რთული ვითარება ახალგორში

ახალგორი

მალე სამი თვე შესრულდება, რაც ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, იზოლაციაში ცხოვრობს, დაბაში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნებზე კი, უკვე დიდი ხანია, საუბარი მიდის. დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორელებისთვის გადაადგილების შეზღუდვას არ განმარტავს, დაბაში დარჩენილებმა კი არ იციან, ზამთარს როგორ გადაიტანენ. სულ უფრო ძვირდება შეშა. პენსიონერებს ფული გამოელიათ. ავადმყოფები ვერ იღებენ კვალიფიციურ დახმარებას და პრობლემები ყოველდღიურად მატულობს. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქეებს ბოლო იმედიც გადაეწურათ, რომ ვინმე თბილისში ან ცხინვალში მათი პრობლემების გადაწყვეტაზე იმუშავებს.

თამარ მეარაყიშვილი

ვითარება ახალგორში უკვე იმდენად მძიმეა, რომ, მეარაყიშვილის თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით გადადიან ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. ზოგს აკავებენ, მაგრამ მხოლოდ ჯარიმას ახდევინებენ, არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებიც და მათ არავინ ეხება. გარდა ამისა, ახალგორში ხშირად გაუგებარი მიზეზების გამო მოქალაქეებს საშვის გაცემაზეც უარს ეუბნებიან. ეს საშვი მათ გადაადგილებისთვის სჭირდებათ მაშინ, როცა გამშვები პუნქტები გახსნილია. კვირაში ერთხელ ცხინვალიდან ახალგორში ჩადის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი და მოქალაქეების საბუთები და განცხადებები, საშვის მიღების თხოვნით, განსახილველად მიაქვს, შემდეგ დაბაში ჩააქვთ საშვები იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს შემოწმება გაიარა, და ასევე ეგრეთ წოდებული „შავი სია“, ვისაც უარი ეთქვა საშვის გაცემაზე. ეს „შავი სია“ პერიოდულად იზრდება. 35-ზე მეტ ადამიანს უკვე ეთქვა უარი. „შავი სია“ შეისწავლა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა და ვერაფრით მიხვდა, რა ლოგიკით ეუბნებიან მოქალაქეებს საშვის მიცემაზე უარს. მაგალითად, სიაში მოხვდა სამი წლის ბავშვი, ამ დროს კი მის მშობლებს საშვი უპრობლემოდ მისცეს. უარი უთხრეს ასევე ერთ პენსიონერ ქალს, მისი მეუღლე კი დააკმაყოფილეს. „შავ სიაში“ ქართველებთან ერთად ეთნიკური ოსებიც ხვდებიან. მეარაყიშვილი ამ „შავ სიაში“ ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს.

ასევე ნახეთ ჩაკეტილი ახალგორი


წელს ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი არაერთხელ ჩაიკეტა. წლის დასაწყისში, 11 იანვრიდან 15 მარტამდე, კარანტინი გამოცხადდა გრიპის ვირუსის გამო. ამის შემდეგ გადაადგილებისთვის უფლების გაცემის წესიც შეიცვალა და, შიდა პასპორტების გარდა, მოქალაქეებს საშვის აღებაც უწევდათ, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. 4 სექტემბრიდან დღემდე ახალგორის შესასვლელი ისევ ჩაკეტილია და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საერთაშორისო საზოგადოება დე ფაქტო ხელისუფლებას ურჩევს ჰუმანიტარული კრიზისი გზის გახსნით დაასრულოს, მაგრამ ცხინვალი ჩორჩანა -წნელისის საგუშაგოების კრიზისის მოგვარებამდე ამ საკითხის გადახედვას არ აპირებს. სოფელ ერგნეთში საგუშაგოების კრიზისის მოსაგვარებლად 7 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დეკემბერში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.