რეზო ჩხიკვიშვილი: რაც დავთესე, იმას ვიმკი - ქართველი მაყურებელი მელოდება

ესენის თეატრში ბოლო სეზონზე რეზო ჩხიკვიშვილმა ითამაშა კაფკას მოთხრობის მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში, “მოხსენებითი ბარათი აკადემიას”.

რეზო ჩხიკვიშვილმა 30 წელი გერმანიაში, ესენის გრილოს სახელობის თეატრის სცენაზე გაატარა. ახლა კი მიმხელს, ქართველი მაყურებელი მელოდებაო. 

სანამ ესენის თეატრს დავემშვიდობებოდი, „ჩემი სამშობლო ჩამოვიდა ჩემთან და გამომაცილაო“, - უზომოდ გაუხარდა რეზოს, როცა ქართველი ავტორის, ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თამაში შესთავაზეს. პირველი ჩასვლა გერმანიაში იყო ქართული წარმოდგენა და ბოლოც - ქართული, როცა გერმანული თეატრის სცენაზე, გერმანელ მსახიობებთან ერთად ქართულად იმღერეს.

ეს პოდკასტი რეზო ჩხიკვიშვილზეა, ის გიამბობთ თავის თავზე, სურვილებზე, უკვე დათესილის მომკის სურვილზე.

Your browser doesn’t support HTML5

რეზო ჩხიკვიშვილი: პატიოსნება, სიყვარული და გულწრფელობა გადაგვარჩენს  

რეზო ჩხიკვიშვილს ბევრი როლი უთამაშია თეატრსა და კინოში, უცხოეთში და იქამდე სამშობლოში. მისი ნაამბობიდან ჩანს, რომ სურს პირნათელი იყოს გერმანელი მაყურებლის მიმართ, ვისაც თეატრში დაემშვიდობა და ქართველი მაყურებლის მიმართაც, ვისაც ის ახსოვს და, როგორც ვთქვი, ვინც ელოდება.

წლების წინ გერმანიაში, ესენში, როცა თავისი თეატრის იუბილეს აღნიშნავდნენ, რეზოს პირველად შევხვდი ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად და მოკლე ფილმი გადავიღეთ მასზე. მიამბობდა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა - მას მერე, რაც ჩემ მიერ ნათამაშები ოიდიპოს მეფე ნახა გერმანელმა რეჟისორმა, ისე მიმიღო თეატრში, რომ ენა არ ვიცოდიო.

წლები გავიდა და რეზო გერმანელ მაყურებელს წარუდგა, როგორც თანასწორი არტისტი, ენის ყოველგვარი ბარიერის გარეშე.

შევხვდებით თუ არა „ახალ“ რეზოს, ეძებს თუ არა რეზო „ახალ“ რეზოს? ანუ ამ ცვლილებას, - გერმანიის თეატრის მერე საქართველოში ნაწილობრივ დაბრუნებას, კვლავ გერმანიაში სხვადასხვა პროექტის, მათ შორის, მუსიკალურის, გაძღოლას, - მოჰყვება თუ არა ახალი რეზო ჩხიკვიშვილის დაბადება? მე ის რეზო ვარ კვლავ, მაგრამ ახლის ძიებასაც ვერ შევწყვეტო, ამბობს არტისტი.

„აღმაფრენას მიტოვებს სიყვარული ყველაფრის მიმართ, არ ბერდები, სანამ გიყვარს, მეტი სიყვარული მინდა დავთესო, მეტი ადამიანი გავაერთიანო ამ სიყვარულის მიმართ. დედამიწას სიყვარული ატრიალებს, და ჩემი პირველი ნაბიჯებიც რუსთავის თეატრში სიყვარულს უკავშირდება...“ ისევ და ისევ გავიხსენეთ სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - ძველ თაობას ახსოვს, ახალ თაობას ჩანაწერი უნახავს.

რეზო ჩხიკვიშვილი თავის მუსიკალურ პარტნიორთან, შესანიშნავ ნინო ვინბერგერ-შატბერაშვილთან ერთად იპყრობდა და იპყრობს სცენებს. რეზო გიამბობთ მათ ერთობლივ მუსიკალურ პროექტებზე, ახალ ნამუშევარზე, და არ გამოგვრჩა ფრანც კაფკაც, რომლის თამაში სურს რეზოს საქართველოს სცენაზე.

ესენის თეატრში ბოლო სეზონზე რეზო ჩხიკვიშვილმა ითამაშა კაფკას მოთხრობის მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში „მოხსენებითი ბარათი აკადემიას“, იგი ეხება მაიმუნს, სახელად „როტპეტერს“, რომელსაც გაურკვეველი აკადემია მიიპატიჟებს. მოხსენება იმას ეხება, თუ როგორ ცდილობდა მაიმუნი მორგებოდა ადამიანებს, ადამიანებისთვის როგორ მიებაძა. წარმოდგენის ბოლოს რეზო ჩხიკვიშვილმა ქართულად იმღერა, კაფკა ქართულად „ამღერა“, რაც ბედნიერება იყოო. ეს ითამაშა და ამას გარდა, ახლა ნატვრად აქვს, იმავე კაფკას ქართულად „გარდასახვა“ აიტანოს სცენაზე. ეს სურვილებია და ისაა, რაც შეუძლია შესთავაზოს რეზომ ქართულ თეატრს.

ესენში, ბოლო სეზონის გვირგვინი თეატრში, გამოდგა ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე“. 30 წელი ვნატრობდი, ვინ არ შევთავაზე, მაგრამ ქართული არ გამოვიდა და ბოლოს, როცა პენსიაზე გავდიოდი, „ჩემი სამშობლო ჩამოვიდა ჩემთან და გამომაცილაო“. ეს რეზო ჩხიკვიშვილისთვის ბედნიერების მწვერვალი იყო, გერმანიაში პირველი ჩასვლაც იყო ქართული წარმოდგენა და ბოლოც ქართული, როცა გერმანული თეატრის სცენაზე, გერმანელ მსახიობებთან ერთად, ქართულად იმღერეს: „მიზეზს ვეძებ, ვერ გავიგე, ნეტავ რა იყო, როგორ მოხდა ჩვენი გზები ორად გაიყო… წარსულმა სულ თან წაიღოო…“