როგორ აკრძალა სტალინმა ნაძვის ხე 

ნაძვის ხის სათამაშო საბჭოთა კავშირში

კომუნისტური ეპოქის უცნაურობებსა და სისასტიკეებს შორის ისიც იყო, რომ ერთხელ სტალინმა ახალი წელი გრინჩივით მოიპარა - ნაძვის ხე აკრძალა. ის მხოლოდ ავბედით 1937 წელს „დააბრუნეს“, ისიც პროპაგანდის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნაძვების ქვეყანაა, საშობაოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია იქ ევროპიდან შევიდა. ის განსაკუთრებით პოპულარული იყო სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებ გერმანელებში, ოღონდ პირველ მსოფლიო ომამდე. ომმა მოსახლეობა ყოველივე გერმანულის წინააღმდეგ განაწყო, მათ შორის, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის.

თუმცა, ნაძვის ხის ნამდვილი მტრები ათეისტი ბოლშევიკები აღმოჩნდნენ, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებს ებრძოდნენ. ბოლშევიკებს ნაძვის ხესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ, ჯერ ერთი, ის შობის რიტუალის ნაწილი იყო და მეორე - ნაძვის ხის მორთვის ფუფუნება და ჩვევა მაშინ მხოლოდ ბურჟუაზიულ კლასს ჰქონდა.

„როდესაც ბოლშევიკები საქართველოში შემოვიდნენ, ხვდებოდნენ, რომ ძველ, ფესვგადგმულ ტრადიციებს ასე უცებ ვერ ამოძირკვავდნენ და ამიტომ მათი გადასხვაფერება, სათავისოდ შეცვლა დაიწყეს. მაგალითად, იმ წლებში ნათლობის მაგივრად ასე იქცეოდნენ: იკრიბებოდნენ და ბავშვს ერთობლივად არქმევდნენ სახელს“, - ამბობს საბჭოთა კავშირის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ამგვარი „ნათლობა“ ერთგვარი ინიციაცია იყო ბავშვის კომუნისტურ წრეში მისაღებად.

საბჭოთა პოსტერი, წარწერით: „სტალინის ალერსი ჩვენი ბავშვების მომავალს ანათებს“.

ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ სწორედ ამ დროს გაჩნდა ხელოვნური და უცნაური სახელები, რომლებსაც კომუნიზმთან დაკავშირებული საგნების თუ ადამიანების სახელებისგან აკოწიწებდნენ, მაგალითად, ლენსტანბერი, ანუ ლენინის, სტალინის და ბერიას სახელების შემოკლებული ვერსია.

იგივე ბედი ეწია შობასაც და იმ ატრიბუტებსაც, რომელიც მაცხოვრის დაბადებასთან იყო დაკავშირებული - 1927 წელს ნაძვის ხე აიკრძალა!

ნაძვის ხეს ყველანაირად „დევნიდნენ“, უპირველესად კი, იდეოლოგიურად. აი, როგორი ლექსები იწერებოდა მაშინ:

„ნაძვის ხით ვინც იზეიმებს,

მღვდლების მეგობარია.

მე და შენ ვართ მღვდლების მტრები,

შობა არ გვიხარია“.

ავტორი: ალექსანდრ ვვედენსკი

ნაძვის ხე მთავრობამ მთელი ათი წელით აითვალწუნა, სანამ გაზეთ „პრავდაში“ მაშინდელმა საბჭოთა ჩინოვნიკმა პაველ პოსტიშევმა წერილი არ გამოაქვეყნა.

„რევოლუციამდე ბურჟუაზია და ბურჟუაზიის ჩინოვნიკები საახალწლოდ თავიათი ბავშვებისთვის ყოველთვის რთავდნენ ნაძვის ხეს. მშრომელების ბავშვები ხარბად შესცქეროდნენ ფანჯრებიდან სხვადასხვა ფერად აბრჭყვიალებულ ნაძვს და მდიდრების ბავშვებს, რომლებიც მის გარშემო მხიარულობდნენ. ჩვენი სკოლები, საბავშვო ბაღები, ბაგები, ბავშვთა კლუბები, პიონერთა სახლები საბჭოთა ქვეყნის მშრომელების ბავშვებს ამ სიამოვნებას რატომ აკლებენ?“... პოსტიშევი წერდა, ამიერიდან ნაძვის ხე ყველას უნდა ჰქონდეს, ყველგან უნდა დადგანო.

„არ ღირს ის იმ ადამიანად მივიჩნიოთ, რომელსაც ნაძვის ხის დაბრუნებას უნდა ვუმადლოდეთ, - ამბობს რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროსთან საუბრისას ელენა დუშეჩკინა, ავტორი მონოგრაფიისა „რუსული ნაძვის ხე: ისტორია, მორფოლოგია, ლიტერატურა“, - ხრუშჩოვი თავის მემუარებში ჰყვება, როგორ მგზავრობდა სტალინთან და პოსტიშევთან ერთად მანქანით და პოსტიშევმა თქვა: „ნაძვის ხე ხომ არ დავაბრუნოთ? ხომ არ დავწეროთ ამის შესახებ?“ რაზეც სტალინმა უპასუხა: „დაწერე“.

პესტიშევის სტატია „პრავდაში“ 1936 წლის 28 დეკემბერს დაიბეჭდა, მანამდე ნოემბერში, სტახანოველების (სტახანოვური მოძრაობის წევრი, მოწინავე მუშაკი) შეკრებაზე სტალინმა განაცხადა „ცხოვრება უფრო კარგი გახდა, უფრო მხიარული, ამხანაგებო!“ ნაძვის ხის „ამნისტიაც“ ამ „კარგი ცხოვრების“ გამოძახილი იყო.

ნაძვის ხე დაბრუნდა, მაგრამ უკვე არა შობის, არამედ ახალი წლის აღსანიშნავ ატრიბუტად. რა თქმა უნდა, მას ისე არ რთავდნენ, როგორც ევროპაში. საბჭოთა ნაძვის ქვეშ არ ეწყო ყრმა იესოს, მარიამისა და მოგვების ფიგურები, არც ბაგაში მყოფი ხარების. იქ ახლა „დედ მოროზი“ და „სნეგუროჩკა“ სახლობდნენ. ნაძვის წვერზე დამაგრებული ვარსკვლავი კი, რომელიც ბეთლემში მაცხოვრის შობისას გამოჩენილ ვარსკვლავს განასახიერებდა - საბჭოთა ხუთქიმიან ვარსკვლავად გადაიქცა.

ნაძვის ხე კრემლში, 1973 წელი.

„როდესაც ნაძვის ხის დადგმა დაუშვეს, ყველა დაიბნა, არ იცოდნენ მასზე რა ჩამოეკიდათ. შეიძლებოდა თოვლის ბაბუის დადგმა ნაძვთან? ადრე ისიც აკრძალული იყო. ან გაურკვეველი წარმოშობის „სნეგუროჩკის“ დადგმა თუ შეიძლებოდა? მერე თანდათან ყველაფერი დალაგდა. უწყინარი სათამაშოების, ბურთების, ვაშლების, კონფეტების გვერდით იდეოლოგიური სათამაშოებიც გამოჩნდა - ორთქლმავლები, სტრატოსფერული ბუშტები, მერე თანამგზავრებიც კი“, - ამბობს ელენა დუშეჩკინა.

ნაძვის ხეზე კიდებდნენ სათამაშოებს წარწერით „სსრკ“, კოსმონავტებს, რაკეტებს. პარტიული ლიდერების ფოტოებითაც კი დაამზადეს სათამაშოები.

„ბალალაიკა, „დედ მოროზი“, „სნეგუროჩკა“, ყველაფერი ეს სხვადასხვა ხალხების გამოცდილებიდან აიღეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს თავიდანვე ასეთი დანიშნულება ჰქონდათ. პირველ წლებში რეჟიმი ასე მოქმედებდა, თუ რაღაცის განეიტრალება უნდოდა, მის ფორმას ინარჩუნებდა და სხვა შინაარსით ანაცვლებდა“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

დედ მოროზი პირველად 1937 წელს გამოჩნდა. რუსულ ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმული თეთრწვერა ბაბუა, საჩუქრებით სავსე ტომრით. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის მთელი არსებობის მანძილზე ბავშვებს ახალ წელს სწორედ დედ მოროზი ულოცავდა და არა სანტა კლაუსი, რომლის პროტოტიპი წმინდა ნიკოლოზია.

„რატომ მაინცდამაინც 1937 წელს? იმიტომ, რომ ეს წელი საბჭოთა კავშირში პოლიტიკური რეპრესიების წელია, მათ შორის ეკლესიასაც ებრძვიან. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის აუცილებელი იყო, ეკლესიის გავლენა, საეკლესიო ტრადიციები, შობის აღნიშვნა მინიმუმამდე დაეყვანა... ძირითადი იდეა ის იყო, რომ ხსოვნიდან ამოეშალათ წმინდა ნიკოლოზი, რომელიც საშობაო ტრადიციებს უკავშირდებოდა“, - ამბობს რადიო თავისუფლების უკრაინულ ბიუროსთან საუბარში სერგეი რიაბენკო, უკრაინის ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი.

უკრაინული კარიკატურა რუსეთის წინააღმდეგ

1937 წლის შემდეგ ნაძვის ხე და დედ მოროზი უკვე ყველა პროპაგანდისტულ ინსტრუმენტზე ჩანდა: წიგნებში, ღია ბარათებზე, პლაკატებზე, მულტფილმებში... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ რესპუბლიკებში იგი მალევე ჩაანაცვლა სანტა კლაუსმა.