საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს რუსეთის აგრესიისგან დაცვის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად და მუშაობს ამ მიმართულებით - ასეთი აქცენტები გამოიკვეთა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გამოსვლისას. ნატოში გაწევრიანების გზაზე ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას ნატოს ივლისის სამიტის წინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობაც და ეს არაერთხელ აღინიშნა აშშ-ში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. თუმცა საჯარო გამოსვლებისას არაფერი დაკონკრეტებულა და მათ შორის არც ის, თუ რის მოთხოვნას აპირებს საქართველო ბრიუსელის სამიტზე და კონკრეტულად რაში ხედავს აშშ-ის მხარდაჭერის საჭიროებას.
Your browser doesn’t support HTML5
რა უნდა გაკეთდეს მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდების კუთხით, რათა მოხერხდეს მათ მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერება - ამ შინაარსის შეკითხვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, 23 მაისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ განხილვაზე. პასუხში მაიკ პომპეომ საქართველოსთან მიმართებით ნატო ახსენა:
ნატოში გაწევრიანების გზაზე ამერიკის მხარდაჭერის მოლოდინს არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თუ ამ ვიზიტის შემაჯამებელ კომენტარებში. ამ მხრივ გიორგი კვირიკაშვილი განსაკუთრებით სწორედ ახალ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ემადლიერება:
ოფიციალური წყაროს ცნობით, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ლაპარაკი გაგრძელდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის სახლშიც, სადაც მან გიორგი კვირიკაშვილი მეგობრობის დასტურად მიიპატიჟა. “ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მზაობა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით”, – ნათქვამია პრემიერის ოფიციალურ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მესიჯებს, რომლებიც საქართველომ მათ შორის მაიკ პენსის მხრიდან მიიღო, „სასიცოცხლო მნიშვნელობისას“ უწოდებს გიორგი კვირიკაშვილი. ითქვა ისიც, რომ საქართველომ „კონკრეტული დაპირებები“ მიიღო, თუმცა ბევრი არაფერი დაკონკრეტებულა და მათ შორის არც ის, თუ რა სახის დახმარებას მოელის საქართველო თავისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივლისის სამიტზე. მაიკ პომპეოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მხრიდან ხმამაღლა გამოითქვა მხოლოდ იმედი, რომ ნატოს სამიტი სათანადოდ ასახავს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
ასეთი ზოგადი შინაარსის მოთხოვნებს არ იწონებენ ანალიტიკოსები, მით უმეტეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული დაპირების შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა, ალიანსში გაწევრიანების მიზნისკენ „მოკლე გზად“ მიჩნეულ ინიციატივებს კი არასათანადო ყურადღება ეთმობა ხელისუფლების მხრიდან. როგორც პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ბრიუსელის სამიტზე საქართველო MAP-ის მიღების კონკრეტული მოთხოვნით უნდა წარდგეს და სწორედ ამ მიზნისთვის უნდა გამოიყენოს ამერიკის დახმარება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა ამისათვის ხელსაყრელი დროა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები უჭირავს ხელში ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებზე ზემოქმედების მოხდენის თვალსაზრისით, ირანის ბირთვულ პროგრამასა თუ სავაჭრო ტარიფებთან დაკავშირებული დავების გათვალისწინებით. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს აქვს ბევრად მეტი მიზეზი დასაჯოს რუსეთი იმისათვის, რასაც აკეთებს. რუსეთი ახლა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია საერთაშორისო ასპარეზზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი რუხაძემ, რომლის თქმითაც, რუსეთის ფაქტორი უმთავრესი წინააღმდეგობაა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, თუმცა, ცხადია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გაგრძელებაც უწყვეტად მოეთხოვება და ეს აქცენტები მაიკ პომპეოს მიერაც დაისვა.
ანალიტიკოსები საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის (FTA ) ამოქმედებას, რამაც, გიორგი რუხაძის აზრით, შესაძლოა დააჩქაროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც - ლოგიკა ასეთია: ამ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ჩადებულ ამერიკულ ინვესტიციებს უფრო მეტი უსაფრთხოება დასჭირდება. თუმცა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით საიმედო არაფერი თქმულა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხოლო იმის გამო, რომ პროცესმა, უკვე წლებია, წინ ვერ წაიწია, საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა ოპოზიციის მხრიდან.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობით ამერიკის უზარმაზარი ეკონომიკის რეალური დაინტერესება ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც შესაძლებელია. გიორგი რუხაძის აზრით,საქართველომ ვაშინგტონის დაინტერესება სამომავლო ხარჯების შემცირების პერსპექტივით უნდა სცადოს - ლოგიკა ამ შემთხვევაში ასეთია: თუკი ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, საქართველოს შეერთებული შტატებისგან ნაკლები დახმარება დასჭირდება.