რიგით ადამიანებს შეეძლოთ ევარჯიშათ, თუმცა იქ, სადაც ასეთი კლუბები არის, ირკვევა, რომ ისინიც დაკეტილია.

ლაგოდეხში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვისთვის ევროკაშირის თანადაფინანსებით სპორტულ-გამაჯანსაღებული დარბაზი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ტრენაჟორები განთავსდა. პროექტის თანადამფინანსებელი იყო ადგილობრივი მერია. ტექნიკა მთლიანად ევროკავშირის დაფინანსებით შეიძინეს. გარემონტდა დარბაზიც. „ფიტნეს კლუბმა“ მუშაობა დაიწყო, თუმცა მალევე შეაჩერა, რადგან დაქირავებული მწვრთნელი პაატა შარვაძე მუნიციპალიტეტმა 3 თვე უხელფასოდ ამუშავა. მწვრთნელმა ენთუზიაზმით მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა და წავიდა:

„თვეში მიწევდა, დაახლოებით, 300 ლარამდე ხელფასი და იმასაც ვერ ვიღებდი. მითხრეს, რომ პრობლემები იყო, რეორგანიზაცია მოხდა და დარბაზი ჩვენზე არ არის გაფორმებულიო. ასევე, საბუთები აირიაო. მე სრული სამი თვე ვიმუშავე და თანხა საერთოდ არ ამიღია. შესაბამისად, გამოდიოდა, რომ ტყუილად ვმუშაობდი და წამოვედი. დარჩენის აზრს ვერ ვხედავდი. ამ თანხას არავის შევარჩენ“.

პირველი ოქტომბრიდან ლაგოდეხის „ფიტნეს კლუბში“ მეგობრებთან ერთად ვარჯიშის დაწყებას გეგმავდა ადგილობრივი მარიამ ენუქიძე. ის გვეუბნება, რომ რეგისტრაციაც გაიარა და ვარჯიშისთვის სასურველი საათებიც შეათანხმა, თუმცა, როცა უშუალოდ ვარჯიშის დასაწყებად მივიდა, „ფიტნეს კლუბის“ კარი დაკეტილი დახვდა.

დახურული „ფიტნეს კლუბი“

„დაიკეტა ეს „ფიტნეს ცენტრი“, რადგან ხელფასი არ გადაუხადეს ინსტრუქტორს. ადამიანი იხვეწებოდა: იმდენი მაინც მომეცით, რომ გზის ფული მქონდესო, მაგრამ მუნიციპალიტეტი არ ეცადა უფასუპატიოდ გაკეთებული „ფიტნეს ცენტრი“ იმით მაინც შეენახა, რომ ერთი თანამშრომლისთვის ხელფასი მაინც გადაეხადა. ჩვენ ვიყავით ჯგუფში 5-6 ადამიანი, მაგრამ დავიშალეთ. „ფიტნეს ცენტრის“ მუშაობა მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე დაავადებებს შორის ხერხემლის პრობლემები პირველ ადგილზეა და ამიტომ გადავწყვიტეთ ყველამ ერთად, რომ გვევარჯიშა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ ამ სერვისით“.

ლაგოდეხში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ფიტნეს კლუბის“, ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ა.(ა)ი.პ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი.ცენტრში ადასტურებენ, რომ „ფიტნეს კლუბი“ დაკეტილია ინსტრუქტორის უყოლობის გამო.

იმასაც ამბობენ, რომ ინსტრუქტორი პაატა შარვაძე ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავდათ აყვანილი, თუმცა აიპის დირექტორმა ლევან ქაჯაიამ არ იცის,მისმა თანამშრომელმა მიიღო თუ არა ხელფასი სამი თვის განმავლობაში:

„მე არ ვფლობ ინფორმაციას, ინსტრუქტორმა თქვენ რა გითხრათ, მაგრამ ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანთან გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულება და რეალურად იმუშავა. ეს ადამიანი აიღებს ჯამაგირს, თუ მას დღემდე არ აუღია. „ფიტნეს ცენტრის“ მუშაობა დროებით არის შეფერხებული, მაგრამ უახლოეს დღეებში ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება მივიდეს, სადაც მომსახურებას გაუწევენ“.

დახურული „ფიტნეს კლუბი“

კონკრეტულ პროექტებს ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მხარდაჭერით აფინანსებს. მათი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ლაგოდეხის „ფიტნეს კლუბიც“, რომელზეც 23 ათას ლარამდე დაიხარჯა. ორგანიზაციის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, „ფიტნეს კლუბის“ მუშაობის შეფერხება თვითმმართველობის ორგანოებში რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და „ფიტნეს კლუბი“ გაიხსნება:

„არ დავუშვებთ იმას, რომ საინტერესო იდეები გაჩერდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი [ადგილობრივი ხელისუფლების] ნებაც არის, რომ ასე გაკეთდეს. ნებისმიერ დასაბუთებულ შეთავაზებას მივიღებთ, რომ გამოსავალი ვნახოთ. მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს პროექტი არის დროებით გაჭიანურებული და არა გაჩერებული ანდა ჩავარდნილი“.

როდის განაახლებს მუშაობას ლაგოდეხში „ფიტნეს კლუბი“, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართვის მიზნით გაიხსნა, ჯერ არავინ იცის.