წინააღმდეგობას იატაკქვეშ ჩამოყალიბებული საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა, რომელსაც, თავის მხრივ, ემიგრაციაში წასულ ჟორდანიას მთავრობასთან ჰქონდა კავშირი. აჯანყების ჩახშობის მიზნით საბჭოთა ხელისუფლებამ მასობრივი რეპრესიები მოაწყო. დახვრიტეს და გადაასახლეს ათასობით ადამიანი.
აჯანყების დეტალებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა ისტორიის დოქტორს ლევან ჯიქიას, რომელიც 1924 წლის ამბოხს იკვლევს.
რადიო თავისუფლება: აჯანყების წარუმატებლობაზე ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ აჯანყების დღედ დათქმული იყო 29 აგვისტო, მაგრამ ჭიათურაში ერთი დღით ადრე გამოვიდნენ. რატომ მოხდა ასე?
ლევან ჯიქია: გიორგი წერეთელს, რომელიც ჭიათურაში ხელმძღვანელობდა აჯანყებას, უკვე ემიგრაციაში ყოფნისას, რამდენჯერმე მოუწია თავის მართლება. ემიგრანტები ეუბნებოდნენ, თქვენ დაგვღუპეთ, 24 საათით ადრე დაიწყეთ აჯანყება, ამან გააფრთხილა ხელისუფლება და ზომები მიიღოო.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი წერეთელმა ზუსტად ვერ გაიგო დავალება. ყველა მეთაური გააფრთხილეს, რომ აჯანყება იწყებოდა 28-29 აგვისტოს დილის 2 საათზე. გიორგი წერეთელმა შეცდომით აჯანყება 27-28 აგვისტოს დილის 2 საათზე დაიწყო. სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე სულხანიშვილი ამბობდა, იმიტომ იჩქარა აჯანყების დაწყება, რომ ჭიათურის მაღაროს სალარო და მუშებისთვის დასარიგებელი თანხა ჩაეგდო ხელშიო. აჯანყებულებმა ეს თანხა წაიღეს. თუმცა, სინამდვილეში მიზეზი სხვა იყო.
სხვათა შორის, ერთხელ გიორგი წერეთელმა თქვა, რომ მიიღო გაზეთი, რომელზეც ეწერა, რომ აჯანყების თარიღი შეიცვალა.
რადიო თავისუფლება: იატაკქვეშა გაზეთებიც ჰქონდათ?
ლევან ჯიქია: არა. მაგალითად, გაზეთ „კომუნისტს“ გაუგზავნიდნენ ვინმეს საჩუქრად, სადაც ვთქვათ, ხელით ეწერა: „ამა და ამ დროს ვიწყებთ ქეიფს“. ქეიფი აჯანყებას ნიშნავდა.
არ დასტურდება, რომ აჯანყების თარიღი შეცვალეს. თავდაპირველად რომ თქვა გიორგი წერეთელმა, შემეშალაო, ეს უნდა ჩავთვალოთ სიმართლედ.
აჯანყება 24 საათით ადრე რომ დაიწყო, ამან, რა თქმა უნდა, შეაფერხა წარმატება, მაგრამ ხელისუფლებამ ისედაც იცოდა აჯანყების თარიღი. ჩვენ ხელთ გვაქვს საგანგებო კომისიის (ე.წ. ჩეკა) თავმჯდომარის მოადგილის ლავრენტი ბერიას ცირკულარები. რეგიონებში აგზავნიდა ორგანოს წარმომადგენლებთან. იქ წერია, რომ ანტისაბჭოთა ძალებს გადაწყვეტილი აქვთ შეიარაღებული აჯანყების მოწყობა 27, 28 ან 29 აგვისტოს.
რადიო თავისუფლება: რომ არა ეს შეცდომა, ამ აჯანყებას პერსპექტივა ჰქონდა?
ლევან ჯიქია: საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ და საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მთელი ამიერკავკასიის ჯარები მიმართეს აჯანყებულების წინააღმდეგ. გარე ძალების დახმარების იმედი ნაკლებად იყო, ამიტომ აჯანყებას წარმატების მიზერული შანსი ჰქონდა.
აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციულ მთავრობაში დაისვა საკითხი, რატომ მოხდა აჯანყება მაინცდამაინც აგვისტოში. აჯანყების თარიღს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი წყვეტდა და ის ემიგრაციასთან არ იყო შეთანხმებული.
რადიო თავისუფლება: 29 აგვისტოს გარდა, სხვა რა თარიღიც განიხილებოდა?
ლევან ჯიქია:ქაქუცა ჩოლოყაშვილი და კიდევ რამდენიმე მებრძოლი მიიჩნევდა, რომ აჯანყება ყველაზე მიზანშეწონილი გვიან შემოდგომას იქნებოდა. კავკასიონზე თოვლი მოვიდოდა და რუსულ შეიარაღებულ ძალებს გზას ჩაუხერგავდა. თუმცა, მუდმივად მიმდინარეობდა რეპრესიები. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ხან ერთ მეთაურს იჭერდნენ, ხან - მეორეს. მაგალითად, ვალიკო ჯუღელი აჯანყების სამხედრო მეთაური უნდა ყოფილიყო. მას ემიგრაციაში დაამთავრებინეს სამხედრო სკოლა. არალეგალურად ჩამოვიდა, მაგრამ აგენტ-ინფორმატორები ყველგან ჰყავდა ხელისუფლებას და დააპატიმრეს. ასევე დააპატიმრეს ნოე ხომერიკი, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი.
რადიო თავისუფლება: ძალთა თანაფარდობა როგორი იყო? რამ გადაწყვიტა აჯანყების ბედი?
ლევან ჯიქია: არქივში ინახება ძალიან საინტერესო რუკა, 1922 წელს იატაქვეშეთელების შედგენილი. მასზე აღრიცხულია, სად რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ როგორც თვითონ, ასევე ხელისუფლებას - საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ჩრდილო კავკასიაში. შეიარაღების მხრივ უპირატესობა ხელისუფლებას ჰქონდა. აჯანყებულებს 2-3 პატრონაზე მეტი არ გააჩნდათ. გეგმავდნენ, არსენალი ჩაეგდოთ ხელში.
დაპატიმრებების გამო გეგმა რამდენჯერმე შეიცვალა. იძულებულები გახდნენ, დიდ ქალაქებში აჯანყებაზე უარი ეთქვათ, მაგალითად, თბილისში აჯანყება იმიტომ არ მოხდა, რომ ხელისუფლებამ იქ ტყვიამფრქვევები დააწყო და პატრულირება დაიწყო. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იყვნენ.
უნდოდათ აჯანყებაში სომხეთი, აზერბაიჯანი და ჩრდილო კავკასია ჩაერთოთ. სომხებმა თავიდანვე უარი თქვეს. აზერბაიჯანი და ჩრდილო კავკასია დათანხმდა. ფიქრობდნენ, თუ აზერბაიჯანელები აჯანყდნენ, მათ თურქები დაიცავენ და შესაძლოა რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამდეც კი მივიდეთო. თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მეკავშირე დააპატიმრა. აჯანყება მთელი კავკასიის მასშტაბით ვეღარ მოხერხდა.
აჯანყებულებს იმის იმედიც ჰქონდათ, რომ თუ ერთი თვე მოახერხებდნენ ძალაუფლების შენარჩუნებას, მერე დასავლეთის დიპლომატიური მისიები ჩაერეოდნენ. რეგიონებში ძალაუფლება მართლაც ჩაიგდეს ხელში, მაგრამ მხოლოდ 3-4 დღით.
რადიო თავისუფლება: მართლაც ერთი თვე რომ გაეტანათ, ჩაერეოდნენ კი დასავლეთის ქვეყნები?
ლევან ჯიქია: ძნელია ამის თქმა. ამ პერიოდში საქართველოს საკითხი ევროპის ქვეყნების დღის წესრიგიდან ფაქტობრივად მოხსნილი იყო.
რადიო თავისუფლება: აჯანყება ჩაფლავდა. ვიცით რამდენი ადამიანი დაიღუპა?
ლევან ჯიქია: სხვადასხვა რიცხვი სახელდება. ხელისუფლებამ გაზეთ „კომუნისტში“ დახვრეტილების ძალიან მცირე რაოდენობა გამოაქვეყნა, 100-მდე ადამიანი. შსს-ს არქივში ინახება დახვრეტილების სია, რომელშიც 982 სახელი და გვარია ჩამოთვლილი. ემიგრანტულ ლიტერატურაში 3, 5, 7, 12 და 15 ათასსაც კი ასახელებენ. მაგრამ არათუ ემიგრაციაში, საქართველოში მყოფისთვისაც კი რთული იყო ამ მონაცემების მოძიება. ამ ხალხს ერთ ადგილას არ ხვრეტდნენ. ზოგი თბილისში დახოცეს, ზოგი, სამეგრელოში, ზოგი - გურიაში, ზოგი - ზესტაფონში. ამიტომ ეს რიცხვები გაზვიადებულია.
არქივში ასევე ინახება დოკუმენტები, რომლებშიც საუბარია ამა თუ იმ ადამიანის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრეტაზე. ეს ხალხი იმ 982-კაციან სიაში არ არიან. ასე მექანიკურად თუ მივუმატებთ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დახვრეტილია მინიმუმ 1063 ადამიანი.
რადიო თავისუფლება: ხვრეტდნენ სასამართლოს გარეშე?
ლევან ჯიქია: კი, სასამართლოს წინაშე მხოლოდ 47 კაცი წარდგა. სერგო ორჯონიკიძე 1924 წლის ოქტომბერში მოსკოვში პლენუმის სხდომაზე რომ წარდგა, თქვა, მივმართეთ მასობრივ დახვრეტებს, იქნებ, ცოტა გადავაჭარბეთ, მაგრამ ამას ახლა რაღა ეშველებაო.
ხელისუფლება რეპრესიის სხვა ფორმებსაც მიმართავდა, მაგალითად, რუსეთში გადასახლებას, რაც თითქმის სასიკვდილო განაჩენი იყო. ქართველები იქაურ კლიმატს ვერ უძლებდნენ. ძალიან ბევრი განცხადებაა, სადაც გადასახლებულები სამხრეთ რუსეთში გადაყვანას ითხოვენ, მაგრამ არ გადაჰყავდათ. ავადდებოდნენ ჭლექით. ექიმების ცნობებიც არის ამაზე.
ძალიან ბევრი განცხადება აქვთ დაწერილი ოჯახის წევრებს, საიდანაც ჩანს, რომ გადასახლებულები საკონცენტრაციო ბანაკებში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პატიმრებთან იმყოფებოდნენ. ხშირად ჩხუბობდნენ. ოჯახის წევრები მათ გადაყვანას ითხოვდნენ, წერდნენ, შეიძლება თვითმკვლელობამდეც მივიდნენო. სამწუხაროდ, რეაქცია არავის ჰქონდა.
ასევე ართმევდნენ ქონებას. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანი არც მონაწილეობდა აჯანყებაში, მაგრამ ვიღაცას მისი საკუთრება (სახლი, დუქანი...) უნდოდა და ამის გამო დაასმენდა. განსაკუთრებით ხშირია განცხადებები, როდესაც წერენ, რომ წაართვეს ცხენი და ამ ცხენზე ახლა ხელისუფლების წარმომადგენელი ზის. ერთი ადამიანი წერდა, ყველაფერი წამართვეს, ერთი ძაღლი დამრჩა და ახლა მასაც მართმევენო. თან აჯანყებასთან ამ კაცს კავშირი არ ჰქონია.
რადიო თავისუფლება: ქალები და ბავშვებიც დახოცეს?
ლევან ჯიქია: კი, დახვრეტილი ქალებიც არიან. ბავშვებიც დახოცეს, რუისში მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. ეროვნული არქივის ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია შემთხვევა, სადაც ადამიანი სიამაყით იხსენებს, თუ როგორ გაუპო თავი ბავშვს აკვანში.
რადიო თავისუფლება: ამ აჯანყების შემდეგ განადგურდა საქართველოს ინტელექტუალური ელიტის დიდი ნაწილი, ასე არ არის?
ლევან ჯიქია: ერთი მხრივ, ვინც ემიგრაციაში წავიდა, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილი და, მეორე მხრივ, ვინც დახვრიტეს. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ქვეყნისთვის. საბჭოთა კავშირი ამ აჯანყების შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა.
რადიო თავისუფლება: ვიცით ის ადგილები, სადაც აჯანყებულები დახვრიტეს და დამარხეს?
ლევან ჯიქია: ზუსტად არა, მაგალითად, ერთ დოკუმენტში მითითებულია, რომ სოხუმთან 11 ადამიანი დახვრიტეს, მაგრამ არ წერია -კონკრეტულად სად. ძალიან საინტერესო მინაწერია ამ დოკუმენტზე. აღნიშნულია, რომ დახვრეტამდე მიმართეს მათ, რამე თხოვნა ხომ არ გაქვთო. არაფერი უთხოვიათ, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ეს ხალხი გააზრებულად მიდიოდა ამ ამბოხზე.
იცით, რომ ვაგონებში ჩაცხრილეს ხალხი. ერთი ვერსიით, სოფელ არგვეთასთან, რკინიგზის სიახლოვეს, მეორით, ზესტაფონში, დღევანდელ სახლკაბელის შენობასთან. ადრე იქ რკინიგზის ხაზი გადიოდა. გადმოცემით, ამ ადგილას ხალხი ძვლებს პოულობდა. გათხრები არავის უწარმოებია, ამიტომ ზუსტად თქმა ჭირს.
Your browser doesn’t support HTML5
ხელისუფლებას ძალიან მანკიერი პრაქტიკა ჰქონდა. ხშირად დახვრეტილების საერთო საფლავზე საპირფარეშოებს აშენებდნენ. ასე ბოლომდე სჯიდა ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს.
რადიო თავისუფლება: კოტე აფხაზის საფლავზეც იგივე გააკეთეს, როგორც მახსოვს?
ლევან ჯიქია: კი, კოტე აფხაზი და კიდევ 14 ქართველი ოფიცერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ზუსტი ადგილი არ ვიცით, ვვარაუდობთ, რომ იმ ადგილას, სადაც მერე საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო გამართული. იქაც არავის უწარმოებია გათხრები. ახლა ის საპირფარეშო დანგრეულია და იქ სიმბოლურად მემორიალია გაკეთებული. თუმცა, დანამდვილებით რამის თქმა ჭირს, მით უფრო, რომ ვაკის პარკი მაშინ უსიერი ტყე იყო.
ყველაზე ხშირად ხალხს ხვრეტდნენ საბურთალოზე და რუსთავის გზაზე. საკნიდან გამოიყვანდნენ პატიმარს, ხელ-ფეხს შეუკრავდნენ, გააშიშვლებდნენ ან საცვლების ამარა დატოვებდნენ. ტანსაცმელს საგანგებო კომისიის წევრები ინაწილებდნენ. იყო შემთხვევა, როცა ერთი ჯალათი ლოთობისთვის დააპატიმრეს და პატიმრებმა შეამჩნიეს, რომ მას დახვრეტილის ტანსაცმელი ეცვა. გულწრფელად აღიარა, ასე ვიქცევითო.
ხელფეხშეკრულ ადამიანებს ძარაზე ყრიდნენ, წინასწარ გამზადებულ ორმოსთან მიჰყავდათ. სანამ ერთს ხვრეტდნენ, დანარჩენები უყურებდნენ.
რადიო თავისუფლება: როგორ ამოშალეს ამხელა მსხვერპლი და ამბავი ხალხის მეხსიერებიდან?
ლევან ჯიქია: ხელისუფლებას ამ აჯანყებამ ძალიან დიდი უხერხულობა შეუქმნა. აცხადებდნენ, რომ იყვნენ მუშურ-გლეხური ხელისუფლება, ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ გლეხების საკმაოდ დიდი ნაწილი აჯანყებაში მონაწილეობდა. მიზეზები თავადაც აინტერესებდათ. დაელაპარაკნენ გლეხებს და მათ ყოფითი პრობლემები დაასახელეს.
რადიო თავისუფლება: რამდენადაც ვიცი, იმ პერიოდში ძალიან დიდი გაჭირვება იყო?
ლევან ჯიქია: დიახ, რუსეთში იმ დროს იყო შიმშილობა და დაპყრობილი საქართველოდან ყველაფერი გაზიდეს.
ამიტომ ხელისუფლებას ეს დიდ დისკომფორტს უქმნიდა. იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ ეკლესია-მონასტრების დახურვა გლეხების მოთხოვნა არ ყოფილა. ამის შემდეგ რაღაც დათმობაზე წავიდნენ. თუ ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვდა ეკლესია-მონასტრის გახსნას, ტაძრიდან გატანილ ნივთებს უკან უბრუნებდნენ და ხსნიდნენ.
ეროვნულ საკითხებზე გლეხებს მაშინ არ უსაუბრიათ. თუმცა, აჯანყებულების ლოზუნგებს თუ შევხედავთ, ცხადად ჩანს, რომ მათი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა იყო. ამიტომაც ეს არის არა მხოლოდ ანტისაბჭოთა, არამედ ეროვნული აჯანყება.