„ნასტოიაშჩეე ვრემია“ მოგითხრობთ, თუ როგორ მოიპარეს არგენტინელმა რადიკალებმა პოლიტიკური ოპონენტის გვამი, რომ ევიტა სამშობლოში დაებრუნებინათ.
1974 წლის 15 ოქტომბერს შეიარაღებულმა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტისა და გენერლის აკლდამა შელეწა.
„კედრის გალაქული ხის კუბო არ დამპალიყო. მომრგვალებული კიდეები ჰქონდა და წარწერა „პედრო ეუხენიო არამბურუ“, ასევე ბოქლომი, ქრისტეს გამოსახულება და რვა სახელური. ძვირფასი კუბო იყო, საპრეზიდენტო. მთელი ეს ფუფუნება ას კილომდე იწონიდა. გამტაცებლებს სწორედ ეს დეტალი გამორჩათ“, - წერს არგენტინელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მარია ოდონელი თავის დოკუმენტურ წიგნში „არამბურუ: პოლიტიკური მკვლელობა, რომელმაც ქვეყანა გახლიჩა. მონტონეროსის დაბადება“.
აკლდამაში შეჭრილი პარტიზანები, რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციის „მონტონეროსის“ წევრები იყვნენ. მათ პაკო ურონდო ხელმძღვანელობდა, ცნობილი არგენტინელი ლიტერატორი, იატაკქვეშა მოძრაობიდან. უკუნით სიბნელეში გამტაცებლებმა გენერალ არამბურუს ცხედარი ურიკაზე გადაიტანეს და სასაფლაოს კედლამდე მიაგორეს. იქ უფრო დიდი კონტეინერი იყო, დამჭკნარი ყვავილებისა და გვირგვინებისთვის.
როდესაც კონტეინერი ივსებოდა, დამლაგებლები კარს აღებდნენ და შიგთავს პირდაპირ სანაგვე მანქანაში ცლიდნენ. გამტაცებლებმა კუბოსაც იგივე უქნეს. ამ საქმისთვის შესაფერისი სატვირთო მანქანა რამდენიმე დღით ადრე გაიტაცეს. სანამ რეკოლეტას (ბუენოს-აირესის ცენტრალური უბანი) დატოვებდნენ, ერთ-ერთ აკლდამაზე წააწერეს - „მონტონეროსი“.
ყოფილი პრეზიდენტი უსაფუძვლოდ არ გაუტაცებიათ. ის „ტყვედ აიყვანეს“. სურდათ არგენტინის პირველი ლედის ევიტა პერონის (1919-1952) ბალზამირებულ ცხედარში გაეცვალათ. თავის დროზე გარდაცვლილი ევიტა, გენერალ არამბურუს ბრძანებით, ქვეყნიდან ჩუმად გაიტანეს და იტალიაში დამარხეს. არამბურუ ხელისუფლებაში 1955 წელს, პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის ჩამოგდების შემდეგ მოვიდა.
ევიტას გატაცება
ევიტა გენერალ პერონს 1945 წელს გაჰყვა ცოლად. მანამდე რადიოში მუშაობდა, კინოშიც იღებდნენ. პირველი ლედის სტატუსით ექვსი წელი იცხოვრა და იქცა ქალად, რომელიც ერთდროულად ყველას აღტაცებასა და... სიძულვილს იწვევდა. პრეზიდენტის არცერთი ცოლი ქვეყნის საკითხებში ასე ღრმად არ ჩარეულა: მრავალათასიანი მიტინგები, რადიოში გამოსვლები, შეხვედრები მინისტრებთან და დიპლომატებთან. თავის მთავარ ამოცანად ევიტა უპოვარების, სნეულების, ობლების, ქვრივებისა და მარტოხელა დედების დაცვას სახავდა. ლობირებდა კანონს, რომლითაც 1951 წელს, არგენტინელმა ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.
გენერალ პერონის მმართველობის პერიოდში არგენტინაში საუნივერსიტეტო განათლება უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. დაქირავებულ მუშახელს ანაზღაურებადი შვებულება დაუნიშნეს.
ინვესტიციები ჩადეს ჯანდაცვაში, ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და ინდუსტრიალიზაციაში. რკინიგზა და სხვა მსხვილი კერძო საკუთრება სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. მსხვილ ბიზნესს გადასახადები გაუზარდეს.
პერონის სოციალური პროგრამები, ბიუჯეტის ღარიბების სასარგებლოდ გადანაწილება იმ ფენის უკმაყოფილებას იწვევდა, რომელიც კეთილდღეობას იყო მიჩვეული. გენერალი არც სოციალისტი იყო, არც კომუნისტი, უბრალოდ მის პარტიას სჯეროდა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს სოციალური გარანტიები უნდა მისცეს.
მარხნიდან მარჯვნივ: ევა პერონი, მის მისი მეუღლე, არგენტინის პრეზიდენტი ხუან პერონი და პოლკოვნიკი მერკანტე კითხულობენ გაზეთს „დემოკრატია“
ევიტა თავდაჯერებული და ფიცხი ქალი იყო. გიჟდებოდა ძვირფას ტანსაცმელზე, სამკაულებზე. ხშირად იმეორებდა, ღარიბებს მოსწონთ, ლამაზი რომ ვარო. იმასაც ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თავადაც ხალხისა და სიღარიბის შვილი იყო, ისეთი არა, როგორიც მაღალი საზოგადოების ქალები არიან. ევიტას იმდენად ვერ იტანდნენ, რომ როდესაც მისი უკურნებელი სენის შესახებ გაიგეს, ღობეებზე წარწერები გაჩნდა: “გაუმარჯოს კიბოს!“ სხვებს, პირიქით, ძალიან უყვარდათ, სიცოცხლეშივე წმინდანად აღიარეს.
უკანასკნელად ევიტა ხალხს წინაშე 1952 წლის 4 ივნისს გამოჩნდა, პერონის მეორე ინაუგურაციისას. 26 ივნისის საღამოს, ხანგრძლივი აგონიის შემდეგ ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გარდაიცვალა. მთელი ეს დრო, ქუჩაში, წვიმაში, მისთვის ათასობით არგენტინელი ლოცულობდა. პირველი ლედის ცხედარი დააბალზამეს. ეს იმ დროის საუკეთესო სპეციალისტმა, ექიმმა პედრო არამ გააკეთა. თავის წიგნში „ევიტა პერონის შემთხვევა“ არა წერს, რომ ავადმყოფობისას ევიტა გახდა, 30 კილოზე ოდნავ მეტს თუ იწონიდა.
ხუან და ევა პერონები, პერონის მეორე ინაუგურაციისას, 1952 წლის 4 ივნისი
ბუენოს-აირესი პირველ ლედის 16 დღე ეთხოვებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ევიტასთან გამოსამშვიდობებლად სამი მილიონი ადამიანი მივიდა, მაშინდელი მოსახლეობის გათვალისწინებით - ყოველი მეექვსე. ისინი დედაქალაქში პროვინციებიდან ფეხით მიდიოდნენ. არგენტინაში ყვავილები მთლიანად გაიყიდა და ურუგვაიდან და ჩილედან შეიტანეს. ბოლო ღამეს მოედანზე 600 ათასი ჩირაღდანი აანთეს. ევიტას ცხედარი გადაასვენეს საგანგებო სამრეკლოში, რომელიც შრომის კონფერენციის შენობაში იყო მოწყობილი.
ევიტა პერონის ცხედრის მდგომარეობაზე პედრო არა ზრუნავდა. აპირებდნენ სამომავლოდ მავზოლეუმში დაესვენებინათ, მანამდე კი სამი წელი სამრეკლოში იყო.
1955 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხვეს პრეზიდენტი ხუან დომინგო პერონი. გადატრიალება საავიაციო თავდასხმით დაიწყო, პერონის მტრები საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრს ბომბავდნენ, მაიას მოედანს და პრეზიდენტის რეზიდენციას. დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის ექვსი ბავშვიც იყო, ყველაზე პატარა სამი წლის. ათასზე მეტი დაიჭრა. ხელისუფლება ხელში ჩაიგდო გენერლებმა ედუარდო ლონარდიმ და პედრო ეუხენიუ არამბურუმ. პერონმა არგენტინა დატოვა.
ბუენოს-აირესის დაბომბვის შედეგები
ახალმა მთავრობამ ევიტას ცხედარს 1955 წლის 22 ნოემბერს მიაკითხა. ამის შემდეგ 16 წელი არავინ იცოდა, სად გაქრა მიცვალებული.
მრავალი წლის შემდეგ მკვლევრებმა და ისტორიკოსებმა მოახერხეს აღედგინათ თუ რა ხდებოდა იმ ღამეს. როგორც ჩანს, გენერალ არამბურუს უნდოდა ევიტა ჩუმად დაემარხა, მაგრამ პოლკოვნიკმა მური კენიგმა მისი ბრძანება არ შეასრულა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვერც გარდაცვლილს იტანდა და ვერს მის მეუღლეს.
1955 წელს ცხედარი ბევრჯერ გადაიტანეს სხვადასხვა ადგილას. ბოლოს მაიორ არანდის სახლში დაასვენეს. სამხედროებს პერონისტების თავდასხმის ისე ეშინოდათ, რომ დატენილი იარაღით ეძინათ. ერთხელ, მაიორმა არანდიმ სიბნელეში საეჭვო ფაჩუნი გაიგონა, გაისროლა და საკუთარი ორსული ცოლი მოკლა.
ევიტა კუბოში
მოგვიანებით ევიტას ცხედარი პოლკოვნიკმა მური კენიგმა საკუთარ კაბინეტში გადაიტანა. ის მას რადიოაპარატურისთვის განკუთვნილ ხის ყუთში ინახავდა და სტუმრებს როგორც ნადავლს ისე უჩვენებდა. გენერალმა არამბურუმ ეს გაიგო და პოლკოვნიკს უბრძანა ცხედარი არგენტინიდან ყველასთვის უჩუმრად გაეტანა. ევიტა მილანში დამარხეს სხვისი სახელით. არგენტინაში პერონის პარტია, ასევე ყველაფერი, რაც მას და ევიტას უკავშირდებოდა კანონგარეშედ გამოცხადდა.
1966 წელს, სამოქალაქო მთავრობის მცირეხნიანი მმართველობის შემდეგ არგენტინის ხელისუფლებაში ისევ გენერლები მოვიდნენ, ამჯერად ხუან კარლოს ონგანია და ალეხანდრო ლანუსე. იმის გამო, რომ დემოკრატიული არჩევნები და პოლიტიკური პროცესები აკრძალეს, არგენტინელი ახალგაზრდები ძალიან რადიკალურები გახდნენ. რამდენიმე აკრძალული ორგანიზაციის წევრები თავს „პერონისა და ევიტას ბავშვებს“ უწოდებდნენ. მათ გენერლის სამშობლოში დაბრუნება სურდათ, კუბის რევოლუციის პრინციპებს მისდევდნენ და ერნესტო ჩე გევარას მსგავსად პარტიზანულად იბრძოდნენ. ევიტას ცხედარსაც ეძებდნენ.
ამ პირობებში ჩამოყალიბდა პარტიზანული მოძრაობა „მონტონეროსი“. მისი პირველი საჯარო აქცია 1970 წელს 67 წლის გენერალ არამბურუს მკვლელობა იყო. თავად ამას დასჯას უწოდებდნენ. მაისის ბოლოს, არგენტინის შეიარაღებული ძალების დღესასწაულზე, სამხედრო ფორმაში გადაცმული პარტიზანები არამბურუს სახლში მიადგნენ. ის ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ცხოვრობდა. მუდმივი დაცვა არ ჰყავდა. 29 მაისს კარი მათ გენერლის მეუღლემ გაუღო. „არაფერი უეჭვია, ბიჭები შემოიპატიჟა და სანამ არამბურუ სააბაზანოდან გამოვიდოდა ყავა შესთავაზა. ბოლოს ისიც გამოჩნდა, გაღიმებული და უზადოდ გამოწყობილი“. - ეს ამბავი რამდენიმე წლის შემდეგ დაიწერა ჟურნალში „პერონისტების საქმე“, რომელსაც „მონტონეროსი“ უშვებდა.
გენერალი არამბურუ
გადაცმულებმა გენერალს განუცხადეს დღესასწაულზე წაგიყვანთო. რომ გაიტაცეს, ამას მხოლოდ გზაში მიხვდა. „მონტონეროსი“ ამ ოპერაციისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა. სოფლის გზებით პოლიციელების პოსტებს გაერიდნენ და ასე ჩავიდნენ სოფელ ტიმოტში, რომელიც დედაქალაქს 420 კილომეტრით იყო დაშორებული. იქ რაც მოხდა, ჟურნალში ასეა აღწერილი:
- გენერალო არამბურუ, თქვენ დაგაკავათ პერონისტების რევოლუციურმა ორგანიზაციამ და წარსდგით რევოლუციური სასამართლოს წინაშე.
გენერალმა, როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინღა გაიაზრა ყველაფერი ბოლომდე, მაგრამ ერთადერთი რაც თქვა იყო:
- კარგი.
„მონტონეროსმა“ გენერალი გადატრიალების გარდა, ასევე დაადანაშაულა იმ სამხედროების დახვრეტაში, რომლებიც გადატრიალებას არ ემხრობოდნენ. ასევე ევიტას ცხედრის გატაცებაშიც. საუბარს იწერდნენ დიქტოფონზე, მაგრამ როდესაც საქმე ცხედარს შეეხო, გენერალმა მტკიცე უარი განაცხადა, რამე ეთქვა. „საბოლოოდ, მოყვა როგორც იყო: ევიტას საფლავი რომის სასაფლაოზე იყო, სხვა სახელით. მასზე ვატიკანი ზრუნავდა. გატაცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ცენტრალურ ბანკში ინახებოდა, პოლკოვნიკ კაბანიშჩის სახელზე. სხვა არაფერი უთქვას, ეს ჩემს ღირსებას ეხებაო“, - ეწერა „პერონისტების საქმის“ სტატიაში.
ასევე ნახეთ სამარტოო საკანში ტყვეობიდან ქვეყნის პრეზიდენტობამდე - როგორ თქვა უარი ხოსე მუხიკამ ფუფუნებაზე და ისტორიაში შევიდასაბოლოოს პარტიზანებმა არამბურუს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და სახლის სარდაფში მოკლეს. გენერალი არ შესწინააღმდეგებია, მხოლოდ ის იკითხა, მის ოჯახს რა ბედი ეწეოდა. პარტიზანებმა უპასუხეს, რომ ნათესავებს არ ერჩოდნენ.
- გენერალო, - თქვა ფერნანდომ, - ვიწყებთ.
- დაიწყეთ, - უპასუხა არამბურუმ.
ის დახვრიტეს და იმავე სარდაფში დამარხეს. პოლიციამ ცხედარი მხოლოდ ორიოდე თვის შემდეგ იპოვა. ამოიცნეს ტანსაცმლით და ბეჭედზე გრავიურით და რეკოლეტას სასაფლაოზე დამარხეს, სადაც ოთხი წლის შემდეგ ისევ მიაკითხა „მონტონეროსმა“.
1971 წელს პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე არგენტინის ხელისუფლებამ, გენერალ ლანუსეს ხელმძღვანელობით „დიდი ეროვნული შეთანხმების“ პროცესი წამოიწყო. გენერალ პერონისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად, მისი ცოლის ცხედარი დააბრუნეს. იმ დროს პერონი ესპანეთში ცხოვრობდა.
როგორც ცნობილი არგენტინელი დოკუმენტალისტი პინო სოლანესი იხსენებს, როდესაც ევიტას კუბო მოუტანეს პერონმა მისი გახსნა მოითხოვა. ბალზამირებულ სხეულზე ჭრილობები და დამწვრობის კვალი ჩანდა. „ნაძირალა“ - უყვირა პერონმა ელჩს.
სხეულის რესტავრაციას არგენტინელი სკულპტორი და ბალზამირების სპეციალისტი დომინგო ტელეჩეა შეუდგა. თავის ინტერვიუში ტელეჩეა ჰყვება, რომ სხეული უმეტესად გაუფრთხილებლობით კი არ იყო დაზიანებული, არამედ მიზანმიმართულად - „ცხედარი წაბილწეს“.
1972 წელს, 17-წლიანი დევნის შემდეგ ხუან დომინგო პერონი მშობლიურ არგენტინაში დაბრუნდა. თან მესამე ცოლიც ჩაიყვანა - ისაბელი. ევიტას ცხედარი ესპანეთში დატოვა. 1973 წელს გენერალმა მესამედ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. უკვე 1974 წელს კი 79 წლისას გული გაუჩერდა. ხელისუფლების სათავეში მისივე ქვრივი, ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ისაბელა პერონი აღმოჩნდა. სწორედ მას მოსთხოვა „მონტონეროსმა“ არამბურუს ნეშტის სანაცვლოდ ევიტას ცხედარი დაებრუნებინა. პირველი ლედი ბუენოს-აირესში ჩამოასვენეს. პარტიზანებმაც არამბურუს კუბო მანქანაში დატოვეს, მანქანა - ციხის კედელთან.
ხუან პერონის დაბრუნება არგენტინაში
1976 წლამდე ევიტასა და პერონის ცხედარები სამრეკლოში, პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ესვენა. მორიგი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გენერლის ცხედარი საგვარეულო აკლდამაში მოათავსეს, ჩაკარიტას სასაფლაოზე. ევიტასი კი რეკოლეტას სასაფლაოზე, სადაც მისი უფროსი ძმა ხუან დუარტე იყო დამარხული. ასე აღმოჩნდა პირველი ლედი ასიოდე მეტრში გენერალ არამბურუსგან. სასაფლაოზე ყველაზე ხშირად ევიტას საფლავს სტუმრობენ. მისი შავი მავზოლეუმის კართან მუდამ ახალი ყვავიები აწყვია.
1987 წლის ივნისში, ღამე, პერონის აკლდამა უცნობებმა გასაღბით გააღეს, კუბო გატეხეს, გენერლის მტევნების ძვლები გაიტაცეს და მიიმალნენ. ქურდებმა პერონის პარტიას გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს სთხოვდნენ. ფული არავის გადაუხდია. ამ საქმის გამოძიების რამდენიმე მონაწილე, მათ შორის მოსამართლე და ფედერალური პოლიციის უფროსი ან უცნაურ გარემოებებში დაიღუპნენ ან მოკლეს. შეგროვებული ნივთმტკიცებების დიდი ნაწილი დაიკარგა. ჟურნალისტები ეჭვობდნენ, რომ ამ გატაცების უკან არგენტინის უშიშროება იდგა.
საქმე ისე დაიხურა, გენერლის ხელები არავის უპოვია.