რეპრესიები ახალგორში - რატომ მოხსნეს სკოლის დირექტორები

ახალგორი

„რეპრესიები ახალგორელი პედაგოგების წინააღმდეგ“, - ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლება ახალგორში დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს. რამდენიმე დღის წინ ახალგორის პირველი სკოლის დირექტორი, ნინო ამირანაშვილი, და იკოთის სკოლის დირექტორი, ნანა ფსუტური, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ათობით მასწავლებელი ჩაკეტილი გზის გამო ოკუპირებულ დაბაში ვეღარ ბრუნდება, ადგილობრივი ბავშვები კი განათლების ქართულ ენაზე მიღებას ვეღარ ახერხებენ.

ეს პროცესი ახალგორში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სკოლები ეტაპობრივად გადადიოდნენ რუსულენოვან სწავლებაზე. სულ უფრო მცირდებოდა ქართულის გაკვეთილები და სხვადასხვა საგნის გაკვეთილების ჩატარებაც რუსულ ენაზე დაიწყეს. დაბაში სულ უფრო ცოტა ადამიანი რჩება, თითქმის დაცარიელებულ ახალგორში კი პედაგოგების დევნა დაიწყეს.

ასევე ნახეთ გზა ჩაკეტეს - პენსიონერთა ნაწილი ახალგორში აღარ დაბრუნდა

რადიო თავისუფლებამ ახალგორში მყოფი პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, ნინო ამირანაშვილის, ჩაწერა მოახერხა. იგი თავისი გათავისუფლების იმ მიზეზზე ლაპარაკობს, რომელიც ადგილობრივი განათლების განყოფილებიდან აცნობეს. საქმე ისაა, რომ ამირანაშვილმა გასული წლის სექტემბრის დასაწყისში მეათე კლასში წეროვნიდან გადასული მოსწავლეები მიიღო, თუმცა ბავშვების მშობლებმა, გზის ჩაკეტვის გამო, მე-9 კლასის ატესტატის ჩატანა ვერ მოახერხეს, სხვა საბუთები კი წესრიგში ჰქონდათ. ამირანაშვილს ეს ბავშვები სკოლიდან არ გაუშვია, რაც თანამდებობის ფასად დაუჯდა:

„მივიღე 5 მოსწავლე საქართველოდან, ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი მშობლები მუშაობენ აქ, დაბა ახალგორში. მათ ყველა საბუთი მოიტანეს, არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი მე-9 კლასის ატესტატი. გზა ჩაიკეტა და მე-9 კლასის ატესტატი ვერ მოვატანინე. მათ ჰქონდათ პირადი საქმეები, რომლის მიხედვით, გადაყვანილი არიან ისინი მეათე კლასში. ისინი შეფასებულები არიან და დირექტორის (წეროვანის სკოლის) ბრძანების ამონაწერიც, რომ გავიდნენ სკოლიდან. აი, ეს იყო: შენ არ გქონდა უფლება მიგეღო ბავშვები, ვისაც სრულად არ ჰქონდა დოკუმენტებიო. ვერ მოიტანეს ატესტატი, იმიტომ რომ გზა დაიკეტა და მის აღებას უნდოდა დრო, მე კი ბავშვები სკოლიდან ვერ გავუშვი“.

ახალგორელ დირექტორებსა და პედაგოგებს პრობლემები მას შემდეგ დაეწყოთ, რაც დაბაში განათლების განყოფილების ახალი უფროსი დანიშნეს. ყოფილმა მილიციელმა გაბრიელ ელოევმა დირექტორებსა და მასწავლებლებს მოსთხოვა ხელწერილები დაეწერინებინათ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვები წეროვნიდან ახალგორში გადმოჰყავდათ. მშობლებს ხელწერილში უნდა დაეწერათ, რომ მათი შვილები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას არ გააგრძელებდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ ამას არ დაწერდნენ, ბავშვებს სკოლის დამამთავრებელ ატესტატს არ მისცემდნენ. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, პირველი სკოლის დირექტორმა, ნინო ამირანაშვილმა, ამ დავალების შესრულებაზე უარი თქვა და ელოევს აუხსნა, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო, ამის შემდეგ კი მას პრობლემები დაეწყო. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგორელებიც აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება იქ დარჩენილების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს.

ასევე ნახეთ თამარ გიგაური, არაერთი მცდელობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორიდან გამოვიდა

ახალგორში შექმნილ ვითარებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, იზოლირებულ ახალგორში ვითარება მძიმეა და ამ საკითხს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დააყენებს:

„ეს არის არა მხოლოდ შეზღუდვები ქართული ენის და ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით, არამედ სკოლის პერსონალის მიმართ რეპრესიული მოქმდებები. ის, რაც ხდება ახალგორში, არის, აი, ამ სურათის ნაწილი და გაგრძელება. ამჯერად ორი დირექტორის გათავისუფლებაზე არის საუბარი და ეს კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციასაც, მათ შესაძლებლობებსაც, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში, და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს. ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მწვავე თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტისას თბილისში“.

სახელმწიფო მინისტრს სოციალური ქსელით აკრიტიკებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, მინისტრმა დაწყებული რეპრესიების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში იცოდა, მაგრამ სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი დირექტორებისა და მასწავლებლების დასაცავად არაფერი გაუკეთებია.