როგორ ამოვიცნოთ პოტენციური მოძალადე?

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თბილისში

„არანაირი ძალადობის მოთმენა არ შეიძლება, მით უფრო დიდხანს მოძალადესთან ცხოვრება“, - ამბობს ფსიქოთერაპიის სახლ „კამარას“ ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე. სალომე ფანჯიკიძის თქმით, ფსიქოპათია, როგორც პათოლოგია, მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს აღენიშნება. ფსიქოპათიის შემთხვევაში ტვინის გარკვეულ უბანში ნეირონები სათანადოდ ვერ აქტიურდება, რის გამოც ადამიანს არ შეუძლია სხვისი თანაგრძნობა, სხვისი ტანჯვის აღქმა. ფსიქოპათები მიდრეკილები არიან ძალადობისკენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ფსიქოპათი მოძალადეა.

ცდილობს თვითშეფასება დაუწიოს, აიძულებს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა - ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. ასეთი ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მასზე ძალადობენ, თორემ თვითონ ფსიქოპათიაც კი შეიძლება ძალიან კარგად იყოს შენიღბული...
სალომე ფანჯიკიძე

მისივე განმარტებით, ჩაგვრა ძალაუფლების სიყვარულიდან მოდის და ეს სექსუალური სიამოვნების გამრუდებული, დეფექტური სახეა. ხშირად ადამიანი მოძალადე ხდება არა რაიმე პათოლოგიის გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი და ძალადობა მისთვის გადასარჩენად საჭირო ქცევა გახდა. მსგავსი ტიპის მოძალადეების გამოსწორება შესაძლებელია. გამოსწორების ალბათობა ნაკლებია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ფსიქოპათიასთან გვაქვს.

რაც შეეხება მანიაკს, სალომე ფანჯიკიძის თქმით, მანიაკის გარეგნობით განსაზღვრა ძნელია, თუმცა მათ უმრავლესობას, განსაკუთრებით სექსუალურ მანიაკებს, ახასიათებთ ის, რომ პოტენციურ მსხვერპლს ზედმეტად თბილად ეპყრობიან, ამასთან, ცდილობენ სადმე ისეთ ადგილას გაიტყუონ, სადაც მასთან მარტო დარჩენას შეძლებენ.

მსხვერპლმა აუცილებელია გაიაზროს, რომ ის მსხვერპლია, შემდეგ კი იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე. ამ დროს აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუციების ჩართულობა, მაგრამ ეს მექანიზმი ქვეყანაში სრულფასოვნად არ მუშაობს - ასეთ დასკვნას აკეთებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თბილისში

ცენტრის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება, ჩამოთვლილია მთელი რიგი პრობლემები, მაგალითად, თუნდაც ის, რომ ცოტაა ქალი პატრულ/ინსპექტორები, მამაკაცი პატრულები კი გამოძახებისას ხშირად მოძალადის მხარეს იჭერენ.

ასევე ხშირია შემთხვევები, როცა პოლიცია შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად მოძალადეს, უბრალოდ, გაფრთხილებას აძლევს.

ფსიქოპათია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არა აქვს უნარი დაისწავლოს სხვისი ქცევა, დაისწავლოს როგორ გამოავლინოს ყალბი თანაგრძნობა...
სალომე ფანჯიკიძე

გარდა ფიზიკური ძალადობისა, არსებობს ფსიქოლოგიური და ფინანსური ძალადობაც კი (როდესაც მოძალადე მსხვერპლს ფინანსურად და სოციალურად ზღუდავს).

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ სამართალდამცავებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა, არის თუ არა პირი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ცენტრის რეკომენდაციით, საჭიროა შეფასებისას ფსიქოლოგიც ჩაერთოს.

„ცდილობს თვითშეფასება დაუწიოს, აიძულებს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა - ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა. ასეთი ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მასზე ძალადობენ, თორემ თვითონ ფსიქოპათიაც კი შეიძლება ძალიან კარგად იყოს შენიღბული. ფსიქოპათია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არა აქვს უნარი დაისწავლოს სხვისი ქცევა, დაისწავლოს როგორ გამოავლინოს ყალბი თანაგრძნობა“, - ამბობს სალომე ფანჯიკიძე.