როგორ აპირებდნენ ჰიტლერის მოკვლას მოსკოვში

1941 წლის შემოდგომაზე საკავშირო НКВД (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი), რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, განიხილავდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქის, მოსკოვის ჩაბარების შესაძლებლობას და ამზადებდა როგორც დივერსიულ იატაკქვეშა ჯგუფებს, ასევე ხელმძღვანელ, პარტიულ პირებს იატაკქვეშა საქმიანობის გასაგრძელებლად, - პირველად ამის შესახებ ცნობილი გახდა НКВД-ს მაღალი თანამდებობის პირისა და ლევ ტროცკის მკვლელობის ორგანიზატორის, გენერალ-ლეიტენანტ პაველ სუდოპლატოვის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლაი ხოხლოვისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ 1954 წელს დატოვა. მოგვიანებით, ამის შესახებ ასევე დაწერა 1973 წლიდან ემიგრაციაში წასულმა კირილ ხენკინმა - НКВД-ს ცალკეული სპეციალური მოტომსროლელი ბრიგადის (ОМСБОН) ყოფილმა მებრძოლმა. თავად პაველ სუდოპლატოვმა, რომელიც ომის დროს, სხვადასხვა წლებში, ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს დაქვემდებარებულ სპეციალურ ჯგუფს, საკავშირო НКВД-ს მე-2, მე-4 და НКГБ-ს (უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის) მე-4 სამმართველოებს, საიდუმლოებით მოცული ამ ისტორიის საკუთარი ვერსია საზოგადოებას გააცნო 1994 წელს, პირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ მოგონებებში.

გამრთობები ვარიეტედან

საიდუმლო გეგმის მიხედვით, ადოლფ ჰიტლერი მოსკოვში უნდა აეფეთქებინა „მაკლიარსკის საბრძოლო შაპიტოს“. საუბარია საბჭოთა სპეცსამსახურების პოლკოვნიკ მიხაილ მაკლიარსკიზე, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც აღიარებული დრამატურგი და სცენარისტი. მაკლიარსკის ამ გეგმით, ანსამბლი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მხატვრული სტვენის 19 წლის ოსტატი ნიკოლაი ხოხლოვი (აგენტურული მეტსახელი „სვისტუნი“), საესტრადო ნომრით წარდგებოდა კონცერტზე, სადაც ჟონგლირების კვერთხებად შენიღბულ ყუმბარებს დაუშენდა გერმანელ უმაღლეს ოფიცრებს და, შესაძლოა, თვით ჰიტლერსაც კი...

ტერორის, დივერსიის, შეთქმულებისა და იარაღის ფლობის უნარების ასათვისებლად ჯგუფს მხოლოდ 16 დღე ჰქონდა. ისე, რომ სროლაც კი არ შეასწავლეს წესიერად, ახალგაზრდა იატაკქვეშელებს გადასცეს რამდენიმე ჩემოდანი პისტოლეტებით, ვაზნებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც ასევე არ ჰქონდათ სათანადოდ ნასწავლი. მისცეს სურსათით სავსე ტომარაც: შებოლილი ქონი, რომელიც რატომღაც დაშაქრული აღმოჩნდა და მარილიანი შაქარი, სამაგიეროდ კარგად აუხსნეს, როგორ იკვანძებოდა ჰალსტუხი და როგორ გამოიყენებოდა სუფრასთან დანა-ჩანგალი...

ეს ყველაფერი პროვინციულ ოპერეტას ჰგავდა. ბოლოს და ბოლოს, მაკლიარსკი, რომელსაც სუდოპლატოვმა ანდო ამ საბრძოლო-საესტრადო იატაკქვეშეთის ორგანიზება, არც დაზვერვის ოფიცერი იყო და არც კონტრდაზვერვისა, მით უმეტეს, არ იყო მებრძოლი-ბოევიკი; მას ასევე არ ჰქონდა იატაკქვეშა და არალეგალური მუშაობის გამოცდილება. მის უკან იდგა მხოლოდ ინფორმატორებსა და ჩამშვებებთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა მომავალმა სცენარისტმა და დრამატურგმა კარგად იცოდა, როგორ შეეთხზა ლამაზი ისტორიები და გაეხარებინა უფროსობა თავისი მდიდარი ფანტაზიით, მაგრამ სუდოპლატოვი ხომ თავად იყო გამოცდილი კონსპირატორი და საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცერი, მისი გეგმები, წესით, უფრო საფუძვლიანი უნდა ყოფილიყო.

სუდოპლატოვის ვერსიით, იმ დროს მოსკოვში შეიქმნა „სამი დამოუკიდებელი სადაზვერვო ქსელი“. ერთს სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი ვიქტორ დროზდოვი ჩაუყენეს სათავეში. „ჩემი ძველი მეგობარი უკრაინიდან“, - ასე დაახასიათა სუდოპლატოვმა დროზდოვი, რომელსაც „უკრაიანაში ბანდიტურ ფორმირებებსა და ნაციონალისტურ იატაკქვეშეთთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა“. ომის წინა დღეებში მაიორი დროზდოვი მოსკოვში გადაიყვანეს დედაქალაქის მილიციის უფროსის მოადგილედ. ლუბიანკაზე (НКГБ) იმედოვნებდნენ, რომ მისგან იატაკქვეშეთის კარგი მეთაური დადგებოდა, რადგან „მოსკოვში მას არავინ იცნობდა“.

„არ იცნობდნენ“ დედაქალაქის მილიციის მეორე პირს, რომელმაც მანამდე თავი გამოიჩინა როგორც ხელმძღვანელმა ჩეკისტმა უკრაინის რიგ რეგიონებში?

„კონსპირაციის მიზნით, - შენიშნა სუდოპლატოვმა, - ის დაინიშნა მოსკოვის სააფთიაქო განყოფილების უფროსის მოადგილედ. გერმანელების მიერ მოსკოვის დაკავების შემთხვევაში დროზდოვს უნდა მიეწოდებინა საჭირო მედიკამენტები გერმანელი მეთაურებისთვის და მოეპოვებინა მათი ნდობა“.

მემუარების სხვა ვერსიაში სუდოპლატოვი წერდა, რომ გერმანელებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად დროზდოვს „უნდა მიეცა მათთვის გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები“. რატომღაც, სუდოპლატოვმა არ იფიქრა, რომ გერმანელები უბრალოდ დაუყოვნებლივ გაუკეთებდნენ კონფისკაციას მთელ სააფთიაქო ფონდს და არ მისცემდნენ საბჭოთა ჩინოვნიკს მისი განკარგვის უფლებას.

კიდევ ერთი არალეგალური ქსელისთვის უნდა ეხელმძღვანელა სერგეი ფედოსეევს, მოსკოვის რეგიონის НКВД-ს კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანს (შეესაბამებოდა არმიის პოლკოვნიკის ჩინს). НКВД-ში 1937 წლიდან ირიცხებოდა, მანამდე კი კომკავშირის აპარატჩიკის გამოცდილება ჰქონდა მიღებული. არალეგალური საქმიანობის ორგანიზების კუთხით აბსოლუტურად არაპროფესიონალი იყო. გარდა ამისა, საკმაოდ ცნობილი ფიგურა იყო, მათ შორის, შესაბამისი გერმანული სამსახურებისთვისაც.

სერგეი ფედოსეევი

სახელმწიფო უშიშროების უფროს მაიორს (არმიის დივიზიის მეთაურის ეკვავალენტი ჩინი) პაველ მეშიკს, ბერიას პირადი დავალებით, უნდა ეხელმძღვანელა დივერსიული ქსელისათვის, რომლის სამიზნე ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იქნებოდა, მაგრამ მეშიკი, უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი სახალხო კომისარი, პროფესიონალად ითვლებოდა მხოლოდ დაკითხვის დროს ჩვენებების ჩამორთმევისა და კბილების ჩამოღების დარგში. გარდა ამისა, თავი გამოიჩინა მასობრივი რეპრესიების ორგანიზების თვალსაზრისით, შესაბამისად, განა რამდენი ხანი დარჩებოდა შეუმჩნეველი ოკუპირებულ მოსკოვში?

ბერიამ გადაწყვიტა, НКВД-ს მთავარ არალეგალურ რეზიდენტად მოსკოვში დაენიშნა საკავშირო НКВД-ს მე-2 განყოფილების უფროსი, მე-3 რანგის სახელმწიფო უშიშროების კომისარი (კორპუსის მეთაურის შესაბამისი ჩინი) პაველ ფედოტოვი, რომელსაც დაექვემდებარებოდა „ყველა რეზიდენტურა შექმნილი НКВД-ს, პარტიული და საბჭოთა აქტივისტების ხაზით“. სხვა სიტყვებით, ცენტრალური კონტრდაზვერვის აპარატის მთლად უფროსი გაგზავნეს იატაკქვეშეთში ჩასაჯდომად. „ბერიამ ეს დანიშვნა იმით დაასაბუთა, - განამარტავდა სუდოპლატოვი, - რომ ფედოტოვი პირადად კარგად იცნობდა დედაქალაქის პარტიულ აქტივს და НКВД-ს აგენტების უმეტესობას, რომლებიც უნდა დაეტოვებინათ იატაკქვეშა სამუშაოებისთვის“. ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, გერმანელებს რომ ჩაეგდოთ ხელში ამ დონის ფიგურა - საიდუმლო ინფორმაციის კოლოსალური მასივის მატარებელი.

პარტიული იატაკქვეშეთის ხაზით ვითარება კიდევ უფრო მძიმე იყო. სუდოპლატოვის თქმით, კოორდინატორად შეთავაზებულ იქნა „შედარებით ნაკლებად ცნობილი ადამიანი - კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (კპ ცკ) სკოლათა განყოფილების უფროსი ვარვარა პივოვაროვა".

ცენტრალური კომიტეტის ეს მაღალი თანამდებობის პირი „ნაკლებად ცნობილი პიროვნება“ როგორ იყო?

ასევე იგეგმებოდა „რაიონული პარტიული კომიტეტების ყოფილი მდივნების, კერძოდ, მოსკვორეცკის რაიონული პარტიული კომიტეტის მდივნის, ოლიმპიადა კოზლოვას [...] და ნინა პოპოვას ჩართვა“.

ოლიმპიადა კოზლოვა - პარტაპარატის საკადრო თანამშრომელი, საბჭოთა და პარტიულ საქმიანობაში ჩართული იყო 1927 წლიდან. ნინა პოპოვა, კომკავშირის აპარატის გამოცდილი კადრი 1925 წლიდან, საბჭოთა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო 1934 წლიდან, 1941 წელს კი მოსკოვის კრასნოპრესნენსკის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო.

აი, ასეთ „სრულიად უცნობ“ ხალხს, თან აბსოლუტურად მოუმზადებლად, დაეკისრა ურთულესი მისია. ამასთან, მათ ჯგუფებში არ იყო უშიშროების კადრის ერთი ოფიცერიც კი, მაგრამ სამაგიეროდ იყვნენ ოქტომბრის რევოლუციის ვეტერანები და... 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილეებიც კი.

იზმაილოვის პარკის მებრძოლები

მაინც როდის დაიწყეს ჩეკისტებმა მოსკოვში იატაკქვეშა ორგანიზაციების მომზადება? სუდოპლატოვის პირველი „ჩვენებიდან“ ირკვევა, რომ 1941 წლის ოქტომბერში „ბერიამ გვიბრძანა, მოგვეწყო სადაზვერვო ქსელი გერმანელების მიერ მოსკოვის ხელში ჩაგდების შემთხვევაში“. დაზვერვა იატაკქვეშა ქსელის მისიის ნაწილი იყო, რამდენადაც მის გარეშე ვერ შესრულდებოდა მთავარი ამოცანა - დივერსიისა და ტერორის ორგანიზება. სუდოპლატოვის გარდაცვალების შემდეგ გამოცემულ მოგონებებში, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უნდა მოეწყოთ დივერსიული და ანგარიშსწორების აქტები გერმანიის რაიხის ლიდერების წინააღმდეგ, თუ ისინი გამოჩნდებოდნენ ოკუპირებულ მოსკოვში.

ამავე გამოცემაში მითითებული იყო კონკრეტული თარიღი: „მახსოვს, 5 ოქტომბერს მერკულოვმა (შს სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, მე-3 რანგის სახელმწიფო უშიშროების კომისარი ვსევოლოდ მერკულოვი) თავისთან დამიბარა, საიდანაც წავედით კაბინეტში ბერიასთან, რომელმაც გვაცნობა, რომ დასავლეთის ფრონტზე მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მან თქვა, რომ მტერი შეტევაზე გადმოვიდა, როგორც ჩანს, მისი მიზანი დედაქალაქის აღებააო. ამ ინფორმაციიდან გამოდინარე ყველაზე უარესისთვის უნდა მოვმზადებულიყავით“.

პაველ სუდოპლატოვი

სუდოპლატოვი იხსენებდა, თუ როგორ „მოახსენა მისმა მოადგილემ ნაუმ ეიტინგონმა პირადად ბერიას 1941 წლის 14 ოქტომბერს „მოსკოვის გეგმის“ რეალიზების ფარგლებში რვა დივერსიული ჯგუფის მოწყობის აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქი მტრის მიერ იქნებოდა ოკუპირებული“. აქვე სუდოპლატოვს მითითებული აქვს სპეცოპერაციის კოდური სახელი: „მოსკოვის გეგმა“. გასაკვირია არა მხოლოდ ის, რომ სუდოპლატოვმა გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ მოულოდნელად „გაიხსენა ყველაფერი“ - თანაც უწვრილეს დეტალებში, არამედ ისიც, რომ ციტირებდა თითქოს ზეპირად დამახსოვრებულ ФСБ-ს ცენტრალური არქივის იმ მრავალგვერდიანი დოკუმენტების შინაარსს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნა მისი გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ, თუმცა, სწორედაც რომ ასეთია სუდოპლატოვის „სიცოცხლისშემდგომი ჩანაწერების“ იდუმალი სპეციფიკა: ყოველწლიურად ისინი სულ უფრო და უფრო მოცულობითი ხდება, მათში ჩნდება აგენტების ახალი და ახალი სახელები, ჩნდება დამატებითი დეტალები. როგორც ამბობენ, მიცვალებულები არ არიან ხელფეხშეკრული გაუთქმელობის პირობით.

რაც შეეხება „ეიტინგონის წინადადებას“. რუსეთის ФСБ-ს არქივში დაცული დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების შემდეგ [ამ დოკუმენტების ნაწილი თავმოყრილია წიგნში "Лубянка в дни битвы за Москву: Материалы органов госбезопасности СССР из Центрального архива ФСБ России". М., Издательский дом "Звонница-МГ", 2002], გაირკვა, რომ „მოსკოვის გეგმის“ ავტორად მითითებულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას მოადგილე, სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი ბოგდან ქობულოვი, თანაც საქმე გვაქვს არა „წინადადებასთან“, არამედ უკვე გაკეთებული საქმის ანგარიშთან: „შეიქმნა რვა ჯგუფი, კიდევ 15 სპეცაგენტი მოქმედებს დამოუკიდებლად და ა.შ.“ სხვათა შორის, არანაირი საბრძოლო-საესტრადო ჯგუფი „სვისტუნები“, რომლის წევრებიც ჟონგლირებენ მორებითა და კვერთხებით, ამ ანგარიშში ნახსენები არ არის, ისევე როგორც „სვისტუნები“ არ ჩანან ФСБ-ს ცენტრალური არქივის მიერ გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტებში.

„მოსკოვის გეგმის“ „ჩასახვის“ თარიღი - 1941 წლის 5 ოქტომბერი დამაჯერებლად გამოიყურება: 4 ოქტომბერს გერმანულმა სატანკო და მოტორიზებულმა ნაწილებმა გაარღვიეს ფრონტის ხაზი და დაადგნენ ვარშავის გზატკეცილს, 5 ოქტომბერს დაიკავეს იუხნოვი და დაიძრნენ მოსკოვისკენ. თუმცა, ნიკოლაი ხოხლოვმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიხაილ მაკლიარსკიმ, რომელიც პასუხისმგებელი იყო არაერთი იატაკქვეშა ჯგუფის მომზადებაზე, ჯერ კიდევ 1941 წლის 28 სექტემბერს უთხრა, „როგორც ჩანს, ქალაქის დათმობა მიგვიწევსო“.

რუსეთის ФСБ-ს არქივის მიერ გამოქვეყნებული იმ მასალებიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს დაქვემდებარებული საგანგებო ჯგუფის საქმიანობას შეეხება, საინტერესოა დივერსიულ ჯგუფ „ივანის“ მომზადების ამსახველი დოკუმენტი. სუდოპლატოვისადმი მიწერილ მოხსენებაში სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი ნიკოლაი პეკელნიკი სამომავლო დივერსიული საქმიანობისათვის ითხოვს იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა საშუალებების განთავსების სანქცირებას იზმაილოვის პარკში. საუბარია 20 რევოლვერსა და 480 ვაზნაზე, 200 ლიტრ ბენზინზე, 10 ლიტრ გოგირდმჟავაზე, 10 ყუთ (250 კგ) ტოლის კოჭზე, დეტონატორებზე, ბიკფორდის ზონარსა და დეტონაციის სადენზე.

აქვეა 1941 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 9 და 10 სექტემბერს იზმაილოვის პარკში მართლაც მოეწყო საბრძოლო მასალების საიდუმლო საცავი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ასეთ მწვავე საკითხში რაიმე თვითშემოქმედებაზე საუბარი წარმოუდგენელია: სუდოპლატოვს ასეთი რამ მხოლოდ სახალხო კომისრის უშუალო ბრძანებით შეეძლო გაეკეთებინა, ბერიას კი, თავის მხრივ - მხოლოდ სტალინის პირადი მითითებით, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. გამოდის, უკვე 1941 წლის სექტემბრის პირველ დეკადაში - მოსკოვისთვის ბრძოლის დაწყებამდე 20 დღით ადრე, უმაღლესი მთავარსარდალი და შინსახკომის უმაღლესი ხელმძღვანელობა ვარაუდობდნენ, რომ შესაძლებელი იყო მოსკოვის ჩაბარება.

იზმაილოვის პარკი. 1940-იანი წლები

საკუთრივ ჯგუფი „ივანი“ 10 ადამიანისგან შედგებოდა: მუშები, დარაჯები, პენსიონერები და ინტელექტუალური ფრონტის მუშაკები. ჯგუფის ოთხ წევრს ჰქონდა იატაკქვეშა მუშაობის გამოცდილება, იყვნენ ძველი ბოლშევიკები, პარტიზანები... თვითონ „ივანი“ - ნიკოლაი ჟიდელიოვი - იმ დროისათვის 61 წლის მუშა, 1903 წლიდან იყო ბოლშევიკთა პარტიის წევრი, რომელმაც თავი გამოიჩინა სამოქალაქო ომის დროს. 1925 წელს, I საკავალერიო არმიის დაარსების წლისთავის აღნიშვნისას, მომავალ მარშალ ბუდიონისთან, პროლეტარ პოეტ დემიან ბედნისთან და სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინთან ერთად პოზირებდა გაზეთებისთვის. „ივანი“ მხოლოდ ბიოგრაფიით იყო „ძველი ჩამოსხმის“ ჩეკისტი, სინამდვილეში ჯგუფი, რომელიც პენსიონერებისა და დარაჯებისგან შედგებოდა, ნამდვილი ბუფონადის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

აი, დივერსიულ-საბრძოლო რაზმი „ЗР“, რომელიც მოხსენიებულია 1941 წლის სექტემბრით დათარიღებულ სხვა დოკუმენტში, უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. აქ, საუბარია არა მხოლოდ ერთ-ორ „ნაგანზე“, არამედ 31 პისტოლეტზე, სპეციალურ კალმებზე, ვაზნებზე, სპეციალურ ფეთქებად საათებზე და, რაც მთავარია, შხამებზე - თვითგანადგურებისათვის საჭირო შხამ „C“-ის 25 დოზაზე, საკვებში შესარევი შხამების 5 დოზაზე, საძილე აბებზე, კოკაინზე, ჰეროინზე, 500 ათას მანეთზე, 100 ოქროს თუმანზე, ოქროს საათებზე, ბეჭდებზე... რაზმი, ნათქვამია დოკუმენტში, „ახორციელებს აფეთქებებს და ცეცხლს უკიდებს ელექტროგადამცემ ხაზებს, რკინიგზის კონსტრუქციებს, სამხედრო და სატვირთო ეშელონებს, საწვავის საცავებს (გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ხის საწყობებს), სურსათის, ტანსაცმლისა და საარტილერიო საწყობებს, მტრის მიერ დაკავებულ შენობებს, ყაზარმებს, შტაბებს და ა.შ.“. გარდა ამისა, „ЗР“ ჯგუფმა უნდა განახორციელოს „ტერორისტული აქტები გერმანიის არმიის უმაღლესი სამეთაურო შტაბის ცალკეული წარმომადგენლების, საოკუპაციო ხელისუფლების, ასევე სამშობლოს მოღალატეების - ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გადავიდნენ მტრის მხარეს“. რაზმის მეთაურს „უფლება აქვს და ვალდებულია, გაანადგუროს მოღალატეები, მშიშრები და ჩეკისტური დისციპლინის დამრღვევები, თუ ასეთები აღმოჩნდებიან რაზმის წევრთა რიგებში“.

„ЗР“-ს მსგავსად, შთამბეჭდავად გამოიყურება ორი დივესიული ჯგუფი „მეთევზეები“ და „ბელორუსები“, დანარჩენი 5 ჯგუფი კი, პერსონალური შემადგენლობითა და აღჭურვილობით, ვერ იწვევს სპეციალისტების ნდობას.

„კაკო“ და „კავკასიელი“ მტრის ზურგში

გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასევე ჩამოთვლილია ის 15 აგენტი, რომლებიც მოსკოვში უნდა დარჩენილიყვნენ ინდივიდუალური დავალებების შესასრულებლად.

აგენტი „ტისკი“ - ინჟინერი, სპორტსმენი, თავადაზნაურობიდან, რომლის დედას მისჯილი აქვს 8 წელი შრომა-გასწორების ბანაკში მოხდით გერმანიის საელჩოს თანამშრომლებთან კომუნიკაციისთვის. მებრძოლი და ერთგული აგენტია. დავალება: „სპორტულ და ახალგაზრდულ ფაშისტურ ორგანიზაციებში შეღწევა და წამყვანი პოზიციის მიღწევა მსხვილი ტერორისტული აქტის მოსაწყობად“. „ტისკის“ გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შინსახკომში.

აგენტი „ურალოვი“ - მოქანდაკე, აქვს საკუთარი სახელოსნო. მოსკოვში რჩება ტერორისტული საქმიანობისთვის. გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

აგენტი „კაკო“ - რესტორატორი, ძველი, თავდადებული აგენტი. თავად გამოთქვა სურვილი დარჩეს მტრის ზურგში სადაზვერვო და ტერორისტული სამუშაოებისთვის. „კაკოს“ მოუწევს საკუთარი რესტორნის ორგანიზება, რომელიც იქნება როგორც აგენტებისათვის საიმედო შეხვედრის, ასევე იარაღის შესანახი ადგილი. „კაკო“ ჩვენ მიერ მომარაგდება ალკოჰოლური სასმელებით.

აგენტი „კავკასიელი“ - მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი, ყოფილი მსხვილი კომერსანტი. ცოლი - გინეკოლოგია, რომელსაც ბერლინში მყარი კავშირები აქვს. უნდა გახსნას კერძო გინეკოლოგიური საავადმყოფო და მიიღოს მონაწილეობა იმ სავაჭრო სახლის კომერციულ საქმიანობაში, რომლის აღდგენასაც მისი ძმები, დიდი სავაჭრო სახლის ყოფილ გერმანელ მფლობელებთან ერთად აპირებენ.

მუშათა ბატალიონი "კრასნაია პრესნია", 1941 წ.

ამავე დოკუმენტში ნახსენები არიან აგენტები:

  • შოროხი - ჟურნალისტი და ლიტერატურის პროფესორი, მეფის ოხრანკის ყოფილი პროვოკატორი
  • პიონერი - განათლების სამინისტროს მუშაკი
  • ერთგული - იურისტი, ნოტარიუსი
  • საზანოვი - ყოფილი თეთრგვარდიელი ოფიცერი
  • სემიონოვი - გამოჩენილი თეატრალური მოღვაწე
  • მეთოდე - მეფის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, დიდგვაროვანი
  • ევგენის ასული - 1918 წელს დახვრეტილი გერმანელი ბარონის ქვრივი
  • ლირა - კონსერვატორიის ასპირანტი, ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტის, პროფესორ კვიტკოს ასპირანტი

აი, ასეთი საბრძოლო იატაკქვეშა სტრუქტურის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი НКВД-ს - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, საკითხავია, რად მიაჩნდათ ჩეკისტებს თავიანთი ოპონენტები გერმანული სპეცსამსახურებიდან? ნუთუ ასეთი დილეტანტიზმის დაშვება შესაძლებელია?

ეს „დიდებული კადრები“ ხომ, ისევე, როგორც ნაფტალინიდან ამოღებული დარაჯი „ივანიდან“ - ყველა განწირული იყო. ყოველივე ამას არა სუდოპლატოვის, არამედ სცენარისტ მაკლიარსკის ხელწერისა და შემოქმედებითი ფანტაზიის სუნი დაჰკრავს, რაც უცხო იყო სუდოპლატოვის უწყებისათვის.

მაკლიარსკი კურირებდა აგენტურას სწორედ იმ გარემოში, სადაც საჭირო იყო სპეციფიკური კონტინგენტის გადაბირება მოსკოვში იატაკქვეშა საქმიანობის დასაწყებად. „ანტისაბჭოთა წარმონაქმნების“ მიმართულებით მაკლიარსკი „მეურვეობდა“ მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, სტუდენტებს, ზოგადად ინტელიგენციას და სწორედ საზოგადოების ამ ნაწილში ჰქონდა ინფორმატორების ქსელი. შესაბამისად, მთელი ეს იატაკქვეშა ოპერეტა მისი აგენტები, ხელქვეითები და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირები იყვნენ, იგივე „სტუდენტური ახალგაზრდობა“. მერე რა, რომ იარაღის ხმარება ან აფეთქება არ იცოდნენ, მათთვის შაქარი მარილიანი, ბეკონი კი ტკბილი იყო, სამაგიეროდ, ყველა ეს ახალგაზრდა მზად იყო თავი გაეწირა სამშობლოსთვის, რაც არც ისე ცოტაა. გულწრფელი პატრიოტიზმი, ახალგაზრდული ენთუზიაზმი, გმირული სულისკვეთება, მზადყოფნა, თავი შეწირო მაღალ მიზანს და, ამავდროულად - არანაირი სპეციალური მომზადება, არანაირი ცოდნა კონტრდაზვერვის მუშაობის მეთოდებზე. როგორც ჩანს, მიხაილ მაკლიარსკიმ იცოდა, როგორ მოეხიბლა ეს ბიჭები და გოგოები, როგორ ეთამაშა მათ წმინდა გრძნობებზე, როგორ დაემალა ცინიზმი და გულგრილობა ამ „სახარჯო მასალისადმი“. სთავაზობდა გამხდარიყვნენ არა ინფორმატორები, არამედ გმირები; სთავაზობდა არა ჩაშვებას, არამედ თავდადების ასპარეზს.

ლავრენტი ბერია

თუ შეიძინეს რამე „სპეციალური ცოდნა“, ისიც უმნიშვნელო, ხოლო მომზადება თუ გაიარეს, იმდენად პრიმიტიულ-დაბალი დონისა, რომ, როგორც მაკლიარსკიმ გულწრფელად უთხრა თავის „ბოევიკებს“, „ყველას პირველივე განათების ბოძზე დაკიდებდნენ ოცდაოთხ საათში“. რა თქმა უნდა, ასეთი ბედი ელოდათ არა მხოლოდ ხოხლოვის ანსამბლის ბიჭებსა და გოგონებს, არამედ მაკლიარსკის მიერ შექმნილ ყველა საბავშვო-ვეტერანული ორგანიზაციის წევრებს.

ბერიას უწყებაში, როგორც ჩანს, არავის აინტერესებდა, რამდენად მომზადებული იყო ყველა ეს ჯგუფი და რა ბედი ელოდათ მათ. არსებობს ეჭვი, რომ ასეთ აშკარა ბოდვას - ფეთქებადი კვერთხებით ჟონგლირებას და ა.შ., სერიოზულად არავინ აღიქვამდა და არც უზარმაზარი ფინანსური თუ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფას აპირებდა ვინმე: НКВД ფულს ჰაერში არ ფანტავდა, ისევე, როგორც ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რასაც მაშინ ოქროს ფასი ჰქონდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია, დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა - ზევით, პირადად იოსებ სტალინს. სტალინი ნამდვილად არ იყო ისეთი პრიმიტიული იდიოტი, რომ სერიოზულად აღექვა კვერთხებით ჟონგლირება. მაშ, რატომ ამზადებდნენ და განიხილავდნენ ამ ყველაფერს ასე აქტიურად? იქნებ, ეს იყო ოპერაცია ქვეტექსტით, ორმაგი ან სამმაგი ფსკერით - თვალის ასახვევი, შეცდომაში შესაყვანი, რომელიც დაფარავდა რაღაც უფრო სერიოზულს, გაფანტავდა მტრის სპეცსამსახურების ყურადღებას?

ორმაგი შუასადები

ბერიას უწყებას აბსოლუტურად მკაფიო დავალება ჰქონდა მიცემული: გაანადგურე მტერი ყველგან და ყველა საშუალებით, შესაძლო და შეუძლებელი საშუალებებით, მაგრამ არა ჟონგლიორის კვერთხებით და არა პირადად ფიურერი. თუმცა, რა თქმა უნდა, ომია და ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ, ბოლოს და ბოლოს, მოყვარულებსაც უმართლებთ, გააჩნია, რა დანიშნულებას ანიჭებენ მათ და რა რეალური მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ ისინი. ასე რომ, ხელმძღვანელობის მხრიდან დილეტანტიზმს, როგორც ჩანს, ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ, ხოხლოვსაც არ ესმოდა, რა როლი დააკისრეს და რა ბედს უმზადებდნენ. მაკლიარსკის ეს ცელქობა „სტუდენტ ახალგაზრდებთან“ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც კვამლის ფარდა, უფრო მყარი და სერიოზული მოვლენების შესანიღბავად. აშკარაა, რომ ხოხლოვის ჯგუფს, მისი გმირული სულისკვეთებითა და თავგანწირვის მზადყოფნით, იყენებდნენ მასობრივი ტერორისტული თავდასხმის მოსამზადებლად.

მიხაილ მაკლიარსკი

რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯგუფის წევრებს მართლა იყენებდნენ სატყუარას სახით? რომ რაც შეიძლება მალე აეყვანათ ისინი, რათა წამების ქვეშ მიეცათ ჩვენება და არასწორ კვალზე დაეყენებინათ ოკუპანტთა სპეცსამსახურები. ეს ძალიან ჰგავს პოლკოვნიკ ილია სტარინოვის მიერ ხარკოვში გამოყენებულ დანაღმვის მეთოდს, როდესაც საგულდაგულოდ შენიღბული მთავარი, რადიოტალღებით მართული ასაფეთქებელი მოწობილობის თავზე, სატყუარას სახით, ათავსებდნენ სხვა, მარტივ ნაღმებს იმის იმედად, რომ გერმანელი მესანგრეები იოლად იპოვიდნენ მათ, განაღმავდნენ და დამშვიდებული იტყოდნენ: „ნაღმები აღარ არის“. სწორედ ამგვარი „დამამშვიდებელი სატყუარას“ დანიშნულება ჰქონდათ არტისტების, სტუდენტების, კულტმუშაკების, დარაჯების, ცალკეული პარტიული მუშაკებისა და პენსიონერი „ჩეკისტების“ დივერსიულ ჯგუფებს.

ბევრი პირდაპირი თუ ირიბი ფაქტით მტკიცდება, რომ ყველა ამ ადამიანს გარდაუვალ სიკვდილზე გზავნიდნენ, რის შემდეგაც საქმის შესრულებას შეუდგებოდნენ ტერორისა და დივერსიის ნამდვილი პროფესიონალები - კარგად გაწვრთნილი, აღჭურვილი და მართლაც ოსტატურად ორგანიზებული რაზმები და ჯგუფები, რომლებიც იმოქმედებდნენ კონსპირაციის უმკაცრესი სტანდარტების მიხედვით.

ილია სტარინოვი

ირიბად ეს დაადასტურა კიდეც თვითონ სუდოპლატოვმა, რომელმაც საჯარო გახადა შინსახკომის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „1941 წლის სექტემბერში თავი შეეკავებინათ სპეცრაზმის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფების მასობრივი შეგზავნისგან მტრის ზურგში დასავლეთის მიმართულებით“. ასევე აიკრძალა სპეცრაზმის მასობრივი რეიდები, „ბერია და მერკულოვი გრძნობდნენ ჭექა-ქუხილის მოახლოებას და ამიტომ ამჯობინებდნენ, სპეცრაზმის მთელი შემადგენლობა მათ განკარგულებაში დარჩენილიყო“. ანუ ამზადებდნენ მოსკოვში გამოსაყენებლად?

მეტიც, სუდოპლატოვი იხსენებდა: „სწორედ 1941 წლის ოქტომბერში დავიწყეთ აგენტების გამოწვევა ფრონტიდან. ყოველივე ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ მოგვემზადებინა ხალხი მტრის სპეცსამსახურების წინააღმდეგ საბრძოლველად და აბვერისა და გესტაპოს შტაბბინებში შესაღწევად“. როგორც ჩანს, შეღწევა სწორედაც რომ მოსკოვში იგეგმებოდა: „აგენტებისთვის გაიცემოდა ახალი პასპორტები, იქმნებოდა ლეგენდები, პარალელურად განადგურდა ან გადაიწერა მოსკოვში ჩაწერის ბარათები და სარეგისტრაციო წიგნები“.

ФСБ-ს ცენტრალური არქივის დოკუმენტების თანახმად, 243 ადამიანი გადაიყვანეს არალეგალურ მდგომარეობაში, მათგან 47 - ჩეკისტი იყო. ამავდროულად, НКВД-ს სპეცდანიშნულების ჯგუფს მოსკოვში ჰქონდა 59 საიდუმლო საწყობი იარაღით, ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი საშუალებებით, 3,5 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერებით და 700 ყუმბარით. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა საიდუმლო საწყობებში, ცნობილია მხოლოდ, რომ „დიდი რაოდენობა“ იყო. „მოსკოვის გეგმის“ მიხედვით, იატაკქვეშა წინააღმდეგობა ასევე აღჭურვილი იყო 21 გადასატანი და 6 „ძლიერი სტაციონარული გადამცემი რადიოსადგურით“.

საზენიტო არტილერია, მოსკოვი, 1941 წლის ოქტომბერი.

სუდოპლატოვი კი ამტკიცებდა, რომ აქცია დაიგეგმა ბევრად უფრო მასშტაბურად: „ჩვენ არალეგალურ საქმიანობაში ჩავაბით НКВД-ს ცენტრალური აპარატის 43 თანამშრომელი ქალაქ მოსკოვში და НКВД-ს ადმინისტრაციის 28 თანამშრომელი მოსკოვის ოლქში. 11 ოპერატიულ თანამშრომელს უნდა ეხელმძღვანელა 85 სადაზვერვო ჯგუფისთვის, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა აგენტურული და საინფორმაციო ქსელის 400 თანამშრომელს“. მეტიც, მოსკოვის გარეთ დამატებით შეიქმნა „28 რეზიდენტურა აგენტურულ-ინფორმაციული ქსელის 87 თანამშრომლით“. მოეწყო არა 59, არამედ 100-მდე საწყობი დივერსიისთვის. „მოზიდულ იქნა 200-მდე ადამიანი, რომელთაგან შეირჩა 101 მებრძოლი ნაცისტური ხელმძღვანელობის წევრების მიმართ სპეციალური საპასუხო მოქმედებების განსახორციელებლად“.

მოსკოვის მილიცია, 1941 წლის ოქტომბერი

ასეთი იყო მრავალსაფეხურიანი გეგმა, რომლის განხორციელებაც სურდა НКВД-ს დიდი რაოდენობით დანაღმული ობიექტების აფეთქების თანხლებით ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ რჩებოდა 2,5 მილიონზე მეტი მოსახლე - ფაქტობრივად მძევლები, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჰიტლერის გეგმებში არ შედიოდა არც მოსკოვში ჩასვლა და არც ზეიმის იქ გამართვა. 1941 წლის 12 ოქტომბერს არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ სარდალმა, ფელდმარშალმა ფედორ ფონ ბოკმა თავის დღიურში ჩაწერა: „სხვათა შორის, ფიურერმა აგვიკრძალა მოსკოვში შესვლა“. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე შემდგომი მსჯელობებია, მაშინ კი, როცა არ იყო ჰიტლერის დირექტივების წაკითხვის შესაძლებლობა, სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას მებრძოლები მოქმედებდნენ სტალინური დირექტივების შესაბამისად.

საბედნიეროდ, „ივანს“ და მის დარაჯთა ჯგუფს არ მოუწია იზმაილოვის ტყიდან გასვლა „სარკინიგზო ომში“ ჩასართავად; არ მოუწია სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორ დროზდოვს გერმანელების წინაშე ფარმაცევტის როლის გათამაშება; არ მოუწია რაზმ „ЗР“-ს შხამებისა და სპეციალური ამპულების გამოყენება, ხოლო ნიკოლაი ხოხლოვის „საესტრადო-საბრძოლო ჯგუფს“ არ მოუწია გერმანელი ოფიცრებით გადაჭედილ დარბაზში ჟონგლიორის კვერთხებად შენიღბული ყუმბარების დაშენა...