როგორ აფასებს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის შედეგებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული აქტივის შეკრება

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, სამწუხაროდ, 6 წელი ძალიან ცოტა აღმოჩნდა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის შეკრების ძირითადი მიზანი ამ ექვსწლიანი წარსულისა და რეალობის კიდევ ერთხელ შეფასება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასების ნაწილი მედიას გააცნო პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ:

რა გაკეთდა, „ქართული ოცნების“ შეფასებით, 6 წლის განმავლობაში:

  • ჩამოყალიბდა ადამიანის ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო;
  • აღიკვეთა ძალადობა და პატიმრების სისტემური წამება;
  • 2.5 -ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ კი მათი სიკვდილიანობა;
  • სახელმწიფო სისასტიკეს აღარ უპირისპირებს შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას;
  • აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა;
  • უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე;
  • თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი;
  • გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსა და აშშ-თან, საქართველო არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს;
  • უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული აქტივის შეკრების შემდეგ

„ქართული ოცნების“ შეფასებით, რატომ არ აქვს პარტიას თვითკმაყოფილების საბაბი და რა რჩება მისთვის გამოწვევად 6 წლის შემდეგ:

  • ეკონომიკის განვითარება და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა;
  • ადამიანებისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობების მიცემა, საზოგადოების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზე ზრუნვა;
  • მეგობარ ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება, ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევა;
  • თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ პლუსები და მინუსები ყველა ხელისუფლებას აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია ის, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებას არ ჩაუდენია არც ერთი დანაშაული, მით უმეტეს, სისტემური დანაშაული ქვეყნისა და ხალხის მიმართ.