საყოველთაო კარანტინის გამოცხადების და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე სამშობიაროებმაც გაამკაცრეს წესები.
რა შეზღუდვები დაწესდა სამშობიაროებში?
- კლინიკებში შესვლა აეკრძალათ ორსულების თანმხლებ პირებს
- მშობიარობაზე მეუღლის დასწრება სამშობიაროებმა დროებით შეზღუდეს
- ზოგიერთ კლინიკაში, ნაკადის შესამცირებლად, ექიმები მორიგეობით, კვირის სხვადასხვა დღეებში იღებენ პაციენტებს.
- ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობის შემთხვევაში, ცდილობენ გადაავადონ გეგმიური ვიზიტები.
ვიკა ბუკია, რომელმაც მე-4 შვილი რამდენიმე დღის წინ გააჩინა, საკარანტინო პერიოდში აღწერს იმ სიახლეებს, რომლებიც მას სამშობიაროში დახვდა: პერსონალი, რომელიც მხოლოდ პირბადეებით მუშაობს, ძალიან ხშირად იცვლის ხელთათმანებს და მხოლოდ ასე ეხება ბავშვს. ასევე ოთახში მუდმივად ხელმისაწვდომია ანტისეპტიკური ხსნარები. - ამბობს ვიკა.
ორსულობის პერიოდში მასაც, როგორც არაერთ ორსულს, ჰაერზე სეირნობისგან თავის შეკავება უწევდა.
თვითიზოლაციაშია 7 თვის ორსული თიკა როსტიაშვილიც, რომელსაც კარანტინის გამო კლინიკაში ექიმთან ვიზიტი მხოლოდ მეცხრე თვეზე ურჩიეს, შესაბამისად თიკა დროებით ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.
თვითიზოლაცია და ხალხმრავალ ადგილებში გასვლისგან თავშეკავება არის ის მთავარი რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ურჩევს ორსულებს.
ახდენს თუ არა გავლენას COVID-19 მშობიარობის ვადაზე?
გადადის თუ არა COVID-19 ჩვილის ძუძუთი კვების დროს?
ამ დრომდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ დედის რძით მომხდარიყო ჩვილის ინფიცირება.
დედის რძე იცავ ბავშს არაერთი დაავადებისგან და ძირითადად საუკეთესო წყაროა ბავშვთა კვებისთვის.
არის თუ არა საშიში COVID-19 ორსულისა და ნაყოფისთვის?
დღეს ხელთ არსებული მონაცემებით, არ არის მყარი მტკიცებულება ორსულ ქალებში დაავადების მძიმედ მიმდინარეობის, მომატებული რისკის და/ან ნაყოფზე ინფექციის ზეგავლენის თაობაზე.
ორსულობის დროს იმუნური სისტემა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და განსაკუთრებულად მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების, მაგალითად, გრიპის ვირუსის მიმართ.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ღორის გრიპთან შედარებით ორსულები არ არიან ამ დაავადების რისკჯგუფში. კვლევის თანახმად, 147 ორსული ქალიდან 91%-ის შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, მხოლოდ 8% იყო მძიმე შემთხვევა და 1% კრიტიკულად მძიმე.
COVID-19-ის ვერტიკალური გადაცემა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ანუ არ არსებობს იმის დასტური, რომ ინფიცირებული დედისგან ჩვილს მუცელში გადაედო ვირუსი.
საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევა 22 კვირის ორსულს დაუფიქსირდა. ექიმების თქმით, ქალი თავს კარგად გრძნობს, არ აქვს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა.
რა რეკომენდაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორსულებისთვის?
ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა:
- ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს
- ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით, (მინიმუმ 20 წამის განმავლობაში) ან ხელების გაწმენდა სპირტიანი ხსნარით
- ხველებისას ან ცემინებისას პირსა და ცხვირზე ხელსახოცის ან მოხრილი მკლავის აფარება
- თვალებზე, ცხვირსა და პირზე ხელების აფარებისგნ თავის შეკავება
განიხილება თუ არა საკეისრო კვეთა ჩვენებად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საეჭვო ან დადასტურებული COVID-19 ინფექცია?
არა. საკეისრო კვეთა უნდა იყოს დაფუძნებული ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე და ის არ შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ COVID-19-ის გამო. - ნათქვამია მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციაში.
როგორ უნდა მოვიქცე თუ ვეჭვობ, რომ COVID-19 მაქვს?
არ გახვიდეთ სახლიდან, მითუმეტეს პირდაპირ არ მიხვიდეთ სამშობიაროში ექიმთან ვიზიტზე. სიმპტომების შემთხვევაში, პირველ რიგში დაურეკეთ თქვენს მკურნალ ოჯახის ექიმს ან გინეკოლოგს.