რიცხვებში გამოხატული გორელ ამომრჩეველთა უმრავლესობის სათქმელი

Your browser doesn’t support HTML5

რიცხვებში გამოხატული გორელ ამომრჩეველთა უმრავლესობის სათქმელი

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თითქმის 4 000 ხმით გაუსწრო. ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 42,5 პროცენტი მიიღო, ზურაბიშვილმა კი - 34, 6. გორის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქტივობა იყო. საარჩევნო უბნებში 45 პროცენტზე ოდნავ მეტი ამომრჩეველი მივიდა. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ, მთლიანობაში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საოლქო კომისიაში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია შესული, რაც პროცედურულ დარღვევას ეხება და კომისია მას ხვალ განიხილავს.

დაბალი აქტივობა მმართველ პარტიას დამშვიდების საფუძველს აძლევდა და გუშინ მთელი დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი ფიქრობდა, რომ დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ 20 საათის შემდეგ მათ რადიკალურად განსხვავებული სურათი მიიღეს. ოპოზიციის კანდიდატმა ყველა დიდი საარჩევნო უბანი მოიგო და ზურაბიშვილის მიერ მოგებული პატარა საარჩევნო უბნები უპრობლემოდ გადაფარა. წინა თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ გუშინდელი შედეგი ყველაზე პესიმისტი მეოცნებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო. რა თქვეს რიცხვებში გამოხატული შედეგით გორელებმა?

დევნილები არჩევნებზე

  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირები ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევდნენ.
  • 1 239 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 700-ზე ოდნავ მეტი მივიდა.
  • 317-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 258-მა კი - სალომე ზურაბიშვილს.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა და საზოგადოება 6 წელი ელოდა მათ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას. გარდა ამისა, მისი აზრით, თვითმმართველობის წარმომადგენელთა საქმე არ უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებების კეთება.

გორის მცხოვრები ლექსო ვალიარი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად გორელებს ზურაბიშვილის განცხადება დაამახსოვრდათ საქართველოს მიერ ომის დაწყების თაობაზე, ამიტომ, მისი აზრით, ამ არჩევანით გაეცა პასუხი ზურაბიშვილს.

ადგილობრივი ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ დათვური სამსახური გაუწია, როცა გორიდან ცხინვალის დაბომბვის რიტორიკაში აჰყვა. მისი აზრით, ადგილობრივ თვითმმართველობას ნდობის ყველა რესურსი ამოწურული აქვს.

გორში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ყველაზე მეტი ოჯახი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირები ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევდნენ. 1239 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 700-ზე ოდნავ მეტი მივიდა, აქედან 317-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 258-მა კი - სალომე ზურაბიშვილს. ამ დასახლებაში თქვა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გორიდან ცხინვალის დაბომბვის შესახებ ის ცნობილი ფრაზა, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გორში მერის განცხადებების გასაპროტესტებლად ჩასულ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს კი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თავზე ნაგვით სავსე ურნა ჩამოაცვა. ამ საქციელის გამო მანველიშვილს პასუხი ჯერ არ უგია. მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა კიდევ 4 დევნილთა დასახლებაში წააგო.

შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, ხაშურში, ქარელსა და კასპში - გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.