ამ დღეებში უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლები უცნაური სურათის მოწმენი გახდნენ: 7 აგვისტოდან მოყოლებული, კიევში ცალკეული ადმინისტრაციული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გარშემო გათხრილია სანგრები, ქუჩებზე მოწყობილია სპეციალური ქვიშის ტომრებისგან აგებული საველე საგუშაგოები, ისმის იმიტირებული სროლისა და აფეთქების ხმები, ხოლო შეიარაღებულ მებრძოლებს კვამლის ალიდან გამოჰყავთ „დაჭრილი“ თანამებრძოლები და დატყვევებული „მოწინააღმდეგეები“.
სამხედრო სარდლობამ და ქალაქის ხელმძღვანელობამ კიევის მცხოვრებნი წინასწარ გააფრთხილეს, რომ ასეთი „სამხედრო მდგომარეობა“ უკრაინის დედაქალაქში 13 აგვისტომდე გასტანს. ზუსტად ამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების სარდლობის მიერ დაგეგმილი რეზერვისტების პირველი, საჩვენებელი წვრთნაც.
პერსპექტივაში, ტერიტორიული თავდაცვის ძალები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად დაეხმარონ ბრძოლის წინა ხაზზე, კონკრეტულად აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში, მყოფ რეგულარული არმიის ნაწილებს. ოპერატიულობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიეველ რეზერვისტთა 80%-ს უკვე თან აქვს ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანა რეალურ საომარ ვითარებაში იმყოფება.
დონბასის სცენარი რომ არ განმეორდეს
„ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ თავი და მოვიგერიოთ როგორც ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ინტერვენციის დროს, ისე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული ობიექტების, კერძოდ, ოპერატიული მნიშვნელობის აეროპორტების ხელში ჩასაგდებად მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული დივერსიული თავდასხმები“, - განაცხადა 9 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე 28 ივლისს დანიშნა.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შეცვალასწორედ უკრაინის გენერალური შტაბის ახალი უფროსი ხელმძღვანელობს მასშტაბურ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს, რომელიც 9-13 აგვისტოს ჩათვლით უკრაინის ხუთ საერთო-საჯარისო პოლიგონსა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ ზმეინიზე ტარდება.
მასშტაბური წვრთნების სცენარში უკრაინის არმიის ხელმძღვანელობამ ჩართო პრეზიდენტის ინიციატივით, სულ რაღაც ორი კვირის წინ უკრაინის ერთიანი ნაციონალური წინააღმდეგობის სისტემის ფარგლებში შექმნილი ტერიტორიული თავდაცვის პირველი ქვედანაყოფები.
„უკრაინის ნაციონალური წინააღმდეგობის სისტემის შექმნა არის მძლავრი სიგნალი ყველასთვის, რომ უკრაინის თავდაცვა ჩვენთვის საერთო-სახალხო საქმეს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების განმეორებას“, - განაცხადა 29 ივლისს ჟიტომირში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინის ნაციონალური წინააღმდეგობის საფუძვლებისა“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნების გაზრდის“ შესახებ, თავის მიერ ხელმოწერილი კანონების კომენტირების დროს.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეს ორი კანონი, ითვალისწინებს ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, რითაც 11 ათასი სამხედრო მოსამსახურით იზრდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი რიცხოვნება.
თავად ტერიტორიული თავდაცვის სისტემა კი კომპლექსურია. კანონი ითვალისწინებს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების შიგნით ტერიტორიული თავდაცვითი ძალების სამხედრო ნაწილების, ისე მოხალისე ფორმირებების შექმნას ტერიტორიული თავდაცვის თითოეულ ზონასა და ქალაქში, სადაც მოსახლეობა 900 ათას ადამიანს აღემატება.
კანონის საფუძველზე, კიევმა და უკრაინის ბევრი ქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყეს სამოქალაქო პირებისგან ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების ფორმირება იმ შემთხვევაში, თუ რეზერვისტებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს იარაღის ხელში აღება დასჭირდებათ.
რაც შეეხება იარაღს, კანონის თანახმად, ტერიტორიული თავდაცვის ძალების რეზერვისტების „ინდივიდუალური საშტატო იარაღი“ უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ შენობებში. რაც შეეხება ტერიტორიული თემების „მოხალისეთა ფორმირებების წევრებს“, კანონის თანახმად, მათ საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს უფლება აქვთ გამოიყენონ ასევე პირადი იარაღი (სანადირო თოფები) და შესაბამისი ტყვიები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ასეთი საკუთარი იარაღი კიეველი რეზერვისტების 80%-ს აქვს.
ქართული რეზერვის ეკლიანი გზა
განსხვავებით უკრაინისგან, საქართველოში, სადაც ტერიტორიული რეზერვი 2018 წლიდან რეფორმირებული აქტიური რეზერვის სამხედრო სამსახურის მთავარ სეგმენტს წარმოადგენს, რეზერვისტების საშტატო იარაღი მათი ტერიტორიული დანაყოფის ბაზაზე ინახება. სხვა მხრივ, როგორც ქართული, ისე უკრაინული სარეზერვო სამსახურის სტრუქტურები და რეზერვისტთა კონტრაქტის პირობები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია.
უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში სარეზერვო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია 16 ეკლიან წელიწადს ითვლის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, 2005-2007 წლებში, რიგითი მოქალაქეების გარდა, ნებაყოფლობით სარეზერვო შეკრებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებიც გადიოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი აქცენტი რატომღაც გაკეთდა სავალდებულო რეზერვის მომზადებაზე, რაც დროში საკმაოდ გაიწელა და საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.
ასევე ნახეთ საქართველოში ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვი ამოქმედდა
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ხელისუფლება „უკანონო რეზერვის“ შექმნაში დაადანაშაულა. კერძოდ, სამეგრელოში, ალასანიას თქმით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ შექმნა რეზერვს ამოფარებული სამხედრო ჯგუფები, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების შესაზღუდად და განსხვავებული აზრის მქონე ხალხის დევნის მიზნით.
ასევე ნახეთ ირაკლი ალასანია ლოპოტის ხეობის მოვლენების შესახებმაგრამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც წინა ხელისუფლებას ბევრს აკრიტიკებდა რეზერვისტების მომზადების მოუქნელი სისტემისათვის, 6 წელი და მრავალი ექსპერიმენტი დასჭირდა იმისათვის, რომ შეექმნა აქტიური რეზერვის სამსახური, რომელიც გაბნეულია შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამხედრო სტრუქტურაში.
ეროვნული გვარდიის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ტერიტორიული რეზერვი არსებობს ეროვნულ გვარდიაში; პროფესიული რეზერვი შეიქმნება სამხედრო სარდლობებში, ხოლო მესამე, სპეციალისტთა რეზერვი ამ ეტაპზე გამოიყენება კიბერსფეროში და იგი ყველაზე მცირერიცხოვანი იქნება.
საქართველოს ტერიტორიულ რეზერვში ამჟამად ჩამოყალიბებულია 6 ასეული: აჭარა-გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, თბილისისა და კახეთის რეგიონებში. აქტიური რეზერვის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ამათ ემატება კიდევ ორი ასეული.
არცთუ ისე შორეულ პერსპეტივაში, 2024 წლამდე კი, საქართველოს ყველა რეგიონში უკვე თითო ბატალიონი უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
კანონის თანახმად, საქართველოს აქტიურ რეზერვში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია; რეზერვისტად გახდომის შემთხვევაში მოქალაქე სახელმწიფოსთან აფორმებს 4-წლიან კონტრაქტს, რომლის დროსაც წელიწადში არაუმეტეს 45 დღისა იგი გადის სარეზერვო სამსახურს, იღებს ამისთვის ყოველთვიურად დაახლოებით 240 ლარს და ინარჩუნებს ასევე თავის ძირითად სამუშაო ადგილს, თუ, რა თქმა უნდა, დასაქმებულია.
ქართველი რეზერვისტები ყოველთვე თავიანთ ასეულთან ერთად ერთ შაბათ-კვირას იკრიბებიან საცხოვრებელ მისამართთან ტერიტორიულად ახლომდებარე რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფის ბაზაზე და პროგრამით გათვალისწინებულ მომზადებას გადიან. როგორც ჩანს, ეს მომზადება იმდენად რუტინულია, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა იშვიათად პატიჟებს მედიას ქართველი რეზერვისტების შეკრებების გასაშუქებლად.
პიარი თუ რეალური საფრთხე?
რაც შეეხება უკრაინის ახლად შექმნილი ტერიტორიული თავდაცვის ძალების მიერ სწავლების ჩატარებას დედაქალაქში, უკრაინელი ექსპერტების აზრით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გარდა, პირველი სწავლება კონკრეტული ამოცანის შესრულებასაც ემსახურება.
„ტერიტორიული თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ფრონტის წინ ხაზზე მყოფი რეგულარული ძალების მხარდაჭერის გარდა, მოწინააღმდეგის დესანტისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაცაა. ამიტომ სამხედრო სწავლებას, რომელიც კიევში ტარდება, აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც მუშავდება ის ამოცანები, რაც სწორედ კიევის ტერიტორიული თავდაცვითი მოთხოვნებით არის განპირობებული“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.
კიევის გარდა, ანალოგიური სწავლება ტარდება ასევე უკრაინის სხვა, განსაკუთრებით, მშფოთვარე დონბასთან ახლომდებარე ქალაქებში, რომლებსაც, ბევრად უფრო კარგად დაცული დედაქალაქისგან განსხვავებით, რეალურად ემუქრება დივერსიული თავდასხმები პრორუსული ჰიბრიდული ძალების მხრიდან.
10 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც გამოაშკარავებულია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დაჯგუფების აგენტურული ქსელი, რომელიც უკრაინის რამდენიმე ქალაქში უშიშროების სამსახურის თანამშრომლების აფეთქებასა და სხვა ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდა.