რით ჩავანაცვლოთ ფექიჯინგი, ქამბექი და ს ბოგამ?

ქართული ტერმინები ბარბარიზმების საპირწონედ. ახალი ტერმინების შექმნაში ყველას შეუძლია ჩაერთოს. წლებია, ენაში უცხო, ხშირად გაუგებარი სიტყვები შემოდის. ამ პროცესის შესაჩერებლად ლინგვისტები გამოსავალს საზოგადოების აქტიურობაში ხედავენ.

„CF Auto root-ის დაფლეშვა ოდინით. დეტალურად სპოილერში“ - ამ წინადადების ავტორი ფორუმზე მობილურ ტელეფონთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ოპერაციას ხსნის. ამავე ფორუმზე მსგავს წინადადებებს ბლომად შეხვდებით:

  • „სამსუნგის სმარტფონების დარუთვის პრინციპი თითქმის ყველა მოდელზე ერთია“.
  • „მოპტიჩკვა დამავიწყდა exfat დავაწექი, მოკლედ სულ ერორებს წერდა - გაჭედა“.
  • „ანდროიდ 12-ს ვერ დააყენებს ბაგების და კაბების გარეშე?“
  • „მოდერებო ისე გადავაკომპლექტე აპინული თემები რომლითაც შეიძლება 5 თემა ჩამოიპინოს“.
  • „პიქსელს ფლაგმანური ჩიფსეტი აქვს“.
  • „პირველ გეარზე უბრალოდ მაჯას რომ აწევს და საათს შეხედავს ნათდება“.

ტექნოლოგიების (და არა მარტო) განვითარების გამო ენაში ბევრი ისეთი სიტყვა შემოდის, რომელთა შესატყვისი ქართულში არ არის, რის გამოც ზემოთ მოყვანილი ფორმულირებები მრავლდება და დროსთან ერთად ნორმად იქცევა.

ენის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს ასეთი სქემა მუშაობს: ამა თუ იმ დარგის წარმომადგენლები, მეცნიერებთან ერთად ახალი ტერმინების ქართულ შესატყვისებზე მუშაობენ. გამზადებულ ტერმინებს წარუდგენენ დეპარტამენტს, რომელიც შეთავაზებებს სწავლობს და ამტკიცებს, თუმცა იმის გამო, რომ ექსპერტებს მოტივაცია არ აქვთ, ინიციატივებიც იშვიათია.

„ამის გამო ცვლილებები მოვამზადეთ სახელმწიფო ენის კანონში შესატანად. ამ ცვლილების მიხედვით, დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ (მაგალითად, სამინისტრომ) დარგის ტერმინოლოგიის მოწესრიგებაზეც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის ფინანსური. შეიძლება ლინგვისტები დაიქირაოს, კონკურსი გამოაცხადოს, ან შექმნას ორგანო, რომელიც ამ პროცესზე მუდმივად იზრუნებს. ცვლილება მომზადებულია და საჯარო განხილვების შემდეგ პარლამენტში წარვადგენთ“, - ამბობს მარინე ბერიძე, დეპარტამენტის სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კანონის შეცვლამდე ყველაფერი მაინც ცალკეულ ინიციატივებზეა დამოკიდებული. ახალი ტერმინების შესაქმნელად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მარტში კონკურსი გამოაცხადა. მონაწილეობა სამასამდე ადამიანმა მიიღო. მათ ექვსი უცხო სიტყვებისთვის ქართული შესატყვისი უნდა მოეფიქრებინათ: „სიკველი“, „პრიკველი“, „ქამბექი“, „ნეთვორქინგი“, „შოპინგი“. კონკურსის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო შეთავაზებები: „პრიკველისთვის“ - „წინმსწრები ფილმი“ „სიკველისთვის“ – „გაგრძელება“ , „ქამბექის“ ნაცვლად „თამაშის შემოტრიალება“ ან „ამოქაჩვა“, „ნეტვორქინგის“ ნაცვლად - „სასარგებლო კავშირები“, „შოპინგის“ ნაცვლად - „საყიდლებზე სიარული“.

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი თინათინ მარგალიტაძე ამბობს, რომ კონკურსი სხვა სიტყვებზეც გამოცხადდება.

ასევე ნახეთ

„ორსულმა კატამ ასვლა განახორციელა“ - ანუ როგორ არ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად

როგორი უნდა იყოს ტერმინი? რაც შეიძლება მარჯვე! ჯობს ერთსიტყვიანი, თუმცა, თუ სხვაგვარად ვერ მოხერხდა, ორი და სამი სიტყვის გამოყენებაც შეიძლება. ქართული ტერმინი მაქსიმალურად უნდა გამოხატავდეს იმ შინაარსს, რომელიც სიტყვას იმ ენაზე აქვს, რომელზეც შეიქმნა.

თუმცა, გარდა შექმნისა, აუცილებელია, ეს სიტყვები გამოიყენონ კიდეც.

„მარტო რუსული ტერმინები რომ ავიღოთ, განსაკუთრებით ტექნიკური, ყველას აქვს ქართული შესატყვისი, მაგალითად, „რაზვალი“, „პრაკლადკა“, ამას ქართულად „ნახარი“ და „შუასადები“ ჰქვია, „დვორნიკი“ არის „მინასაწმენდი“. დღეს ავტომანქანების სოლიდური ცენტრები ცდილობენ ეს ტერმინები დააბრუნონ“, - ამბობს თინათინ მარგალიტაძე.

არსებობს რამდენიმე ციფრული ლექსიკონი, სადაც სიტყვების გადამოწმება არის შესაძლებელი, მაგალითად, ტექნიკური ტერმინების ლექსიკონი ან ბარბარიზმების ლექსიკონი. აქ ათასზე მეტი ბარბარიზმია თავმოყრილი, თავისი შესატყვისებითურთ. საიტი განახლებადია, მაგალითად, ახლა შესატყვისს ეძებენ ბარბარიზმისთვის: „ფექიჯინგი“, „სეკრეტ სანტა“, „ს ბოგამ, ს ბოგამ“, „პლატოჟკა“ „მალადეც“...

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს პირდაპირ შემოტანილი ტერმინების კუთხით, მაგალითად: „ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა“ ან „რეზიდუალური სტრესის პატერნი“, „ტრანზიციული მუტაცია“... ასეთი ტერმინებით დარგის განვითარება კარგს არაფერს მოიტანს, ამიტომ ორმხრივი მუშაობაა საჭირო, ტერმინი უნდა შეიქმნას და მერე ეს ტერმინი საზოგადოებამაც უნდა გამოიყენოს“, - ამბობს თინათინ მარგალიტაძე.

დიდი პრობლემაა თანამდებობების აღმნიშვნელი ტერმინებიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჯობს.გე, სადაც კომპანიები დასასაქმებელად ეძებენ: პრესეილერს, ფრონტ დესკ ოფიცერს, სუპერვაიზერს, ქოლცენტრის ოპერატორს, პრომოუტერს, დიჯიტალ კონსულტანტს, Middle/Middle+WordPress დეველოპერს, კოპირაიტერს, ექაუნთ მენეჯერს, მერჩენდაიზერს, პრემიუმ ბანკირს...

ფილიპე მახარაძე სიტყვების წინააღმდეგ

უცხო სიტყვების შემოდინების საპასუხოდ ტერმინების შექმნა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. სიტყვები „დენი“, „წნევა“, „ფეხბურთი“, „შვებულება“... ხალხური არ არის. ისინი მეოცე საუკუნეში კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნეს, ყველაზე მეტი - ნიკო ნიკოლაძის შვილებმა, გიორგი და რუსუდან ნიკოლაძეებმა.

ენათმეცნიერი ლია ქაროსანიძე ჰყვება, რომ საბჭოთა კავშირი ქართულ ტერმინებს ძალიან ერჩოდა. ერთხელ სხდომაც კი გაიმართა, რომ „დენი“ „ტოკით“ ჩაენაცვლებინათ. ამ ბრძოლას შეეწირა სიტყვა „რონოდა“, იგივე მოსიარულე ოდა, რომელსაც ხალხი ვაგონის მნიშვნელობით ხმარობდა. ნიკო ლორთქიფანიძე თავის მოთხრობაში „შელოცვა რადიოთი“ ამ სიტყვას ხშირად იყენებს: „უქუდოთ, ფეხშიშველა ჩამოხტა რონოდიდან, ველისკენ გაექანა, მაგრამ ლიანდაგის იქით მოაჯირ-შემოვლებული ხრამი დახვდა და ჩაჯდა“. საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემ „რონოდას“ ასაკრძალად ბრძანებაც კი გამოსცა. მსგავსი ბრძანებების გამო დაიკარგა ნიკოლაძეების შექმნილი ბევრი სხვა სიტყვაც.

ხოლო ის, რაც გადარჩა, დღემდე მოგვყვება, მაგალითად: განმკლავი, ბადროს ტყორცნა, ჩოგბურთი, ნავთობი, მდგრა­დი, ბრჯე­ნი, ძრა­ვა, ხსნა­რი, წნე­ხი, ჯე­რა­დი, წი­ნა­ღო­ბა, ხრახ­ნი, აირი, დენ­თი, ძა­ლო­სა­ნი, მძლე­ო­სა­ნი და უამრავი სხვა.