რუსეთში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის, სინამდვილეში კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ვეტერანები მონაწილეობენ როგორც ქვეყნის მართვაში, ასევე ბავშვების "სამხედრო-პატრიოტულ" აღზრდაში, რომლის ფარგლებშიც ისინი ატარებენ მთავრობის მიერ ორგანიზებულ და მხარდაჭერილ გასამხედროებულ თამაშებს. რუსეთის საზოგადოება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა წარსულში ჩაიდინა მძიმე დანაშაულები და, რაც მთავარია, ისინი მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ომში.
„ზარნიცა“ ყველა სკოლას მისწვდება
რუსეთში პროკრემლისტური საყმაწვილო მოძრაობის „პირველების“ ლიდერად, სულ ახლახან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მონაწილე, მაიორი არტურ ორლოვი დანიშნეს. სწორედ ამ მოძრაობის ეგიდით მიმდინარეობს სრულიად რუსული საბავშვო პატრიოტული თამაში „ზარნიცა.2.0“ (Зарница - ციალი, ნათება), რომელიც, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე და პუტინის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი სერგეი კირიენკო ამბობს, საიმედო დამცველებს უზრდის რუსეთს.
არტურ ორლოვი - 35 წლის, მაიორი, სატანკო ბატალიონის მეთაური. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მონაწილე. რუსეთის ფედერაციის გმირი. ასევე მიღებული აქვს: სუვოროვის მედალი (2018), მამაცობის ორდენი (2022), ოქროს ვარსკვლავის მედალი (2022). ორლოვი მონაწილეობდა 2016 წელს სირიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციაში (2016 წ.). იგი ასევე არის რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ შექმნილი „სატანკო ბიათლონის“ კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.
რუსეთის ხელისუფლება სამხედრო-პატრიოტულ თამაშ „ზარნიცას“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ამაზე მეტყველებს თამაშის ორგანიზებასა და პოპულარიზებაში კირიენკოსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ინტენსიური ჩართულობა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, "ზარნიცა 2.0"-მა 2024 წელს მთელი რუსეთის მასშტაბით მოიცვა თითქმის 9 ათასი სკოლა და 800 ათასი მოსწავლე.
„ზარნიცა 2.0“ ე.წ. სამხედრო-პატრიოტული თამაშია, რომლის დროსაც მონაწილეები სწავლობენ საბაზისო სამხედრო მომზადების უნარებს და ექსტრემალურ სიტუაციებში ქცევას. გარდა ამისა, როგორც თამაშის აღწერაშია ნათქვამი, „ზარნიცაში“ მონაწილეობა ხელს უწყობს ლიდერობის უნარების, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების, პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართ შეგნებული დამოკიდებულებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას. თამაშის მიზანი - მცირეწლოვან ბავშვებში პატრიოტული ცნობიერების ძლიერი საფუძვლის ჩაყრა და სამშობლოსა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ისტორიისადმი ინტერესის გაზრდაა. თამაშის ფარგლებში შეჯიბრებები მიმდინარეობს ვოლგოგრადის ოლქში, საზეიმო შეჯამებას კი ე.წ. რუსეთის მთავარი სიმაღლე „მამაის ყორღანი“ მასპინძლობს.
„ეს არის პირველი „ზარნიცა“, რომელიც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა: განახლებულმა „ზარნიცამ“ უნდა მიაღწიოს ყველა სკოლას“, - განაცხადა კირიენკომ, რომლის თქმითაც, „ზარნიცა“ მხოლოდ თამაში არ არის, რადგან თამაშის მონაწილეებმა გაიარეს რამდენიმედღიანი დამატებითი ტრენინგი სამხედრო სპეციალობებში, მათ შორის - დრონის მართვის ოპერატორის კურსი. გუნდების აღჭურვილობა არაფრით ჩამოუვარდება სპეცდანიშნულების საუკეთესო დანაყოფების აღჭურვილობას, რადგან ბავშვები იყენებენ სადაზვერვო დრონებს, FPV - კამიკაძე-დრონებსა და დაზვერვის სხვა საშუალებებს. ვნახეთ, როგორც ახორციელებენ იერიშებს როგორც ხმელეთიდან, ასევე წყლიდან. სასწავლო პროგრამაში ასევე შედის დანაღმვა, განაღმვა, ტოპოგრაფია, ტაქტიკური სამედიცინო დახმარება და ა.შ.“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს სერგეი კირიენკომ უთხრა 14 სექტემბერს, ვოლგოგრადის (ყოფილი სტალინგრადის) ოლქში გამართული საფინალო შეხვედრების დროს.
„ბავშვები, თამაშში მონაწილეობის პარალელურად, შეეხნენ ტრადიციებს, ეწვივნენ დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალს < ...> ისინი შეეხნენ გმირი წინაპრების ხსოვნას. წინაპრებიც აუცილებლად იამაყებდნენ ამ ყმაწვილებითა და ფრონტზე მყოფი ბიჭებით“, - თქვა სერგეი კირიენკომ.
„ზარნიცას“ საბჭოთა ფესვები
სამხედრო-პატრიოტული თამაში „ზარნიცა 2.0“, ისევე როგორც პუტინის რუსეთის ბევრი იდეოლოგიური საყრდენი, საბჭოთა კავშირის პირმშოა.
1967 წლის 10 იანვარს გაზეთმა „პიონერსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა სამხედრო სპორტული თამაშ „ზარნიცას“ წესები და თამაშის პირველი მეთაურის, საბჭოთა კავშირის გმირის, არტილერიის მარშლის ვასილი კაზაკოვის N1 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, უნდა შექმნილიყო საყმაწვილო ბატალიონები ახალგაზრდებში ჯარის ცხოვრების უნარ-ჩვევების, სამშობლოს სიყვარულისა და საბრძოლო სულისკვეთების გამომუშავებისთვის. თამაშში მონაწილეობა შეეძლო მე-6-მე-8 კლასის ყველა მოსწავლეს.
რაც შეეხება თამაშის აღწერას:
„ზარნიცა“ - პიონერული სამხედრო-სპორტული თამაში სსრკ-ში - საბრძოლო მოქმედებების სიმულაცია. თამაშის დროს პიონერები გუნდებად იყოფოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სამხედრო-გამოყენებითი სპორტის სახეობაში. თამაში იყო სსრკ-ში სკოლის მოსწავლეების საწყისი სამხედრო მომზადების სისტემის ნაწილი. ჩვეულებრივ, „ზარნიცას“ მონაწილეები იყოფოდნენ ორ გუნდად, მსაჯად და რამდენიმე ნეიტრალურ დამკვირვებლად. შემდეგ, სანამ გუნდები ამუშავებენ ტაქტიკას, მსაჯი განსაზღვრავს მტრის ორივე ბანაკის ბაზების ადგილმდებარეობას; ბაზის ნიშანი უნდა იყოს კარგად შესამჩნევი საგანი, მაგალითად, დროშა. ორივე გუნდის მიზანია მტრის დროშის ხელში ჩაგდება. თითოეულ მონაწილეს აქვს სიცოცხლის/ჯანმრთელობის ინდიკატორი - სამხრეები: თითოეულ მონაწილეს მხრებზე დაკერებული აქვს ორი სამხრე, მხოლოდ კაპიტანს აქვს - ოთხი. იმისათვის, რომ „მოკლათ“ ადამიანი, საჭიროა სამხრეების ახევა; თუ მხოლოდ ნახევარია ახეული, მაშინ თამაშის მონაწილეს არ შეუძლია სირბილი, მხოლოდ სიარული. ყველაზე ხშირად, გამარჯვებული ვლინდებოდა დაგროვილი ქულების რაოდენობით: გუნდებს ქულები ენიჭებათ დროშების ხელში ჩაგდებისა და მოწინააღმდეგეთა განადგურების შესაბამისად (წესების დარღვევის გამო გუნდებს ქულები აკლდებათ). ზოგჯერ გამარჯვებულად ითვლებოდა გუნდი, რომელიც პირველი მოიპოვებდა მტრის დროშას.
ომის მონაწილისათვის სრულიად რუსეთის საყმაწვილო მოძრაობისა და სამხედრო-პატრიოტული თამაშების ჩაბარებამ დიდი ენთუზიაზმი აღძრა ომის მხარდამჭერებში.
„არტურ ორლოვი რუსეთის გმირია, მას ასევე მინიჭებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, ანუ არის დამსახურებული ადამიანი, ტანკისტი. მისი გამოცდილება და განათლება, პრინციპში, იძლევა საგზაო რუკას, რომლითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ორიენტირება, რათა ჩამოყალიბდნენ რუსეთის ფედერაციის ღირსეულ მოქალაქეებად და მოიპოვონ აღიარება საზოგადოებაში“, - დაწერა Telegram-ის არხზე რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორმა ალექსეი მუხინმა.
ალექსანდრ აფანასიევმა კი სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა სამხედრო-პატრიოტული თამაშის ამსახველი ვიდეოსიუჟეტი, რომელსაც ტექსტიც დაურთო:
„მშვენიერია, როდესაც ახალგაზრდებს აქვთ ასეთი ინტერესები და არა ვიდეოები TikTok-ისთვის ან რამე ისეთი, რაც ყველაზე მოდურია ვარდისფერი თმების მქონე ყმაწვილებს შორის“.
თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გმირისთვის ბავშვების აღზრდის ჩაბარებამ ნეგატიური რეაქციაც გამოიწვია. სერგეი ხრომოვი, „ტინკოვ-ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ „არარაობები ბავშვებს ომისთვის ამზადებენ. ამზადებენ და ძალიან აქტიურადაც“.
ანალიტიკოს ანატოლი ნესმიანის თქმით, რუსეთის ხელისუფლება არქაული და ველურია, რის გამოც არ შეუძლია მომავლის მშენებლობა თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების საფუძველზე, ამიტომ მუდმივად ცდილობს ძველი პრაქტიკის აღდგენას.
„ეს არის გერონტოკრატიული მმართველობის პრობლემა, რომელსაც ძალაუფლების გარდა არაფერი აინტერესებს. ქვეყნის, საზოგადოების განვითარება - ეს ყველაფერი მათ საერთოდ არ ანაღვლებთ, მათი მიზანია "სტაბილურობის", ფაქტობრივად კი ლეშის უსასრულო რეპროდუქცია. მათ ცალი ფეხი საფლავში აქვთ და მიაჩნიათ, რომ აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, თუკი ყველა დანარჩენს საფლავში გაიყოლებენ. ანალოგიურად მსჯელობდნენ წარსულის ლიდერებიც, რომლებსაც იმქვეყნად მიჰყავდათ თავიანთი ცოლები, მონები, ცხენები და ა.შ. ამჟამინდელებიც ცდილობენ მთელი ქვეყანა საფლავში წაიყვანონ, სხვა არანაირი მოტივი მათ არ აქვთ. რადგანაც არსებობს მოთხოვნა, ბიუროკრატიული აპარატი საკმაოდ მორჩილად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. სწორედ აქედან მოდის იდეა „ახალი BAM“-ისა და ფსევდოახალგაზრდული სახელმწიფო სტრუქტურის სათავეში სამხედრო ჩექმის დაყენებისა, რომელიც თავის საქმიანობას დააფუძნებს მწყობრში სიარულზე. კიდევ რის შეთავაზება შეუძლია ჯავშან-მაიორსა და ერის სინდისს?“, - დაწერა ანატოლი სმენიანმა თავის Telegram-არხზე.
ანალიტიკოსის მოსაზრებას ირიბად ეხმიანება The Moscow Times-ის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობაში მწიფდება მოსაზრება, რომ რუსეთის მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ადრეული ბავშვობიდან ასწავლონ.
”დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ყველამ გააცნობიერა, რომ საბრძოლო იარაღის და ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის პოტენციალი მნიშვნელოვანია და, რომ მისი გამოყენება უნდა შეეძლოთ რუსეთის მოქალაქეებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ ყუთისთვის სროლას ან იარაღის დაშლა-აწყობას. საუბარია კულტურაზე, რომელიც უნდა დანერგოს. ეს კულტურა ადრეული ბავშვობიდან არის დასამკვიდრებელი“, - განაცხადა რუსეთის სამრეწველო ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კირილ ლისეგორსკიმ შეიარაღების მეორე რუსულ ფორუმზე.
მისივე თქმით, სკოლაში უნდა დაინერგოს სროლის გაკვეთილები, ბავშვებმა უნდა იმუშაონ სასწავლო ან ნამდვილი იარაღით, გავიდნენ პოლიგონებზე და ისროლონ საბრძოლო ვაზნები.
კირილ ლისოგორსკის თქმით, მნიშვნელოვანია სკოლების თანამშრომლობა როსგვარდიასთან, რომელიც პასუხისმგებელია საბრძოლო იარაღის შენახვასა და გაცემაზე.