„რელიგიური გრძნობებით“ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ?

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ინიციატივის ავტორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანია, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას ეწინააღმდეგება როგორც დეპუტატების ნაწილი, ასევე მესამე სექტორისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები.

Your browser doesn’t support HTML5

„რელიგიური გრძნობებით“ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ?

„პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო ინიციატივა

  • პარლამენტში განიხილავენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვის დასჯით შესახებ.
  • ოპონენტები შენიშნავენ, რომ კანონპროექტის ავტორები ცდილობენ სიახლე მოარგონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
  • „პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევს მესამე სექტორი.
  • კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

კანონპროექტის ინიციატორი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. მისი თქმით, საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დაუსჯელობა მოქალაქეებს უბიძგებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, თუმცა დეპუტატი იქვე შენიშნავს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად არ უნდა ჩაითვალოს სასულიერო პირის მიერ ქადაგებისას გამოთქმული მოსაზრებები:

„ეს არ უდა ეხებოდეს იმას, რასაც ქადაგების დროს იტყვის მამაო ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი. ქადაგებისას არის ხოლმე რაღაც ოპონირება ერთმანეთში, თუნდაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, ანდა ქრისტიანებს შორის, მაგალითად, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის. ეს არ უნდა ითვლებოდეს“.

ემზარ კვიციანის ოპონენტები შენიშნავენ, რომ კანონპროექტის ავტორები ცდილობენ სიახლე მოარგონ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის წარმომადგენლები მძაფრად განიცდიან ყველა სახის კრიტიკას. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქო არ იცნობს კანონპროექტის ტექსტს, თუმცა მიესალმება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო სისხლის სამართლის პასუხისგების დაწესებას:

„ჩვენ შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის საკითხია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპელები, მაშინ მივდიოთ ამ გზას, თუ არ გვინდა ეს გზა, მაშინ ვთქვათ, რომ ყველაფრის კეთება შეგვიძლია“.

კვიციანის კანონპროექტს დიდი საფრთხეების შემცველ ინიციატივად მიიჩნევს რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.

რუსუდან გოცირიძე

„ჩვენისთანა უმწიფარი დემოკრატიის და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნისათვის ეს იქნება უმძიმესი ტვირთი, ტვირთი მედიისთვის, ხელოვნების მუშაკებისთვის. ეს იქნება იარაღი პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად. ამის „დატესტვა“ და ექსპერიმენტის ჩატარება არ გვჭირდება, რადგანაც შეგვიძლია მარტივად მოვიძიოთ საქმეები, თუ რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონები არსებობს“, უთხრა რუსუდან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

რა შეიძლება იგულისხმებოდეს რელგიური გრძნობების შეურაცხყოფაში? ეს კითხვა არაერთხელ დასვეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც, მათ შორის გედევან ფოფხაძემ, რომელიც მხარს უჭერს კვიციანის ინიციატივის სულისკვეთებას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს დეტალურად განიმარტოს ცნება „რელიგიური გრძნობები“ და ჩამოყალიბდეს ობიექტური შეფასების კრიტერიუმი:

ეს იქნება ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომ ჩაკლას ყველანაირი დისკუსია და პლურალიზმი სახელმწიფოში, ჩაკლას ყველანაირი დისკუსია რელიგიური ჯგუფებისა თუ უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით...
მაკო ღავთაძე

„როცა ვსაუბრობთ გრძნობების შეურაცხყოფაზე, ავტომატურად დაისმის შეკითხვა, რა არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი და რა არის შეურაცხმყოფელი ობიექტური სტანდარტით. პრინციპის დონეზე, რა თქმა უნდა, ინიციატივას მხარს ვუჭერ, მაგრამ ამ საკითხზე მომავალში მოგვიწევს კონსულტაციების გამართვა, რადგანაც რელიგიური გრძნობების შელახვა პიროვნულად ჩემთვის შეიძლება სულ სხვა რამ იყოს და ჩემივე თემის სხვა მორწმუნისთვის - სულ სხვა, რადგანაც ეს არის სუბიექტური შეფასების კრიტერიუმი“.

„პატრიოტთა ალიანსის“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევს მესამე სექტორი. მაკო ღავთაძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრი, ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება ასევე არ წაადგება რელიგიის თავისუფლების დაცვას.

„ეს იქნება ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომ ჩაკლას ყველანაირი დისკუსია და პლურალიზმი სახელმწიფოში, ჩაკლას ყველანაირი დისკუსია რელიგიური ჯგუფებისა თუ უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით. ბოლო წლებში ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როცა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა ჩაიდინეს დანაშაული, იძალადეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე სწორედ იმ საბაბით, რომ შეილახა მათი რელიგიური გრძნობები. კანონის მიღების შემთხვევაში დაკანონდება ძალადობა ყველანაირი განსხვავებული აზრის მიმართ“, უთხრა მაკო ღავთაძემ რადიო თავისუფლებას.

გიორგი გოცირიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრ გიორგი გოცირიძის თქმით კი, კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მიღების შემთხვევაში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„კანონპროქტის მიღების შემთხვევაში ადამიანებს გაუჩნდებათ თვითცენზურის განცდა, ანუ ისინი თავს შეიკავებენ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე თავიანთი მოსაზრების გამოთქმისგან. ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს შესაძლებლობა ასეთი სახის კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებასთან“, უთხრა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.