გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელეკომპანიის გარდა, უახლოეს მომავალში მედიაბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია გამოჩნდება.
ასევე ნახეთ ნიკა გვარამია: შემოდგომაზე ახალი ტელევიზია ეთერში იქნებასხვადასხვა წყაროს ცნობით, კიდევ ერთი ახალი ტელევიზია „ფორმულა კრეატივის“ ბაზაზე შეიქმნება და იგი საინფორმაციო - პოლიტიკურ გადაცემებსაც დაუთმობს ეთერს.
„ნეტგაზეთის თანახმად, „ფორმულა კრეატივის“ დირექტორი მიშა მშვილდაძე აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. რადიო თავისუფლებას კი სტუდიაში უთხრეს, რომ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ოფიციალური განცხადება, რომელშიც ტელეკომპანიის გახსნის შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვებს გაეცემა პასუხი.
ქართულ მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის გამოჩენის საკითხზე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში აღნიშნა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემაც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი ნოდარ მელაძემ არ გამორიცხა, რომ ახალი ტელევიზია, რომლის გახსნის შესახებაც მას აქვს ინფორმაცია, სწორედ ისაა, რომელიც „ფორმულა კრეატივის“ ბაზაზე შეიქმნება.
როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, მას დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დაბეჯითებით შეუძლია იმის თქმა, რომ არც ერთი ახალი ტელევიზია არ განიხილება ბაზისად "რუსთავი 2" - ის მოქმედი თანამშრომლების დასასაქმებლად:
„მარტო "კრეატივს "კი არა, საერთოდ არაფერს არ განვიხილავთ იმიტომ, რომ ახლა მთელ გუნდს გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ დავიცვათ აქაურობა და აქ მოვახერხოთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შენარჩუნება. არ განვიხილავთ არც ნიკას ტელევიზიას. ეს არის გუნდის ერთიანი პოზიცია. ჩვენ ბოლომდე უნდა მოვახერხოთ და აქ უნდა შევინარჩუნოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა. ვიდრე ჩვენი სიუჟეტების ჩეხვას არ დაიწყებენ, ვიდრე არ დაიწყებენ მითითებას, ვინ უნდა გამოვაჩინოთ ეთერში და ვინ არ უნდა გამოვაჩინოთ, რა უნდა გავაშუქოთ და რა არ უნდა გავაშუქოთ და რა მიმდევრობით დავალაგოთ ახალი ამბები ეთერში, არ განვიხილავთ სადმე გადასვლას ან წასვლას“, - გვითხრა ნოდარ მელაძემ. თუმცა სოციალურ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფორმულა კრეატივმა" მომავალ ტელევიზიაში დასაქმება უკვე შესთავაზა „რუსთავი2“- ის პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი საინტერესო შეთავაზება მქონდა“, - აღნიშნა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელმაც ასევე არ ისურვა დეტალებზე საუბარი.
ფორმულა კრეატივი 2007 წლიდან არსებობს. მისი შექმნილი პროდუქტი, მათ შორის ცნობილი ტელესერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცემა. ამ ჯგუფს ეკუთვნის კრეატიული სარეკლამო სააგენტო და ციფრული სააგენტო, იგი არის ინტერნეტ-გამოცემა on.ge - ის მეწილე. „ფორმულა კრეატივის“ პროდუქციაა ტელეკომპანია „მესამეც“.