რკინის ჯებირის მიღმა - რა ხდება რიონის ხეობაში გუმათიდან ნამოხვანამდე

ქუთაისის ჭომის დასახლებიდან რიონის ხეობისკენ სოფელ ჯიმასტაროს გავლის შემდეგ გუმათჰესის დასახლებასთან გზა ორად იყოფა - ერთი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ მიდის, მეორე საავტომობილო გზა კი მდინარის ჭალას მარცხნიდან მიუყვება.

გუმათჰესის დასახლებასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემოუერთდა ქუთაისს, ორ გზასშუა დგას კარავი, მისგან მარჯვნივ კი განთავსებულია „ნამახვანჰესის“ მშენებარე კომპანია „ენკა რინიუებლზის“ პირველი ობიექტი, სასაწყობე ბაზა.

მაღალი მესერის მიღმა თუ გადაიხედავთ, დაინახავთ, რომ ბაზის ეზოში რამდენიმე ათეული თეთრი და ლურჯი ფერის კონტეინერი დგას, სავარაუდოდ, სამშენებლო მასალით. ეზოს დაცვა ყარაულობს, თუმცა, როცა ჭიშკრის მეორე მხარეს სიტუაცია იძაბება, პოლიციელებიც მორიგეობენ.

რიონის ხეობაში გუმათჰესის დასახლებიდან მარცხნივ მიმავალი საავტომობილო გზა რამდენიმე კილომეტრში, გუმათჰესის გასწვრივ, რკინის ჯებირებითაა გადახერგილი.

სამართალდამცველები ამ ადგილას 3 აპრილის შემდეგ დღედაღამ მორიგეობენ. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა გუმათში საპოლიციო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან რამდენიმე დიდი და პატარა კარავი თითქმის ორი თვის წინ გაშალეს.

რკინის ბარიერებიდან დაახლოებით 20 კილომეტრშია „ენკას“ კიდევ ერთი ბაზა, სოფლების ოფურჩხეთისა და ზარათის საზღვართან, მდინარის ჭალაში. იქაც საშენი მასალა და კონტეინერებია დასაწყობებული, ეზოში დგას მძიმე ტექნიკა და ავტობუსები.

რიონის ხეობაში, სოფელ ოფურჩხეთში, კომპანია „ენკას“ ცემენტის ქარხანა მდინარის მარცხენა სანაპიროზე აქვს მოწყობილი. ცემენტს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის იყენებენ.

ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრში თითქმის დასრულებულია მდინარე რიონზე დროებითი ხიდის მშენებლობა, რომელიც ერთი შეხედვითაც მზიდი რკინის კონსტრუქციაა. ხიდის მეორე მხარეს ჯერ გზა გაყვანილი არ არის. ახალი ხიდით კომპანია სამშენებლო არეალიდან ხე-ტყეს გამოიტანს. „ხიდს დროებითი ჰქვია, თუმცა, სავარაუდოდ, იგი ჰესის აგების შემდეგაც დარჩება”, - გვითხრა „ენკას” დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

დროებითი რკინის ხიდის შემდეგ, სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ კიდევ ერთი კემპია, სადაც კომპანიის თანამშრომლების ორსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯები დგას.

ხეობაში მუშაობენ ტრაქტორები, ზოგიერთ ადგილას ჭრიან ხეებს, მთის ფერდებს.

დამუშავებულია ლალი ეფრემიძის ეზოც, სადაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარვები თითქმის 6 თვის განმავლობაში ჰქონდათ გაშლილი.

კემპიდან რიონის ხეობისკენ ნახევარი საათის სავალ გზაზე მესერითაა შემოსაზღვრული „ქვედა ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ტერიტორია. აქ ყველაზე მეტი სატვირთო, ტრაქტორი და გადამზიდი მუშაობს. მიმდინარეობს სადერივაციო გვირაბის მშენებლობა. იმ ადგილზე, სადაც „ქვედა ნამახვანჰესის“ კაშხალი უნდა აიგოს, მდინარე რიონის წყალმა დროებით გვირაბში უნდა გაიაროს. 4-კილომეტრიანი გვირაბის 800 მეტრი უკვე მზადაა.

გვირაბის მშენებლობისთვის კლდეში გამოჭრილი ქვის ლოდები ტრაქტორებს გამოაქვთ და რამდენიმე მეტრში მდინარის კალაპოტში ყრიან. გვირაბის თავზე მოჭრილია მრავალწლოვანი ხეები, იარუსებადაა დაყოფილი მთის ფერდი და მასზე ბეტონის საფარია მოწყობილი. ბეტონი ამაგრებს ფერდს.

გვირაბთან მიახლოება უცხოებისთვის აკრძალულია - ტერიტორიას ტექნიკური უსაფრთხოების სამსახური იცავს.

გუმათიდან ნამოხვანამდე, დაახლოებით 15 ადგილზე, საავტომობილო გზას ქართულ და ინგლისურ ენებზე გამაფრთხილებელი ნიშნები მიჰყვება - მეწყრული უბანი.

აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები, 218-ე დღეა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. „რიონის ხეობის მცველები“ მოითხოვენ ყველა იმ დოკუმენტის გაუქმებას, რომელთა საფუძველზე მშენებელმა კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო. აქტივისტების განცხადებით, ხეობას გამოუსწორებელი ზიანი ადგება და ჰესის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში დაზიანებული დარჩება ხეობის ბუნება.

პროექტის მიხედვით, „ქვედა ნამახვანის ჰესის“ კაშხალი 115 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს და მდინარე რიონი დაგუბდეს წყალსაცავში, რომელიც მდინარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მთის ფერდებს 5 კმ-ის მანძილზე მთლიანად დაფარავს.