სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მშვიდობიანი და ძალადობრივი აქციის დაშლის საკუთარი სტანდარტი, თუმცა არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლიც ეუთოს რეკომენდაციით მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ. რა პრინციპები უნდა დაიცვას სახელმწიფომ მშვიდობიანი შეკრების უზრუნველსაყოფად და როგორ უნდა ჩაერიოს თუ მანიფესტაცია ძალადობრივი გახდა?
ეუთო: პოლიცია და შეკრების პრინციპები მანიფესტაციების დროს
- სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შეკრების ორგანიზატორებთან პროაქტიურად უნდა ურთიერთობდნენ. უნდა გაიცეს მკაფიო შეტყობინებები, რაც ამცირებს კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალს
- სამართალდამცავ ორგანოში უნდა არსებობდეს საკონტაქტო პირი რომელთანაც მომიტინგეებს შეეძლებათ დაკავშირება, დემონტრაციის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას. ამ პირის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი.
- საპოლიციო ოპერაცია არ უნდა შეიცავდეს "სიურპრიზებს": სამართალდამცავების გაფრთხილების შემდეგ მონაწილეებს რეაგირების დრო უნდა ჰქონდეთ.
მშვიდობიანი აქცია შეიძლება გადაიზარდოს ძალადობრივ აქციაში და ასეთ შემთხვევაში აქციის მონაწილეები ვეღარ ისარგებლებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებით. აქციის მონაწილეთა ნაწილის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მშვიდობიან აქციას ძალადობრივი ეწოდოს.
ასეთი აქცია შეიძლება დაიშალოს, თუმცა პროპორციული ძალის გამოყენებით. ძალადობრივი აქციის დაშლა უნდა იყოს უკიდურესი ზომა და ის უნდა ჯდებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებში.
ამგვარი ნორმების არსებობა შიდა კანონმდებლობაში სავალდებულო არ არის, მაგრამ უნდა აისახებოდეს სამართალდამცავი უწყებების სახელმძღვანელო პრინციპებში:
- სახელმძღვანელო პრინციპები უნდა ადგენდეს, თუ როდისაა დაშლა აუცილებელი და ვის აქვს ბრძანების გაცემის უფლება (მაგალითად მხოლოდ გარკვეული რანგის პოლიციელებს და ა.)
- დაშლა არ უნდა დაიწყოს, მანამ სანამ სამართალდამცავებს მიღებული არ აქვთ სხვა ყველა გონივრული ზომა
- თუ აქციის მონაწილეთა კონკრეტული ჯგუფი მიმართვას ძალადობას, საპოლიციო ქმედებები უნდა იყოს მიმართული მათ წინააღმდეგ. ასევე, აქციის მონაწილე პროვოკატორების მიმართ სახელმწიფოს ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და მათი მისამართით. ასეთ დროს არ შეიძლება ძალის გამოყენება მთლიანად აქციის მისამართით. არ უნდა შეირაცხოს მთლიანი აქცია ძალადობრივად და არ მოხდეს მისი დარბევა (მაშინაც კი თუ ორგანიზატორებმა კანონით განსაზღვრული ნორმები არ შეასრულეს)
- თუ აქციის დარბევა გარდაუვალია, სამართალდამცავებმა ნებისმიერი ღონისძიების შესახებ აქციის ორგანიზატორებს წინასწარ უნდა აცნობონ.
- აქციის ორგანიზატორებს უნდა მიეცეს დრო საკუთარი ნებით დაშლისთვის.
- სამართალდამცავები სიტუაციაში ერევიან მხოლოდ მას შემდეგ თუ აქციის ორგანიზატორები არ დაიშლებიან
- მესამე პირებს (დამკვირვებლებს, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს) ასევე შეიძლება შესთავაზონ დაშლა, მაგრამ მათ ხელი არ უნდა შეეშალოთ საპოლიციო ღონისძიების გაშუქებაში.
ეუთო: ძალის გამოყენება
სამართალდამცავების მხრიდან, არამართლზომიერი, გადაჭარბებული და უკანონო ძალის გამოყენებამ შესაძლოა დაარღვიოს ძირითადი თავისუფლებები და დაცული უფლებები, დაძაბოს ურთიერთობა სამართალდამცავებსა და საზოგადოებას შორის, გამოიწვიოს დაძაბულობა და არეულობა. ძალის გამოყენება უნდა მოხდეს ვითარების შესაბამისად, მათ შორის ძალის დონე უნდა არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც საკმარისი იქნებოდა საფრთხის გასანეიტრალებლად.
ძალის პროპორციულად გამოყენების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს რეაგირების მთელი რიგი საშუალებები.
ესენი შეიძლება იყოს: არალეტალური იარაღი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა, ამასთან სამართალდამცავები აღჭურვილი უნდა იყვნენ თავდაცვის საშუალებებით. ისეთებიც როგორიცაა ფარები, ჩაფხუტები, ცეცხლგამძლე სამოსი, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ტრანსპორტი, რათა არ დადგეს ან შემცირდეს მათი მხრიდან იარაღის გამოყენების საჭიროება.
მშვიდობიანი არაძალადობრივი და მშვიდობიანი ძალადობრივი აქციის დაშლისთვის საერთაშორისო სტანდარტები ძალის გამოყენების ნებართვის დეტალურ მითითებებს იძლევა. გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად უკანონო, მაგრამ არაძალადობრივი აქციის დაშლისას პოლიცია უნდა მოერიდოს ძალის გამოყენებას.
გაეროსვე თანახმად, სამართალდამცავებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა საშუალებები არაეფექტურია.
საპოლიციო ღონისძიებები 20-21 ივნისის ღამით
27 ივნისს სატელევიზიო გადაცემების წამყვანებთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თავად არის პასუხისმგებელი ყველა იმ ბრძანებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამით გაიცა. მისი თქმით, შს სამინისტროს გარდა, აქციის დაშლასთან დაკავშირებულ ბრძანებებს სხვა ვერავინ გასცემდა.
ასევე ნახეთ გიორგი გახარია: რა თქვა და რა არ უთქვამს?„ყველა ბრძანება, რომელიც იმ ღამეს იყო გაცემული, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა... დასადგენი შესაბამისი გამოძიების მიერ - ეს ბრძანება იყო კანონის ფარგლებში, უკანონო თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე სიტყვებით, „მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის არსებობს კონკრეტული კანონი, ბრძანებები და ამ ბრძანებებზე მე მაქვს ხელი მოწერილი“.
სპეც-საშუალებების გამოყენების წესები საქართველოში
არსებობს ორი ბრძანება, ერთს ყოფილი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აწერს ხელს და ძალაშია შესული 2014 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მეორეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და ბრძანება ძალაშია 2015 წლის 1 აგვისტოდან. ბრძანებები განსაზღვრავს ერთი მხრივ, პოლიციის, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს.
ეს იდენტური დოკუმენტები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
- სამართალდამცავს უფლება აქვს სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტიანი იქნება მიზნის მისაღწევად.
- სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა.
- პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდარღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:
ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;
ბ) რეზინის ხელკეტი;
გ) ცრემლსადენი ან საერთაშორისო კონვენციებით დაშვებული განსაკუთრებული ზემოქმედების გაზი;
დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;
ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება;
ზ) წყალმტყორცნი, ჯავშანმანქანა;
თ) სპეციალური საღებავი;
ი) ელექტროშოკური მოწყობილობა;
კ) სასამსახურო ძაღლი.
ასევე ნახეთ რას წარმოადგენს წითელი რაკეტისებრი ტყვია, რომელიც მომიტინგეებს ესროლეს?20-21 ივნისს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.
რა მიაჩნია სახალხო დამცველს დარღვევად
- ძალის გამოყენებამდე აქციის მონაწილეები მკაფიო და გასაგები ფორმით არ გააფრთხილეს სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების შესახებ
- აქციის მონაწილეებისთვის დასაშლელად პოლიციას არ მიუცია გონივრული ვადა
- სამართალდამცავებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, რაზეც მიუთითებს მედიით გავრცელებული კადრები (მაგ., რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა თავის არეში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ). ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება, უშუალოდ დაკავებულებისგან მიღებული ინფორმაციითაც.
- კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. აქედან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. ძირითადი დაზიანებები მიყენებულია თავის და ზედა კიდურების არეში, მათ შორის გაბნეული ჭრილობები.
- აქციის დაშლისას დაზარალდნენ ჟურნალისტები და ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში
რამდენი პოლიციელი და რა შეიარაღებით მონაწილეობდა აქციის დაშლაში?
რადიო თავისუფლებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დაშლაში 5000-მდე პოლიციელი მონაწილეობდა, რაც სამინისტროს შეფასებით აქციის მონაწილეთა რაოდენობის პროპორციულია. უწყების ცნობით, „20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე და სათადარიგო დანაყოფები.ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს - შესაბამისად, საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან“.
სხვა ვერსია აქვს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად იპოზიციური პარტიის “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს გივი თარგამაძეს.
“15 ათასი სამართალდამცველი, 100 სნაიპერი და 18 ათასი გასროლა” - გივი თარგამაძის ინფორმაციით, იმ ღამით თბილისში საგანგებოდ გადმოიყვანეს სამართალდამცველები საქართველოს არაერთი რეგიონიდან და ასევე რამდენიმე დანაყოფი საოკუპაციო ხაზიდან.
გივი თარგამაძის ამ ვერსიას, რომელსაც იგი ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს შს სამინისტრო სიცრუეს უწოდებს.
რა არის გამოსაძიებელი შს მინისტრის გიორგი გახარიას მოსაზრებით
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით გამოძიების დასადგენია:
1.რამდენად პროტოკოლის დაცვით გამოყენეს სამართალდამცავებმა სპეციალური აღჭურვილობა
„ყველა სახის სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებას აქვს თავისი პროტოკოლი, რომლის დარღვევა იწვევს შესაბამის შედეგებს - ეს არის და უნდა გახდეს გამოძიების საგანი“;
2. რა იარაღი და რა თანმიმდევრობით იქნა გამოყენებული
„სპეციალური აღჭურვილობიდან რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი ან რა თანმიმდევრობით იყო გამოყენებული... ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების საგანი“’;
3. დაირღვა თუ არა სტანდარტები იარაღის ხმარებისას
„არსებობს სტანდარტული ინსტრუქციები, რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომელიც ხმარობს რეზინის ტყვიებს - ძირითადად, ეს არის - მანძილი, ასხლეტით მიწიდან სროლა და კიდევ ბევრი რამ“.
„შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული გადაცდომები გამოყენების ტექნიკაში კონკრეტულ შემთხვევებში და ეს არის გამოძიების საგანი" - თქვა შს მინისტრმა.
20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს, გამოძიებას ზედამხედველობს სახალხო დამცველი.