ორი 100%-იანი გარანტია - რით აწონებს თავს გახარია და მისი პარტია ამომრჩეველს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს

რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება აკვირდება, ისმენს და გიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.

დღის სამი საათია, გიორგი გახარიას პარტიის ოფისში ხალხმრავლობაა. „გახარია საქართველოსთვის“ მცხეთაში ახალ შტაბს ხსნის და ამომრჩეველთან შესახვედრად ემზადება.

შტაბის წევრებს ინსტრუქციებს, პარტიის წევრი და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პარლამენტარი შალვა კერესელიძე აძლევს. ის ხელმძღვანელობს მცხეთის შტაბს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

კერესელიძე ერთადერთი დეპუტატი იყო ოპოზიციიდან, რომელიც ლგბტქი უფლებების შემზღუდავი კანონის („ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“) საკონსტიტუციო განხილვაში მონაწილეობდა და ღიად უჭერდა მხარს მის მიღებას.

ხალხთან შეხვედრა ორ საათში უნდა დაიწყოს. პარტიამ 180 მეტრში პატარა სკვერი შეარჩია, მცხეთაში ამ ადგილს „გმირთა ბაღს“ ეძახიან.

მხარდამჭერები გიორგი გახარიას მცხეთის სკვერში ელოდებიან, 2024 წლის ოქტომბერი

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და გასაშლელი ბანერები ოფისიდან პარკამდე ფეხით მიაქვთ. ბანერებზე პარტიის საარჩევნო პროგრამის მთავარი აქცენტებია დატანილი.

ღირსეული ცხოვრების მანიფესტი - ასე ჰქვია გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო პროგრამას. მანიფესტი ხალხს ჰპირდება: დემოკრატიის გაძლიერებას, ევროპულ კეთილდღეობას, რაც მოიცავს ხელფასებისა და პენსიის ზრდის დაპირებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დეოკუპაციას და დევნილების მხარდაჭერას, ქალების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას.

ბაღში სცენას ვერ ვხედავ, არც სკამები აწყვია, „პომპეზური შეკრება არ გაქვთ“, - ვუზიარებ ჩემს დაკვირვებას პარტიის წევრს, თამარ ხვედელიანს, რომელიც მეთანხმება და აგრძელებს: „რესურსებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხთან ახლოს ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ორი მოვა, ხუთი თუ ათი. ძალით მოყვანილი ხალხი ჩვენთან არ არის“.

ამ არჩევნების შემდეგ ეს პარტია ხდება კვალიფიციური პარტია და ჩემი, თქვენი, ყველას ცხოვრება ბევრად უფრო გაიოლდება.
გიორგი გახარია

ამ დღეებში რესურსების ნაკლებობას კიდევ ბევრჯერ ახსენებენ ჩემთან საუბრისას. „გახარია საქართველოსთვის“ არაკვალიფიციური პარტიაა, ის პირველად მონაწილეობს საპარლამენტო არჩვნებში და არც სახელმწიფო დაფინანსება აქვს. „რაც გინდათ ის მთხოვეთ, ფული არ მთხოვოთ [ოღონდ]“, - ეტყვის გიორგი გახარია თანაპარტიელებს ხალხთან შეხვედრის შემდეგ და დაამატებს: „დაიმახსოვრეთ, ამ არჩევნების შემდეგ ეს პარტია ხდება კვალიფიციური პარტია და ჩემი, თქვენი, ყველას ცხოვრება ბევრად უფრო გაიოლდება“.

ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, 2024 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ 121 ათასი ლარი შესწირეს, რაც 57-ჯერ ნაკლებია „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულ თანხებზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი გახარიას პარტიაზე მინიმუმ ორჯერ მეტი აქვთ მიღებული.

ხალხთან შეხვედრა საღამოს ხუთ საათზეა დაგეგმილი, პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია არ აგვიანებს. მას პარკის შესასვლელთან ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე ელოდებიან.

„როდის გაიღიმებ, შალვა?“, - ესალმება გიორგი გახარია თანაგუნდელს. „არჩევნების შემდეგ“, - სწრაფად უბრუნებს პასუხს შალვა კერესელიძე.

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ამომრჩეველს ხვდება. მცხეთა, 2024 წლის 5 ოქტომბერი

„მცხეთა-მთიანეთში ელექტრონული არჩევნები მხოლოდ 60-მდე უბანში ტარდება, დანარჩენში ძველებური მეთოდით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას და "ოცნებას", ბევრი მანიპულაცია გააკეთოს. იქ, სადაც ელექტრონულად არ ტარდება არჩევნები, წარმომადგენლები უნდა გვყავდეს, რომ მოპოვებული ხმები დავიცვათ“, - ამბობს შალვა კერესელიძე.

ელექტრონული წესით არჩევნები არ ტარდება იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს არ აღემატება და საუბნო საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართებს შორის მანძილი 20 კმ-ზე მეტია.

ამომრჩეველი პარკში წრეზე გიორგი გახარიას გარშემო იკრიბება. პარტიის ლიდერი თავის გამოსვლაში რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

  • „არა ნაცებს, არა ქოცებს”;
  • „ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ უნდა მოხვდეს”;
  • „ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, ქვეყანაში იქნება მშვიდობა“.

„ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ "ოცნება" წავა ოპოზიციაში ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მოვა; მეორე 100%-იან გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა. გააკეთეთ არჩევანი, რასაც გული გეუბნებათ, ოღონდ არ მისცეთ ხმა არც "ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას".

ამ ქვეყანაში პოლიტიკაში ფულის როლი უნდა შეიცვალოს, არავინ უნდა მოდიოდეს პოლიტიკაში ფულის საშოვნელად. ოლიგარქებმა და ბანკირებმა თავი [უნდა] დაანებონ პოლიტიკას და ბიზნესი აკეთონ“, - ეუბნება გიორგი გახარია ხალხს.

„გმირთა ბაღი“ მცხეთაში, ადგილი, სადაც პარტია ამომრჩეველს ხვდება. 2024 წლის ოქტომბერი, არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩება.

პარტიის წევრები სარეკლამო გაზეთებს არიგებენ. პირველ გვერდზე გიორგი გახარიას დიდი ფოტოა, სხვა ფურცლებზე კი - საარჩევნო პროგრამა და პარტიის საპარლამენტო სია.

მოკლედ გიორგი გახარიაზე

გიორგი გახარიამ პოლიტიკური კარიერა 2013 წელს ბიზნესომბუდსმენობით დაიწყო, იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ეკონომიკის მინისტრი 2016 წლიდან. ერთ წელიწადში მან შსს-ში, მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.

მის მინისტრობას უკავშირდება ისეთი გახმაურებული ამბები, როგორიცაა სპეცოპერაცია ბასიანში, „გავრილოვის ღამის“ სახელით ცნობილი დარბევა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით, სამართალდამცველთა ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი - დემონტრანტი და ჟურნალისტები, ორმა თვალი დაკარგა. ამ მოვლენების შემდეგ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თვალთხარია შეარქვა, მაშინ ეს ზედმეტსახელი ოპოზიციამ აიტაცა, ახლა კი - მისმა ყოფილმა თანაპარტიელებმაც „ოცნებიდან“.

მაშინ, როცა „გავრილოვის ღამის“ გამო ხალხის ნაწილი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ის პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველი ნომერიც იყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გახარიამ 2021 წლის თებერვალში, ხუთი დღით ადრე დატოვა იქამდე, სანამ ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა და ენმ-ის მაშინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. გახარია ნიკა მელიას დაკავებაში პოლიტიკური ესკალაციის საფრთხეს ხედავდა, თუმცა „ქართული ოცნების“ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, თანამდებობა დატოვა და 2021 წელს დააარსა ახალი პარტია „საქართველოსთვის“.

გუნდიდან წასვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილ თანაგუნდელს „კარგი მენეჯერის“ სტატუსი ჩამოართვა და დაუპირისპირდა.

„გახარია - საქართველოსთვის“ - მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა. გუნდი უმეტესად „ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს წასული პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული.
პარტიამ პირველად მონაწილეობა მიიღო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხმების 9.41%-ით მესამე ადგილი დაიკავა და იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოებში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თავმჯდომარეების არჩევისას თუ ბიუჯეტის დამტკიცებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა.

2024 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტის მცდელობა, შექმნილიყო ახალი კოალიცია გიორგი გახარიას პარტიისა და „ლელოს“ გაერთიანებით, წარუმატებლად დასრულდა. გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის ქარტიას, მაგრამ არ ემხრობა არჩევნების მეორედ გამართვის იდეას.

„საზოგადოების ერთ ნაწილს აინტერესებს, ივანიშვილთან ხომ არ გვაქვს კავშირი ან "ნაციონალურ მოძრაობასთან", მეორე ნაწილი კითხულობს - იქ [ხელისუფლებაში - რ.თ.] არ იყავით?!

დიახ, იქ ვიყავით და ჩვენი გზები გაიყო ზუსტად მაშინ, როცა პარტიამ, პერსონალურად ივანიშვილმა, თავისი პირადი ინტერესები - ფული, პოზიცია, ძალაუფლება დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“, - მეუბნება გიორგი გახარია, რომელმაც უკვე დაასრულა საუბარი და ფოტოების გადაღება ხალხთან.

კორუფციასთან ბრძოლა მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ მიზნად პარტიის „საქართველოსთვის“ წევრსა და მოქმედ დეპუტატს, ანა ბუჩუკურს. საარჩევნო პერიოდში მას ევალება „შეზღუდული რესურებით“ კამპანიის დაგეგმვაც.

„ადამიანები მიდიან ან ამერიკაში, ან ევროპაში, რომ შვილები არჩინონ და ამის პარალელურად ხედავენ, რომ კორუფცია ინდივიდუალური ქეისები კი არ არის, არამედ სისტემურად ნებადართულია. ეს მოცემულობა ისეთ უსამართლობასა და წინააღმდეგობას იწვევს, რომ პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" რაც ამარცხებს, არის ეს...“, - ამბობს ანა ბუჩუკური.

სკვერში შეკრებილი მცხეთელები, რამდენიმე ათეული ადამიანი უსმენს გიორგი გახარიას. ორ კვირაში მათ მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთონ. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

„ნამდვილად ვიყავი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი“, - მეუბნება პენსიონერი ლილი ქავთარაძე, რომელსაც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გამოველაპარაკე. მან 42 წელი იმუშავა სკოლაში მასწავლებლად - „მომიმატეს [პენსია] 20 ლარი, 70-ის რომ გავხდი, 20 ლარით როგორ უნდა ვიარსებო? შეურაცხყოფილი ვარ, თითქოს ამდენი წელი არაფერი მიკეთებია“.

გულდაწყვეტილია ბექა ხალიბეგაშვილიც, 2017 წლის საკრებულოს წევრი მცხეთაში: „მე მიწევდა მოსახლეობასთან გასვლა, მე მესმოდა, რა გასაჭირი ჰქონდათ, მაგრამ ჩემს აზრს არავინ ითალისწინებდა, გამოიყოფოდა თანხები ისეთ პროექტებზე, რომელიც არაფერს არ ცვლიდა“.

მცხეთაში გიორგი გახარიასთან შესახვედრად მისულ ამომრჩეველს ვეკითხები - რატომ აძლევენ ხმას ამ პარტიას?

„გიორგი გახარია სიტყვის კაცია“, „კარგი მენეჯერია“, „პრინციპულია“, „კორუმპირებული არ არის... რომ ყოფილიყო, რამეს მოუძებნიდნენ”, - მპასუხობენ ყველაზე ხშირად. როცა „გავრილოვის ღამეს“ ვახსენებ, მათი დამოკიდებულება არ იცვლება: „[დემონსტრანტების დარბევის] ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია“, „ეს იყო შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და შს მინისტრმა რეაგირება მოახდინა“.

ზვიად ძიძიგური და პარტიის „საქართველოსთვის“ სხვა წევრები სარეკლამო გაზეთებს არიგებენ მეტრო მარჯანიშვილის სადგურზე. თბილისი, 2024 წლის ოქტომბერი

„გავრილოვის ღამე არ ეპატიება, თვალთხარიაა“, - მიაძახა უკვე თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამვლელმა პარტიის წევრებს, რომლებიც სააგიტაციო ბროშურებს არიგებდნენ გიორგი გახარიას პორტრეტით პირველ გვერდზე.

„რა აინტერესებს ხალხს ყველაზე მეტად? ვვარაუდობ, რომ ასეთი თემა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის დარბევა უნდა იყოს“, - ვეკითხები ზვიად ძიძიგურს, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და ახლა უკვე პარტიის „საქართველოსთვის“ სიის მეხუთე ნომერს, რომელიც თბილისში, ჩუღურეთის შტაბის დაგეგმილ კარდაკარს სიის მეცხრე ნომერთან, როინ ქოჩორაშვილთან ერთად შეუერთდა.

„არა, ეს თემა არ არის აქტუალური, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც ხალხი გააღიზიანა, გიორგი გახარიას არ მიუღია. მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი და ვიცი, მაგრამ მე ამბების გამომტანი არ ვარ, ისევე როგორც გახარია, ვისაც უნდა, დაიჯეროს“.

წვიმს. ჩუღურეთის შტაბის წევრები ხალისის შენარჩუნებას ცდილობენ. მკაცრად განსაზღვრული დღის გეგმა აქვთ: ჯავახიშვილის, ჩიტაძისა და ფიროსმანის ქუჩები უნდა მოიარონ და პარტიული გაზეთები დაარიგონ. შტაბი აღმაშენებლის გამზირზეა, მარჯანიშვილის მეტროდან 5 წუთის სავალზე.

„ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაა... იცანით?“, - ეკითხება პარტიის კიდევ ერთი წევრი, გადაცემა „ეტალონის“ წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გამვლელებს. ის ხალხს აჩერებს, ჯერ გაღიმებას სთხოვს, შემდეგ ლოყაზე კოცნას და მხოლოდ ამის შემდეგ აწვდის წვიმით დასველებულ გაზეთებს.

პარტია „საქართველოსთვის“ ჩუღურეთის შტაბის წევრები გაზეთებს მარჯანიშვილის ქუჩაზე არიგებენ. 2024 წლის ოქტომბერი

გიორგი გახარიას და მის პარტიას ხალხი სხვადასხვა თვალით უყურებს - ზოგი ღიად უჭერს მხარს, არიან ისეთებიც, ვისაც გახარიას გაგონებაზე სახე ეცვლება და გზას აგრძელებს ისე, რომ ერთ სიტყვასაც არ ისმენს. ნაწილი მათ ისევ „ქართულ ოცნებასთან“ აიგივებს და საყვედურობს.

მარჯანიშვილის მეტროდან გამოსულ მოხუცს, პარტიის ჩუღურეთის შტაბის ხელმძღვანელი რუსუდან თევზაძე გაზეთს უწვდის, კაცი ხმის ამოუღებლად გახარიას ფოტოზე თითით უთითებს და გაზეთის გამორთმევაზე უარს ამბობს. აქედან რამდენიმე მეტრში კი, ტანსაცმლის მაღაზიაში, ქალმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პარტიის „საქართველოსთვის“ ჩუღურეთის შტაბის წევრებს 20-მდე გაზეთი გამოართვა და დააყოლა: „მიყვარს გიორგი გახარია და გაზეთი მეზობლებშიც უნდა დავარიგო“.

ასევე ნახეთ:

არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. შემდეგ რეპორტაჟში მოგიყვებით პარტია „გირჩის“ საარჩევნო კამპანიაზე.