რისი იმედი მისცა სასამართლომ ზაზა სარალიძეს?

3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თქვა ის, რაც აქამდე არასდროს თქმულა სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა გ.ჯ.-მ ჩაიდინა ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რასაც მოკლული მოზარდის მამა მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობდა, რომ არსებობენ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებიც, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე ჯერ არ წარმდგარან.

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ?

„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. არავის არაფერს შევარჩენ!“ - თქვა, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასმართლოს დარბაზიდან გამოსვლისას. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მურმან ისაევმა განაჩენი წაიკითხა.

მოსამართლემ თქვა, რომ:

  • დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
  • ამ დანაშაულისთვის არასრულწლოვან გ.ჯ.-ს დაუმძიმდა დანაშული და მას მიესაჯა პატიმრობა 11 წლით და 3 თვით.
  • არასრულწლოვან გ.ბ.-ს არ ჩაუდენია დავით სარალიძის მკვლელობა.
  • გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.
  • მას ამ დანაშაულისთვის მიესაჯა პატიმრობა 11 წლითა 3 თვით.

რა გადაწყვეტილება გამოიტანა საქალაქო სასამართლომ?

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მხარეები და საზოგადოება მსჯელობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც

  • გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და არა მკვლელობაში.
  • გ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში, თუმცა მას ამ დანაშულისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით 9 თვით ნაკლები სასჯელი ჰქონდა მისჯილი.

შარშან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჯერ პროკურატურის ხოლო შემდეგ პარლამენტის შენობის წინ აქციები, მოგვიანებით შიმშილობა დაიწყო. ის მისი შვილის მკვლელების დასჯას მოითხოვდა. აქციების მოჰყვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შეიქმნა.

საპარლამენტო კომისიამ დაადგინა:

  • დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან დაუდგენელ ფიგურანტს, მიხეილ კალანდიას, ხელში ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს (მიხეილ კალანდიას პროკურატურის მოწმეა );
  • კომისიამ გაარკვია, რომ ეს საგანი მიხეილ კალანდიამ ჩხუბამდე აჩვენა 51-ე სკოლის წინ შეკრებილ მეგობრებს;
  • ჩხუბის შემდეგ იგივე საგანი აჩვენა ხორავას N26-ში შეკრებილ მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს;
  • კომისიამ მოიპოვა ამ საგნის ესკიზი, თუმცა დანამდვილებით ვერ დადგინდა, ჰქონდა თუ არა მიხეილ კალანდიას ნივთს - “ტარი” .
  • საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ აჩვენებს მიხეილ კალანდია თავის მეგობრებს ამ საგანს.
ასევე ნახეთ რა ძალა აქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნას?

დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი საკვანძო დეტალი. მათ ასევე არ გამოუკითხავთ შესაბამისი მოწმეები და არ უმუშავიათ დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსიაზე, რაც “გამოძიების აშკარა მიკერძოებაზე” მიუთითებს.

ნესტან ლონდარიძე, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც შანსს, გამოძიების გასაგრძელებლად, რათა გაირკვეს მკვლელობის სხვა მონაწილეებიც.

“ჩვენ ველოდებით უკვე ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან. სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა პროკურატურას, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, ოღონდ მოქმედებდნენ დაუდგენელ პირებთან ერთად და ეს დაუდგენელი უნდა იქცეს დადგენილად“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

რას აპირებს პროკურატურა და შსს?

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელებენ სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

„მას შემდეგ, რაც გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის აღწერილობით ნაწილს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩატარდება სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ბორცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

„ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შსს აწარმოებს გამოძიებას და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არ გასულა არც ერთი დღე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე და ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი მივეცით პასუხისგებაში“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შსს-გან განსხვავებით, სადაც საგამოძიებო მოქმედებების უმოკლეს დროში ჩატარების პირობებს დებენ, კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებენ პროკურატურაში.

არასრულწლოვნების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან გადაწყვეტილების სრულად მიღებას ელოდება.

თორნიკე ნადირაძე

„მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ სრულ გადაწყვეტილებას, ბრალდების მხარე იმოქმედებს კანონის შესაბამისად. სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი“ - უთხრა ჟურნალისტებს პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა და ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საჩივარი.

„კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გ.ჯ. ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ადვოკატები.

ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მომავალში?

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის“ ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას თავიდანვე აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიებას ზედამხედველობდა პროკურატურა, შესაბამისად, როდესაც საუბარია მიკერძოებულ გამოძიებაზე, ამაზე პასუხისმგებლობას იზიარებს როგორც შსს, ასევე პროკურატურა.

„თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობას ვგულისხმობთ, შეიძლება ითქვას, რომ საქმის მიკერძოებული გამოძიების გამო გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. რაც შეეხება უშუალოდ გამოძიების პროცესში დაშვებულ შეცდომებს თუ კონკრეტული მიზნით მიკერძოებას, ამის დადგენა იქნება ძალიან რთული, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა გამოძიებული იყოს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულებები“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი და იმედოვნებს, რომ სასამართლოს 3 ივნისის გადაწყვეტილებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით, სამართალდამცავები ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე სხვა პირებსაც გამოავლენენ.

სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი.

ნინო ლომჯარია

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას, რომ გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი. ამასთან, ლომჯარია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზეც.

"სახალხო დამცველმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს და გენერალურ პროკურატურას რათა დაწყებულიყო გამოძიება ე.წ. ხორავას საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ, რომელთა ქმედებებმა დააზიანა დავით სარალიძის მკვლელობის ეფექტიანი გამოძიების ინტერესები. სამწუხაროდ, დღემდე არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული ამ მიმართულებითაც. ხოლო საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველისთვის უცნობია, თუ რა ღონისძიებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯის მიზნით, მეორე მხრივ კი - გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან სამოხელეო დანაშაულის სავარაუდო ჩადენის ფაქტის გამოვლენის მიზნით", - აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.