რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

რთველი

წელს რთველი შესაძლოა ნაადრევად დაიწყოს, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ყურძენი დროზე ადრე მწიფდება. მზადება დაიწყეს ღვინის კომპანიებმაც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ წელს რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. სახელმწიფო ამ დარგში ფულის დახარჯვას აღარ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

Your browser doesn’t support HTML5

რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

რთველს კორდინაციას გაუწევს ღვინის ეროვნული სააგენტო. შტაბი თელავში 20 აგვისტოს გაიხსნება. რა მოლოდინები აქვთ მევენახეებს და რა რაოდენობის მოსავალს ელიან?

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გლეხებზე და მოუმატოს ყურძნის ჩაბარების ფასი, რათა გლეხმა აინაზღაუროს დანახარჯი.

კახეთში მევენახეები ვარაუდობენ, რომ წელს რთველი უფო ადრე დაიწყება, ვიდრე იწყებოდა აქამდე, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ყურძენი დროზე ადრე დამწიფდება. გარდა ამისა, მევენახეთა ნაწილი ამბობს, რომ უმოკლეს დროში ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ ყურძნის სხვადსხვა დაავადება გამოიწვია და მოსავლის მოკრეფას აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებენ. ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავენ თხოვნით, რთვლისთვის მზადებას ახლავე შეუდგნენ, რომ ქარხნებმა მოსავლის ჩაბარება პრობლემების გარეშე შეძლონ. მართალია, ყურძნის ფასი წინასწარ არ არის ცნობილი, მაგრამ მევენახეებს საკუთარი ხარჯები დაანგარიშებული აქვთ და სავარაუდო ფასსაც ასახელებენ, რომლის გადახდასაც ქარხნებისგან ელიან;

„ერთი 2 ლარი მაინც არ უნდა ღირდეს საფერავი და 1 ლარი რქაწითელი?! შარშან 75 თეთრად იმისთანა კარგი ყურძენი იყო... მოსავალი გვალვისგან და სხვადასხვა დაავადებისგან ფუჭდება და ფასი მაინც იყოს კარგი“.

„საფერავი 3 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომ გლეხს რაღაც მაინც დარჩეს“.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს გლეხებზე და მოუმატოს ყურძნის ჩაბარების ფასი, რათა გლეხმა აინაზღაუროს დანახარჯი“.

რთველი

უკვე ცნობილია, რომ 2018 წლის რთველი სუბსიდირების გარეშე ჩაივლის. გასულ წელს სუბსიდირება ნაწილობრივ იყო შენარჩულებული კახეთში საბრენდე ჯიშის და რაჭაში სახვანჩკარე ყურძენზე, წელს კი ამ კუთხით ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ არის გათალისწინებული. ისევე როგორც გასულ წლებში, ახლაც რთვლის საკოორდინაციო საკითხებს ღვინის ეროვნული სააგენტო მოაგვარებს. როგორც ამ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან მეხუზლამ გვითხრა, რთვლის შტაბი 20 აგვისტოს თელავში გაიხსნება და რთვლის დასრულებამდე იმუშავებს:

„არც ერთი მიმართულებით და არანაირ ყურძენზე სუბსიდია არ იქნება. რაც შეეხება ფასებს, როგორც ყოველთვის, დაარეგულირებს ბაზარი. კომპანიებმა, რომლებიც ვარაუდობენ ჩაბარებას და ფერმერებმა, რომლებიც აპირებენ ყურძნის გაყიდვას, უკვე წარსული გამოცდილებით უნდა ივარაუდონ, დაახლოებით თუ რა ფასი დადგინდება წელს. დღევანდელი პროგნოზით, შემიძლია ვთქვა, რომ 20 აგვისტოდან შტაბი გვექნება გახსნილი და ვიქნებით მზადყოფნაში“.

ქართული მეღვინეობა დღეს ნამდვილად განვითარების ეტაპზეა და ნამდვილად სჭირდება თამაშის ახალი წესი.
ზურაბ ჩხაიძე

რთვლისთვის ემზადებიან ღვინის კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებენ. ქარხნებში მიმდინარეობს ტექნიკის გადაიარაღება.

ქარხნის ხელმძღვანელები ფასის დასახელებისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ წელს სახელმწიფოსგან ყურძნის სუბსიდირება არ მოხდება და ამიტომ განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ, რას გადაიხდიან და შემდეგ რა ფასად გაყიდიან უკვე დამზადებულ ღვინოს. ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფასი ყოველ წელს იცვლება და სხვაობა რამდენიმე თეთრია. მოახლოებულ რთველზე ილაპარაკეს სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა. როგორც „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რთვლისთვის მზადების გარდა, შეხვედრაზე ლაპარაკი ჰქონდათ ღვინის სექტორზე, რომელიც განვითარებას საჭიროებს:

„დარგთან ერთად შეთანხმდა, რომ არის სარეგულაციო მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადასადგმელი. ქართული მეღვინეობა დღეს ნამდვილად განვითარების ეტაპზეა და ნამდვილად სჭირდება თამაშის ახალი წესი“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ნაწილი სტიქიამ და სხვადასხვა დაავადებამ გაანადგურა, წელს მხოლოდ კახეთის რეგიონში დაახლოებით 140 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. 2017 წელს საფერავის ჯიშის ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარი და 30 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობდა, რქაწითლისა კი 60-70 თეთრი იყო.