როგორ და რით შეძლებს (კი) უკრაინა ყირიმის დაბრუნებას? შეიარაღების მიმოხილვა

ვლადიმირ პუტინი ქერჩის აფეთქებული ხიდისა და უკრაინული სარაკეტო სისტემის "ნეპტუნის" ფონზე. ილუსტრირებული კოლაჟი

ყირიმში სამხედრო ობიექტებზე იერიში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოკავშირეების მიერ მოწოდებული Storm Shadow/SCALP სისტემის რაკეტებით მიაქვთ. ნახევარკუნძულზე რუსული საჰაერო თავდაცვის უახლეს სისტემებს (С-400 „Триумф“) წარმატებით ანადგურებს უკრაინული საზენიტო კომპლექსი „ნეპტუნი“ (R-360 Neptune).

უკრაინელი და დასავლელი ექსპერტების აზრით, ამ და სხვა სარაკეტო შეიარაღებამ, როგორც უკრაინულმა, ასევე დასავლურმა, ყირიმის დეოკუპაციის საქმეში გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს. განსაკუთრებით, ამერიკულმა ATACMS-მა, რომლის „გრძელი ხელი“, უკრაინელი სამხედროების თქმით, აუცილებლად მისწვდება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქერჩის ხიდს.

და რა ხდება ყირიმის ფრონტის მიმართულებით, სანამ ATACMS-ები უკრაინის ფრონტზე ჩავა?

მოდერნიზებული „ნეპტუნი“ - ქერჩის ხიდის რისხვა?

23 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში, კონცხ ტარხანკუტზე გაანადგურეს რუსული საჰაერო თავდაცვის უახლესი სისტემა С-400 „ტრიუმფი“. The War Zone-ის მიხედვით, იერიში მიიტანა უკრაინულმა სარაკეტო კომპლექსმა „ნეპტუნმა“, უფრო ზუსტად, მისმა მოდერნიზებულმა ვერსიამ, რომელსაც შეუძლია ზუსტი დარტყმის მიყენება სახმელეთო სამიზნეებისათვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებული "ნეპტუნის" კომპლექსის მახასიათებლები. ინფოგრაფიკა

ადრე ითვლებოდა, რომ გემსაწინააღმდეგო „ნეპტუნი“ უფრო ეფექტიანი იყო წყლის ზედა სამიზნეების განადგურებისთვის. სამხედრო ექსპერტ ალექსანდრ კოვალენკოს განმარტებით, „ნეპტუნის“ მიერ გამოყენებული Р-360 რაკეტის განსაკუთრებული თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ დაბალ სიმაღლეზე (ბოლო ეტაპზე 3 მეტრზე) მიფრინავს .

„ერთია, როცა რაკეტა მიფრინავს წყლის ზედაპირის გასწვრივ 3 მ სიმაღლეზე, რადგან წყლის ზედაპირი ბრტყელია, მაგრამ როცა ხმელეთის რელიეფზე ვსაუბრობთ, ვითარება განსხვავებულია. რაკეტამ გვერდი უნდა აუქციოს რელიეფიდან გამომდინარე წინააღმდეგობებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ კონცხ ტარხანკუტის რელიეფი უსწორმასწოროა და იცვლება ზღვის დონიდან 6-60 მეტრის ფარგლებში, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა რაკეტას (ამბობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოდიფიცირებული „ნეპტუნის“ Р-360), გაენადგურებინა С-400 კომპლექსი. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ რაკეტამ შეძლო წინაღობებისთვის გვერდის ავლა, შეუმჩნევლად ფრენა და С-400-ის განადგურება“, - ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.

ალექსანდრ კოვალენკო

С-400-ზე წარმატებული იერიშის კიდევ ერთი მაგალითია 14 სექტემბერს ყირიმში, ევპატორიის მახლობლად მომხდარი აფეთქება. რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან დაუდასტურა, რომ რუსული კომპლექსი განადგურდა „ნეპტუნის“ ორი რაკეტით.

„რაკეტა მნიშვნელოვნადაა მოდერნიზებული. პირველ რიგში, გაზრდილია მოქმედების მანძილი სავარაუდოდ 400 კილომეტრამდე, „ნეპტუნისთვის“ ეს მანძილი 300 კმ-ია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ქობინის - საბრძოლო ნაწილის მასა, რომელიც „ნეპტუნის“ შემთხვევაში 150 კგ-ია, ხოლო მოდერნიზებულისა - 350 კგ. მოქმედების მანძილი - 400 კილომეტრი - მნიშვნელოვანი ცვლილებაა. კიდევ 100-150 კილომეტრის დამატება და შესაძლებელი იქნება ყირიმის (ქერჩის) ხიდის განადგურება. მთლიანობაში, ესეც ფრთოსანი რაკეტაა, ქვებგერითი, 900 კმ/სთ სიჩქარით“, - განმარტავს ავიაციის ექსპერტი, უკრაინის ავიაციის ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ვალერი რომანენკო.

უკრაინულმა „ნეპტუნმა“ გაანადგურა უახლესი რუსული კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“, ევპატორიის ტერიტორიაზე. ყირიმი, 2023 წლის 14 სექტემბერი

ექსპერტი განმარტავს, რომ დიდი პლუსია ის, რომ განახლებულ „მიწა-მიწა“ კლასის „ნეპტუნს“არ სჭირდება ახალი გამშვები მოწყობილობა. Tatra-ს შასი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ წვდომა დასავლურ ტექნოლოგიებზე, შევძელით მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა Р-360 რაკეტის მახასიათებლები“, - ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.

13 სექტემბერს Storm Shadow-მ და SCALP-მა დააზიანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „მინსკი“ და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“, რომლებიც იერიშის დროს სევმორზავოდის სარემონტო დოკებში იმყოფებოდნენ. ბრიტანეთის დაზვერვამ მცურავი საშუალებების დაზიანებას „კატასტროფული“ უწოდა.

„Storm Shadow და SCALP ძალიან ეფექტური იარაღებია, რომლებიც უკრაინას აძლევს საშუალებას მაღალი სიზუსტით გაანადგუროს სამიზნეები შორ მანძილზე. ორივე ძალიან ეფექტური და ზუსტია, მოქმედებენ მინიმუმ 200 მილზე (320 კმ), ამიტომ მათ შეუძლიათ მისწვდნენ სამიზნეებს ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ამბობს ბრაიან კლარკი, ჰადსონის ინსტიტუტის თავდაცვის კონცეფციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.

„რაკეტები Storm Shadow და SCALP თითქმის იდენტურებია, განსხვავდებიან მხოლოდ ქობინებით“, - განმარტავს ვალერი რომანენკო, რომლის თქმითაც, ფრანგულ SCALP-ს აქვს კასეტური ტიპის კომბინირებული კუმულატიურ-ფრაგმენტული მუხტის ქობინი, ბრიტანული Storm Shadow კი განკუთვნილია ოდნავ განსხვავებული მიზნებისთვის:

„ბრიტანეთს მიაჩნდა, რომ ამ რაკეტებით უნდა დაეზიანებინათ მიწისქვეშ განლაგებული, კარგად დაცული ობიექტები. Storm Shadow-ებს აქვთ ორმაგი ქობინები. პირველი ნაწილი, ეგრეთ წოდებული პრეკურსორი, სამიზნეში აკეთებს ხვრელს, რომლის გავლით ძირითადი მუხტი აღწევს ბუნკერის სიღრმეში და ანადგურებს სამიზნეს“.

ვალერი რომანენკო

„ორივე იარაღს აქვს საკმაოდ ძლიერი ქობინი, ამიტომ მათ შეუძლიათ გაანადგურონ შედარებით რთული სამიზნეები, მაგალითად, კარგად დაცული თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალის საწყობები და მართვის ცენტრები. ასე რომ, ეს რაკეტები მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ დააქვეითონ რუსების უნარი მართონ ოპერაციები“, - ამბობს ბრაიან კლარკი.

ავიაციის ექსპერტების აზრით, უკრაინისათვის გადაცემული Storm Shadow და SCALP მოდიფიკაციების მთავარი ნაკლი, მათი მოქმედების მანძილია. ისინი ჯერ ვერ სწვდებიან ყირიმში მთავარ სამიზნეს.

„მათ მოგვაწოდეს რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 300 კილომეტრამდეა. რომც დავიწყოთ სროლა თითქმის ფრონტის ხაზიდან, მაგალითად, ორეხოვიდან (ზაპოროჟიეს ოლქი), ყირიმის ხიდს ამ რაკეტებით მაინც ვერ მივწვდებით”, - ამბობს ვალერი რომანენკო.

უკრაინისათვის გადაცემული Storm Shadow/ISCALP რაკეტების მახასიათებლები. ინფოგრაფიკა

ექსპერტების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ეფექტიანად იყენებენ ამერიკულ AMRAAM რაკეტებს. საუბარია საშუალო მანძილის რაკეტებზე, რომელთა გაშვებაც ხდება როგორც თვითმფრინავებიდან (მათ შორის, Миг-29-დან), ასევე ნორვეგიული NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან.

„რუსული Су-35 ჩამოაგდეს Миг-29-დან. ვფიქრობ, რომ ჩამოაგდეს ზუსტადაც რომ Миг-29-დან გასროლილი AMRAAM რაკეტით. სხვა საბჭოთა რაკეტები ამას ვერ იზამდნენ. Су-35 აღჭურვილია საკმაოდ თანამედროვე რადარითა და რაკეტებით, რომლებიც საფრთხის შორ მანძილზე აღმოჩენისა და განადგურების საშუალებას იძლევიან. ადრე რომ იყო საჰაერო ბრძოლები უმაღლესი პილოტაჟის გამოყენებით, ასეთი რამ დღეს აღარ ხდება. 100 კმ მანძილზე აღმოაჩენენ მოწინააღმდეგეს, დააჭერენ ღილაკზე თითს და გაანადგურებენ. სულ ეს არის“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი, ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს ყოფილი ინჟინერ-გამომცდელი კონსტანტინ კრივოლაპი.

კონსტანტინ კრივოლაპი

ბრაიან კლარკის თქმით, AMRAAM-ის მოქმედების მაქსიმალური ოპერატიული მანძილი 180 კილომეტრია. ყირიმში წინსვლისას AMRAAM რაკეტები საჭიროა რუსული ბომბდამშენების შესაკავებლად და უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავების დასაცავად.

„ჩვენ ვიყენებთ NASAMS-ის რადარს შორ მანძილზე მდებარე სამიზნეების მოსაძებნად, შემდეგ კი ვიყენებთ AIM-120 AMRAAM-ს თვითმფრინავიდან, რათა გავანადგუროთ ეს სამიზნეები. ამ გზით შესაძლებელია იერიშის უფრო დიდ მანძილზე მიტანა, ვიდრე NASAMS-დან გაშვებით. უმჯობესია გამოვიყენოთ F-16-ები (რომლებსაც ბოლოს და ბოლოს უკრაინა მიიღებს) და Миг-29-ები. ეს საშუალებას მოგვცემს, ცეცხლი გავუხსნათ რუსულ ბომბდამშენებს, ვიდრე ისინი ოკუპირებულ საჰაერო სივრცეში იმყოფებიან“, - განმარტავს ბრაიან კლარკი.

AIM-120 AMRAAM რაკეტის მახასიათებლები. ინფოგრაფიკა

და კიდევ, AMRAAM-ი ასევე არის ეფექტიანი საშუალება კორექტირებადი საავიაციო ბომბებისგან (КАБ) თავის დასაცავად. ამ ბომბებს რუსეთის ჯარი ინტენსიურად იყენებს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე უკრაინის სამხრეთში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ისინი მნიშვნელოვან მანძილზე განდევნიდნენ რუსულ ავიაციას ბრძოლის ხაზიდან. მათი მოქმედების მანძილი დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე. არეალის 100 კმ-ით გაზრდა რეალურად შესაძლებელს გახდიდა რუსული თვითმფრინავების განადგურებას იმ ადგილებთან მიახლოებისას, საიდანაც ისვრიან ბომბებს, მათ შორის მართვად ბომბებს, რომლებსაც 30 კილომეტრამდე ფრენის უნარი აქვთ“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკო.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის 24 თებერვალს. რუსულმა ჯარებმა ავიადარტყმებით გაანადგურეს მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, აეროდრომები, ნავთობის საწყობები, ბენზინგასამართი სადგურები, ეკლესიები, სკოლები და საავადმყოფოები. რუსეთის შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ უბნებს ბომბავენ არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყო უკრაინის კონტრშეტევა ფრონტის რამდენიმე მიმართულებით.

„კრიტიკული ვითარება ქერჩის ხიდის გარშემო“

რა არსენალი ექნება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყირიმის გასათავისუფლებლად?

როგორც უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, გერმანიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდება, ხოლო შეერთებული შტატები, გადაწყვეტილების მიუხედავად, აჭიანურებს ATACMS სისტემების კიევისთვის გადაცემას. ბელგიამ შეიძინა Sea Sparrow-ს რაკეტები, რომლებიც უახლოეს მომავალში გადაეცემათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

რა იარაღზეა ლაპარაკი და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაში?

Sea Sparrow-ის თავდაცვით რაკეტას, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ მალე მიიღებენ, საკუთარი ამოცანები და მიზნები აქვს, - ირწმუნებიან სამხედრო ექსპერტები. მთავარი სამიზნე „შაჰედები“ და სადაზვერვო დრონებია, რომლებსაც რუსები ხშირად სწორედ ყირიმიდან უშვებენ.

რაკეტა Sea Sparrow-ს ტექნიკური მახასიათებლები

„Sea Sparrow არის რაკეტა, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ობიექტები 30 კმ მანძილზე, მოქმედების სიმაღლე კი შეიძლება იყოს 15 კმ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტის მოქმედების რადიუსი შედარებით მცირეა (Sea Sparrow - ზღვის ბეღურა), Sea Sparrow ძალიან ეფექტურია სწორედ „შაჰედების“ განადგურების თვალსაზრისით“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ კოვალენკო.

რისთვის არის საჭირო 30 კმ-ზე მოქმედი Sea Sparrow-ები და როგორ მუშაობენ ისინი საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემაში?

„როცა გიტევენ დიდი რაოდენობით ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, სურვილი გაქვთ გამოიყენოთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემა. შესაძლოა ისეთი, როგორიცაა NASAMS-ი, რათა მოიგერიოთ ფრთოსანი რაკეტების იერიში. ამის შემდეგ შეტევაზე გადმოდიან მტრის შედარებით მცირე ზომის და იაფი დრონები. სწორედ ამ დროსაა საჭირო ნაკლებად რთული საჰაერო თავდაცვის სისტემა, ისეთი, როგორიცაა Sea Sparrow. ასე რომ, Sea Sparrow არის NASAMS-ის სარაკეტო სისტემის ან სხვა შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების დამატება. ეს არის სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის უფრო ეფექტურად განაწილების შესაძლებლობა“, - განმარტავს ბრაიან კლარკი, ჰადსონის ინსტიტუტის თავდაცვის კონცეფციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი.

NASAMS საჰაერო თავდაცვის კომპლექსი. ნიდერლანდები, 2014 წ

სახომალდო რაკეტები Sea Sparrow, გამოყენების თვალსაზრისით, უნივერსალურია. მათი გაშვება შესაძლებელია სხვადასხვა დანადგარიდან, მათ შორის ხმელეთიდანაც.

„ისინი უკვე გამოიყენება Aspide-ის კომპლექსში, რომელიც ესპანეთმა გადასცა უკრაინას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემებში „ბუკსა“ და „კრუგში“. რატომ? „ბუკისა“ და „კრუგის“ რაკეტები ილევა. ამიტომ, საჭიროა საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსება (საზენიტო-სარაკეტო სისტემები), ხოლო „ბუკი“ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე მასობრივი, მრავალრიცხოვანი და თვითმავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შეიძლება სწრაფად გადაისროლონ საბრძოლო ხაზს მიღმა", - ამბობს უკრაინის ავიაციის ეროვნული ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ვალერი რომანენკო.

გერმანიის მთავრობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება Taurus-ის რაკეტებთან დაკავშირებით. არადა, ვალერი რომანენკოს თქმით, სწორედ ეს იარაღია იდეალური ყირიმის გასათავისუფლებლად. მისი მოქმედების რადიუსი უფრო მეტია, ვიდრე Storm Shadow-ისა.

„ჩვენ რომ მიგვეღო Taurus-ი, რომელიც 100 კილომეტრით შორ მანძილზე ანადგურებს სამიზნეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა 30 კმ-ზე მიახლოება და Taurus-ით ყირიმის (ქერჩის) ხიდის საიმედოდ განადგურება. Taurus-ი დაფრინავს ძალიან დაბალ სიმაღლეზე და, ფრთოსანი ბომბებისგან განსხვავებით, მას არ სჭირდება რამდენიმე ათასი [მეტრის] სიმაღლეზე ასვლა“, - ამბობს ვალერი რომანენკო.

რაკეტა TAURUი ფრენის დროს, გაშვებული სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების F-15K გამანადგურებელი თვითმფრინავიდან წვრთნების დროს, 2017 წ.

Taurus-ის ერთ-ერთი მოდიფიკაციის უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარების ჩახშობა.

„ამ რაკეტას აქვს მოდიფიკაცია, რომელიც საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული სისტემების მახლობლად გავლისას ელექტრომაგნიტური იმპულსით თიშავს ყველაფერს - დაწყებულს სარადარო სადგურების გენერატორებით, დასრულებულს ოპერატორების მაჯის საათებით. ეს არის ამ რაკეტის ერთადერთი ამოცანა, რომლის შესრულების შემდეგ, შეგიძლია გააკეთო ის, რაც მოგესურვება, მოწინააღმდეგე პარალიზებულია“, - განმარტავს კონსტანტინ კრივოლაპი, ავიაციის ექსპერტი და ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროს ყოფილი ინჟინერი.

ვალერი რომანენკო კი ამბობს, რომ Taurus-ის რაკეტის საბრძოლო მუხტი საკმარისია ქერჩის ხიდის მალის გასანადგურებლად.

„მეტი არც არის საჭირო. საუბარია 450 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. ერთი დარტყმა და ხიდის მალი აღარ არის. და რას ნიშნავს ხიდის შეკეთება? ხიდს ვერ წაიღებ ქარხანაში, ვერც სარემონტო ბრიგადა მივა ადგილზე და დაადებს საკერებელს”, - ამბობს ვალერი რომანენკო.

რაკეტა Taurus-ი - ტექნიკური მახასიათებლები

ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ქერჩის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნეა ყირიმის გათავისუფლების ოპერაციაში.

„სიტუაცია კრიტიკულია. ტყუილად არ არის, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია: დგამს კვამლის ეკრანებს, ახდენს დიდი რაოდენობით საზენიტო-სარაკეტო სისტემების კონცენტრირებას, ძირავს ბარჟებს, რათა არ გამოეპაროს საზღვაო დრონების იერიში. ანუ ეს არტერია ხდება კრიტიკული და არა უბრალოდ კრიტიკული, არამედ კრიტიკული ომში, რადგან ყირიმის დაკარგვასთან ერთად ეს ომი აგონიად გადაიქცევა რუსეთისთვის“, - ამბობს ვალერი რომანენკო.

თეთრ სახლს ჯერ არ დაუდასტურებია ATACMS-ების კიევისთვის გადაცემა; ნიშანდობლივია, რომ ATACMS-ის მეორე სახელი „გრძელი ხელია“.

„ყირიმისთვის ATACMS-ს შეუძლია ამ ამოცანების მაღალი სიზუსტით გადაჭრა. ამ სისტემის ძირითადი მოდიფიკაცია სამიზნის ათი მეტრის სიზუსტით განადგურების საშუალებას იძლევა. ეს არის მაქსიმალური ცდომილება, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაკეტა საშუალოდ სამი მეტრის სიზუსტით „მუშაობს“. ანუ ეს არის ზედგამოჭრილი სამეთაურო პუნქტების, ხიდების, ლოგისტიკური ჰაბების, აეროდრომების განადგურებისთვის“, - ამბობს კონსტანტინ კრივოლაპი.

აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძარი ქერჩის ხიდზე, 2022 წლის 8 ოქტომბერი

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი გასაგები მიზეზით აჭიანურებს ATACMS-ის გადაცემას. ამერიკელი სამხედროების აზრით, მოცემულ ეტაპზე ეს რაკეტები ხელსაყრელი სამიზნეა მტრის საჰაერო თავდაცვისთვის.

„არ გამოვრიცხავ იმას, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჯერ ისევ ანელებენ ATACMS-ის გადაცემის პროცესს, იმის გამო, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება რუსეთის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვა, ეს რაკეტები კი მოწყვლადია საჰაერო თავდაცვის ამგვარი სისტემების მიმართ“, - ამბობს ალექსანდრ კოვალენკო.

ATACMS-ის ტექნიკური მახასიათებლები

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტა და იმავე თანამედროვე ვერსიის С-300 და С-400 კომპლექსებს, რომლებიც რუსეთის არმიის შეიარაღებაშია, შეუძლიათ დაიცვან ობიექტები ამ რაკეტებისგან. რუსებს არც ისე ცუდად აქვთ ყველაფერი. С-400-იც, მართალია ექსპერტები მასზე ამბობენ, შეღებილი С-300-იაო, ძალიან წარმატებული მოწყობილობაა“, - განმარტავს კონსტანტინ კრივოლაპი, რომლის თქმითაც, საჭიროა ამ С-300-ებისა და С-400-ების მაქსიმალურად გამოხშირვა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდება სამხრეთ უკრაინაში, მით მეტია იმის შანსი, რომ ATACMS-ი დაიწყებს თავისი საბრძოლო ამოცანების შესრულებას, შემდეგ კი ეს „გრძელი ხელი“ ყირიმსაც მისწვდება.