ბერბოკის დახურული შეხვედრა სტუდენტებთან - რისი თქმა სურდათ სტუდენტებს, რომლებიც შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ

ანალენა ბერბოკი ილიას უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა

მას შემდეგ, რაც საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს, ამის შემდეგ კი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძიში ჩავიდა, საღამოს ხუთი საათისთვის ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე მივიდა.

7-9 მარტის აქციების ფონზე, სადაც გარდამტეხი როლი იქონია ახალგაზრდების პროტესტმა, მინისტრმა სტუდენტებთან გასაუბრება თავად მოისურვა. შეხვედრა საქართველოში გერმანიის საელჩოს პროტოკოლით დაიგეგმა.

ანაბელა ბერბოკი ილიას უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის 32 სტუდენტს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.

როგორც ილიას უნივერსიტეტში განგვიმარტეს, შეხვედრაში მონაწილე 32 სტუდენტი რამდენიმე მთავარი კრიტერიუმით შეირჩა - ანალენა ბერბოკს შეხვდნენ ის სტუდენტები და დოქტორანტები, რომლებიც ჩართულნი არიან გერმანიის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა სამეცნიერო პროგრამასა და პროექტში.

რაზე ილაპარაკეს სტუდენტებმა და ანალენა ბერბოკმა?

24 მარტს, ილიას უნივერსიტეტში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ანალენა ბერბოკს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ანალენა ბერბოკი ილიას უნივერსიტეტში

შეხვედრიდან გამოსული სტუდენტები კი ამბობენ, რომ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა და სტუდენტებმა ერთმანეთში მათთვის მნიშვნელოვანი მთავარი გზავნილები გაცვალეს.

მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა ირაკლი დეკანოზიშვილი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. როგორც ის ამბობს, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ანალენა ბერბოკმა ღიად დააფიქსირა მისი პირადი სურვილი, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.

ირაკლი ამბობს, რომ მინისტრი დაინტერესდა, რა სურვილი ამოძრავებდა 7-9 მარტის პროტესტის მიღმა მდგარ თაობას:

ირაკლი დეკანოზიშვილი

„იმ სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა, მარტის აქციების მონაწილეები ვიყავით. მინისტრი დაინტერესდა, რამდენად გააზრებულად ხედავს ახალგაზრდა თაობა ამ პროტესტის შინაარსს. ჩვენი, შეხვედრაში მონაწილე სტუდენტების მიზანი, რომლებიც ამავე დროს ამ აქციებისა და ამ მუხტის წარმომადგენლებიც ვიყავით, იყო ის, რომ გვეჩვენებინა მისთვის, რომ როგორც ემოციური, ისე გააზრებული პროტესტის და დემონსტრაციების მიღმა იდგა დიდი მიზანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირთან ინტეგრაცია და არ გვინდა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გაგრძელება, რაც უკავშირდება რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას“.

ანელენა ბერბოკს შეხვდა ივა ლომიძეც, ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.

როგორც ის ამბობს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სურვილი, რომ შეხვედროდა სტუდენტებს, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორები სტუდენტებს უკვე აღიქვამენ, როგორც პოლიტიკურ აქტორებს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული გავლენები ჰქონდეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც:

ივა ლომიძე

„მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ისინი ჩვენთან არიან და მხარს გვიჭერენ ყველა შესაძლო ფორმით. მათ აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, მან ეს თავად თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ის პირადად ფიქრობს ასე. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის ომამდე შეიძლება ასეთი მკაფიო და პრინციპული პოზიცია არ ყოფილიყო ევროპის ქვეყნების ლიდერებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ახლა არის ძალიან მყარი ნება და განცდა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი“.

თინათინ ჩხარტიშვილი, ეკოლოგიის დოქტორანტურის სტუდენტი და გერმანიის მიერ დაფინანსებული პროგრამის წარმომადგენელია. ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით მიიწვიეს ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე.

თინათინის თქმით, პირადად მისი სურვილი იყო, ანალენა ბერბოკისთვის და შესაბამისად, ევროპისთვის, გადაეცა გზავნილი, რომ გარდა პროტესტისა და დემონსტრაციებში მონაწილეობისა, ისინი არიან ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როდესაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს იყოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა:

თინათინ ჩხარტიშვილი

„აქციის დღეები პირადად ჩემთვის ასე იწყებოდა, მოვდიოდი, ვმუშაობდი სამეცნიერო სტატიებზე, საღამოობით კი ვხურავდი ყველაფერს და მივდიოდი აქციებზე. ჩემი მთავრი გზავნილიც ეს იყო, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიდეთ აქციებზე და გავაპროტესტოთ ის, რაც არ მოგვწონს და ხმა მივაწვდინოთ არა მხოლოდ მთავრობას არამედ, უცხოეთსაც, ამავდროულად, ჩვენ ვართ მეცნიერები, ვცდილობთ აკადემიურ განვითარებას და როდესაც დადგება ის დღე, რომ მოგვენიჭება სტატუსი, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რაც ევროპას აჩვენებს, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს ევროკავშირის წევრი“.

რა გზავნილები უნდა გადაეცათ სტუდენტებს მინისტრისთვის, რომლებიც შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ?

სურვილის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრტთან შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები. გერმანიის საელჩომ, რომელიც მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრას უწევდა ორგანიზებას, მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

სტუდენტები, რომლებიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვერ მოხვდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით სეხნიაშვილმა 24 მარტის დილას, სხვა სტუდენტებთან ერთად, გერმანიის საელჩოში, ელჩის, ერნსტ პეტერ ფიშერის სახელზე წერილი შეაგზავნა. ამ წერილში სტუდენტებმა ელჩს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრა სთხოვეს:

„სამწუხაროა, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია და არ მივუწვევივართ იმ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებიც ორგანიზებას ვუწევდით პროტესტს [7-9 მარტის აქციები], ვმონაწილეობდით დემონსტრაციებში და რომელთა მიმართაც განხორციელდა პოლიციურ-სამართლებრივი ზეწოლა. ვშიშობთ, რომ აღნიშნული ფაქტის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვერ მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, მისთვის საინტერესო საკითხებთან, რომლებიც სტუდენტებს და ამ სტუდენტების სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც გერმანიის საელჩოში შეიტანეს სტუდენტებმა.

24 მარტის საღამოს კი დავითი სხვა სტუდენტებთან ერთად, ილიას უნივერსიტეტთან მივიდა იმ იმედით, რომ მოახერხებდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გასაუბრებას და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე დასწრებას, თუმცა უშედეგოდ.

როგორც დავით სეხნიაშვილი მეუბნება, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა შეიტყვეს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუდენტებს ხვდებოდა, 23 მარტს მათ საელჩოში დარეკეს და შეხვედრაში მონაწილეობა ითხოვეს, თუმცა, სტუდენტებს საელჩოში უთხრეს, რომ შეხვედრის დეტალები ორი კვირის წინ დაიგეგმა და მასში ცვლილებები ვეღარ შევიდოდა:

„საქმე იმაშია, რომ ამ დეტალებთან დაკავშირებით არც ერთმა აქტიურმა სტუდენტმა, სტუდენტური გაერთიანების წევრმა, არავინ არაფერი იცოდა. მათ შორის, არც ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა. ამიტომ გვიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მმართველი პარტია შეეცდება მაქსიმალურად დაფაროს რეალობა და გაფილტრული ინფორმაცია მიაწოდოს სტუდენტების სახელით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს“.

დავით სეხნიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა 7-9 მარტის აქციებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმაში, რომ მმართველმა გუნდმა ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო, სტუდენტებზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინებისა და გაშავების მცდელობა. დავითი ამბობს, რომ მათ სურდათ სწორედ ეს ინფორმაცია მიეწოდებინათ ანელანა ბერბოკისთვის და ეჩვენებინათ მისთვის მმართველი გუნდის რეპრესიული პოლიტიკის სახე:

„დღემდე გრძელდება სტუდენტებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან რეპრესიები, სტუდენტების გაშავების პოლიტიკა, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლა. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რომ მათ არ სურდათ, მინისტრი აქტიურ სტუდენტებს შეხვედროდა, სტუდენტებს, რომლებიც მაქსიმალურად გააკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა მასთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა როლი ითამაშეს სტუდენტებმა ამ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული კანონის არ მიღებაში. ასევე გვინდოდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ ექცევა „ქართული ოცნება“ სტუდენტებს, როგორ ძალადობს მათზე ფსიქოლოგიურად. ჩვენ გვინდოდა, მისთვის ეს მესიჯები გადაგვეცა, რადგან გერმანია არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და აუცილებელია, რომ გერმანიამ იცოდეს სიმართლე და არ მიიღოს გაფილტრული ინფორმაცია“.

7-9 მარტის აქციებში მონაწილე სტუდენტების მიმართ დამამცირებელი გზავნილები და ეპითეტები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან აქციების დასრულებიდან მალევე გაისმა. სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „1000-ლარიანი“, „პოლიტიკურად ანგაჟირებული“, „ნაცმოძრაობის მიერ მართული“ ახალგაზრდები უწოდა. შალვა პაპუაშვილის გზავნილებს წინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებები უძღოდა - „ქსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“ - ისინი მარტის აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს სწორედ ამ სიტყვებითა და ფრაზებით ახასიათებდნენ.

თუმცა, როგორც სტუდენტები ამბობენ, მმართველი გუნდი მხოლოდ სიტყვიერი შეფასებებით არ შემოიფარგლა და მათი დაშინება მომდევნო დღეებში უკვე ე.წ. მართწლესრიგის ოფიცრების ხელით სცადა - 15, 16 მარტს, ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და სტუდენტების „აღრიცხვა“ დაიწყეს. ახალგაზრდებს გაუჩნდათ განცდა, რომ მმართველი გუნდმა მათი დაშინება სწორედ ამ გზით გადაწყვიტა.